თარგმანი: ბექა არაბული

ორშაბათობით თეთრი ტანსაცმელი დარეცხე და გასაშრობად ქვების გროვაზე გაშალე; სამშაბათობით ფერადი ტანსაცმელი დარეცხე და სარეცხის თოკზე გაფინე; მზეში თავშიშველმა არ იარო; გოგრის ოლადები გავარვარებულ ტკბილ ზეთში შეწვი; საცვალები გახდისთანავე ჩადე წყალში; ბლუზისათვის ბამბის ყიდვისას დარწმუნდი, რომ მწებავ ნივთიერებას არ შეიცავს, თორემ გარეცხვის შემდეგ მოეშვება; მარილიანი თევზი მომზადებამდე ღამით წყალში დატოვე;

მართალია, რომ საკვირაო სკოლაში ბენას მღერი? ყოველთვის ისე ჭამე, სხვებს გული არ აერიოთ; კვირაობით ეცადე ლედივით იარო და არა კახპასავით, რომელიც ასე ძალიან გინდა იყო; საკვირაო სკოლაში ბენა არ იმღერო; გზაც რომ გკითხონ, ნავსადგურის ვირთხა ბიჭებს მაინც არ გამოელაპარაკო; ქუჩაში ხილი არ ჭამო — ბუზები აგედევნებიან; მაგრამ კვირაობით ბენას არ ვმღერი და საკვირაო სკოლაში საერთოდ არ ვმღერი; აი, როგორ უნდა მიაკერო ღილი; აი, როგორ უნდა გააკეთო კილო ღილისთვის, რომელიც ახლახანს მიაკერე; აი როგორ უნდა შემოკანტო კაბის ჩამოვარდნილი კალთა, რათა არ გამოიყურებოდე კახპასავით, რომელიც ასე ძალიან გინდა იყო; აი, როგორ უნდა დააუთოო მამაშენის ხაკის პერანგი, რათა არ დაიჭმუჭნოს; აი როგორ უნდა დააუთოო მამაშენის ხაკის შარვალი, რათა არ დაიჭმუჭნოს; აი, როგორ უნდა გაზარდო ბამი — სახლისგან მოშორებით, რადგან ბამის ხე წითელ ჭიანჭველებს იზიდავს; ტაროს გაზრდისას დარწმუნდი, რომ საკმარის წყალს იღებს, თორემ ჭამისას ყელი აგექავება;

აი, როგორ უნდა გამოგავო კუთხეში; აი, როგორ უნდა გამოგავო სახლი მთლიანად; აი, როგორ უნდა გამოგავო ეზო; აი, როგორ უნდა გაუღიმო იმას, ვინც არც ისე ძალიან მოგწონს; აი, როგორ უნდა გაუღიმო იმას, ვინც საერთოდ არ მოგწონს; აი როგორ უნდა გაუღიმო იმას, ვინც ძალიან მოგწონს; აი, როგორ უნდა გაშალო მაგიდა ჩაისთვის; აი, როგორ უნდა გაშალო მაგიდა ვახშმისთვის; აი, როგორ უნდა გაშალო მაგიდა მნიშვნელოვან სტუმრებთან ერთად ვახშმისთვის; აი, როგორ უნდა გაშალო მაგიდა სადილისთვის; აი როგორ უნდა გაშალო მაგიდა საუზმისთვის; აი, როგორ უნდა მოიქცე მამაკაცებთან, რომლებიც კარგად არ გიცნობენ, რათა შენში არ დაინახონ კახპა, რომლადაც ჩამოყალიბებას ასე მკაცრად გიკრძალავ; დაიბანე ყოველდღე, თუნდაც ამის გაკეთება საკუთარი ნერწყვით მოგიწიოს;

ბურთულებით თამაშისას არ ჩაიცუცქო — ბიჭი არ ხარ, და ეს შენც იცი; უცხო ხალხის ყვავილები არ დაკრიფო — შეიძლება რამე შეგეყაროს; შაშვებს ქვები არ ესრელო, რადგან შეიძლება ისინი შაშვები საერთოდ არ იყვნენ; აი, როგორ უნდა მოამზადო პურის პუდინგი; აი, როგორ უნდა მოამზადო დოკუნუ; აი, როგორ უნდა მოამზადო ხორციანი ცხარე კერძი; აი, როგორ უნდა მოამზადო კარგი წამალი გაციებისთვის; აი, როგორ უნდა მოამზადო წამალი ბავშვის მოსაშორებლად, სანამ ის ბავშვად ქცევას მოასწრებს; აი, როგორ უნდა დაიჭირო თევზი; აი, როგორ უნდა გადაყარო თავის ხიფათში ჩაუგდებლად თევზი, რომელიც არ მოგწონს; აი, როგორ უნდა დააფრთხო მამაკაცი; აი, როგორ გაფრთხობს მამაკაცი; აი, როგორ უნდა გიყვარდეს მამაკაცი, და თუ ეს არ იმუშავებს, სხვა გზებიც არსებობს, და თუ არც ისინი იმუშავებს, ნუ დაღონდები, რომ დანებება მოგიწია; აი, თუ მოგინდება, როგორ უნდა აიფურთხო ჰაერში და აი, როგორ უნდა გაიქცე სწრაფად, რათა ფურთხი ზედ არ დაგეცეს; აი, როგორ უნდა მოიქცე, როცა გიჭირს; პური ყოველთვის ხელით მოსინჯე, რათა დარწმუნდე, რომ ახალია; მაგრამ თუ ხაბაზი პურის ხელით მოსინჯვის ნებას არ მაძლევს?; გინდა თქვა, რომ საბოლოოდ მაინც ისეთი ქალი დადგები, რომელსაც ხაბაზი პურთან მისვლის ნებას არ მისცემს?