თბილისის მორიგ წიგნების ფესტივალამდე სულ ნაკლები დრო რჩება. ამ პოსტში ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაზე გვსურს გავამახვილოთ ყურადღება და ის ათი საინტერესო წიგნი წარმოგიდგინოთ, რომელსაც გამომცემლობა საკუთარ მკითხველს 30 მაისიდან 2 ივნისამდე შესთავაზებს.
ოლდოს ჰაქსლი – კუნძული
ოლდოს ჰაქსლი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ინგლისელი ავტორი, არამხოლოდ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწერალია, არამედ საინტერესო ინტელექტუალია, რომლის არაერთი წინასწარმეტყველება და ვარაუდი თანამედროვე სამყაროს აუხდა. “კუნძული” არაერთი მიზეზის გამოა საინტერესო ნაწარმოები, თუმცა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რამ ამ წიგნის შესახებ ისაა, რომ ის ავტორის უკანასკნელი ნაწარმოებია და ამავდროულად ჰაქსლის ყველაზე ცნობილი წიგნის (“საოცარი ახალი სამყარო”) განსხვავებული ვარიანტია. და თუ 30 წლით ადრე დაწერილი რომანი დისტოპიურ ჟანრს მიეკუთვნება, “კუნძული” უტოპიაა, ერთგვარი ექსპერიმენტი, სადაც ადამიანის ფუნქციონირების სხვადასხვა სფეროები (ეკონომიკა, ტექნოლოგია, რელიგია და ა.შ.), ადამიანის სასიკეთოდ მუშაობენ.
ნილ გეიმანი – ოკეანე ქუჩის ბოლოს
ნილ გეიმანი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ინგლისურენოვანი ავტორია. ამიტომ, მისი ყოველი წიგნი ყურადღებას იპყრობს. გამონაკლისი არც ეს 2013 წელს გამოსული ნაწარმოებია. “ოკეანე ქუჩის ბოლოს” მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული ადამიანის (ვისი სახელიც მკითხველისთვის უცნობია) შესახებ მოგვითხრობს, რომელიც 40 წლის წინათ მომხდარ ამბებს იხსენებს. მიუხედავად იმისა, რომ წიგნის დიდი ნაწილი ფიქციაა, აქ გეიმანის ბავშობაში რეალურად მომხდარ ინციდენტებით შთაგონებულ ამბებსაც ვხვდებით. გეიმანის “ოკეანე ქუჩის ბოლოს” ერთგვარი მედიტაციაა იდენტობაზე და ბავშვობას და ზრდასრულობას შორის არსებული ნაპრალზე.
მიხაილ ბულგაკოვი – ოსტატი და მარგარიტა
ოსტატი და მარგარიტა იმ ნაწარმოებებს შორისაა, რომლებიც განსაკუთრებულ წარდგენას არ საჭიროებენ. ამ მისტიურმა ნაწარმოებმა და აქ არამხოლოდ მის შინაარსობრივ მხარეს ვგულისხმობთ, არამედ მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც, მკითხველამდე დიდი გზა გაიარა. ამ ნაწარმოების ორიგინალ წყაროდ ბულგაკოვის “რომანი სატანაზე“ უნდა მივიჩნიოთ, რომლის წერაც ავტორმა მე-20 საუკუნის ოციანი წლების ბოლოს დაიწყო, მაგრამ ნაწარმოების დამთავრებამდე მისი დაწყვა გადაწყვიტა. თუმცა, მოგეხსენებათ ხელნაწერები არ იწვის და ბულგაკოვმა იგივე ფაბულის ნაწარმოები, რომელსაც დღეს ოსტატი და მარგარიტის სახელით ვიცნობთ, საბოლოო დაასრულა. მერე იყო ცენზურა და აკრძალვები. საბოლოო ჯამში რომანი ავტორის გარდაცვალებიდან 27 წლის თავზე გამოიცა და მას შემდეგ მე-20 საუკუნის ყველაზე პოპულარულ და გახმაურებულ წიგნებს შორის მოიხსენიება.
ჯონათან ფრენზენი – შესწორებები
ჯონათან ფრენზენი თანამედროვე დასავლეთში ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი ავტორია. 2010 წელს მისმა ნაწარმოებმა (“თავისუფლება”) ჟურნალ Time-ის ყდაზე მოუპოვა ადგილი. თუმცა, აღიარება სწორედ რომ ცხრა წლით ადრე გამოსულმა რომანმა (“შესწორებები”) მოუტანა, რომელმაც 2001 წელს ა.შ.შ.-ს ნაციონალური წიგნის ჯილდო მოიპოვა. რომანი ერთი საშუალო სტატისტიკური ამერიკული ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. წიგნი ერთი შეხედვით ყოფით საკითხებზეა, სადაც ოჯახის თემას მართლაც ცენტრალური ადგილი უკავია, თუმცა, ეპოქის გათვალისწინებით აქ პოლიტ-ეკონომიკურ კონტექსტიც მნიშვნელოვანია. ფრენზენის რომანი პოსტ-90-იანი წლებზეა, დროზე როდესაც ტექნოლოგიური პროგრესით გამოწვეული ეპოქა ნელ-ნელა წარსულს ბარდება. ამრიგად, პირადი და ზოგადი თემების სინთეზი ნაწარმოებს ერთიორად საინტერესოს ხდის.
