ავტორი: დათო სამნიაშვილი

ქართული ჟანრული ლიტერატურა მოიკოჭლებს, თუმცა ზოგი იმასაც გეტყვით, რომ მას ვისაც ფეხი არ აქვს, ვერ იქნება კოჭლი.  აქედან გამომდინარე ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკასაც უჭირს. თუ დაძებნით, ამ კატეგორიის ქვეშ მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ნაწარმოებს იპოვით, მათ შორის ერთ-ერთი  1930 წლით თარიღდება.

ამხანაგებო, „ქალი სარკეში“  საბჭოთა საქართველოში შექმნილი პირველი ქართული სამეცნიერო ფანტასტიკაა. რომანის ავტორი 1884 წელს, ღარიბი გლეხის ოჯახში დაბადებული  ალექსანდრე აბაშელია. რევოლუციურ მოძრაობაში ჩართული ახალგაზრდა აბაშელი 1906 წელს გადაასახლეს კიდევაც. ორი წლის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებული კვლავ რევოლუციური სულისკვეთებით იყო მოცული.  ასე ეტრფოდა, წერდა ლექსებს და არც ჯილდოებს უჩიოდა. ახალგაზრდა ალექსანდრე თვით აკაკი წერეთელმაც დააჯილდოვა და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, აბაშელს ბორკილები საბოლოოდ ეხსენება და 1930 წელს რომანს  – „ქალი სარკეში“ წერს. ბევრი ამ წიგნს პროპაგანდისტულსაც უწოდებს, მაგრამ ნუ ვიჩქარებთ…

წიგნის სიუჟეტი  დედამიწაზე იწყება ,  გრძელდება  კოსმოსში და სრულდება მარსზე. მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლები, საბჭოთა საქართველო, თბილისი, ინჟინერი გურგენ კამარელის კაბინეტში უცხო ინჟინერი შემოდის. ქართველი მეცნიერი კოლეგას დიდი ინტერესის გარეშე ხვდება, თუმცა მალე აღმოაჩენს, რომ დაუპატიჟებელი სტუმარი გენიოსია, მისი სამეცნიერო აღმოჩენები დროს უსწრებს, ის უბრალოდ შეუდარებელია. მაგრამ როგორც ამბობენ, „ყველა გენიოსს თავში უქრის“ და არც ინჟინერი ვაისმანია გამონაკლისი. ის თავის გენიალურ აღმოჩენებს გურგენ კამარელის ნაშრომებს აწერს და მის ქვეშემდგომად მუშაობას იჩემებს, მხოლოდ ერთი პირობით, ვაისმანის აღმოჩენები გურგენმა საკუთარ თავს უნდა მიაწეროს.

გურგენს ეთაკილება, მაგრამ ხვდება, რომ სხვანაირად შეშლილ გენიოსს თანამშრომლობაზე ვერ დაითანხმებს. აი ამ მომენტიდან აბაშელი ახერხებს და ოცდაათიანი წლების პოეტისთვის დაუჯერებელ ტექნიკურ ცოდნას ავლენს. ნაწარმოებში წარმოდგენილია ატომური ძრავა, რომელიც ელექტრონების მოძრაობაზეა დაფუძნებული. მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით წიგნში ჩნდება კოსმოსური ხომალდი, რომელსაც ცენტრიდანული ძალის გამოყენებით ხელოვნური გრავიტაციის წარმოქმნა შეუძლია და ეს ყველაფერი კოსმოსური ხომალდის ბრუნვით საკუთარი ღერძის გარშემო. წიგნში ასევე დეტალურად არის აღწერილი ე.წ. სარკე, რომელიც დღევანდელი ტელევიზიის პროტოტიპია  და რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია ათასობით კილომეტრით დაშორებული წერტილიდან უბრალო სხივის მეშვეობით გადმოიგზავნოს გამოსახულება.

აბაშელს  სინათლის სიჩქარესთან ერთად მშვენივრად აქვს გამოყენებული დროის და სივრცის მახასიათებელი-გადაჯაჭვულობა. ნაწარმოების გამოქვეყენების დროს, კაცობრიობამ ჯერ კიდევ არ იცოდა, თუ რა მოხდება კოსმოსში, როგორი იქნებოდა უწონადობა. ბევრ თანამედროვე ფიზიკოსს შეშურდება გურგენ კამარელის, რომელიც კოსმოსში გაჩენილი უწონადობით შეშინებულ დასავლეთის დელეგატებს ამშვიდებს და უხსნის, რომ დიდი ციური სხეულის გარეშე ჩვენ წონას ვკარგავთ.

რაც შეეხება მარსს და მის ცივილიზაციას, თუ ვინმე აბაშელს მარსელების არარსებობაში დასდებს ბრალს, გაიხსენოს რეი ბრედბერი და მისი „მარსის ქრონიკები“. ამჯერადაც გავბედავ და ვიტყვი, რომ აბაშელი ბრედბერის ამ მხრივ არაფერში ჩამოუვარდება.

აბაშელის წინასწარმეტყველებანი შემდეგია: კოსმოსური ხომალდი, ცენტრიდანული ძალის გავლენით ხელოვნური მიზიდულობის შექმნა, ატომის ბირთვის ენერგიის გამოყენება, ელექტრონული ძრავების არსებობა, სკაფანდრი, რომელსაც დედამიწელებს მარსელები უბოძებენ და ქალი ეკრანში, იგივე „ქალი სარკეში“.

