1949 წლის ოქტომბერში ჯორჯ ორუელმა თავისი წიგნის, 1984-ის გამოსვლის შემდეგ უკვე ძალიან ცნობილი ოლდოს ჰაქსლისგან (რომელიც სხვათაშორის 1917 წელს ორუელს მცირე ხნის განმავლობაში ფრანგულ ენას ასწავლიდა) წერილი მიიღო. ჰაქსლიმ, რომელმაც დაახლოებით 17 წლით ადრე ასევე დისტოპიური “საოცარი ახალი სამყარო” დაწერა, წერილი ორუელის შექებით დაიწყო, თუმცა მალევე განსხვავებული ხედვის აღწერით განაგრძო. გთავაზობთ წერილის თარგმანს.
ძვირფასო მისტერ ორუელ,
გმადლობთ გულისხმიერებისთვის თქვენს გამომცემლებს ჩემს სახელზე წიგნის გამოგზავნა რომ სთხოვეთ. როდესაც ის
მომიტანეს, გარკვეულ სამუშაოს ვასრულებდი, რომელიც ჩემგან ბევრ კითხვას და წყაროების შესწავლას მოითხოვდა; და
რადგანაც ჩემი სუსტი მხედველობა მაიძულებს კითხვისას პაუზები ვაკეთო, დიდი დრო გავიდა იმ მომენტამდე როდესაც 1984-ისთვის ყურადღების დათმობა შევძელი.
ვინაიდან, ვეთანხმები ყველაფერს რაც კრიტიკოსებმა უკვე დაწერეს, ალბათ არ არის საჭირო კიდევ ერთხელ გითხრათ, თუ რამდენად კარგი და დროულია თქვენი წიგნი. ნაცვლად ამისა, მომეცით ნება ვისაუბრო წიგნის თემაზე, ანუ საბოლოო რევოლუციაზე. პირველ მინიშნებებს საბოლოო რევოლუციის ფილოსოფიაზე, რომელიც სცდება პოლიტიკას და ეკონომიკას, და რომლის მთავარ მიზანს ინდივიდის ფსიქოლოგიის და ფიზიოლოგიის აბსოლუტური დამორჩილება წარმოადგენს, მარკიზ დე სადთან ვხვდებით. ის საკუთარ თავს რობესპიერის და ბაბიოფის იდეოლოგიის მემკვიდრედ მიიჩნევდა. 1984-ში აღწერილი მმართველი უმცირესობის ფილოსოფიას სადიზმი წარმოადგენს, რომელიც თავის ლოგიკურ შედეგს სექსის სრული აკრძალვით და უარყოფით აღწევს.
საეჭვოა, შეუძლია თუ არა სახეზე ჩექმის დაჭერის ასეთ პოლიტიკას დაუსრულებლად არსებობა. მე პირადად მჯერა, რომ მმართველი ოლიგარქია საკუთარი ძალაუფლების ჟინის დასაკმაყოფილებლად ნაკლებად დამაბრკოლებელ გზებს იპოვის და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩემს მიერ აღწერილ “საოცარ ახალ სამყაროს” დაემსგავსება. ცოტა ხნის წინ მქონდა შესაძლებლობა ჩამეხედა ცხოველების მაგნეტიზმის და ჰიპნოტიზმის ისტორიაში და გავოცდი, როდესაც მივხვდი, რომ ასორმოცდაათი წლის განმავლობაში სამყარო უარს ამბობდა სერიოზულად შეეხედა მესმერის, ბრეიდის, ესდეილის და სხვების აღმოჩენებზე.
ნაწილობრივ გამეფებული მატერიალიზმის და ნაწილობრივ პატიოსნების გამო, მე-19 საუკუნის ფილოსოფოსები და მეცნიერები უარს აცხადებდნენ გამოეცადათ ფსიქოლოგიის უცნაური თვისებები პრაქტიკულ ადამიანებზე-პოლიტიკოსებზე, სამხედროებზე და პოლიციელებზე, ანუ გამოეყენებინათ ფსიქოლოგია ხელისუფლებაში. ჩვენი მამების ნებაყოფლობით უმეცრებას უნდა დავაბრალოთ ის, რომ საბოლოო რევოლუცია ხუთი-ექვსი თაობით გადაიდო. კიდევ ერთი იღბლიანი დამთხვევა ფროიდის ჰიპნოზის გამოყენების წარუმატებლობა და შემდგომში მასზე უარის თქმაა. ამან ფსიქიატრიის დარგში ჰიპნოზის გამოყენება როგორც მინიმუმ ორმოცი წლით შეაყოვნა. თუმცა, დღეს ფსიქოანალიზის და ჰიპნოზის კომბინირება ხდება, თან ჰიპნოზი გაცილებით მარტივი გახდა მას შემდეგ რაც ბარბიტურატების გამოყენება დაიწყეს, რომლებიც ყველაზე ურჩ სუბიექტებსაც კი ჰიპნოტურ მდგომარეობაში აგდებენ.
მჯერა, რომ მოდმევნო თაობის მსოფლიო მმართველები მიხვდებიან, რომ ხალხის ინფანტილურ მდგომარეობაში ყოლა და ნარკო-ჰიპნოზი უფრო ეფექტური იარაღია ხელისუფლების ხელში, ვიდრე ხელკეტები და ციხეები. ძალაუფლების ჟინის დაკმაყოფილება, ადამიანების ნებაყოფლობით შრომით ექსპლუატაციაში ჩართვით ისევე არის შესაძლებელი, როგორც მათი მორჩილება გაწკეპლვის და ცემის გზით.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მგონია, რომ 1984-ის კოშმარები განწირულნი არიან იცვალონ სახე და დაემსგავსონ იმ საშინელებებს, რომლებიც “საოცარ ახალ სამყაროში” წარმოვიდგინე. ეს ცვლილებები მას შემდეგ მოხდება, როდესაც მეტი ძალაუფლების საჭიროება გაჩნდება. ამასობაში, რა თქმა უნდა, შეიძლება დიდი მაშტაბის ბიოლოგიური ან ატომური ომი მოხდეს – ამ შემთხვევაში კი სხვა, რთულად წარმოსადგენი სახის კოშმარები გველოდება.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა წიგნისთვის.
პატივისცემით,
ოლდოს ჰაქსლი
წყარო: Lettersofnote
მე პირადად მჯერა, რომ მმართველი ოლიგარქია საკუთარი ძალაუფლების ჟინის დასაკმაყოფილებლად ნაკლებად დამაბრკოლებელ გზებს იპოვის და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩემს მიერ აღწერილ “საოცარ ახალ სამყაროს” დაემსგავსება. !!!
როგორ ზუსტად უთქვამს !!!
LikeLike