ინდექსი ლიტაგორას რუბრიკაა, რომელიც ყოველკვირეულად, ან შეძლებისდაგვარად ყოველკვირეულად, ამ ვებგვერდზე სხვადასხვა მედია რესურსს წარმოგიდგენთ. სიტყვა მედია აქ ყველაზე ფართო გაგებით უნდა გავიგოთ, რაც მოიცავს ყველაფერს, მუსიკიდან დაწყებული, წიგნებით გაგრძელებული და პოდკასტებით დამთავრებული.
ამ რუბრიკაში მოსახვედრად კონკრეტული რესურსი უნდა მოიცავდეს საგანმანათლებლო ელემენტს, იყოს ჩვენი აუდიტორიისთვის მეტ-ნაკლებად სიახლე და ეხმაურებოდეს მნიშვნელოვან თემას.
ქართული რესურსის სიმწირე
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ამ რუბრიკაზე მუშაობისას მედია რესურსის ქართულ ენაზე მოძიებაა. ამიტომ, ინდექსის ფარგლებში მეტწილად ინგლისურენოვან და რუსულენოვან მასალებს გთავაზობთ, სამწუხაროდ ხარისხიანი პოდკასტების, იუთუბ არხების და ახალი მედიის სხვა ქართული ნაწარმის პოვნა ჭირს ხოლმე. დღეს ერთი პოდკასტის სახით გამონაკლისი გვსურს წარმოგიდგინოთ. მას “საუბრები ნაპოლეონზე” ჰქვია.
საუბრები ნაპოლეონზე
ინტერნეტში ქართული რესურსის სიმწირის ფონზე ერთიორად სასიხარულოა, რომ “საუბრები ნაპოლეონზე” ნიშური პოდკასტია, რომლის წამყვანებიც მის სათაურში გამოტანილი ისტორიული ფიგურის ბიოგრაფიას დეტალურად მიმოიხილავენ. პოდკასტი 2016 წლის აგვისტოდან ფუნცქიონირებს, ამ პოსტის დაწერის მომენტში 61 ეპიზოდს ითვლის და რეგულარულად ნახლდება. გადაცემას ორი ადამიანი ამზადებს. ალექსანდრე მიქაბერიძე, ამერიკაში მცხოვრები ქართველი ისტორიკოსი, ნაპოლეონოლოგი, ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ნიკა ხოფერია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი შუა საუკუნეების კვლევების მიმართულებით.
სად მოვუსმინოთ
პოდკასტის ყველა ეპიზოდს ამ ბმულზე შეგიძლიათ მოუსმინოთ. პოდკასტი ასევე ხელმისაწვდომია Castbox-ზე. “საუბრები ნაპოლეონზე” – ს Facebook გვერდი თუ გაინტერესებთ, ამ ბმულს მიჰყევით.