ავტორი: ლუკა დუბიძე
შარშან, როდესაც ფაბრიკაში კონფერენციას ვესწრებოდი, ორი უცხოელი სტუმრის საუბარი მომესმა. ერთი მეორეს ეკითხებოდა: “არ გგონია, რომ მსოფლიოში ყველაზე მაგარ (cool) ადგილას ხარ?”
თანამოსაუბრე არ შეწინააღმდეგებია, მაგრამ მოგვიანებით გამანდო, რომ სულაც არ ფიქრობდა, რომ მსოფლიოში ყველაზე “cool” ადგილას იყო. მართლაც, მსგავსი ფსევდო-ბრუკლინებითა და ბერლინებითაა მოფანტული დასავლეთის მოლები და ქალაქები. და მაინც, თბილისის ფაბრიკა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, თბილისშიც და მის გარეთ.
ფაბრიკასთვის ფაბრიკა ტყუილად არ დაურქმევიათ. ერთის მხრივ, ის ძველ “ფაბრიკაშია.” მაგრამ თავად მისი შემქმნელები ამბობენ, რომ ის დღესაც რაღაცას აწარმოებს, რომ იგი “მომავლის” ფაბრიკაა.
ამ ზაფხულს ფაბრიკას ოთხი წელი უსრულდება და მაინც არ კარგავს აქტუალობას. მარკეტინგი გვერდზე გადავდოთ და ვიკითხოთ, რეალურად რა არის ფაბრიკა? რა „აწარმოებს“ ის? ღირს, საერთოდ, ამ მინი-მოლის ასე სერიოზულად განხილვა?
ვფიქრობ კი, რადგან, როდესაც გვეუბნებიან, რომ ფაბრიკაში “მომავალი” წარმოებს, ღირს, გავარკვიოთ ამაში რა იგულისხმება.
გთავაზობთ 2016 წელს დაწერილ “ფორბსის” სტატიას. ციტატა: “ქარხანა, რომელიც დღემდე მხოლოდ საბჭოთა წარსულს ინახავდა, ხვალიდან ევროპული მომავლის ეპიცენტრი უნდა გახდეს.” საგულისხმოა სიტყვა “ეპიცენტრი.” მიწისძვრა ერთის მხრივ ბუნებრივი პროცესია, მეორეს მხრივ კი დამანგრეველი დარტყმა, რომელიც ადამიანს ფეხქვეშ მიწას აცლის.
ამითაა ფაბრიკა მნშვნელოვანი: ის პატარა “მიწისძვრა,” რომელსაც ის ახორციელებს, მაგალითია იმ ფილოსოფიისა, რომლის მიხედვითაც თბილისის “პრო-დასავლურ” კრეატიულ კლასს მთელი ქვეყნის გადაკეთება სურს, საბჭოთა გადმონაშთიდან “ევროპულ” სულამდე. ამ პროცესში ეს კლასი თავს ინოვატორდ და პიონერებად მიიჩნევს. სინამდვილეში ეს უფრო იმიტაციაა, კულტურული იმპორტი და ვაჭრობა.
ათასი პატარა პრომეთე
დავუბრუნდეთ სიტყვა “ეპიცენტრს.” ფაბრიკა მიწისძვრის ეპიცენტრია. მიწისძვრა კი ბუნებრივი პროცესია. ფაბრიკაც, რაღაც გაგებით, ბუნევრივი მოვლენაა.
ჩვენს პოსტმოდერნულ დროებაში, მსოფლიო ბაზარი მუდმივად და დაუღალავად ცდილობს, ყველგან შეძვრეს, ყველა კუთხე-კუნჭული შემოიერთოს. ეს სისტემა საკუთარ ბედისწერად აღიქვამს ყველა ადგილს, სადაც ღირებულება ჯერ არ გაბრენდებულა, ურთიერთობა კონტრაქტში არ გადაზრდილა, ტრადიცია ტურისტული სიმულაციით არ ჩანაცვლებულა.
ამ აღქმაში ბაზარი მართალია. ამ ჯერ-არ-დაპყრობილ სივრცეს გლობალური ბაზრისგან ხომ მხოლოდ ორი რამ აშორებს: დრო და სივრცე. დრო თავისთავად გადაილახება. სივრცის გადალახვას კი ადგილობრივი “შემსრულებლები” ჭირდება.
