თარგმანი/კომენტარი – ლუკა კუჭუხიძე
(თარგმანი შესრულებულია 2022-24 წლებში)

სიყვარულმა მიმიღო, ჩემმა სულმა კი უკან დაიხია,
ფერფლით და ცოდვით დაფარულმა.
თუმც შორსმჭვრეტელი სიყვარული, მაკვირდებოდა თუ როგორ ვითრევდი ფეხს შესვლისთანავე,
მომიახლოვდა და ტკბილად შემეკითხა
რაიმე ხომ არ მაკლდა?

“სტუმარი” – მე  ვუპასუხე, – “რომელიც იმსახურებს აქ ყოფნას”
სიყვარულმა მომიგო, “შენ იქნები იგი”.
“მე, უკეთური, უმადური?”ო ჩემო ძვირფასო,
არ ძალმიძს მე შენი ყურება”.
ხელი მომკიდა სიყვარულმა და მომღიმარმა მიპასუხა,
“ვინ შექმნა თვალები, ჩემ გარდა?”

“ჭეშმარიტად, უფალო, თუმც კი გავფლანგე მე ისინი; დაე სირცხვილი ჩემი
იმ გზას გაუდგეს მას რომ შეშვენის”.
“და არ იცი კი”, ამბობს სიყვარული, “ვინ იზღო ბრალი?”
“ძვირფასო, გემსახურები მაშინ”.
“შენ უნდა დაჯდე”, ამბობს სიყვარული, “და გასინჯო ხორცი ჩემი”
მეც დავჯექი და ვჭამე.

———————————–
ფილიგრანული ჰერბერტი!

ეს ერთი მხრივ, ფაქიზად აბსურდული დიალოგი (ამ პერიოდის “მახვილგონიერების” სულისკვეთებით), მეორე მხრივ კი, თითქმის გაუსაძლისად ინტიმური, მაძებარი შეხვედრა დასასრულთან (თუ დასაწყისთან), ღმერთის სიყვარულის ჰერბერტისეული პორტრეტია.

ამ ლექსის შესახებ, სიმონ ვეი წერს, თავის “ავტობიოგრაფიაში”: “ხშირად, აუტანელი თავის ტკივილის კულმინაციური შეტევისას, საკუთარ თავს ვაიძულებ მის წარმოთქმას, მთელი ჩემი ყურადღების მასზე კონცენტრირებას და მთელი სულით ვცდილობ მივეჯაჭვო იმ სინატიფეს, რომელიც მასშია…სწორედ ერთ-ერთი ამ წაკითხვისას, თავად ქრისტე მეახლა და დამეუფლა.”

სინამდვილეში, ამ “სინატიფის” მიუხედავად, რომელზეც სიმონ ვეი საუბრობს, ლექსის პოეტიკის დიდი ნაწილი ძალზედ ეკვივოკურია, შეიძლება ითქვას რომ შეუღწევლად გახევებულიც კი. მკითხველი, რომელიც  ჰერბერტის ჩანაფიქრის მოწესრიგებულ ან ბედნიერ დასასრულს ეძებს, გაოგნებული რჩება ლექსის ამ გასაკვირი და დაჟინებული ამბივალენტურობით, განსაკუთრებით ბოლოსკენ.

იმის თქმა კი შეიძლება, რომ “სიყვარული (III)” დიალოგია გარემოში – ლექსი გვევლინება ერთგვარ სცენად, რომელიც რემარკებით ივსება: სიყვარული ახლოს მიდის მოსაუბრესთან, მის ხელს იღებს, მოსაუბრე “შიგნით” შეაბიჯებს, ემზადება რომ ემსახუროს, ბოლოს ჯდება და ჭამს. ფაქტობრივად სასცენო მოქმედება თამაშდება; და როგორც ყველა თეატრი, ისიც მესამეს საჭიროებს: მაყურებელს!