2016 წელს ეკრანებზე უამრავი საინტერესო ფილმი გამოვა, თუმცა ლიტაგორას ავტორმა, დავით ლობჟანიძემ გადაწყვიტა კარგ ფილმებს შორის შეძლებისდაგვარად საუკეთესოები აერჩია და სია მრავალფეროვანი გაეხადა, ამიტომ ის ერთ სიაში არც სუპერგმირებზე და არც ევროპულ კინოზე ერიდება ლაპარაკს.

startr

21. Star Trek Beyond (სტარ ტრეკი: უსასრულობა)

რეჟისორი: ჯასტინ ლინი (ფორსაჟი 5, ფორსაჟი 6)

როლებში: კრის პაინი, საიმონ პეგი, ზო სალდანა…

გამოსვლის სავარაუდო თარიღი – 22 ივლისი

საინტერესოა, რომ ამ ეკრანიზაციის სცენარის ერთ-ერთ თანაავტორად საიმონ პეგი გვევლინება, ასევე ის, რომ ფილმის ავტორების თქმით, ახალი ეკრანიზაცია ბოლო ფილმებისგან განსხვავებით, სტარ ტრეკის თავდაპირველ სერიებთან სტილით უფრო ახლოს იქნება.
nacho-vigalondo-23-03-12

20. Colossal (კოლოსალური)

რეჟისორი: ნახო ვიგელანდო (დროის ბანდიტები)

როლებში:  ენ ჰეთეუეი, დენ სტივენსი, ტიმ ბლეიკ ნელსონი

ოფიციალური გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შემოდგომამდე არ უნდა ველოდოთ.

ფილმს ერთი შეხედვით უცნაური სიუჟეტი აქვს – სამსახურიდან დაბრუნებული ქალი აღმოაჩენს, რომ ის ფიზიკურად დაკავშირებულია მონსტრთან, რომელიც ტოკიოს განადგურებას ცდილობს. ამის გამო ზოგიერთმა ფილმი “თარგმანში დაკარგულის” და “გოძილას” მიქსად შერაცხა, თუმცა თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ფილმის რეჟისორს “დროის ბანდიტები” აქვს თავის დროზე გადაღებული, იმედი უნდა ვიქონიოთ რომ უცნაური სიუჟეტი საბოლოოდ ლოგიკურად განვითარდება.

ghos

19. Ghostbusters (მოჩვენებზე მონადირეები)

რეჟისორი: პოლ ფიგი

როლებში: მელისა მაკკარტი, ლესლი ჯოუნსი…

გამოსვლის სავარაუდო თარიღი – 25 ივლისი

საკულტო “მოჩვენებებზე მონადირეების” ზოგიერთი ფანი განრისხებულა როდესაც გაიგო, რომ ახალ ვერსიაში მთავარ როლებს არა მამაკაცები, არამედ ქალები შეასრულებდნენ. ვფიქრობთ ფანების შიში უსაფუძვლოა და ფილმის ავკარგიანობაზე მხოლოდ მისი გამოსვლის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ არც პოლ ფიგი დგამს კომედიის ჟანრში პირველ ნაბიჯებს და არც მთავარი როლის შემსრულებლები არიან გამოუცდელი მსახიობები.

ewan-mcgregor-ponders

18. American Pastoral (ამერიკული პასტორალი)

რეჟისორი: იუან მაკგრეგორი

როლებში: იუან მაკგრეგორი, ჯენიფერ კონელი, დაკოტა ფენინგი…

სავარაუდოდ გამოვა შემოდგომაზე

თავად ის ფაქტი, რომ თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის ცოცხალი კლასიკოსის, ფილიპ როტის ნაწარმოების ეკრანზე ნახვის საშუალება გვექნება, უკვე საინტერესოა. ახალ ფილმს ინტრიგას მაკგრეგორის რეჟისორობა სძენს რომლის დებიუტიც 1999 წელს გადაღებულ რამდენიმე სეგმენტიან ფილმში Tube Tales (მეტროს ისტორიები) შედგა, სადაც ის ერთ-ერთი მოკლემეტრაჟიანის რეჟისორად გვევლინება.

barton17. Miss Peregrine’s Home for Peculiars (მის პერეგრინის სახლი განსაკუთრებულებისათვის)

რეჟისორი: ტიმ ბარტონი

როლებში: ევა გრინი, ჯუდი დენჩი, სამუელ ლეროი ჯექსონი

სავარაუდოდ გამოვა შობაზე, 25 დეკემბერს

ტიმ ბარტონის ფილმები ყოველთვის საინტერესო და განსხვავებულია, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში როდესაც ბარტონი საკუთარ ტერიტორიაზე, ფენტეზის ჟანრში მუშაობს.

suic

16. Suicide Squad (თვითმკვლელთა რაზმი)

რეჟისორი: დეივიდ აიერი (რისხვა, პატრული)

