ავტორი: ნანა გოგოჭური

ჯერ ყველა სლაიდი სათითაოდ ნახა, მერე ერთმანეთის მიყოლებით გაუშვა და სწორედ მაშინ, ამ თანმიმდევრულ თვალიერებაში გააცნობიერა, რომ სურათებზე გამოსახული ადამიანების უმეტესობა ცოცხალი აღარ იყო. მამამისი გულის შეტევით გარდაიცვალა 1969 წელს, დედა – თირკმლის უკმარისობით 1972-ში. ტინა 1974 წელს კიბომ შეიწირა. მშობლების ექვსი და-ძმიდან ახლა მხოლოდ ორიღა იყო ცოცხალი. ერთ ფოტოსურათზე რიჩარდი სახლისწინა მოლზე მშობლებთან და ტინასთან ერთად იდგა, ყველანი, ხელიხელგადახვეულები,ერთმანეთს მიკრულები და მიხუტებულები, ლაღად მომღიმრები, სასაცილოდ გამოცოცხლებული გამომეტყველებით ობიექტივს გამოსცქეროდნენ. როცა რიჩარდმა ეს ფოტო გამშვებში მეორედ ჩადო, მოულოდნელად თვალები ცრემლებით აევსო. ამ ერთმა ფოტომ ბოლო მოუღო. აი, მანდ მიხვდა, რომ მეტს ვეღარ გაუძლებდა. გამშვები განზე გადადო, ხელები სახეზე აიფარა და აქვითინდა. ჰო, ზუსტად ეს სიტყვა იხმარა- “ქვითინი”. იმდენი ვიქვითინე, ცრემლები გამომელიაო.

პოლ ოსტერი მისნის ღამე

დღეს 14 ოქტომბერია. ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ რაც „დედამიწის მოსახლეობის 2% გაქრა“. სერიალი The Leftovers (მიტოვებულები) ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით გადაღებული დრამაა. იგი წიგნის ეკრანიზაციას, მხოლოდ ნაწილობრივ, ძირითადად პირველ სეზონში წარმოადგენს. მიტოვებულების შემქმნელი დეიმონ ლენდელავი, რომელმაც თავის დროზე სერიალი დაკარგულები გვაჩუქა, წიგნის ავტორ ტომ პეროტასთან ერთად მუშაობდა აწ უკვე დასრულებულ სერიალზე, რომლის სამივე სეზონი მნახველის სამუდამო განხილვის საგანი იქნება, მანამ სანამ იარსებებს თუნდაც მხოლოდ ერთი მიტოვებული ადამიანი ჩვენს პლანეტაზე.

სიუჟეტის განვითარება პატარა ქალაქ მეიპლტონში იწყება, სადაც 14 ოქტომბრის ამბის შემდეგ ადგილობრივი პოლიციის შეფი ცდილობს წესრიგის დაბრუნებას როგორც ქალაქში, ისე ოჯახსა და საკუთარ თავში. შეფ კევინ გარვის, რომელიც მთელი ისტორიის ერთ-ერთ მთავარ, ყველაზე ძლიერ და საჭირო ფიგურად გვევლინება, შეუდარებლად თამაშობს ჯასტინ ტერუ. მისი გმირიც სხვებივით იტანჯება და განიცდის ყოფნა არ ყოფნის ამაოებას. თუმცა, სწორედ სხვებზე, პირველ რიგში კი ოჯახზე ზრუნვა აძლიერებს და თვითმკვლელობაზეც კი არ იხევს უკან, თანაც არა ერთხელ. თუმცა, ყველა პერსონაჟში არის რაღაც, რის გამოც გვესმის მათი და თანავუგძნობთ. ვიცით მათი წარსული და მათი ყოველდღიურობა, რომელიც დღითიდღე უფრო მეტად გაუსაძლისი ხდება. ფრანსუაზ საგანი თავის მოთხრობაში „ერთ დილით“ წერს : „კარგად ვიცი, რომ ქალს ვერავითარი სულიერი დეპრესია ვერ მოუსპობს თმის გადავარცხნის სურვილს. სისულელეა, მაგრამ ასეა!.. „რას იზამთ? ყველანი სიკვდილის შვილები ვართ. მოიცათ, თმა უნდა გადავივარცხნო! „

თუმცა,ქალი სულიერმა დეპრესიამ შესაძლოა იქამდეც მიიყვანოს, რომ მეძავი გამოიძახოს და იმისთვის გადაუხადოს, რომ ტყვიაგაუმტარ ჟილეტიან ტანზე, გულში ესროლოს. ამას კი, ნორას პერსონაჟი მოწმობს. სერიალში ორ სასწაულს ვხვდებით, ერთი ქალაქია, საიდანაც არავინ გამქრალა, მეორე კი მოძღვარი, ნორას ძმა, რომელსაც შეუძლია რწმენა იარაღად გამოიყენოს ყველგან და ყოველთვის. სწორედ ამ უკანასკნელს შეუძლია სწამდეს რომ მტრედები ანიშნებენ,როგორ მოიგოს ფული კაზინოში, ჯვარცმის შედეგიანობისა და იმის რომ თეთრებში გამოწყობილ ხალხთან სამძიმარზე მისვლა და ლოცვა მტრობის დასასრულია.

