თბილისში გრაფიტი, სტენსილი და ზოგადად “street art”-ი სულ უფრო და უფრო იმკვიდრებს ადგილს ქუჩების
კედლებზე. ლიტერატურას ამ მიმდინარეობაში თავისი ნიშა უკავია. გადავწყვიტეთ რამდენიმე ნამუშევარი ამ პოსტში გაგვეერთიანებინა.

bukowski
ჩარლზ ბუკოვსკის არ ვიცით და ჩვენ ვპატიობთ ჭონქაძის ქუჩაზე გაკეთებული წარწერის ავტორს, პირველ ხაზში ორი სიტყვის გამოტოვებას. ტექსტის ორიგინალი ასეთია: “The sweat comes from behind my ears and I hear the shooting in the streets and I chew and wait without wonder.” ტექსტი ამონარიდია ბუკოვსკის ლექსიდან. მისი თარგმნა დაახლოებით ასე შეიძლება: “ყურებიდან ოფლი მდის და მესმის, თუ როგორ ისვრიან ქუჩებში, მე კი ვიღეჭები და მოვლენებს ინტერესის გარეშე ველოდები.”
orwell
ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, ჯორჯ ორუელის ამ ცნობილ და ცოტა არ იყოს გაცვეთილ ფრაზას საჯარო ბიბლიოთეკის კედელზე შეხვდებოდით, თუმცა ამჟამად ის წაშლილია (არ არის გამორიცხული რომ ამაში “დიდი ძმის” ხელი ერიოს). ამის მიუხედავად, თბილისელმა ანარქისტებმა ფრაზის ჭონქაძის ქუჩაზე აღდგენა გადაწყვიტეს.
nietzsche
თაბუკაშვილის ქუჩაზე ნიცშეს მოყვარულის მიერ გაკეთებულ ამ წარწერას, როგორც ხედავთ ნათელიც კი მოეფინა, თუმცა ამის მიუხედავად გერმანელ ფილოსოფოსს კრიტიკოსები გამოუჩნდნენ და საკვანძო სიტყვის წაშლა გადაწყვიტეს. საინტერესოა, რომ წარწერა და შემდეგ უკვე ლაქა აშკარად ერთი საღებავით არის გაკეთებული. იქნებ, თავად ავტორმა შეიცვალა აზრი?
pahlaniuk
მართალია ასეთი შინაარსის ტექსტს ჩაკ პალანიკის “მებრძოლთა კლუბში” არ შეხვდებით, მაგრამ ამ ნაწარმოების მოყვარულები ალუზიას ადვილად მიხვდებიან. ნამუშევარი, რომელსაც გუდიაშვილის ქუჩაზე შეხვდებით, სიაში ალუზიის ხათრით მოხვდა.
pahlaniuk1
ამ ქალაქში ვიღაცას ძალიან უყვარს ჩაკ პალანიკი. ამ შემთხვავაში ავტორს როგორც ჩანს ალექსანდროვის (აწ უკვე 9 აპრილის) ბაღის კედელი არ ეყო და “მებრძოლთა კლუბიდან” აღებული ფრაზა – “Everything is so far away, a copy of a copy of a copy,” ბოლომდე ვერ ჩაატია.
Fabrizio
იტალიურ ენაზე შესრულებული ეს ციტატა (ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე) იტალიელი ანარქისტი მომღერლის, ფაბრიციო დე ანდრეს სიმღერიდანაა აღებული. მართალია, მუსიკა ლიტერატურა არ არის, მაგრამ ვინაიდან აღნიშნულ მუსიკოსს მისი ტექსტების გამო პოეტადაც მიიჩნევენ, გადავწყიტეთ რომ ამ პოსტსაც ციტატის შეყვანით არაფერი დააკლდებოდა. აქვე შევეცდებით ტექსტი ქართულად ვთარგმნოთ და თუ ვცოდავთ, არ გვეწყინება შეცდომაზე თუ მიგვითითებთ: “ეს არის ისტორია გარეუბანზე და ეს არის ისტორია ერთჯერად რომანტიულ ღამეზე.”
xalxuri
კიდევ ერთი წარწერა თაბუკაშვილის ქუჩაზე, ამჯერად “ხალხური” შემოქმედებიდან.
Remarque
ლესელიძეზე (აწ უკვე კოტე აფხაზის ქუჩაზე) აი ასეთ “დავარცხნილ” სტენსილში შესრულებულ რემარკს და მის “სამ მეგობარს” შეხვდებით.
pattismith
მიუხედავად იმისა, რომ ელბაქიძის დაღმართზე მანქანებმა და კორეული ფესტივალის პლაკატებმა მომღერლის და ავტორის, პეტი სმიტის ფრაზის ყველანაირად დაფარვა სცადეს, მისი ნაწილობრივ აღბეჭდვა მაინც მოვახერხეთ. ორიგინალ ციტატას მის სიმღერაში (“Gloria”) ვხვდებით: Jesus died for somebody’s sins but not mine (იესო სხვისი, მაგრამ არა ჩემი, ცოდვების გამო მოკვდა).
chiladze
და ბოლოს, რა თქმა უნდა ვერ ავცდით ოთარ ჭილაძეს. ავტორს, რომლის ციტატებიც ინტერნეტში ძალიან პოპულარულია და რომელსაც თბილისის ქუჩებშიც შეხვდებით.