აკუტაგავა, იაპონური კულტურის გზაჯვარედინი

ავტორი: გიორგი მაჭარაშვილი

იაპონია კუნძულოვანი ქვეყანაა. ყოველ დღე იაპონელები ერთ-ერთი პირველები ეგებებიან მზეს და ალბათ მის სიკვდილსაც უპირველესად ისინი გაიგებენ. მათმა ასეთმა მდებარეობამ გამოიწვია ხასიათის თვისებათა დამოუკიდებლად ჩამოყალიბება. ამბობენ, ვინც მზეს უცქერს მას მეტად ესმის ამ სამყაროსიო. ამ გამოთქმის მართებულობის რა გითხრათ, მაგრამ ფაქტია, რომ მათი ნააზრევი განსხვავებულია.

თემები, რომლებზეც ისინი წერენ ერთი შეხედვით ნაცნობია, მაგრამ ამასთანავე ამოუცნობი და მიუწვდომელი. სიკვდილზე ვის არ დაუწერია, მაგრამ იაპონიაში ეს უკანასკნელი ხელოვნებად აქციეს. ქრისტიანისთვის თვითმკვლელობა ტრაგედიად აღიქმება, იაპონელისთვის კი ეს დიდი პატივია და აბსოლუტურად ლოგიკური ქმედება. ადრე ასე უმეტესად სამურაები, დიდებული ვაჟკაცები აღესრულებოდნენ ხოლმე.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიამ ვესტერნიზაცია განიცადა და გარკვეულ ტრადიციებზე უარის თქმაც მოუწია. მაგალითად, თითქმის მთლიანად მოისპო სამურაების კულტურა. ალბათ, ბევრს ნამდვილად არ ეგონა, რომ მათი გაქრობით იაპონური კულტურა კვლავ თავის ავთენტურობას შეინარჩუნებდა, თუმცა ამ ხალხმა შეძლო ერთმანეთისთვის შეეთავსებინა ტრადიციები და ამასთანავე არ ჩამორჩენოდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. ახალი არ არის, რომ ის რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები უთუოდ აისახება მწერლობაზეც.

სწორედ ამ დროს, მე-20 საუკუნის დასაწყისში, ნაცუმე სოსეკი დახვეწს იაპონური ნოველის სტრუქტურას და ახალ გზას გაუკაფავს მომავალ მწერლებს. მომავალი კი დიდებული მოდიოდა, რიუნოსკე აკუტაგავა. ის, სოსეკის მიერ დამკვიდრებულ თემატიკას აქტიურად იყენებს, როგორიცაა: ეგოიზმით შეპყრობილი ადამიანი, სამყაროსგან გარიყულობის მძაფრი შეგრძნება, დანაშაულის გრძნობა, ღალატი.

რიუნოსკე აკუტაგავა არის მწერალი, რომელსაც შეუძლია ღამით ლანდებს ესაუბროს, მათ მიერ მოტანილი ამბები ჩაიწეროს და დღისით ისინი აამეტყველოს, მოთხრობებად აქციოს. აკუტაგავას მოთხრობებში უმეტესად ძველი იაპონური ლეგენდები და მითებია წამოწეული. ის საუბრობს დაკარგულ ტრადიციებზე, აკრიტიკებს და ამავე დროს ხოტბას ასხამს მათ. მის შემოქმედებას მარტოსულობის განცდა მუდამ თან სდევდა. „მარტოობა ცხოვრების მარადიული რეფრენია დასაბამითგან“ წერდა რემარკი. კონსტანტინე გამსახურდია სწორად შენიშნავს: “ერთი კაცი თავის უდიდეს სიბრძნეშიაც შლეგად ითვლება მუდამ.” ეს სიტყვები ყველაზე უკეთ აკუტაგავას მსოფლმხედველობას და შემოქმედებას შეესაბამება. აკუტაგავასთვის იმედი აღარ დარჩა სამყაროში, ცრუ ნუგეში კი ხელოვანისთვის გაქრობის ტოლფასია და ამიტომ მოისწრაფა სიცოცხლეც.

