თარგმანი: ბექა არაბული
— ისინი ხორცისები არიან.
— ხორცისები?
— ხო. ხორცისგან არიან დამზადებულნი.
— ხორცისგან?!
— ეჭვგარეშეა. რამდენიმე ეგზემპლარი პლანეტის სხვადასხვა ნაწილიდან ავიყვანეთ, ჩვენი ხომალდ-მზვერავის ბორტზე მოვათავსეთ და სათანადოდ გამოვიკვლიეთ. მთლიანად ხორცისები არიან.— დაუჯერებელია! რადიოსიგნალებებზე რა შეიტყვეთ? ვარსკლავებთან კავშირზე?
— რადიოტალღებს კავშირისთვის იყენებენ, მაგრამ სიგნალებს თვითონ არ გზავნიან. ისინი მანქანებიდან მოდის.
— და ამ მანქანებს ვინ ქმნის? სწორედ მათ უნდა დავუკავშირდეთ!
— თვითონვე ქმნიან. სწორედ ამის ახსნას ვცდილობ. მანქანებს ხორცი ქმნის.
— რა სისულელეა! ხორცი მანქანას როგორ შექმნის? გინდა, რომ ცნობიერი ხორცის არსებობა დავიჯერო?
— მე არაფერი არ მინდა. იმას გიყვები, რაც ვნახეთ. ეს ქმნილებები ამ სექტორში ერთადერთი ცნობიერი რასაა და ისინი ხორცისები არიან.
— იქნებ ორფოლეისავით არიან? ხომ ხვდები, ნახშირბადის ინტელექტი, რომელიც განვითარების პროცესში ხორცის სტადიასაც გაივლის.
— არა. ხორცებად იბადებიან და ხორცებადვე კვდებიან. მათ რამდენიმე სიცოცხლის ციკლის განმავავლობაში ვსწავლობდით, სხვათაშორის, არც ისე დიდხანს ცოცხლობენ. საერთოდაც, წარმოგიდგენია, რამდენია ხორცის სიცოცხლის ხანგრძლივობა?
— მორჩი რა… კარგი. იქნებ მხოლოდ ნაწილობრივ არიან ხორცისები. ხომ იცი, როგორც ვიდდელეია. ხორცის თავი, რომელშიც ელექტრონ-პლაზმური ტვინია მოთავსებული.
— არა! თავიდან ჩვენც ეგ ვიფიქრეთ. რადგან მათაც ხორცის თავები აქვთ. მაგრამ შემდეგ, როგორც უკვე გითხარი, გულდასმით გამოვიკვლიეთ. თავიდან ბოლომდე ხორცისები არიან.
— ტვინი არ აქვთ?
— აქვთ. მაგრამ ტვინიც ხორცისაა.
— და… ფიქრები საიდან ებადებათ?
— არ გესმის, ხომ? ფიქრები ტვინიდან მოდის. ხორციდან.
— მოაზროვნე ხორცი! გინდა, რომ მოაზროვნე ხორცის არსებობა დავიჯერო?
— დიახ! მოაზროვნე ხორცი! ცნობიერი ხორცი! სიყვარულის შემძლე ხორცი. ხორცი, რომელიც ოცნებობს და სიზმრებს ხედავს. თავიდან ბოლომდე ხორცი! ხვდები რის თქმასაც ვცდილობ, ხომ? თუ ხელახლა დავიწყო?
— ოღმერთო. და ეგ ხორცი რაზე ფიქრობს?
— უპირველეს ყოვლისა, ჩვენთან საუბარი სურთ. შემდეგ ალბათ სამყაროს გამოკვლევა, სხვა არსებებთან დაკავშირება, მათთან აზრების და ინფორმაციის გაცვლა. ხომ იცი, როგორც ხდება ხოლმე.
— ანუ ხორცთან უნდა ვისაუბროთ?
— მათ სწორედ ეგ სურთ. რადიოთი ამ შინაარსის შეტყობინებას გზავნიან. „გამარჯობა. არის აქ ვინმე? არის ვინმე შინ?“
— ანუ, ლაპარაკობენ კიდეც. სიტყვებს, აზრებს და ცნებებს იყენებენ?
— კი. მაგრამ ამ ყველაფერს ხორცით აკეთებენ.
