ავტორი: დათო ლობჟანიძე

ამ ტექსტის ზემოთ მოყვანილი სურათი გუგლის მიერ 2008 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ დუდლს წარმოადგენს. ის ჰეიანის პერიოდის იაპონელი ავტორის და იმპერატორის კარის სეფექალის მურასაკი შიკიბუს ნაწარმოებს ეძღვნება და წიგნის ათასწლოვან (მიუხედავად იმისა რომ მისი დაწერის ზუსტი თარიღი დადგენილი არ არის) ისტორიას აღნიშნავს. არაერთი მკვლევარის აზრით შიკიბუს ეს ტექსტი ისტორიაში რომანის პირველ მაგალითს წარმოადგენს რაც იმას ნიშნავს რომ ყველაზე ადრეულ ევროპულ რომანს (მიგელ დე სერვანტესის დონ კიხოტი) შიკიბუმ ექვსი საუკუნით დაასწრო.

ჰეიანის პერიოდში დაწერილი წიგნი რომლის დედანიც შემონახული არ არის იმდროინდელი იაპონური მაღალი საზოგადოების ცხოვრების აღმწერი  დოკუმენტია და ამ მხრივ უნიკალური ტექსტია. რომანი გენჯის ცხოვრებას ასახავს, აქ აღწერილი ამბები ათწლეულებს ითვლის და უფლისწულის არაერთ სასიყვარულო თავგადასავალზე მოგვითხრობს. პირველივე ფურცლებიდან მკითხველი პატარა გენჯის დედის გარდაცვალების შესახებ იგებს. სამი წლის გენჯის მამა დედამისის გარდაცვალებას გლოვობს და მისი დავიწყება უჭირს, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ სხვა ქალს ირთავს ცოლად. სწორედ ამ მომენტიდან შეგვიძლია გენჯის არაერთი სასიყვარულო თავგადასავლის და განცდის ათვლა, რომელიც ხშირ შემთხვევაში პოეტური ფორმითაა გადმოცემული. თუმცა, წიგნის პოტენციური მკითხველის გამოცდილება რომ არ გავაფუჭო შინაარსს აღარ შევეხები.

“ამბავი უფლისწული გენჯისა” მოულოდნელად მთავრდება. თანამედროვე მკვლევარები ასეთი ფინალის მიზეზზე ვერ თანხმდებიან. ზოგიერთის აზრით არსებული დასასრული ავტორმა სწორედ ამ ფორმით ჩაიფიქრა, სხვები ფიქრობენ რომ ნაწარმოების ბოლო თავები უბრალოდ დაიკარგა, კიდევ ერთი მოსაზრების თანახმად შიკიბუს წინასწარგანსაზღვული სტრუქტურა მოფიქრებული არ ჰქონია და ავტორი უბრალოდ წერდა მანამ სანამ ამის გაკეთება შეეძლო.

საინტერესოა რომ ორიგინალის ენა იმდენად შორს არის დღევანდელი იაპონურისგან, რომ თანამედროვე იაპონელს რომელსაც არ გააჩნია იმდროინდელი ენის სპეციალური ცოდნა, წიგნს დიდი ალბათობით ვერც წაიკითხავს. ამიტომ იაპონელმა ავტორებმა მისი გათანამედროვება დაიწყეს. თანამედროვე ვარიანტის პირველი ვერსია პოეტს აკიკო იესანოს ეკუთვნის. ტექსტის სირთულიდან და იაპონური კულტურის განსხვავებული ბუნებიდან გამომდინარე არ არის გასაკვირი რომ ნაწარმოების ევროპულ ენებზე თარგმნამ დაიგვიანა.

მაგალითისათვის ინგლისურად მისი თარგმნის მცდელობა მე-19 საუკუნის ბოლოს დაფიქსირდა, თუმცა თარგმანის ცუდი ხარისხის გამო ის პრაქტიკულად წაუკითხავია – ინგლისურად პირველი დამაკმაყოფილებელი თარგმანი მხოლოდ მე-20 საუკუნის 30 წლებში მოხერხდა. რუსული თარგმანი კი მხოლოდ 1993 წელს გამოიცა. რამდენიმე თვეა რაც მკითხველს უკვე ნაწარმოების ქართული თარგმანის წაკითხვაც შეუძლია. მართალია 2019-ში ბაკურ სულაკაურის მიერ გამოცემული წიგნი ორიგინალური ნაწარმოების 54 თავიდან მხოლოდ 15-ს მოიცავს და 650 გვერდს ითვლის ეს დიდი ნაბიჯია საქართველოში უმნიშვნელოვანესი იაპონური კულტურული ძეგლის გასაცნობად.

წყაროები:
Emmerich, Michael (13 August 2013). The Tale of Genji: Translation, Canonization, and World Literature. Columbia University Press. ISBN 9780231534420.
Shikibu, Murasaki; Waley, Arthur (1960). The Tale of Genji. Modern Library. Vintage.
Повесть о Гэндзи (Гэндзи-моногатари): в 2 ч. / Перевод с яп. Соколова-Делюсина Т. Л. — Москва: “Восточная литература, 1993.