თუმცა, მიუხედავად გამართული სიუჟეტისა და მაღალი ხარისხის სამეცნიერო ფანტასტიკისთვის დამახასიათებელი ტექნიკური სიზუსტეებისა, ბევრს ხელოვნურად მეოეჩვენება აპრიორი ბრძენი საბჭოთა მეცნიერები, ხოლო მათ ფონზე უმეცარი დასავლეთის წარმომადგენლები, რომლებსაც უწონადობის შესახებაც კი არაფერი სმენიათ.

ნაივურია ასევე მარსელის მიერ თბილისელი ინჟინერის სიყვარული და დიდუბეში დაჩოქებული ელიტები, რაც შემდეგ ნაწყვეტშიც კარგად ჩანს:

„რა საჭიროა ლაპარაკი, – ამბობდა მოჭარბებული სიხარულისგან გაცხარებული ამერიკელი დელეგატი, ბანკირი დინგვეი, – ჩვენ ერთხმად ვუცხადებთ მარსის ნათემოსლ მოციქულს: გვიხსენით და გვიპატრონეთ!

უნდა ვთქვა აგრეთვე ორიდე სიტყვა იმ სახელმწიფოს შესახებ, რომლის მიწა-წყალზე ხდება ჩვენი მკვდრეთით აღდგომისთვის მზადება. ეს არის საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა! საბჭოთა ქვეყანა იმარჯვებს. ჩვენ უნდა ვიცნოთ ამ ქვეყნის იდეურ ზნეობრივი უპირატესობა და თავი დავხაროთ მის წინაშე… ტაშმა დაჰფარა დინგვეის სიტყვა. ერთიმეორეს ეჯიბრებდონენ ინგლისის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, იაპონიის და სხვათა დელეგატები და საბჭოთა კავშირს სიყვარულსა და ერთგულებას ეფიცებოდნენ“.

ესეც ზემოთ ხსენებული პროპაგანდა, თუმცა ამჯერადაც ნუ ვიჩქარებთ. სწორედ ასეთი პათოსის და აღტკინების მიღმა, სიუჟეტში ნაციონალიზმი და ავტორის მიერ საკუთარი ქვეყნის გამორჩეულობის, შესაბამისად საბჭოთა კოლექტიური აღქმის ღალატი შეინიშნება, რაც წიგნს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის და გარკვეულ მომენტში ხვდები, რომ არამარტო მაღალი დონის სამეცნიერო ფანტასტიკას კითხულობ, სადაც ქართველი პირველად გადის კოსმოში, არამედ ამ ყველაფრის უკან თავად ავტორის შინაგანი მეს ბრძოლაა – კოლექტიურობის და ინდივიუალიზმის ჭიდილი, რომლის გადაჭრაც დღემდე ვერ შევძელით.

დასასრულს კი ნაწყვეტი წიგნიდან, სადაც საბჭოთა საქართველოს მოწინავე ინჟინერი პროგრესის სახელით უსასრულო კოსმოსში მიექანება, დედამიწას კარლ სეგანის „pale blue dot“ (მკრთალი ლურჯი წერტილი) – ივით აღიქვამს, გვერდს კი ზეცივილზიციის წარმომადგენელი მარსელი მეცნიერი უმშვენებს:

„-განა სათაკილოა სამშობლოს სიყვარული? -იკითხა კამარელმა.

– ამას ვინ ამბობს, მაგრამ უნდა დამეთანხმოთ, რომ სამშობლოს გრძნობაც, როგორც ყველაფერი, შედარებითია და დროსა და გარემოს მიხედვით განიზომება.

– მე რომ ქართველი ვარ, – თქვა კამარელმა, – ეს არის მოვლენა ფაქტის და არა შედარებითი შეფასების.

– იგი უმთავრესად შედეგია ისტორიულ-სოციალისტური პროცესებისა. მოაშორეთ თქვენს სამშობლოს გრძნობას მთელი ისტორია, რაღა დაგრჩებათ?“ – კითხულობს ბრძენი მარსელი.

კითხულობს ბრძენი მარსელი და ძნელია მარსელში ბებერი მარქსი არ დაინახო.

აქ თითქოს ქართველი საბჭოთა მეცნიერი ნებდება, ვინ არის რომ მარსელში გადაჯაჭვულ კარლ მარქსს შეეკამათოს, მაგრამ აგრძელებს – „რაც არ უნდა ცვლილება განიცადოს სამშობლოს შემეცნებამ, იგი მაინც იტრიალებს ღერძის გარშემო“ და აქ „ჩამოვარდა დუმილი“.

ერთი სიტყვით, ეს არის  ქართული ჟანრული ლიტერატურის კარგი მაგალითი , რამაც სამწუხაროდ საქართველოში განვითარება დღემდე ვერ ჰპოვა. მაგრამ პირველი ქართველი კოსმოსში მაინც გაუშვა. რაც შეეხება საბჭოთა პროპაგანდას, რა არის ინდივიდის თავისუფალი ნება, თუ არა კოლექტიური ილუზია და მასთან ერთად პროპაგანდაც….