თარგმანი: ბექა არაბული
ნაწყვეტები წიგნიდან “ინსტრუმენტალი”
აღარაფრის ძალა შემწევდა. შენელებული, დამყოლი და გულგაციებული ვიყავი. პალატაში დავფლატუნობდი და წამლების კიდევ ერთი კოქტეილის წყალობით ტვინის მეტ უჯრედს და მოგონებას ვკარგავდი. მერე, მომსვლელთა კვირა დღეს, დამიძახეს, შენ სანახავად არიანო. გამიკვირდა, რადგან გარდა რამდენიმე კვირის წინ ჯეინის და ჯეკის ხანმოკლე, კატასტროფული ვიზიტისა, ჩემთან არავინ მოსულა.
წლების უნახავი ძველი ამხანაგი იყო. მოაუტისტო, მოუქნელი, სუსტი ტიპი. პიანინოს ფანატიკოსი (ერთმანეთი სოკოლოვის პირატული ფირფიტების საერთო სიყვარულმა გაგვაცნო). გაეგო, რომ იქ ვიყავი და ჩემი დახმარება მოუნდომებია. როდესაც მონახულების შესათანხმებლად საავადმყოფოში დარეკა, უთხრეს, რომ არაფრის ჩუქება შეიძლებოდა, გარდა საპირფარეშოს ნივთებისა (იმ დროისთვის ჩემთვის ნივთების მოტანა აღარ შეიძლებოდა, რადგან რამდენიმეჯერ პალატაში დანები და სამართებლები მიპოვნეს). შამპუნის უზარმაზარი ბოთლი გამომიწოდა და თვალი ჩამიკრა. დრო იხელთა, მედდას რომ ვერ გაეგო, და მითხრა, მარტო ყოფნისას გახსენიო. ასეც მოვიქეცი. ცარიელ ბოთლში პლასტმასას პაწაწინა ჩანთა იდო. პლასტმასას ჩანთაში კი — სულ ახალი, იმ წელს გამოშვებული აიპოდ ნანო. ზომაში ფხვიერ ორცხობილაზე დიდი არ იქნებოდა. ზედ კი აკურატულად ჰქონდა ყურსასმენები შემოხვეული. ამხანაგს შიგ გიგაბაიტობით მუსიკა ჩაეწერა.
აი ამან ყველაფერი შეცვალა.
საბნის ქვეშ ჩავძვერი. ყურსასმენები გავიკეთე. შუაღამე. წყვდიადი და წარმოუდგენელი სიჩუმე. დაკვრას დავაჭირე და ბახის ჩემთვის აქამდე უცნობი ნაწარმოები მომესმა. ამან ისეთი ჩინებულების, ისეთი კაპიტულაციის, იმედის, მშვენიერების, უკიდეგანო სივრცის ადგილას მომახვედრა, თითქოს ღმერთს სახეზე ველამუნებოდი. ვფიცავ, მაშინ და იქ რაღაც სულიერი ეპიფანიის მსგავსი განვიცადე. ბახის და მარსელოს ადაჯო იყო — ბაროკო კომპოზიტორის, ალესანდრო მარსელოს მიერ ჰობოისთვის და ორკესტრისთვის დაწერილი ნამუშევარი, რომელიც ბახს იმდენად უყვარდა, პიანინოს სოლოსათვის გადაწერა. გლენ გოულდი თავის სტეინვეიზე უკრავდა, ორმოცი წლის წინიდან მწვდებოდა, სამასი წლის წინიდან მწვდებოდა, და მეუბნებოდა, რომ ყველაფერი მხოლოდ კარგად კი არა, ძალიან, ძალიან მაგრად იქნებოდა. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ელექტრო-მასრაში ჩამაერთეს. „ელვისის მომენტების” იმ ერთ-ერთთაგანი იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება. თავიდან ფეხებამდე დამამასხვრია და გამოუშვა რაღაც შინაგანი სიმშვიდე, რომელსაც ოცდაათი წელი არ ენახა დღის სინათლე.
და გადაწყვეტილება მივიღე. ეს საჩემო ადგილი არ იყო. კარგად ვერ გავხდებოდი. ყოველ შემთხვევაში, ამდენი წამლით, ამდენი სიგიჟით, დღისით ტელევიზორის ყურებით და ამდენი მოწყენილობით. იქიდან სათანადოდ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამომეღწია. გამოვსულიყავი, რაღაც ადგილი მეპოვნა და შინ, ვაჟთან დავბრუნებულიყავი. კარგად უნდა გავმხდარიყავი. მაგრამ ჯერ მათთვის უნდა მეჩვენებინა, რომ გაწერისთვის მზად ვიყავი.