როლებში: სკოტ ისტვუდი, მარგო რობი, ჯარედ ლეტო, უილ სმიტი, ბენ აფლეკი…

სავარაუდოდ გამოვა აგვისტოს დასაწყისში

დაახლოებით ნახევარი წლის წინ გამოსული ტრეილერის კადრებით თუ ვიმსჯელებთ, 2016-ში სუპერგმირებზე გამოსასვლელ ფილმებს შორის, ეს განსაკუთრებული უნდა იყოს. იმედი გვაქვს ეს ის შემთხვევა არაა, როდესაც ტრეილერი ფილმს სჯობია.

park

15. Agassi (მოსამსახურე) 

რეჟისორი: პარკ ჩან-ვუკი (სტოკერი, Oldboy)

როლებში: ჰა ჰუნგ-ვუ, ჯო ჯინგ-ვუნგი…

შესაძლოა პრემიერა – კანის ფესტივალზე

ფილმი უელსელი მწერლის, სარა ვოტერსის წიგნს ეფუძნება, რომელშიც მოქმედება ვიქტორიანულ ინგლისში მიმდინარეობს, თუმცა ფილმში წიგნისგან განსხვავებით მოქმედება მე-20 საუკუნის 30-იან წლებში, იაპონური ოკუპაციის ქვეშ მყოფ კორეაში მიმდინარეობს. ის, რომ ცნობილი რეჟისორი მსგავს ინტერპრატაციას გვთავაზობს, დასაინტრიგებლად სავსებით საკმარისი უნდა უყოს.

 

mons14. Money Monster (ფულის მონსტრი)

რეჟისორი: ჯოდი ფოსტერი (თახვი, პატარა კაცი ტეიტი…)

როლებში: ჯორჯ კლუნი, ჯულია რობერტსი, ჯეკ ო’კონელი…)

მსოფლიო პრემიერა სავარაუდოდ 13 მაისს გაიმართება

ფილმი მოგვითხრობს ადამიანზე, რომელიც გადაწყვეტს მძევლად აიყვანოს ტელე-შოუს წამყვანი, მას შემდეგ რაც მისი ცუდი რჩევის გამო ძალიან დიდ თანხას ტოტალიზატორში დაკარგავს. თუ ფილმის კასტს გადავხედავთ და ჯოდი ფოსტერის ფაქტორს გავითვალისწინებთ, ძალიან კარგ ფილმს უნდა ველოდოთ.

isaac

13. The Promise (დაპირება)

რეჟისორი: ტერი ჯორჯი (სასტუმრო რუანდა)

როლებში: კრისტიან ბეილი, ოსკარ აიზეკი, ჟან რენო

პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია

კრისტიან ბეილი, ჟან რენო და ოსკარ აიზეკი ერთ ფილმში ჩვენი ყურადღების მისაქცევად აბსოლუტურად საკმარისია, თუმცა განსაკუთრებით მაინც ოსკარ აიზეკს გამოვყოფდით, ვფიქრობთ ის ბოლო წლების ყველაზე პროგრესირებადი მსახიობია, რომელმაც რამდენიმე წელიწადში უზარმაზარი ნახტომი გააკეთა. ფილმის შინაარს რაც შეეხება, ის რომანტიული ისტორიის შესახებ მოგვითხრობს,, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში სომხური გენოციდის დროს ვითარდება.

nw

12. Fantastic Beasts And Where To Find Them (ფანტასტიური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი)

რეჟისორი: დეივიდ იეიტსი (ჰარი პოტერი 5-8)

როლებში: ედი რედმეინი, ქეთრინ ვოტერსტოუნი, კოლინ ფარელი

პრემიერა 18 ნოემბერს უნდა შედგეს

დეივიდ იეიტსის ამ ფილმმა ჰარი პოტერის სამყარო ახალ დონეზე უნდა აიყვანოს, მის სცენარისტად თავად ჯოან როულინგი გვევლინება. ფილმი ჰარი პოტერის დაბადებამდე მრავალი წლით ადრე მომხდარი ამბის შესახებ, კერძოდ მწერალ ნიუტ სკამანდერის ნიუ-იორკული თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს.

juli

11. Julieta (ხულიეტა)

რეჟისორი: პედრო ალმადოვარი (კანი, რომელშიც ვცხოვრობ, ელაპარაკე მას, კიკა)

როლებში: ემა სუარესი, ადრიანა უგარტე…

ესპანეთში ფილმი მარტში გამოვა

პედრო ალმადოვარს მისი ბოლო ფილმის შემდეგ (Los amantes pasajeros) აშკარად სჭირდებოდა რეაბილიტაცია და როგორც ჩანს ხულიეტა, დრამა ერთი ქალის ცხოვრების შესახებ, ის ფილმი იქნება, რომელიც მაყურებელს ძველ ალმადოვარს გაახსენებს. აქვე საინტერესო ფაქტი, ალმადოვარს თავიდან ფილმისთვის “სიჩუმის” დარქმევა სდომებია, თუმცა მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმის გამო, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად სათაურის ამ ვარიანტზე შეჩერდა.

