2001-A-Space-Odyssey

ავტორი: ნოდარ შერგელაშვილი

ამერიკულ კინო აკადემიას ზოგჯერ დამსახურებულად, ზოგჯერ კი დაუმსახურებლად,  ბრალს სდებენ იმაში, რომ მისი წევრები ყოველთვის ღირსეულ ნომინანტებს არ არჩევენ. ამ მცირე ტექსტში შევეცდები ოსკარების ისტორიაში ყველაზე უსამართლოდ დაჩაგრულ ფილმებზე ვისაუბრო, ნამუშევრებზე, რომლებიც საუკეთესო ფილმების კატეგორიაში მინიმუმ ნომინაციას იმსახურებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ნაკლებად მნიშვნელოვან კატეგორიებში უბრალო ნომინაციებით და ეპიზოდური გამარჯვებებით კმაყოფილდებოდნენ ან საერთოდ ყოველგვარი ნომინაციების და ჯილდოების გარეშე რჩებოდნენ. ეს სია 10 ფილმს აერთიანებს, რა თქმა უნდა ის ამომწურავი არაა თუმცა ის შეგიძლიათ ერთგვარ საწყის ნაბიჯად ჩათვალოთ.

რაც არ უნდა უცნაური უნდა იყოს, სიის პირველი ოთხი ფილმი 1995 წელს გადაიღეს. ეს წელი ჰოლივუდისთვის ფრიად უცნაური და ძალიან გაუგებარი აღმოჩნდა. ამ წელს ისეთი საკულტო ნამუშევრები შექმნეს როგორიც The Usual suspects, Leaving Las Vegas, Heat და Dead man walking-ია. მათგან ასაუკეთესო ფილმების კატეგორიაში არცერთი წარუდგენიათ, თუმცა წარადგინეს ფილმი გოჭის შესახებ (Babe). დიახ, კინო აკადემიამ უარი თქვა მაიკლ მანის კრიმინალურ შედევრზე (Heat), სასპენსის ჟანრის საუკეთესო ტრადიციებში შექმნილ და კინოს ისტორიაში ალბათ ყველაზე შოკისმომგვრელი დასასრულის მქონე არაჩვეულებრივ ფილმზე (The Usual Suspects), ნამდვილ ამბავზე დაფუძნებულ დრამაზე სიკვდილმისჯილი დამნაშავის შესახებ (Dead Man Walking) და დეპრესიული, თვითგანადგურების სურვილით შეპყრობილი ლოთისა და მეძავის გულისგანმგმირავი სასიყვარულო ურთიერთობის აღმწერ ტრაგედიაზე (Leaving Las Vegas), მაგრამ ჩათვალა რომ ფილმი მოლაპარაკე (ფილმში ზოგადად ყველა ცხოველი საუბრობს) ღორის შესახებ იდეალურად აკმაყოფილებდა საუკეთესო ფილმის ნომინანტის კრიტერიუმებს…

მართალია, ბოლოს ოსკარი ასე თუ ისე ღირებულ Braveheart-ს მისცეს, თუმცა გადაწყვეტილება არ წარადგინო ნამუშევრები სადაც ალ პაჩინო, რობერტ დე ნირო, კევინ სპეისი, შონ პენი, სიუზან სარანდონი და ნიკოლას კეიჯი ალბათ კარიერის საუკეთესო როლებს ასრულებენ, მაგრამ ნომინანტების სიაში ჩასვა ფილმი ცხოველებზე (რაც არ უნდა დიდებულად იყოს ის გადაღებული) ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ფრიად უცნაურია. კინო აკადემიის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საუკეთესო ფილმების კატეგორიაში ამ ნამუშევრების არ წარდგენა, კრისტოფერ მაკქორისთვის (The usual suspect-ის სცენარის ავტორი) ნიკოლას კეიჯისთვის, კევინ სპეისისთვის და სიუზან სარანდონისთვის ოსკარების გადაცემით აანაზღაურა. თუმცა, საუკეთესო ფილმების კატეგორიაში მათი არ ყოფნა მაინც ძალიან ძნელი ასახსნელია. ალბათ 1995 წელი ოსკარების “ისტორიაში” შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უცნაური წელიწადი, როდესაც გადაღებული საკულტო ფილმების რაოდენობა მათ მიერ მიღებული ჯილდოების უკუპროპორციული იყო.