რაც შეეხება თეთრებში გამოწყობილ ხალხს, ისინი არ ლაპარაკობენ და ეწევიან გამუდმებით, თანაც ეწევიან არა სიამოვნებისთვის არამედ თვითგანადგურებისთვის. მათ თუ ვკითხავდით რა სწამს მას ვისაც არ სწამს, აუცილებლად გიპასუხებდნენ, რომ სამყაროს აღსასრულის სწამს. ყოველ შემთხვევაში პატი ასე გიპასუხებდათ. პატი, კევინის მოჩვენება და მისი ყოფილი ცოლის ლორის ფსიქოლოგი გახლავთ. ლორი თეთრშიც და მათ გარეშეც შესამჩნევად გამორჩეული ფიგურაა, რადგან დაფაზე სადაც ვიღაც ნებდება, ვიღაც კი იბრძვის, ის ორივე მათგანს წარმოადგენს და მისი პერსონაჟის შესაშური განვითარების სიმარტივე, მართლაც რომ შთამბეჭდავია.

თეთრებში გამოწყობილი ხალხი თავს დანაშაულის ნაწილად გრნობს და სურთ ცოცხალი შემხსენებლები იყვნენ მათთვის, ვისაც კიდევ სურს ცხოვრება გააგრძელოს. ცხოვრების გაგრძელება მათ გარეშეც ჭირს, თუმცა მათი არსებობა ყველაფერს ერთიორად ამძაფრებს. იდენტობათა მრავალფეროვნებასა და საინტერესო პერსონაჟებს შორის, კევინის მამა, რომელიც ასევე შეფი გახლდათ, გიჟად არის შერაცხული და მისი სამყარო ყველა სხვა დანარჩენისგან განსხვავდება.

მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიაში სერიალის გადაღებები მხოლოდ მესამე სეზონისთვის დაიწყეს, მანამდე იყო მინიშნებები(ჟურნალი, წერილი), ადგილზე, რომელიც შემქმნელების თქმით კაცობრიობის გეოგრაფიული დასასრულია, ხოლო შოუ კი ემოციური. ყოველი სეზონის გახსნასა და თითოეულ ტრეკს თავისი დანიშნულება აქვს, უბრალოდ არაფერი ხდება. თუ „სატახტოთა თამაშებზე“ “Winter is coming გვახსენებდეა, მიტოვებულები “The end is near“ – ს გვთავაზობს და როცა სერიალში ეფლობი, იზიარებ პერსონაჟების ხმამაღალ, თუ უხმო ყვირილს, ფიქრობ, რომ დასაწყისში მომხდარი გაურკვევლობის ახსნა თუ სად, რატომ, რისთვის გაუჩინარდნენ ის ადამიანები, აღარც არის საჭირო, რადგან იცი, სერიალი მიტოვებულებზეა და ყველაფერი ისე მიდის, სერიები ერთმანეთს ისე მიჰყვება, ბოლო დიალოგამდე სანამ ერთ-ერთი პერსინაჟი არ დაგაფიქრებს თავისი მონათხრობით, რომ თუ მათ აქ 2% დაკარგეს, იქ მათ 98% აღარ ჰყავთ. სცენარის ავტორის აზრით დასასრული არც არის მნიშვნელოვანი. რაც მას სურს არის ის, რომ თუ ვიაზრებთ და გვჯერა სამყაროს აღსასრულის, ვკითხოთ ჩვენს თავებს რას ვაკეთებთ ჩვენ დღეს.

დასაწყისში მოყვანილი ციტატა პოლ ოსტერის რომანიდან “მისნის ღამე” გვიხატავს იმ ადამიანის სურათს, ვისაც დამარხული ოჯახის წევრების ტკივილი, მონატრება და სენტიმენტები მუდამ თან დაჰყვება, მიუხედავად იმისა რომ იცის ვინ, როდის და რა მიზეზით დატოვა წუთისოფელი. პერსონაჟების უმეტესობა მახსენებდა ტრამალის მგელს, რომელზეც თავად ჰერმან ჰესე წერს, მართალია, ტრამალის მგელზე დაწერილი ეს წიგნი მის სულიერ სენსა და შინაგან ხელმოცარულობას აღწერს, მაგრამ ეს ის სატკივარია, რომელიც სიკვდილს კი არა, განკურნებას ელტვის.

Advertisements