nerud

10. Neruda (ნერუდა)

რეჟისორი: პაბლო ლარანი

როლებში: გაელ გარსია ბერნალი, ალფრედო კასტრო, ანტონია ზეგერსი…

ფილმის გამოსვლის სავარაუდო თარიღი უცნობია

2012 წლის No – ში ბერნალის და ლარანის კოლაბორაციას თუ გავითვალისწინებთ, “ნერუდასგან” ბევრს უნდა ველოდოთ. შინაარსის მხრივ, ალბათ გასაგებია, რომ ნერუდა ჩილელი პოეტის პაბლო ნერუდას ცხოვრებას ეხება, თუმცა ამ ფილმის მთავარი ფოკუსი მისი ცხოვრების ბოლო წლებია, პერიოდი როდესაც ცნობილ პოეტს კომუნისტური შეხედულებების და აუგუსტო პინოჩეტის დიქტატის გამო მიმალვაში ყოფნა უწევს.

cla

9. The BFG (დიდი, მეგობრული გიგანტი)

რეჟისორი: სტივენ სპილბერგი (ლინკოლნი, ხელოვნური ინტელექტი,  დაკარგული სამყარო: იურული პარკის პერიოდი, უცხოპლანეტელი)

როლებში: მარკ რაილანსი, რუბი ბარნჰილი, რებეკა ჰოლი

გამოსვლის სავარაუდო თარიღი – 1 ივლისი

ამ შემთხვევაში შესაძლოა ახალი E.T.-ის დაბადების მომსწრენი გავხდეთ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ორივე ფილმს ერთიდაიგივე სცენარისტი – მელისა მეტისონი ჰყავს და  იმას, რომ ფილმი საბავშვო ლიტერატურაში ერთ-ერთ საუკეთესო ზღაპარს (ავტორი როალდ დალი) ეფუძნება, ძალიან გაგვიკვირდება, თუ ასეთი მოცემულობით ფილმი მომავლის საბავშვო კლასიკად არ იქცა.

micho

8. War Machine (ომის მანქანა)

რეჟისორი: დეივიდ მიშო (ცხოველთა სამეფო, The Rover)

როლებში: ბრედ პიტი, მეგ ტაილი…

პრემიერა შესაძლოა ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართოს

მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ჯერ არ გამოსულა, მას უკვე ადარებენ ლეგენდარულ M.A.S.H-ს, მეტწილად იმის გამო, რომ ფილმი ჩაფიქრებულია შავ კომედიად და ავღანეთში ამერიკის მოქმედებებზე სატირას წარმოადგენს.

comm

7. The Commune (კომუნა)

რეჟისორი: ტომას ვინტერბერგი

როლებში: ულრიხ ტომსენი, ტრინ დირჰოლმი…

ფილმის პრემიერა დანიაში 16 იანვარს შედგება

ტომას ვინტერბერგი თანამედროვე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორია, რომლის ფილმებსაც ვფიქრობთ ზოგიერთ შემთხვევაში არასათანადო ყურადღებას ეთმობა. ფილმი სამოცდაათიან წლებში ცოლ-ქმრის მიერ წამოწყებული კომუნის შესახებ მოგვითხრობს. სცენარი ვინტერბერგის ამავე სახელწოდების პიესას ეფუძნება. ტრეილერის ნახვა აქ შეგიძლიათ.
Hail-Caesar-trailer

6. Hail, Caesar!  (გაუმარჯოს კეისარს!)

რეჟისორები: ძმები კოენები (ფარგო, სერიოზული ადამიანი, დიდი ლებოვსკი…)

როლებში: სკარლეტ იოჰანსონი, ჩანინგ ტატუმი, რალფ ფაენსი, ტილდა სვიტონი, ჯორჯ კლუნი…

სავარაუდოდ გამოვა თებერვალ-მარტის პერიოდში.