სტენლი კუბრიკი კინოს ისტორიაში კუთვნილ ადგილს იკავებს, მისი სხვადასხვა ჟანრის ფილმების მნიშვნელობა კი ახლა უკვე საყოველთაოდაა აღიარებული როგორც კრიტიკოსების, ასევე მაყურებლების მიერ. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ იყო. თავის დროზე საკმაოდ ცივად მიიღეს და საუკეთესო ფილმის კატეგორიაში საერთოდ არ წარადგინეს Space odyssey (ამავე წელს დაივიწყეს კიდევ ერთი საკულტო ფილმი როზმარის ბავშვი)…

1968 წელს გადაღებული სამეცნიერო ფანტასტიკის შედევრი-“კოსმოსური ოდისეა” დღემდე აიძულებს მაყურებლებს და კინო ხელოვანებს თავი იმტვრიონ იმაზე თუ რისი თქმა სურდა რეჟისორს, თუმცა, 60-იანი წლების ბოლოს ეტყობა ის არასაკმარისად ინოვაციურად ჩათვალეს და ოსკარი ჩარლზ დიკენსის ოლივერ ტვისტის შთაგონებით გადაღებულმა მიუზიკლმა ოლივერმა მოიგო. ვერაფერს იტყვი, კინოს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფილმი სრულად დაივიწყო, მაგრამ საუკეთესოდ აღიარო ბავშვებისთვის განკუთვნილი ნახევრად სერიოზული მოკომედიო მუსიკალური დრამა ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა!

კუბრიკის კიდევ ერთ ფილმს, 1980 წელს გამოსულ ჰორორს (The Shining), რომელმაც მის შემდგომ გამოსულ ყველა ღირებულ საშინელებათა ფილმზე მოახდინა ირიბი თუ პირდაპირი გავლენა, უნომინაციობა არ აკმარეს და რეჟისორის და ქალის როლის შესრულების კატეგროიაში ოქროს ჟოლოზეც კი წარადგინეს. დღეს კინო მოყვარულებს, რომ ჰკითხოთ, რამდენ მათგანს ემახსოვრება 1980 წლის საუკეთესო ფილმი Ordinary people ?.. ასევე გახსოვდეთ, რომ Ordinary People-მა იმავე წელს სკორსეზეს Raging Bull – ს აჯობა.

1982 წელს კინო აკადემიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სამეცნიერო ფანტასტიკას დიდად არ სწყალობს როდესაც Blade Runner საუკეთესო ფილმების კატეგორიაში საერთოდ არ წარადგინა და ოსკარი საუკეთესო ფილმისთვის ყველას მიერ დავიწყებულ Chariots of Fire გადასცა. ეს უკანასკნელი ცუდი ფილმი ნამდვილად არაა, თუმცა, ის ვფიქრობ საუნდტრეკის გამო უფროა ცნობილი ვიდრე ძლიერი სცენარის ან კინეტოგრაფიის. Blade runner-მა საბოლოოდ მინიჭებული ორი ნომინაციიდან ვერცერთში ვერ გაიმარჯვა. ვინ იცის იქნებ რიდლი სკოტის შედევრისგან განსხვავებით სხვა ბედი ეწიოს დენი ვილნიოვის დაანონსებულ სიქველს, (რომელიც 2018 წელს გამოვა ეკრანებზე) იმედი მაქვს, რომ ის ორიგინალზე ნაკლები არ იქნება და ისტორიულ სამართლიანობას აღადგენს.

ალფრედ ჰიჩკოკის Pyscho კოსმოსური ოდისეის მსგავსად უნომინაციოდ დარჩენილი კიდევ ერთი შედევრი. ფილმი ჯამში ოთხ სხვა კატეგორიაში იქნა წარდგენილი, მაგრამ საბოლოოდ საერთოდ ჯილდოს გარეშე დარჩა. კუბრიკის ფილმის მსგავსად ფსიქო კრიტიკოსების მიერ არასაკმარისად იქნა დაფასებული. თუმცა, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ 1960 წელს ოსკარი საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ბილი უაილდერის The Apartment-მა უსამართლოდ მოიგო. ამ არაჩვეუელბრივ ფილმში მთავარ როლებს ჯეკ ლემონი და შირლი მაკლეინი ასრულებენ.