აკუტაგავამ მოთხრობაში “ცხოვრება იდიოტისა” თავისი განცდები სრულად გადმოგვცა. ერთგვარად აღსარება ჩაგვაბარა. თავისი განვლილი წლები გვიჩვენა და მერე ირონიანარევი ღიმილით გვკითხა:
აბა ეს ვისი ცხოვრებაა თუ არა იდიოტის?
აკუტაგავა ამ მოთხრობაში ყურადღებას ამახვილებს სიკვდილის მნიშვნელობაზე:
“– ოცნებობთ სიკვდილზე?
– დიახ… არა, სიკვდილზე კი არ ვოცნებობ, სიცოცხლემ მომაბეზრა თავი.”
რიუნოსკე აკუტაგავა არ იყო სიკვდილზე მეოცნებე კაცი. მას უბრალოდ არსებული რეალობა ღლიდა, ყოველდღიური ფარსი, კომედია და აბსურდი, ის ამას გაურბოდა.

აკუტაგავა კარგად წვდებოდა ადამიანის არსს. ყველაფერი იცვლება სამყაროში, ვითარდება ლიტერატურა, იზრდება სახელმწიფოები, მაგრამ ადამიანი კიდევ უფრო ემსგავსება მხეცს – “რაღაც ადამიანური ამავე დროს მხეცურიცაა.”

მოთხრობაში – “რასიომონის ჭიშკარი” მწერალი ერთდროულად აკრიტიკებს ტრადიციების მიტოვების იდეას და ამასთანავე გვიჩვენებს როგორ ჩნდება ადამიანში ბოროტება. ჯერ კიდევ მსახურის სახეზე არსებული დაჩირქებული წყლული, რომელიც ერთი შეხედვით უბრალო რამაა, მალე შეიძენს დიდ სიმბოლურ მნიშვნელობას. ის სულში ეშმაკეული არსის დავანებას გამოხატავს. კაცი, რომელიც ქურდობს განწირულია, მაგრამ განა დედაბერს შეინდობს ვინმე? მკვდარს, რომელსაც ცოცხალი არ ასვენებს ეგ რანაირი წესია? გარდაცვლილს თმა მოჰგლიჯო? ეს ადამიანურს არ ჰგავს. განვითარებული კაცი ამას არ გააკეთებს. თუმცა ჩვენ იმ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი ადამიანური ბოდვად აღიქმება. რიუნოსკე აკუტაგავა კი ამას აკრიტიკებს. კაცი, რომელიც წვიმიან ამინდში ქალს ხალათს გახდის დაუსჯელი ვერ დარჩება. ხელოვანი ადამიანი ამ ქმედებას ვერ აპატიებს ვერც ერთ ხორციელს. ამიტომაა, რომ ამ ამბის შემდეგ მსახური არავის უნახავს…

წამით თუ სხვანაირად გადავიაზრებთ მოთხრობას შეიძლება შემდეგი სომბოლოებიც კი გამოვკვეთოთ. მსახური, რომელიც გაჭირვების ჟამს ბატონმა გამოაძევა შეიძლება უარყოფილ ტრადიციად მივიჩნიოთ. ქალი, რომელიც გვამს თმებს აგლეჯს განსაცდელში ჩავარდნილ იაპონიად, რომელიც ცდილობს ხსნა ისევ თავის გადაწყვეტილებებში ეძებოს. როცა წვიმაში გტოვებენ პირველი რას მოიმოქმედებს კაცი? მოძებნის ადგილს, რომელსაც შეაფარებს თავს, ან ვინმეს ვინც ტანისამოსს გაუნაწილებს. დაახლობით ასე დაადგა იაპონიაც ერთ დროს პროგრესის გზას. უკიდურესად მძიმე ვითარებაში მყოფმა უარყო ტრადიციების ნაწილი. ისინი ისევე გააქრო, როგორც ღამეში ნაძარცვით დატვირთული მსახური და დაიტოვა დედაბერი.

აკუტაგავაც ადამიანის-შვილია, ისიც ამ გარემოში დაიბადა, ამას სიცოცხლის ბოლოს თვითონაც წერდა, რომ “ყოველგვარი ხელოვნება, როგორც უნდა შეიცვალოს მისი ფორმა, ადამიანის საშოში ისახება.” მწერალმა რაც თავად ვერ მოახერხა რჩევის სახით მომავალ თაობებს დაუტოვა: – “ცხოვრებას რომ ღიმილი აჩუქო, საჭიროა, მქონდეს, ჯერ ერთი, გაწონასწორებული ხასიათი, მეორე – ფული, მესამე – უფრო ძლიერი ნერვები, ვიდრე მე მაქვს.”

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s