ავტორი: დათო სამნიაშვილი

„მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი“, თქვა სოკრატემ, მაგრამ აქვე დაამატა, „მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის“. დაახლოებით იმავეს ამბობს ბლეიკ კრაუჩის „ბნელ მატერიაში“ ჯეისონი – „რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო ნაკლები მესმის“.

სულ რამდენიმე საუკუნის წინ კაცობრიობა მსჯელობდა, იყო თუ არა ჩვენი ერთი ციდა პლანეტა სამყაროს ცენტრი, გეოცენტრულიდან ჰელიოცენტრულზე გადავედით, მალევე აღმოვაჩინეთ, რომ ჰელიოცენტრიზმიც არანაკლები ინფანტილიზმია, გავიგეთ, რომ თურმე თავად ჩვენი გალაქტიკაც კი, რომელშიც თავის მხრივ მილიარდობით პლანეტა და ვარსკვლავია, ერთ-ერთია მილიარდობით გალაქტიკებიდან. ერთი სიტყვით, სოკრატესი და ჯეისონის არ იყოს, მთლიანად ჩვენს სახეობაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ, რაც უფრო ვვითარდებით, მით უფრო უსასრულობისკენ მივექანებით, „მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის“.

„იქნებ მართლა უამრავი პარალელური რეალობისგან შემდგარ სამყაროში ვცხოვრობთ, მაგრამ ადამიანის ტვინმა ევოლუციის შედეგად ერთგვარი შემაკავებელი ზღუდე შეიქმნა, რომელიც თვალსაწიერს გვიმცირებს და მხოლოდ ერთი რეალობის აღქმის საშუალებას გვაძლევს?“, სვამს შეკითხვას წიგნის მთავარი პერსონაჟის ერთ-ერთი ვერსია. ერთ-ერთმა ვერსიამ არ დაგაბნიოთ-მეთქი, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მთელი ეს წიგნი დაბნეულობაზე და უსასრულობაზეა.

სანამ უშუალოდ წიგნის სიუჟეტზე გადავიდოდეთ, ერთი-ორი სიტყვა კვლავ სამეცნიერო თეორიებზე. ამის გარეშე არ გამოვა, იმიტომ რომ თავად წიგნის სიუჟეტი 21-ე საუკუნის მოწინავე სამეცნიერო პოსტულატებზე აწყობილია.

დღეს თანამედეროვე მეცნიერები მხოლოდ სამყაროს უსასრულობას აღარ მისჩერებიან, მეტიც, მოწინავე ფიზიკოსებს სჯერათ, რომ თავად ჩვენი სამყარო, თავისი „უსასრულობით“, უსასრულო სამყაროებიდან ერთ-ერთია. კვანტურ მექანიკაზე ალბათ ბევრ ჩვენგანს სმენია, მაგრამ რას გვეუბნება ის? მარტივი სიტყვები რომ მოვიშველიოთ, კვანტური მექანიკა მიკროსამყაროს შეისწავლის – ატომებს და მასზე კიდევ უფრო მცირე ნაწილაკებს, რომლებიც თვალით არ ჩანს. რაც შეეხება ლიტერატურას, თანამედროვე ფანტასტები კვანტურ მექანიკას, როგორც შავი ხვრელი -მატერიას, ისე ისრუტავენ. ჩაიხლართა სიუჟეტი? ვეღარ ხსნი ამა თუ იმ მოვლენას? ახსენე კვანტური მექანიკა და ყველა პრობლემა დასრულებულია. კვანტური სამყარო ხომ თავად ჩვენი ცნობიერისთვისაც გაუაზრებელია. ის გვეუბნება, რომ ნაწილაკები შეიძლება ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა ადგილას იმყოფებოდნენ.
რა შუაშია ეს ყველაფერი წიგნთან თუ ლიტერატურასთან? ბლეიკ კრაუჩი ამ კითხვას საკუთარი რომანით პასუხობს. ის არ ცდილობს, სტანდარტულ ხერხს მიმართოს და თავისი აუხსნელი ფანტაზიები კვანტური მექანიკის განუზღვრელობით მოგვყიდოს. პირიქით! „ბნელი მატერია“ თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. ეს არის ნიმუში, თუ რამხელა ძალა შეიძლება ჰქონდეს ლიტერატურას და როგორ შეუძლია მას ერთი შეხედვით მეცნიერულადაც ბოლომდე აუხსნელი თეორიები ადამიანურ, ჩვენი ყოველდღიურობისთვის გასაგებ მოცემულობად აქციოს.

ჯეისონი ერთი ჩვეულებრივი ფიზიკის ლექტორია, ჰყავს მოსიყვარულე ცოლი და საყვარელი შვილი, ჩარლი. ერთი შეხედვით იგი არაფრით გამოირჩევა, თუმცა სადღაც მისი ნეირონების უსასრულო ქსელში კიდევ ელავს ნაკვერჩხალი, რომელზეც ოდესღაც ატომური ფიზიკის გენიოსი უნდა ანთებულიყო. ჯეისონი ახალგაზრდობაში ფიზიკის “ჩაკვეტაძე” გახლდათ და დაოჯახებამდე ლაბორატორიის პირობებში კვანტური სუპერპოზიციის შექმნაზე ოცნებობდა.