2014 წელი კინო აკადემიამ ბიოპიკებს მიუძღვნა და საუკეთესო ფილმების კატეგორიაში ორი უაღრესად საინტერესო ნამუშევარი -Gone Girl და Foxcatcher არ წარადგინა. 2014 წლის ნომინანტებს შორის ოთხი (The American Sniper, The Imitation Game, Selma, Theory of Everything) ბიოგრაფიული ხასიათისაა. ზოგადად ამ სტილის ფილმებთან დაკავშირებით ტარანტინოს უნდა დავეთანხმო, რეჟისორი მათ საშინლად მოსაწყენად თვლის. კლინტ ისტვუდის ამერიკელი სნაიპერი მათ შორის ყველაზე სუსტი და ამერიკელი მაყურებლის სენტიმენტალურ პატრიოტულ გრძნობებზე გათვლილი ნამუშევარია.

იმიტაციის თამაშზე აუგის თქმა რთულია, თუმცა ეჭვი მაქვს, რომ ალან ტურინგის მსგავსი მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურის ტრაგიკული ცხოვრება მასში ბევრად უფრო ღრმა ანალიზს იმსახურებდა ვიდრე კლიშეებით გაჯერებულმა სენტიმენტალურმა სცენარმა შემოგვთავაზა. რაც შეეხება სელმას, მისი შეფასებისას ალბათ ოდნავ სუბიექტური ვიქნები თუ ვიტყვი, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი ისტორიული თემის მიუხედავად, რომელსაც ის ეხება, ავა დუვერნეს ფილმი ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი რამ იყო რაც კი ბოლო წლებში ოსკარზე წარუდგენიათ. ფილმი მარტინ ლუთერ კინგის ცხოვრების ფაქტების მცოდნე მქონე ადამიანებს, ახალს არაფერს აწვდის, პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონს კი დიდწილად უმიზეზოდ და ისტორიული სინამდვილისგან განსხვავებით კინგის ერთგვარ ანტაგონისტად წარმოაჩენს. ფილმი ტექნიკურად უზადოდაა შესრულებული, თუმცა, ემოციურად საკმაოდ ცარიელი და არაფრით გამორჩეული ნამუშევარია.

რაც შეეხება Foxcatcher-ს, ის ლოკალური ბიოგრაფიული მოვლენაა და ალბათ კაცობრიობისთვის ნაკლებად ცნობილ, შედარებით უმნიშვნელო მოვლენაზე მოგვითხრობს, ის რომ ასეთი ერთი შეხედვით უინტერესო ისტორია დიდ ეკრანებზე ძალიან საინტერესო საყურებელ სპექტაკლად იქცა პირველ რიგში თავად ფილმის ხარისხზე მიუთითებს, ისტორია, რომელიც ერთი შეხედვით აბსოლუტურად ტრივიალური და მოსაწყენი უნდა ყოფილიყო სტივ ქარელის არაჩვეულებრივი თამაშის და კარგი რეჟისურის წყალობით უფრო მეტი გახდა. მაყურებელი რეალურ მსახიობების თამაშზე (ჩენინგ ტატუმიც კი არაჩვეულებრივად ასრულებს როლს) დაკვირვებით, რეალური ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ეცნობა. Foxcatcher საკმაოდ ინტიმური ფილმია ამ სიტყვის ყველაზე არასექსუალური მნიშვნელობით.

Gone girl-ზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ფილმის მხოლოდ მძაფრსიუჟეტიანი ან ტრილერის ჟანრით შემოფარგვლა/შეზღუდვა ძალიან დიდი უსამართლობაა. მასში 2-3 სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარისთვის საკმარისი სოციალური თემა და დეტალია განხილული. აქ ქორწინების ინსტიტუტზე, სქესთა შორის ურთიერთობაზე და თანამედროვე მედიის ტაბლოიდურ, ყვითელ ხასიათზე კომენტარებს შეხვდებით. ალბათ ძალიან ცოტა რეჟისორს თუ გადაუღია ისეთი ფილმი, რომელიც მასში გამოვლენილი ზიზღის პირდაპირპროპორციულ სიყვარულს იმსახურებს. დარწმუნებით რთულია იმის თქმა, რომელიმე ზემოჩამოთვლილ ფილმს უნდა გაემარჯვა თუ არა საუკეთესოს კატეგორიაში, თუმცა, წარდგენილი ფილმების ფონზე (Birdman-ის და Boyhood-ის გამოკლებით) ისინი როგორც მინიმუმ ნომინირებას მაინც იმსახურებდნენ.