— წეღან არ თქვი, რადიოს იყენებენო?
— რადიოს იყენებენ, მაგრამ შენი აზრით რადიოში რა ისმის? ხორცის ხმები. აი ხომ იცი, ხორცს რომ დაარტყავ როგორ ხმასაც გამოსცემს. ისინიც ხორცების ერთმანეთზე მირტყმით ლაპარაკობენ. ეგ კი არა, თავიანთი ხორციდან ჰაერის გამოშვებით სიმღერაც შეუძლიათ.
— ოღმერთო. მომღერალი ხორცი. მეტის მოსმენა აღარ შემიძლია. ამ ყველაფერთან დაკავშირებით რას მირჩევ?
— ოფიციალურად თუ არაოფიციალურად?
— ორივენაირად.
— ოფიციალურად, აუცილებელია, მიკერძოების, შიშისა და კეთილგანწყობილების გარეშე სამყაროს ამ კვადრატში მყოფ ნებისმიერ და ყველა მგრძნობიერე რასასთან და მრავალ-არსებასთან შევიდეთ კონტაქტში, მივიღოთ ისინი და მათი არსებობა ჩავინიშნოთ. არაოფიციალურად, გირჩევთ ჩანაწერები წავშალოთ და ეს ყველაფერი დავივიწყოთ.
— იმედი მქონდა, რომ მაგას იტყოდი.
— სასტიკად ჟღერს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ბოლოს და ბოლოს, ხორცთან კონტაქტში შესვლა რად გვინდა?
— ასი პროცენტით გეთანხმები. რა შეიძლება ვუთხრათ? „გამარჯობა, ხორცო. როგორ ხარ?“ და მერე რა მოხდება? სულ რამდენ პლანეტაზეა საუბარი?
— მხოლოდ ერთზე. მათ სხვა პლანეტებზე სპეციალური ხორცის სათავსოებით მგზავრობა შეუძლიათ, მაგრამ ზედ ვერ სახლდებიან. და ვინაიდან ხორცები არიან, მხოლოდ C სივრცეში შეუძლიათ მოგზაურობა. ამიტომ სინათლის სიჩქარეზე მეტს ვერ ანვითარებენ, რაც მათ მიერ ოდესმე სხვებთან დაკავშირების შანსს ძალიან პატარას ხდის. უფრო სწორედ, უაღრესად პატარას.
— ანუ, უბრალოდ მოვაჩვენოთ, რომ სამყაროში შინ არავინაა.
— ზუსტად.
— სისასტიკეა. მაგრამ, როგორც აღნიშნე, ხორცთან შეხვედრა ვის უნდა უნდოდეს? და ვინც შესამოწმებლად ჩვენს ხომალდებზე იყო იმათზე რას იტყვი? დარწმუნებული ხარ, რომ არ ემახსოვრებათ?
— რომც ემახსოვროთ, მაინც შეშლილებად ჩაითვლებიან. მათ თავებში შევაღწიეთ და ხორცი ისე გავუსწორეთ, რომ მათთვის უბრალოდ სიზმარი ვიქნებით.
— ხორცის სიზმრები… უბრალოდ წარმოდიგინე: ხორცს დავესიზმრებით!
— შემდეგ კი რუკაზე მთელი ამ სექტორის დაუსახლებლად მონიშვნა შეგვეძლება.
— შესანიშნავია! ყველაფერში გეთანხმები. როგორც ოფიცალურად, ასევე არაოფიციალურად. საქმე დახურულია. სხვა არავინაა? სამყაროს ამ მხარეში სხვა არაფერი აღმოგიჩენიათ?
— კი, საკმაოდ მორცხვი, მაგრამ საყვარელი წყალბადის ინდივიდუუმი G445 ზონაში მდებარე მეცხრე კლასის თანავარსკლავედში. პირველად კონტაქტში გალაქტიკის ორი ბრუნის წინ შემოვიდნენ და ისევ სურთ მეგობრობა.
— სულ ჩვენთან ბრუნდებიან.
— რატომ არ დაბრუნდებიან? წარმოიდგინეთ, რამდენად აუტანლად, ენით აღუწერლად ცივი იქნებოდა სამყარო, მასში სრულიად მარტოდ ყოფნისას…