ფორბსში ნახსენები “ამერიკაში მიღებული კარგი განათლება” ის სიტყვათა შეთნახმებაა რომელიც ასეთ კლასზე შეიძლება მიანიშნებდეს, რომელსაც დღეს საქართველოში ისინი მიეკუთვნებიან, ვინც გამართლების, ნიჭის ან, უფრო ხშირად, სახსრების გამო დასავლეთში მოხვდნენ და იქ ამომავალი კომერციული ტენდენცია ზუსტად სწორ დროს შენიშნეს. ასეთი ტენდენცია უამრავია: კრაფტ-ბურგერები, კრაფტ-ლუდი, გაყინული იოგურტი, პოდკასტები, “სტარტაპები”, ბლოკჩეინი, ახალი პოლიტიკური ტერმინები, გეიმინგ-კონვენციები, კურიოზულად შეფუთული პრეზერვატივები და, რა თქმა უნდა, ფაბრიკას მსგავსი “სფეისები.”
უცებ, ისინი აცნობიერებენ, რომ სწორ დროს, სწორ ადგილას მოხვდნენ. შეუძლიათ, სწორედ მათ ჩამოიტანონ ესა თუ ის შეუქცევადი ტენდენცია საქართველოში და მის სახედ და ინოვატორად მოგვევლინონ, ერთგვარ პატარა პრომეთედ. ოღონდ, ამ შემთხვევაში ცეცხლი ამ შემთხვევაში უფასო საჩუქარი არაა, იყიდება და ამავდროულად ქება-დიდება იმსახურებს.
ეს კლასი იყენებს თავის პრივილეგირებულ მდგომარეობას და დროებით ინფორმაციულ უპირეტესობას. მიზანი ერთი და იგივეა – სხვებს დაასწროს მორიგი “არაინტეგრირებული” კუთხის მსოფლიო საბაზრო სისტემაში ინტეგრირება.
აქ ისტორიის დინება მათ მხარესაა, ისევე როგორც საშუალო კლასის ის ნაწილი, რომელსაც თავი პროგრესის ავანგარდათ წარმოუდგენია. კაპიტალი (მაგალითად, კაზინოების ბიზნესიდან, ნაცნობობიდან) და ცოტა ნიჭი საკმარისია, რომ “მომავლის” არქიტექტორი გახდე.
მაგრამ ეს იმპორტიორები უფრო არქიტექტორების ის ნაწილი არიან, რომლებიც, ვთქვათ, სტარბაქსის ფილიალებს აშენებენ. მოდელი და ფილოსოფია, მთავარი შიგთავსი, უკვე მოცემულია. მოარგე ახალ გარემოს და მოგება ფაქტიურად გარანტირებულია. ნამდვილი ავანტ-გარდისგან განსხვავებით, აქ მთავარი გამოწვევა ტექნიკური და კომერციული დეტალების სწორად გათვლაა.
რეალურად, ფაბრიკა დიდად გამორჩეული არაფრითაა. მისი ვიზუალური, კულინარიული და იდეოლოგიური შიგთავსი უკვე დიდი ხანია დაიხვეწა დასავლურ ქალაქებსა და მოლებში. ის, რასაც “მომავალს” და “ინოვაციას” უკავშირებენ უფრო კარგად დაღეჭილის ჩამოტანაა.
ყველა იმპორტიორი ქართველი არაა. მაგალითად ფაბრიკას პირველი ბარის მეპატრონე ამერიკელია. “ეს ბიზნესი სწორედ იმიტომ წამოვიწყე, რომ საქართველოსთვის ‘ამერიკული გართობა’ შემეთავაზებინა,”— გვეუბბნება იგი ფორბსის სტატიაში.
ეგზორციზმი
ეს კულტურული იმპორტიორები — ბიზნესმენები და არა ინოვატორები—საკუთარ მისიას ისტორიულ ჭრილში ხედავენ: საბჭოთა წარსულისა და მენტალიტეტის განდევნაში და მისი საბაზრო კულტურით ჩანაცვლებაში. “აქ ყველა მოიჯარე ხელოვანია და ყველა ხელოვანი — მოიჯარე” გვეუბნება ფორბსის ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელი სიტყვათა შეთანმხმება.