„შენი ცხოვრებით ბედნიერი ხარ?“ ეკითხებიან მთავარი პერსონაჟის ერთ-ერთ ვერსიას და ყველაფერი აქედან იწყება. ჯეისონი ლაბორატორიაში იღვიძებს, გარშემო სტერეოტიპულად შეშლილი მეცნიერები ახვევია და ყოველი მათგანი ტაშს უკრავს. ისინი ჯეისონით ამაყობენ. ყველა მას ეთაყვანება და რამდენიმე მილიარდ დოლარიანი პროექტის წარმატებით დასრულებას ულოცავენ.

„რომ არა შენ, ჩვენ აქ არ ვიქნებოდით“. ეუბნება უახლოესი მეგობარი, რომელიც მისთვის სრულიად უცხო ადამიანია. ჰო, რაც შეეხება ახლობლებს, ჯეისონს ოჯახი არც არასდროს ჰყოლია. მისი მეუღლე დანიელა მასზე არასდროს დაქორწინებულა, ხოლო მათ საოცნებო შვილს ჩარლის არც არასდროს უარსებია. ეს ყველაფერი კოშმარს ჰგავს, ჯეისონი ცდილობს გაიღვიძოს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. მას წინ უამრავი ალტერნატიული რეალობა აქვს, ზოგან ის საერთოდაც უკვე დიდი ხნის მკვდარია.
„ეს უბრალო საჭადრაკო პარტია არ არის. ეს საკუთარ თავთან ჭადრაკის თამაშს ჰგავს“ – იაზრებს ჯეისონი. და მართლაც, ერთია, როდესაც მოწინააღმდეგეს ეთამაშები, მაგრამ რა იქნება შენი შემდეგი სვლა მაშინ, როდესაც გაიაზრებ, რომ არამარტო საკუთარ თავს, არამედ საკუთარ თავებს ეთამაშები? არა, ასე ჯობია: საკუთარი თავები თამაშობენ, იმიტომ რომ ასეთ სამყაროში რთულია „მეს“ აღქმა არ დაკარგო.

წიგნში თხრობა პირველ პირშია, მთხრობელი ჯეისონია. მისი ენა მაქსიმალურად მარტივი, ბუნებრივი და მოქნილი თრილერისთვის დამახასიათებელად სხარტია.
რომანი ერთგვარი პოზიტიური ნიჰილიზმია, რომელსაც შეუძლია საკუთარი აბსურდულობით იამაყოს, კვანტური მექანიკის განუზღვრელ სამყაროში გამოგზაუროს და რაც მთავარია, საშინლად გაგართოს. აქ სიტყვა „საშინელი“ გადაჭარბებული არაა.

„ბნელი მატერია“ პორტალია სხვა განზომილებებში.

ეს არის ფანტასტიკური თრილერი, რომელიც ყველაფერთან ერთად სამეცნიეროა!

რომანი საცხობის დახლებზე გამოტანილი ხაჭაპურის არ იყოს, „სულ ახალია“. წიგნი 2016 წელს გამოიცა და მიუხედავად ამისა, მისი ეკრანიზაცია უკვე გადაწყვეტილია. ამრიგად, ველით ადაპტაციას, თქვენ კი სულ მალე წიგნის ქართული თარგმანის წაკითხვას შეძლებთ. არ ვიცი, პარალელურ სამყაროებში რა ხდება, მაგრამ აქ და ახლა, ჩვენს რეალობაში, ბლეიკ კრაუჩმა შეძლო და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრაში ერთ-ერთი საუკეთესო რომანი დაწერა.

და ბოლოს, დასასრული – ეს მხოლოდ უსასრულო ჰალუცინაცია:

„წარმოიდგინე, რომ თევზი ხარ, რომელიც ტბორში დაცურავს. შეგიძლია წინ, უკან, მარცხნივ, ან მარჯვნივ გაცურო, მაგრამ ზევით ან ქვევით გაცურვის საშუალება არ გაქვს. შენთვის მთელი სამყარო შენი პატარა ტბორით შემოიფარგლება. ახლა კი წარმოიდგინე, რომ წყლის ზედაპირის თავზე ვიღაც იხრება და წყლიდან ამოჰყავხარ. ამ შემთხვევაში ხედავ, რომ ის, რასაც შენ სამყაროდ მიიჩნევდი, ერთ პატარა გუბურას წარმოადგენს. სხვა ტბორებსაც ხედავ, ხეებსა და ცას ამჩნევ. შენ ხვდები, რომ ამ უზარმაზარი და იმაზე ბევრად უფრო იდუმალი რეალობის ნაწილი ხარ, ვიდრე აქამდე წარმოგედგინა.“