ასეც მოვიქეცი. მოვიქეცით. მართვის სადავეები იმ ცივმა, შეუბრალებელმა, უდრეკმა, ჭკვიანმა ნაბიჭვარმა აიღო, რომელიც გონების რაღაც ნაწილს მიმართავდა. და ეს დიდი სიამოვნებითაც გააკეთა. ის ხომ ამისთვის იყო დაბადებული. თანამშრომლობა დავიწყეთ, მაგრამ არა იმდენად მალე, რომ ეს არარეალური ყოფილიყო, და არც ძალიან ნელა, რომ ჩემი თავისთვის დაწესებული საშობაო გასვლის ვადას გადაგვეცილებინა. აუცილებლობის შემთხვევაში ვყვიროდი, შინაგან ბავშვს ვეხუტებოდი, ხელოვნების თერაპიის დროს შესაფერისად მძვინვარე ნახატებს ვხატავდი, ჯგუფურ სესიებში მონაწილეობას ვიღებდი, ინდივიდუალური თერაპიის დროს ზუსტი ოდენობის ინტერესს, სინდისის ქენჯნას, სიბრაზეს, იმედს, სინანულს ვიჩენდი. მოსმენებზე და ინტერვიუებზე ვიჯექი და შესაფერის რაღაცეებს ვიძახდი, ამას კი შესაფერისი ქცევებით ვამაგრებდი. სხვებს ვეხმარებოდი, საავადმყოფოს პერსონალთან ერთად ვხუმრობდი, ექიმების გასაგონად ბედნიერად ვუსტვენდი, წამლებს ვიღებდი, დილაუთენია ვდგებოდი და ღამის ცვლის თვალწინ ბაღში ჩაფიქრებული ვიჯექი. ყველაფერი გავაკეთე, რომ ორი თვის შემდეგ, ნოემბრის შუა რიცხვებში, ორშაბათს კაბინეტში მივეწვიე და ეთქვათ, მენტალური ჯანმრთელობის მკურნალობის სამაგალითო ბიჭი ხარო. ჩემი პროგრესი ძალიან ახარებდათ და დიდი სიამოვნებით შემატყობინეს, რომ წასვლა შემეძლო. სამ დღეში გამომიშვებდნენ, თუ გაძლიერებულ გასაწერ კურსზე დავთანხმდებოდი და წამლების მიღების რუტინას არ გადავუხვევდი.
ჩემი მადლიერი, მზრუნველი, ხელოვნურად კეთილშობილი ღიმილი პირდაპირ ოსკარს იმსახურებდა. აუცილებელი „დარწმუნებული ხართ, რომ ამისთვის მზად ვარ?” კითხვაც არ დამვიწყებია. მათ ჩემი ფიქრები გავანდე. იმდენი ვიყოყმანე, თვითონ მარწმუნებდნენ, წამოვსულიყავი. მარკ რულენსი ჩემს თამაშს ტაშს დაუკრავდა. სულელურად ვამაყობდი ჩემი მიღწევით, და სამი დღის შემდეგ მედიდურად გამოვაბიჯე იმ საავადმყოფოდან, წამლები გადავყარე და შინ წავედი დასაწოლად.
მოკლე გადახვევა ამ საკმაოდ უდარდელ, „წამლები გადავყარე” ნაწილზე. არავითარ შემთხვევაში გააკეთოთ ეს. არასოდეს. წარმოიდგინეთ უმი წიწილის ნაჭერზე შინ დამზადებული მაიონეზის დიდი ულუფის მოსხმა, ამ ყველაფრის ოთხი-ხუთი დღით მისი მზეში დატოვება, შემდეგ მთელი ნაჭრის გადასანსვლა, ლოგინში ჩაწოლა და მოცდა. სწორედ ასეთია ფსიქოტროპული პრეპარატების ერთბაშად შეწყვეტა.
მხოლოდ ორი რამაა ჩემს ცხოვრებაში გარანტირებული: მუდამ მეყვარება ჩემი შვილი და მუდამ მეყვარება მუსიკა. და — გაუშვით იქს-ფაქტორის გულისამაჩუყებელი ისტორიის ვიოლინეოები — მუსიკა იყო ის, რაც შვიდი წლისას გადამხდა.
