ავტორი: გელა ვადაჭკორია
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა არაერთი მწვრთნელი გამოიცვალა, თუმცა მათი უმეტესობა შედეგების ნაცვლად უფრო ფრთიანი ფრაზებით დაგვამახსოვრდა. ნაკრების პირველმა უცხოელმა მესაჭემ იოჰან ბოსკამპმა, მთელი ერი მოიმდურა, როცა ჯერ კიდევ შორეულ 1999 წელს, ერთ-ერთი ფეხბურთელის ქცევით გაკვირვებულ-აღშფოთებულს აღმოხდა ქართველებს მენტალიტეტი გაქვთ დებილიო (ორიგინალში – Georgian mentality debil). იმის მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, თუმცა „აგერ ახლახანს“ მორიგი წარუმატებლობის შემდეგ თემურ ქეცბაიამ თავი იმართლა „მესები“ არ გვყავსო. ჩვენი დღევანდელი ფილმი „Moneyball“ სწორედ მესების გარეშე გამარჯვებისთვის მებრძოლ, ბეისბოლის კლუბ ოკლენდ ატლეტიკსის გენერალურ მენეჯერზე, ბეისბოლის ერთგვარ დონ კიხოტზე – ბილი ბინზეა. რუსებმა სათაური „თავისებურად“ თარგმნეს და ბუნებრივია, მათი წაბაძვით ქართულ ინტერნეტსივრცეში ფილმი სათაურით „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა“ გვხვდება.
სანამ უშუალოდ ფილმზე გადავიდოდეთ, ორი სიტყვით რეალურ ისტორიაზე მოგითხრობთ. 1984 წელს დაწყებული წარუმატებელი კარიერის შემდეგ, 1990 წელს ბილი ბინმა სკაუტობა გადაწყვიტა, ხოლო 1997 წელს MLB-ს პარამეტრებით ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი კლუბის ოკლენდ ატლეტიკსის გენერალურ მენეჯერად დაინიშნა. მიხვდა რა, რომ არსებულ პირობებში გამარჯვების მისაღწევად გაცილებით მდიდარ კლუბებთან ჭიდილში ვერაფერს გახდებოდა, ბინმა სისტემის წინააღმდეგ წასვლა გადაწყვიტა და ბეისბოლში ერთგვარი რევოლუცია მოახდინა, რაშიც თავისი წვლილი შეიტანა ჰარვარდის ეკონომიკის ფაკულტეტის კურსთამთავრებულმა პოლ დიპოდესტამ.
ფილმი მაიკლ ლიუისის 2003 წელს დაწერილი ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვითაა გადაღებული და მასზე მუშაობა ლამის წიგნის გამოსვლისთანავე დაიწყეს, თუმცა მთავარი გმირის მსგავსად სირთულეებით აღსავსე გზის გავლა მოუხდა, ფინანსური პრობლემების გამო რამდენიმე რეჟისორის კანდიდატურა შეიცვალა და ცისფერ ეკრანებზე მხოლოდ 2011 წელს გამოჩნდა. ბილი ბინის როლი ბრედ პიტმა შეასრულა, რისთვისაც ოსკარის ნომინაცია დაიმსახურა. გილდიის ნომინაციის გარეშე არც დიპოდესტას პროტოტიპის – პიტერ ბრენდის როლის შემსრულებელი ჯონა ჰილი დარჩენილა.
სიუჟეტი ერთი შეხედვით ძალიან მარტივია – 2001 წლის სეზონის დასრულების შემდგომ ოკლენდელთა საუკეთესო მოთამაშეები მდიდარმა კლუბებმა გადაიბირეს. ბილი ბინი ვალდებულია შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად ბრძოლისუნარიანი გუნდი შეკრიბოს. ფილმის სიუჟეტი სკაუტებისა და გენერალური მენეჯერის წინასასეზონო შეხვედრისას იხსნება, სადაც სკაუტები შეთავაზებული მოთამაშეების მეგობარი გოგონების გარეგნობასაც კი განიხილავენ, თუმცა ვერ ხვდებიან თუ რაში მდგომარეობს კლუბის წინაშე არსებული მთავარი პრობლემა. მენეჯერი ცდილობს მათ აუხსნას, რომ მეიჯორ ლიგაში მდიდარ და ღარიბ კლუბებს 50 ფუტი განავალი მოსდევს და მხოლოდ ამის შემდეგაა მათი კლუბი, ხოლო მიზანი ამ პირობებშიც კი სეზონის ბოლო მატჩში გამარჯვებაა. ბინის მიერ დასმულ პრობლემაზე პასუხს რეჟისორი დონ კიხოტის და სანჩო პანსას (პიტერ ბრენდის) შეხვედრისას გვთავაზობს – ბეისბოლში გაბატონებულ შუასაუკუნებრივ აზროვნებასა და გუნდის მეპატრონეების არასწორ მიდგომებზე პიტერ ბრენდის ანალიზის სახით.
შეიძლება ბეისბოლის თავგადაკლული გულშემატკივარი არ ხართ, არც კეჩერი თუ პიჩერი იცით ვინაა, ვერც ბაზის დაკავებაში ერკვევით და ეს სპორტის სახეობა სულაც ბიტასთან ასოცირდება, თუმცა ფილმში ბეისბოლი მხოლოდ საშუალებაა გაჩვენოთ სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი მენეჯერის წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრება. ბილი ბინი, ბეისბოლის რომანტიკოსი, ერთგვარი დონ კიხოტია, რომელსაც თავისი სანჩო ჰყავს პიტერ ბრენტის სახით. ეს არის დავითის ბრძოლა გოლიათთან, ნათელი მაგალითი იმისა, რომ შეზღუდული რესურსების პირობებში, ჩამოწერილი მოთამაშეებითაც კი, „მესების გარეშე“ შესაძლებელია მოედანზე გასვლა და გამარჯვება – თამაში იწყება და მთავრდება მოედანზე.
თუკი ფილმი ჯერ კიდევ არ გინახავთ, მინდა მოგილოცოთ – პირველად ნახვის ბედნიერება წინ გქონიათ. არ მინდა დაგისპოილეროთ, უბრალოდ ბოლო ეპიზოდთან დაკავშირებით გეტყვით, რომ იმ პატარა ფურცლის ნაგლეჯზე მითითებული თანხა 12,5 მილიონია, რაც არათუ 2003 წლისათვის, დღესაც კი ძალიან დიდი ხელფასია სპორტული კლუბის მენეჯერისათვის. ბინი დღემდე ოკლენდ ატლეტიკსის ერთგულია და ახალმა მეპატრონემ აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნის გარდა აქციათა მცირე წილიც გადასცა. მის მიერ შექმნილი მოდელი შემდგომ წლებში არაერთმა გუნდმა გამოიყენა და რამდენიმემ მსოფლიო სერიაში გამარჯვებაც მოახერხა.