ავტორი: გიორგი სილაგაძე

ვეს ანდერსონის სადებიუტო ფილმს (Bottle Rocket) თუ არ ჩავთვლით, „მხოლოდ დარჯილინგისკენ“ რეჟისორის ფერად ფილმოგრაფიაში ყველაზე ნაკლებად პოპულარული მგონია, რის მიზეზიც პირადად ჩემთვის გაუგებარია.

დანჯერლინგის გადაღესაღებად ანდერსონს წარმოუდგენლად დიდი შრომის გაწევა მოუხდა, პირველ რიგში ლოკაციის მხრივ, თუ ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟს გავითვალისწინებთ, რომელიც მატარებელს წარმოადგენს. ეს არ არის სტუდიაში გადაღებული ფილმი, მატარებლის სცენები ნამდვილ, მოძრავ ვაგონებში ვითარდება,რაც გადაღების პროცესს ერთი-ორად ართულებს. ვიწრო სივრცეში სასურველი სცენების გადაღების სირთლის მიღმა, სავარაუდოდ არც ინდოეთის რკინიგზისგან სპეციალურად ფილმის შექმნისთვის საჭირო მატარებლის და ლოკომოტივის მიღება იქნებოდა ბოლომდე ადვილი საქმე. ამის მიუხედავად, ფილმი შედგა, რომლის გახსნითი სცენა, ბილ მიურეის მონაწილეობით, ფილმის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მონაკვეთია. მიურეის პერსონაჟი, რომლის ვინაობაც უცნობია, მატარებლის სადგურზე მიიჩქარის. ჯერ ელვის სისწრაფით მიმავალი ტაქსით, ინდოეთის ტიპური ხალხმრავალ, ქაოტურ ქალაქში, შემდეგ კი ჩემოდნით ხელში თავქუდმოგლეჯილი მირბის ბაქანზე, მატარებლის კვალდაკვალ. არც ის ვიცით თუ რატომ ეჩქარება ასე მარეის. თუმცა, მატარებლის დანიშნულების ადგილი ცნობილია. ის დარჯილინგისკენ მიდის, ისევე როგორც ფილმის მთავარი პერსონაჟები. სცენას The Kinks-ის This Time Tommorow ამშვენებს. სიმღერის ვიზუალთან შერწყმა კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რაოდენ დიდი ოსტატია ანდერსონი ამ ორი კომპონენტის ერთმანეთთან შერწყმის მიმართულებით.

აქ სატიაჯიტ რაის და რავი შანკარის მუსიკაც უნდა ვახსენო, რომელიც რეჟისორის თვალით დანახულ ინდოეთს აცოცხლებს.

დარჯელინგი დასავლეთ ბენგალიის ქალაქი, მცირე ჰიმალაიზე მდებარეობს. განთქმულია ჩაის ინდუსტრიითა და ულამაზესი ხედებით მწვერვალ კანჩენჯანგაზე. ასე რომ თუ მხოლოდ სტერეოტიპულ ხალხით გადაჭედილ, მესამე მსოფლიოს ქვეყნის ატმოსფეროს ელით, იმედი უნდა გაგიცრუოთ.

როგორც ანდერსონის ფილმების უმეტესობა, დარჯილინგიც გაუცხოებულ ოჯახებსა და აუხდენელ ოცნებებზეა. წარუმატებელი სიყვარულის და დანგრევის პირას მისული ოჯახის და საშინელი შინაგანი მარტოობის მორევში ჩაფლული სამი ძმა, რამოდენიმე წლიანი განშორების შემდგომ ერთიანდება. სამივეს საშინლად ჭირდება ეს მოგზაურობა, რომელიც ერთადერთია რასაც მათი ცხოვრების ისევ დადებითისკენ წარმართვის პოტენციალი აქვს, თუმცა ამას არცერთი აღიარებს. ისინი დარჯილინგისკენ მიიწევენ, იქ კი ის ადამიანი ელით ვინც ამ დიდ ინდურ თერაპიას დააბოლოებს.

ფილმი ერთდროულად სახალისოცაა და სევდიანიც და ორივე იმდენად მსუბუქად და შეუმჩნევლადაა ერთმანეთში შერეული რომ კონტრასტი წამითაც არ იგრძნობა. ანდერსონის სხვა ფილმებს თუ შევადარებთ, ის თემატიკით და გადაღების სტილით ალბათ ყველაზე ახლოს „ტენენბაუმების ოჯახთან“ დგას. დარჯელინგი რეჟისორის შემოქმედების გარდამტეხი წერტილია. მიუხედავად სპეციფიკური ნამუშევრების მანამდე არსებობისა, თამამად შეიძლება ჩაითვალოს რომ ანდერსონმა საკუთარ სტილს საბოლოოდ აქ მიაგნო.

დასკვნის სახით, თამამად შემიძლია დარჯელინგი ზაფხულში სანახავ ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად მოვნათლო. ასე რომ, თუ ცხელი და დაცარიელებული ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებთ მარტივად შეგიძლიათ საათნახევრის განმავლობაში მოწყდეთ თქვენს რეალობას და ვეს ანდერონის მშვენიერ სამყაროში იმოგზაუროთ.