რა თქმა უნდა, ფაბრიკას ავტორები ამ უღიმღამო საბაზრო ლოგიკაზე ნაკლებს საუბრობენ და უფრო იმაზე მიგვითითებენ, წარსულის რა ბოროტებას ებრძვიან. ფორბსიც აჩრდილებზე მონადირეების ენით გვესაუბრება. “ბეტონის კედლებიდან საბჭოთა სუნი თანამედროვე სტრიტარტს მაინც გაფანტული აქვს.” თავად ფაბრიკას ხელმძღვანელობა კი პირდაპირ სულებზე და აჩრდილებზე მიანიშნებს “ჩვენი მიზანია, აქ ახალი სული გაჩნდეს, ისე რომ არც ისტორია წავშალოთ და არც საბჭოთა მძიმე წარსულმა შეგვაწუხოს.” [1]
წარსულის აჩრდილი რამდენიმენაირად “გვაწუხებს.” ერთის მხრივ, რეპრესიების მოგონებით. მაგრამ არის მეორე ტიპის “შეწუხებაც”: მეხსიერება იმისა, რომ საჯარო სივრცე შეიძლება რაღაც სხვა იყოს, ვიდრე მოგებაზე ორიენტირებული სავაჭრო ობიექტი. მისი მრავალი ბოროტების გარდა, საბჭოთა კავშირი ასეთ ალტერნატივასაც გვახსენებს. ბუნებრივია, ეს “აწუხებს” იდეოლოგიას, რომელსაც პროგრესი ყველა “გადმონაშთის” სავაჭრო ობიექტით ჩანაცვლება წარმოუდგენია.
დისლოკაცია
ფაბრიკას ერთადერთი სიმახინჯე მისი უშინაარსო კომერციალიზმი არაა. მიწისძვრას, რომლის “ეპიცენტრიც” ფაბრიკაა, შესაძლო მსხვერპლიც ყავს. ამას მიწისძვრების მეორე მახასიათებელთან მივყავართ: დისლოკაციასთან. ფაბრიკას ამერიკელი ბარმენი (მისი ბარი ამასობაში თავადაც განიდევნა ფაბრიკადან) ფორბსის სტატიაში გვეუბნება, რომ: “‘ფაბრიკა’ გამორჩეული ადგილია. ეს სამეზობლო ისაა, რაც ბრუკლინი იყო ნიუ-იორკისთვის 15 წლის წინ.”
თუ ბრუკლინის ისტორიაზე ცოტა რამ მაინც იცით, მიხვდებით, რომ ეს “ქება” მუქარა უფროა. ოციოდე წლის წინ, ბრუკლინის რამდენიმე ნაწილი სწორედ ამერიკულმა ‘ფაბრიკებმა’ აითვისეს. დღეს ეს უბნები შეუქცევადად სახეცვლილია. რაც ადრე “სამეზობლო” იყო, დღეს ტურისტებისა და მდიდრების გასართობი პარკია.
აქ კიდევ ერთი ირონიაა: ბრუკლინში დეველოპერებმა არსებული კონტრ-კულტურა აითვისეს. ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, ადგილობრივი კულტურა მისმა მომგებიანმა იმიტაციამ ჩაანაცვლა. თბილისის ‘ფაბრიკას’ კი ადგილობრივი წინაპარი პრინციპში არ ყავს. აქ კომერციალიზებული კონტრ-კულტურა ერთ ლუკმად ჩამოიტანეს. ანუ აქ, სიმულირებული კონტრ-კულტურა ორმაგად ყალბია.
თუ ბრუკლინში ამ პროცესს ჯენტრიფიკაციას უწოდებენ, შეიძლება საქართველოში მას ფაბრიკაცია დაარქვან, როგორც ეს გიორგი მაისურაძემ ცოტატი სხვა გაგებით უკვე გააკეთა თავის ერთ-ერთ ლექციაში. მაისურაძის აზრით, ფაბრიკაში ყველაზე საშიში სწორედ კონტრკულტურის ზევიდან, ბიზნესმენების მიერ შექმნაა.