მაქს ფრიში – ადამიანი გაჩნდა ჰოლოცენში
მაქს ფრიში კიდევ ერთი კლასიკოსია ამ სიაში. 1979 წელს გამოსული “ადამიანი გაჩნდა ჰოლოცენში” შეიძლება ისეთი გახმაურებული არ იყოს როგორც ამავე ავტორის სხვა ნაწარმოებები (“ჰომო ფაბერი” და “ვიქნები თუნდაც განტენბაინი,”) ეს მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, რომელიც The New York Times – ის 1980 წლის საუკეთესო წიგნების სიაში მოხვდა. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი 74 წლის ბატონი გაიზერია, რომელიც მთელ დღეებს ენციკლოპედიის, ბიბლიის და ისტორიული სახელმძვანელოების ჯერ კითხვაში, შემდეგ კი მათ კონსპექტირებასა და შესწავლაში ატარებს. თუმცა, ბატონი გეიზერი თავისი გატაცებით ცდილობს ადამიანის ცხოვრების საიდუმლოებს ეზიაროს, რაც მას ამაოებასთან პირისპირ ტოვებს. აღსანიშნავია, რომ ნაწარმოები ქართულ ენაზე პირველად ითარგმნება.
კარლ უვე კნაუსგორი – ჩემი ბრძოლა
ნორვეგიელი მწერალი კარლ უვე კნაუსგორი, რომელსაც ლიტაგორას მკითხველი შესაძლოა ამ ინტერვიუს დამსახურებით იცნობდეს, ის ავტორია, რომელსაც ზოგადსაკაცობრიო და პირადი თემების ოსტატურად შეუძლია შეაზავოს. “ჩემი ბრძოლა” ასეთი სინთეზის მაგალითია, რომელშიც კნაუსგორი საკუთარ ლიტერატურულ კარიერაზე წერს, მაგრამ ამავდროულად იმ ფასს აღწერს, რომლის გადახდაც ამ გზის სანაცვლოდ დასჭირდა. თუმცა, ცხადია ეს მხოლოდ ერთი თემაა იმ მრავალ თემებს შორის, რომელსაც ამ ექვსი წიგნისგან შემდგარ რომანში შეხვდებით. ფესტივალზე ავტორის პირველი წიგნის ხილვა შეგეძლებათ.
მაქს ფრიში – მონტოკი
კიდევ ერთხელ მაქს ფრიშზე და კიდევ ერთხელ ნაწარმოებზე, რომელიც ქართულად პირველად ითარგმნება. 1975 წელს გამოსული “მონტოკი” ფრიშის წინამორბედებისგან განსხვავებული ნაწარმოებია. მთავარი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ აქამდე ავტორი მეტწილად ფიქტიურ ამბებზე ფოკუსირდებოდა, რაც მას მთავარი პერსონაჟების ასახვაში თავისუფლებას აძლევდა. მონტოკის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ აქ ფრიში პირად გამოცდილებას, კერძოდ კი ახალგაზრდა ქალთან ლონგ-აილენდის უკიდურეს ჩრდილოეთ დასახლებაში, მონტოკში უიქენდზე გატარებულ დროს ასახავს. ამ მხრივ “მონტოკი” უფრო გაბედული და ინტიმური ნაწარმოებია, რომელმაც მაქს ფრიშის შემოქმედების სხვა კუთხით დანახვის მსურველებს უნდა დააინტერესოს.
ლეილა სლიმანი – იავნანა
მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ლეილა სლიმანიმ უკვე მოახერხა არამხოლოდ ფრანგულ, არამედ მსოფლიო ლიტერატურულ სამყაროში ადგილის დამკვიდრება. 34 წლის ასაკში მყოფ ავტორს აღიარება 2016 წელს “იავნანა”-მ მოუტანა, რაც საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოს, გონკურის პრემიის, მოპოვებაში გამოიხატა. “იავნანა”, რომელიც რეალურად მომხდარ ამბავს ეფუძნება, ორმოციოდე წლის ქვრივის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ერთ ოჯახს ბავშვების ძიძად აჰყავს. ძიძა მალევე იპყრობს ბავშვების გულს და ოჯახში შეუცვლელი ხდება, რის ფონზეც წიგნის ცენტრალური დრამა ვითარდება.
ბლეიკ კრაუჩი – ბნელი მატერია
წიგნის მთავარი პერსონაჟი, ჯეისონი, ერთი ჩვეულებრივი ფიზიკის ლექტორია, ჰყავს მოსიყვარულე ცოლი და საყვარელი შვილი, ჩარლი. ერთი შეხედვით იგი არაფრით გამოირჩევა, თუმცა სადღაც მისი ნეირონების უსასრულო ქსელში კიდევ ელავს ნაკვერჩხალი, რომელზეც ოდესღაც ატომური ფიზიკის გენიოსი უნდა ანთებულიყო… აღსანიშნავია, რომ კრაუჩის ეს ნაწარმოები ლიტაგორაზე რამდენიმე თვის წინ მიმოვიხილეთ. წიგნზე სრული რეცენზიის წასაკითხად გადადით ამ ბმულზე.
მელანია მაცუკო – ვიტა
მელანია გაია მაცუკოს რომანი კლასიკურ თემას, მე-20 საუკუნის გარიჟრაჟზე ნიუ-იორკში უკეთესი ცხოვრების იმედად ჩასული იტალიელების შესახებ მოგვითხრობს. მათ შორის არიან რომანის მთავარი პერსონაჟები, ცხრა წლის ვიტა და თორმეტი წლის დიამანტე, რომლებიც ცხოვრებისეულ ყოფით პრობლემების შესახებ ზედმეტად ახალგაზრდა ასაკში ეჯახებიან. აღსანიშნავია, რომ რომანს მელანია მაცუკოს ოჯახის ისტორია უდევს საფუძვლად. ეს ყველაფერი კი ფიქციის, რეალობის, ფანტაზიის და ავტობიოგრაფიის საინტერესო ნაზავის წინაპირობას ქმნის.