თარგმანი: ბექა არაბული
რომანის კითხვა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. სასწრაფო საქმის გამო წიგნი გადადო და მას მხოლოდ ვაგონშიღა დაუბრუნდა, კარ-მიდამოსკენ უკანა გზაზე; თანდათანობით გაიტაცა სიუჟეტის განვითარებამ, პერსონაჟების დახასიათებებმა. საღამო ხანს, თავისი რწმუნებულისთვის წერილის მიწერის და მმართველთან იჯარის საკითხების განხილვის შემდეგ, ისევ გადაშალა წიგნი კაბინეტის სიწყნარეში, რომლის ფანჯრებიც მუხებით დაფარულ პარკს გაჰყურებდა. ზურგით კარისკენ, რომლის დანახვაც კი არასასურველ მომსვლელებზე ფიქრებს მოჰგვრიდა, საყვარელ სავარძელში მოკალათებული მარცხენა ხელს მწვანე ხავერდს უსვამდა. ბოლო თავების კითხვას შეუდგა. მისმა გონებამ ყოველგვარი სიძნელის გარეშე შეითვისა გმირების სახელები და ხასიათები; თითქმის მაშინვე ჩაეფლო წარმტაცი სიუჟეტის ინტრიგაში. რაღაც შერყვნილი ტკბობით ყოველი სტრიქონით უფრო და უფრო შორდებოდა ჩვეულ გარემოს და ამავდროულად გრძნობდა, რომ მისი თავი მოხერხებულად ეყრდნობოდა მაღალი საზურგის ხავერდს, რომ სიგარეტი მის ხელთან ახლოს იყო, ფანჯრებს უკან კი, მუხებს შორის, საღამოს ჰაერი ცეკვავდა. ყოველ სიტყვასთან ერთად, გმირების ბინძური დილემით შთანთქმული, საკუთარ თავს უფლება მისცა გატაცებულიყო იქამდე, სანამ სურათები უფრო არ მოახლოვდნენ და გაცხადდნენ, სანამ არ იწყეს მოძრაობა და გაცოცხლდენ, იგი მთის ქოხში მათი უკანასკნელი შეხვედრის მოწმე გახდა. პირველად იქ შეშინებული ქალი მივიდა; კვალდაკვალ მოჰყვა საყვარელი, რომელსაც სახე ტოტზე შეფეთებისგან გაკაწვროდა. ქალმა თავდავიწყებით შეაჩერა სისხლი კოცნებით, მაგრამ კაცმა უკან დაიხია. იქ საიდუმლო ვნების უცხო თვალებისგან გამხმარი ფოთლებით და ბილიკების ლაბირინთებით დაფარულ წეს-ჩვეულებათა გასამეორებლად არ იყო მისული. კაცის გულმკერდზე ხანჯალი თბებოდა, მის ქვეშ კი დიდი ხნის ნანატრი თავისუფლების რწმენა ძგერდა. ამაღელვებელი დიალოგი წიგნის გვერდებზე გველების მორგვივით მიედინებოდა, და იგრძნობოდა, რომ ყველაფერი დიდი ხნის წინათ გადაწყდა. ეს ალერსიც კი, რომელიც საყვარლის სხეულზე შემოხლართულიყო, თითქოს მის შეჩერებას და გადარწმუნებას ლამობდა; მათ გაიხსენეს საძულველი მოხაზულობა სხვა სხეულისა, რომელსაც განადგურება ელოდა. არაფერი დავიწყებიათ: ალიბები, გაუთვალისწინებელი საშიშროებები, შესაძლო შეცდომები. დაწყებული ამ საათიდან, ყოველ წამს გააჩნდა საკუთარი, განსაკუთრებული დანიშნულება. ორჯერ გაიმეორეს გეგმა თავიდან ბოლომდე, და ჩქარი ჩურჩული შეწყდა მხოლოდ ცოტა ხნით, რათა ხელს ლოყაზე შეხების დრო მისცემოდა. ბინდდებოდა.
ერთმანეთს აღარ უყურებდნენ, საერთო საქმეზე მტკიცედ კონცენტრირებულები ქოხის კართან დაშორდნენ. ქალი ჩრდილოეთით მიმავალ ბილიკს უნდა გაჰყოლოდა. საპირისპირო მიმართულებით მიმავალი კაცი წამით შეჩერდა და შეხედა, როგორ გარბოდა ქალი, როგორ ირხეოდა და ლივლივებდა მისი გაშლილი თმა. კაციც გაიქცა, გზაში ხეებს და ღობეებს ეფარებოდა მანამ, სანამ საღამოს მოყვითალო ბინდში სახლისკენ მიმავალი ხეივანი არ გაარჩია. ძაღლები ჩუმად უნდა ყოფილიყვნენ და ჩუმადაც იყვნენ. იმ დროს მმართველი არ უნდა წაწყდომოდა და იქ არც იყო. კაცმა ვერანდის სამი საფეხური აიარა და სახლში შევიდა. ყურებში ბაგაბუგით მცემ სისხლში ქალის სიტყვები ჩაესმოდა: ჯერ ცისფერი სადარბაზო ოთახი, შემდეგ გალერეა, სიღრმეში კი — ხალიჩიანი კიბე. ზემოთ ორი კარი. პირველ ოთახში არავინაა; მეორეშიც არავინაა. კაბინეტის კარი, და იქ — ხანჯალი ხელში, ფანჯრებიდან შემოსული სუსტი სინათლე, მწვანე ხავერდგადაკრული სავარძლის მაღალი საზურგე და კაცის თავი, რომელიც სავარძელში ზის და რომანს კითხულობს.