ასეთი კონტრ-კულტურა მხოლოდ იმას ებრძვის, რაც ახალ ეკონომიკურ წესრიგს არაფერში ჭირდება: “საბჭოთა მენტალიტეტს”, ეკლესიას, პუტინიზმს და ა.შ.
ახლა კი თავდაპირველ კითხვას დავუბრუნდეთ: რისი ‘ფაბრიკაა’ ფაბრიკა? ფორბსის სტატიაში გვესმის რომ ის ფაბრიკა ფაბრიკაა “ბედნიერების, გემოვნების, განვითარების, კულტურისა და ქართული მომავლის.”
სინამდვილეში, როგორც ახალი ქართული ეკონომიკის დიდ ნაწილში, აქ არაფრის წარმოება არ მიმდინარეობს — პირიქით. ფაბრიკა იმპორტიორია, პორტალი გლობალურ ბაზარსა და ქართველ და ტურისტ მომხმარებლებს შორის. ერთადერთი საქმე, რაც აქ კეთდება და რესტორანტთან ან მაღაზიასთან არაა დაკავშირებული, Impact Hub-ის ქართულ ფილიალში მიმდინარე ფუსფუსია. ესეც ოფისი ნაკლებადაა, ვიდრე ობიექტი, რომელიც ადგილობრივ „კრეატივშიკებსა“ და უცხოელ „ციფრულ მომთაბარეებს“ ემსახურება. ის საერთაშორისო სავაჭრო ობიექტია, ოღონდ ბოჰემური პრეტენზიებით.
და მაინც, პრინციპში, ფაბრიკა სასიამოვნო ადგილია. კომერციული კია, მაგრამ შეუხედავ, ნახევრად-დასრულებულ კორპუსს მაინც სჯობია. ფენოვანები აქ ძალიან გემრიელია, საღამოობით შეკრებილი ასობით ადამიანი კი თბილ ატმოსფეროს ქმნის. აღსანიშნავია, რომ ფორბსის სტატიაში უვე 2016-ში გვესმის რომ “‘ფაბრიკა’ ყველაზე პოპულარული თავშეყრის ადგილი გახდება თბილისში.” ასეც მოხდა. ეს ნიშნავს რომ “ფაბრიკა” ქართველ “მომხმარებელში” მართლაც რაღაცას ეხმაურება. ის ბოლომდე უცხო აღარაა.
“ფაბრიკების” მოვლენა საქართველოში ისტორიული პროცესის ნაწილია, რომელიც დიდი ხანია თითქოს შეუქცევადი ინერციით მიმდინარეობს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ასეთ რამეს უნდა ველოდოთ: კულტურასა და საზოგადოებას, რომელსაც ვერ გაარჩევ ბაზრისაგან—სადაც მართლაც ყველა ხელოვანი მოიჯარეა და ყველა სივრცე პირდაპირ თუ ირიბად რაღაცის ფილიალი.
თუ ფაბრიკას Impact Hub-ში შეიხედავთ, დაგხვდებათ პატარა მაგრამ მრავლისმთქმელი სტიკერი: „მალე მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით.“ ესეც მუქარასავით უფრო ჟღერს. მეტი და მეტი ადგილიდან “განიდევნება” საბჭოთა “სუნი.” მის ადგილს რესტორნები, კოფიშოფები და “ინოვაციური” სასტუმროები დაიკავებენ, თავისი “მოიჯარე” ხელოვანებით.
გადასაკეთებელი საბჭოთა ნანგრევი ბევრია, ნიუ-იორკში მივლენილი თითოეული ბიზნეს-სტუდენტი კი—პოტენციური იმპორტიორი. ესაა ის კომერციალიზებული მომავალი, თავისი ინოვაციური ერთფეროვნებითა და წინასწარ გამოცხადებული ჯენტრიფიკაციით, რომელსაც ფაბრიკა ავანტ-გარდად და კრეატიულ რენესანსად ასაღებს. მიწისძვრები გაგრძელდება.
________________________________________
[1] ამავდროულად ფაბრიკა და მსგავსი პროექტები მაქსიმალურად იყენებენ საბჭოთა “სუნის” შედარებით ფოტოგენურ ნაწილებს.