საინტერესოა, იმიტომ, რომ ძმებ კოენებს ზოგადად ცუდი ფილმები არ ახასიათებთ და მათ  ყოველ ახალ ნამუშევარს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. ასევე მნიშვნელოვანია კასტი-მართალია კოენები თავის ფილმებში ვარსკვლავების ნაკლებობას არასდროს განიცდიან, მაგრამ ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ ვარსკვლავთცვენასთან გვაქვს საქმე.

asdsa

5. გამყიდველი

რეჟისორი: ასგარ ფარჰადი (გაყრა, წარსული)

როლებში: საჰააბ ჰოსეინი, ტარანე ალიდოსტი

სავარაუდო პრემიერა შედგება ფაჯრის საერთაშორისო კინოფესტივალზე თეირანში, რომელიც ყოველწლიურად თებერვლის დასაწყისში იმართება

ფარჰადიმ მსოფლიო კინო სამყაროს ყურადღება მისი “გაყრის” გამოსვლის და საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ოსკარის მოპოვების შემდგომ მიიპყრო. ფილმი ორი მსახიობის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც არტურ მილერის პიესაში – “კომივოიაჟორის სიკვდილი” მთავარ როლებს ასრულებენ.

download (1)

4. The Light Between Oceans (სინათლე ოკეანეებს შორის)

რეჟისორი: დერეკ სიანფრანსი (ადგილი ფიჭვნარის მიღმა, Blue Valentine)

როლებში: მაიკლ ფასბინდერი, ალისია ვიკანდერი, რეიჩელ ვაისი…

შესაძლოა ფილმის პრემიერა კანის ფესტივალზე შედგეს

დერეკ სიანფრანსის თანამედროვე ახალგაზრდა რეჟისორებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია. სიანფრანსი ტრადიციული მელოდრამის და ტრაგედიის ჟანრებში ექსპერიმენტს არ ერიდება და ეს კარგად გამოსდის კიდევაც. ამ ფილმის მოქმედება პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდის ავსტრალიაში ვითარდება და ცოლ-ქმრის ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს, ისინი სანაპიროსთან ჩვილ გოგონას პოულობენ, რაც მათ ცხოვრებას ცვლის.

download

3. Silence (სიჩუმე)

რეჟისორი: მარტინ სკორსეზე (უოლ სტრიტის მგელი, კაზინო, კომედიების მეფე, ტაქსის მძღოლი…)

როლებში: ლიამ ნისონი, ენდრიუ გარფილდი, ადამ დრაივერი…

სავარაუდოდ გამოვა მაისში, რადგანაც პროდუსერებს სურთ ფილმის პრემიერა კანის ფესტივალს დაამთხვიონ.

საინტერესოა, იმიტომ, რომ აწ უკვე ლეგენდარული მარტინ სკორსეზე ამბიციურ პროექტს წარმოადგენს, ამბიციურს სკორსეზეს კვალობაზეც კი. სკორსეზე ფილმზე რამდენიმე წელია რაც მუშაობს, მაგრამ რეალურ გადაღებამდე საქმე სულ ცოტა ხნის წინ მიდგა. ფილმი იაპონიაში ქრისტიანობის გავრცელების მიზნით მოგზაური იეზუიტი მღვდლების და მათი დევნის შესახებ მოგვითხრობს. სამწუხაროდ, კასტს დენიელ დეი ლუისი გამოაკლდა, თუმცა მსახიობების ჩამონათვალი მაინც შთამბეჭდავია.

 

Jean-Pierre-Luc

2. La fille inconnue (უცნობი გოგო)

რეჟისორები: ჟან-პიერ დარდენი, ლიუკ დარდენი (ორი დღე, ერთი ღამე, ბავშვი, როზეტა)

როლებში: ადელ ენელი, ოლივიე ბონო…

პრემიერა ძალიან დიდი ალბათობით შედგება წლევანდელი კანის ფესტივალზე

მართალია, ბელგიელ ძმებს ამჯერად მერიონ კოტიარდი (ორი დღე, ერთი ღამე) არ ეყოლებათ, სამაგიეროდ მთავარ როლს ადელ ენელი, თანამედროვე კინოს ამომავალი ვარსკვლავი შეასრულებს.  ფილმი ახალგაზრდა ექიმზე მოგვითხრობს, რომელიც  გარდაცვლილი პაციენტის ცხოვრების დეტალების გამოკვლევას ცდილობს.

 

 

PRISONERS1. Story Of Your Life (შენი სიცოცხლის ისტორია)

რეჟისორი: დენი ვილნიოვი (სიკარიო, პატიმრები, მტერი…)

როლებში: ემი ადამსი, ჯერემი რენერი, ფორესტ ვიტეკერი

სავარაუდო გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია

საინტერესოა, იმიტომ, რომ ფილმი ლინგვისტის შესახებ მოგვითხრობს, რომლის დავალება დედამიწაზე ჩამოვარდნილ ხომალდებზე მყოფ უცხოპლანეტელებთან მათი ჩამოსვლის მიზეზის გარკვევაა. მნიშვნელოვანია, რომ ფილმის რეჟისორი დენი ვილნიოვია. ვილნიოვი თემატიკის მხრივ მრავალფეროვანი ფილმების ავტორია, თუმცა ამავდროულად ყველა მის ნამუშევარს განსაკუთრებული ხელწერა ახასიათებს.