განსაკუთრებით კლასიკური მუსიკა.
განსაკუთრებით იოჰან სებასტიან ბახი.
რამდენიმე ფაქტი ბახზე, რომელზეც აუცილებლად უნდა ითქვას.
თუ ოდესმე ვინმე ბახზე ფიქრობს (და რატომ უნდა ფიქრობდნენ მასზე?), დიდი ალბათობით წარმოიდგენენ პირმრგვალ, მკაცრ, პარიკიან, სასტიკ, ლუთერან, უხალისო, არარომანტიკულ ასაკოვან ტიპს, რომელიც სექსის ნაკლებობას განიცდის. მისი მუსიკა ზოგისთვის მოძველებული, შეუფერებელი, მოსაწყენი, ზედაპირული და ვოგეზთა მოედნივით ან რეგენტეს პარკივით მშვენიერი არქიტექტურაა, რომელიც სხვებს ეკუთვნით. მისი მუსიკა თითქოს მხოლოდ სიგარის რეკლამებში, სტომატოლოგების მოსაცდელ ოთახებში, და უიგმორის დარბაზის ოთხმოცი წლის აუდიტორიისთვის უნდა იქნეს დაკრული.
ბახის ისტორია გასაოცარია.
ოთხი წლის ასაკში უახლოესი დედმამიშვილები დაეხოცა. ცხრა წლისას დედა მოუკვდა, ათი წლისას — მამა, და დაობლდა. საცხოვრებლად გაგზავნილი იქნა თავის უფროს ძმასთან, რომელიც ვერ იტანდა, ექცევიან საშინლად და არ აძლევენ მის საყვარელ მუსიკაზე კონცენტრაციის საშუალებას. სკოლაში ისე ცუდად ეპყრობიან, რომ თითქმის ყოველ მეორე დღეს აცდენს, რათა თავიდან აიცილოს რიტუალური ცემა და კიდევ უფრო უარესი რაღაცეები. მოზარდობისას გადის რამდენიმე ასეულ კილომეტრს, რათა მისთვის ცნობილი მუსიკალური სკოლებიდან საუკეთესოში ისწავლოს. უყვარდება, ქორწინდება, უჩნდება თორმეტი შვილი. მათგან თერთმეტი ყრმობისას ან მშობიარობისასვე კვდება. ცოლიც უკვდება. სიკვდილი გარს ერტყმის და შთანთქავს.
იმ დროს, როცა ყველა მისი ნაცნობი კვდება, იგი მუსიკას წერს ეკლესიისთვის და სასამართლოსთვის, ასწავლის ორღანს, დირიჟორობს გუნდს, წერს თავისთვის, ასწავლის კომპოზიციას, უკრავს ორღანს, ესწრება წირვებს, ასწავლის კლავისინს, მოკლედ, გიჟივით მუშაობს. წერს სამიათასზე მეტ ნაწარმოებს (ამაზე ბევრმა, ძალიან ბევრმა ჩვენამდე საერთოდ ვერ მოაღწია), რომელთა უმეტესობაც ახლა, სამასი წლის შემდეგ, მსოფლიოს გარშემო ისევ სრულდება, ისევ უსმენენ და ისევ ეთაყვანებიან. არ შეუძლია თორმეტ ნაბიჯიან ჯგუფებში სიარული, არ ჰყავს ფსიქიატრი და არ აქვს ანტიდეპრესანტები. მთელი დღე არ იფსავს, კვნესის და სპეციალური ნახარშით ხელში ტელევიზორს არ უყურებს.
არ ეცემა და ცხოვრობს იმდენად კარგად და შემოქმეთებიდათ, რამდენადაც ეს შეუძლია. ამას სახელის მოსახვეჭად და ჯილდოსთვის კი არ აკეთებს, არამედ, თავისივე სიტყვებით, ღვთის სადიდებლად.
აი, ამ კაცზე ვსაუბრობთ ახლა. ჩაფლულზე დარდში, აღმოცენებულს დაავადებებით, სიღარიბით, სისასტიკით და სიკვდილით გარშემორტყმული ბავშვობიდან. მსმელ, მოჩხუბარ, გულშემატკივარი ქალებით თავმობეზრებულ, სამუშაოთი დაკავებულ მეოჯახე კაცზე, რომელიც მაინც პოულობს დროს იყოს კეთილი თავისი სტუდენტების მიმართ, გადაიხადოს გადასახადები და დატოვოს მემკვიდრეობა, რომელიც კაცობრიობის უმეტესობის აღქმას საერთოდ არ ექვემდებარება.
