ავტორი: დათო ლობჟანიძე

შენიშვნა: პოსტის დაწერიდან მცირე ხანში წიგნი პალიტრა L – მ ქართულად გამოსცა

სამწუხაროა, რომ მსოფლიო კლასიკის ბევრი საკულტო ნაწარმოები ქართულენოვანი მკითხველისთვის მიუწვდომელია. ერთ-ერთი ასეთი, ამერიკელი მწერლის ჯოზეფ ჰელერის “Catch-22-ია”, რომელიც დასავლეთ სამყაროში პოპულარობით რომანს – “თამაში ჭვავის ყანაში” შეგვიძლია გავუტალოთ. თუმცა, თუ ჯერომ სელენჯერის ნაწარმოები საქართველოში საკულტო წიგნია, სამწუხაროდ ჰელერის რომანზე იგივეს ვერ ვიტყვით.

არადა, ქართული ინტერნეტის ენით რომ ვთქვათ “Catch-22” ის წიგნია, რომელიც მართლა გაგაოცებთ, განსაკუთრებით, თუ სერიოზული თემების იუმორის პრიზმიდან დანახვა შეგიძლიათ.

დღეს “Catch-22” ინგლისურ ენაში დამკვიდრებულ ტერმინს წარმოადგენს და აღნიშნავს პარადოქსალურ სიტუაციას, რომლის დროსაც ლოგიკური გამოსავალის მოძიება შეუძლებელია. საინტერესოა, რომ ტერმინს ნაწარმოების შექმნამდე არ უარსებია.

ჯოზეფ ჰელერის წიგნი მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ამერიკელ პილოტებზე მოგვითხრობს, რომლებსაც უამრავი სახიფათო საბრძოლო მისიის შესრულება უწევთ. ზოგიერთ მათგანს, მეტწილად კი ნაწარმოების მთავარ გმირს, იოსარიანს, ფრენების შეწყვეტა სურს, თუმცა ამის გაკეთების საშუალებას “Catch – 22-ის” წესი არ აძლევს. წესის პარადოქსალურობა შემდეგში მდგომარეობს: სამხედრო ექიმს შეუძლია პილოტს ფსიქიკური აშლილობის დამადასტურებელი საბუთი გამოუწეროს, რაც შესაბამისად საბრძოლო მისიებზე უარის თქმის საფუძველი იქნება. თუმცა, ცნობის გასაცემად ექიმს თავად პილოტმა უნდა მიმართოს. დილემა იმაში მდგომარეობს, რომ პილოტი რომელიც თავად მიმართავს ექიმს, აღიქვამს “საბრძოლო ფრენების არანორმალურობას” და შესაბამისად ფსიქიკურად ჯანსაღია, ანუ ვერ მიიღებს შესაბამის ცნობას. აქედან გამომდინარე, ასეთ საბუთს ვერავინ იღებს და იძულებულია გააგრძელოს სახიფათო ფრენები.

ნაწარმოები მდიდარია სახალისო პარადოქსებით. საინტერესოა იოსარიანის სექს მუშაკი ქალის ხელის თხოვნის ეპიზოდი. იოსარიანი უარს იღებს, იმ მიზეზით, რომ როსკიპი რომლითაც ის მოიხიბლება, თვლის, რომ ნორმალურ მამაკაცს არ შეიძლება უნდოდეს არაქალიშვილი, მითუმეტეს სექს მუშაკის ცოლად მოყვანა. ამიტომაცაა, რომ მას არ შეიძლება მოსწონდეს ისეთი მამაკაცი, რომელიც მას ხელს სთხოვს. ამავდროულად, ნახსენებ ქალს მოსწონს სხვა ოფიცერი, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი მას ხელს სთხოვს, მისი სიმპატია უმალვე გაქრება.

“Catch-22” მძლავრი ანტი-მილიტარისტული მანიფესტია. “გაახილე თვალები, კლევინჯერ, მკვდრისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ მოიგებს ომს”, ეუბნება ნაწარმოების მთავარი გმირი იოსარიანი ოფიცერს, რომელიც ომის აუცილებლობაზე საუბრობს.  “როდესაც მაღლა ვიყურები, ფულის მკეთებელ ადამიანებს ვხედავ. მე ვერ ვხედავ ვერც სამოთხეს, ვერც ანგელოზებს. მე ვხედავ ადამიანებს, რომლებიც ყოველ მოცემულ შესაძლებლობაზე და ყოველ ადამიანურ ტრაგედიაზე ფულს აკეთებენ,”-ამბობს იოსარიანი.

ჰელერმა წიგნის წერა 1953 წელს დაიწყო, მისი პირველი გამოცემა კი მეტწილად ნაწარმოებზე მუშაობის გამო, მხოლოდ 1961 წელს მოხერხდა. საინტერესოა, რომ “Catch – 22-ის” პირველი გამოცემა ამერიკაში არ იყო წარმატებული. გაყიდვების რაოდენობა დიდი ხნის განმავლობაში მცირე იყო, ხოლო ზოგიერთი კრიტიკოსი მას “უსტრუქტურო და წასაკითხავად გამოუდეგარ” წიგნად მოიხსენიებდა. თუმცა, როდესაც ნაწარმოებმა ნისლიან ალბიონამდე მიაღწია, რომანმა ნამდვილი ბუმი მოახდინა. წიგნის მაღაზიები მყიდველებს ვერ აუდიოდნენ. ამის შემდეგ წიგნს ბედად დავიწყება აღარ ეწერა, დღეს კი ის ნებისმიერი თავმოყვარე მკითხველის წაკითხულ, ან წასაკითხ წიგნებს შორისაა.