რასაკვირველია, ემოციურად გაწონასწორებული ვერ იქნებოდა. საშინელი ობსესიურ-კომპულსიური დარღვევით იყო შეპყრობილი რიცხვებით და მათემატიკით. ანბანს რაღაც მარტივი კოდივით იყენებდა, სადაც ყოველი ასო შეესაბამებოდა რაღაც რიცხვს (ABC = 1 2 3 და ა.შ.). BACH. B=2, A=1, C=3, H=8. მათი ერთმანეთზე მიმატებით მიიღება რიცხვი 14. ამის შეტრიალებით 41. 14 და 41 კი ძალიან ხშირად გვხვდება მის ნამუშევრებში — ტაქტების რაოდენობაში, ფრაზაში ნოტების რაოდენობაში. ესაა ფარული მუსიკალური ხელწერა, რომელიც მისი ნამუშევრების საკვანძო წერტილებშია განთავსებული. ალბათ ეს თავს რაღაცნაირად უსაფრთხოდ აგრძნობინებდა. როგორც ხალხს შუქის ჩართვა-გამორთთვის, დათვლის და თითების კაკუნის ტიკები აგრძნობინებს თავს უსაფრთხოდ.
თორმეტი წლის ასაკში, სანამ შინ ყველას ეძინა დაბლა იპარებოდა, იპარავდა ხელნაწერს, რომელსაც თავისი რეგვენი ძმა უმალავდა, ასლს აკეთებდა, ორიგინალს უკან მალავდა და ისევ ლოგინში ბრუნდებოდა, რათა რამოდენიმე საათით დაეძინა და დილით ექვსზე გაეღვიძა. ამას აკეთებდა ექვსი თვის განმავლობაში, სანამ არ მიიღო მთელი მუსიკალური პარტიტურა, რომელსაც შეისწავლიდა, ჩააკვირდებოდა და რომელშიაც ბინას დაიდებდა.
კეთილხმოვანება იმდენად უყვარდა, რომ როდესაც თითები აღარ ჰყოფნიდა, პირში ჩხირს იდებდა, რათა კლავიატურაზე მისთვის დამახასიათებელი დამატებითი მაღალი ნოტები აეღო.
ხვდებით, ხომ?
როდესაც მისი პირველი მეუღლე, მისი ცხოვრების სიყვარული კვდება, მის სამახსოვროდ მუსიკას წერს. ვიოლიონოს სოლოს, ექვსიდან (რა თქმა უნდა) ერთ-ერთ პარტიტას, რომელიც ამ ინსტრუმენტისათვის დაწერა. მაგრამ ეს უბრალოდ მუსიკალური ნაწარმოები არაა. ესაა, არც მეტი არც ნაკლები, ცოლის ხსნოვნის საპატივცემულოდ აგებული მუსიკალური ტაძარი. ესაა სასიყვარულო სიმღერების ეიფელის კოშკი. და ამ პარტიტაში დამაგვირგვინებელი მიღწევა უკანასკნელი რიტმი, ჩაკონაა.
გულსაკლავ D მინორ ტონალობაში შესრულებული თხუთმეტწუთიანი გამანადგურებელი დაძაბულობა.
წარმოიდგინეთ ყველაფერი, იყოს ეს თუნდაც სიტყვებში ჩაუტეველი, რის თქმაც შეიძლება ოდესმე სასიკვდილოდ განწირული საყვარელი ადამიანისთვის მოგინდეთ. წარმოიდგინეთ ამ ყველა სიტყვის, გრძნობის, ემოციის ვიოლიონის ოთხ სიმში დისტილირება და ამ ყველაფრის თხუთმეტ ლაკონურ წუთში მოკრება. წარმოიდგინეთ, როგორღაც მიაგნოთ გზას, შექმნათ სიყვარულის და დარდის მთელი სამყარო, რომელშიაც ვარსებობთ, მისცეთ მას მისუკალური ფორმა, გადაიტანოთ ქაღალდზე და უბოძოთ მსოფლიოს. სწორედ ასე მოიქცა იგი, ათასჯერ და ათასჯერ, და ყოველდღე, მხოლოდ და მხოლოდ ესაა საკმარისი ჩემ დასარწმუნებლადდ, რომ ამ სამყაროში ჩემს დემონებზე დიდი და უკეთესი რაღაცეებიც არსებობს.