ავტორი: დათო ლობჟანიძე
ფოტო: თეონა მესტუმრე
7 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში კინოს სახლში რებეკა ობრაინთან შეხვედრა გაიმართა. რებეკა ობრაიენი ოცდაათი წელია კენ ლოუჩთან და პოლ ლავერტისთან ერთად დამოუკიდებელი კინოპროდიუსერად მუშაობს ბრიტანულ კომპანიაში Sixteen Films. ქვემოთ მოყვანილ ტექსტში გთავაზობთ შეხვედრის შთაბეჭდილებებს. ინტერვიუს სრულად ნახვა (ინგლისურ ენაზე) ამ ბმულზე შეგიძლიათ.
საავტორო კინოს თეორიის დაბადების პერიოდად მეოცე საუკუნის ორმოციანი წლები შეგვიძლია მოვიაზროთ, ქვეყნად-საფრანგეთი. თეორიას და ტერმინს ანდრე ბაზენის და ალექსანდრ ასტრიუკის ნამუშევრებმა ჩაუყარეს საფუძველი. საავტორო კინოს ცნება დიდწილად ასტრიუკის caméra stylo (კამერა-კალამი) კონცეფციიდან მომდინარეობს, რომლის თანახმად ფილმი აუდიოვიზიალური ენის გამოხატულებაა, რეჟისორი კი ერთგვარი მწერალი, რომელიც საწერად სინათლეს იყენებს.
დღეს სიტყვათაშეთანხმება “საავტორო კინო” ფართო გაგებით გამოიყენება. მას არამარტო არტჰაუსის გარკვეულ კატეგორიას მიუსადაგებენ, არამედ ხშირად ამ კონტექსტში ჰოლივუდის ზოგიერთ რეჟისორსაც მოიხსენებიენ. მათ შორისაა დევიდ ფინჩერი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ტერმინისადმი თავისი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ საჯაროდ ისაუბრა.
ფინჩერის აზრით არ შეიძლება ის რასაც კონკრეტული ფილმის შემთხვევაში ეკრანზე ხედავ, ერთ ადამიანს მიაწერო. ფინჩერის დამოკიდებულებაში ლოგიკა დევს. კინო, ხელოვნების ბევრი სხვა მედიუმისგან გასხვავებით, ის დარგია, რომელიც კოლექტიურ მუშაობას და ძალისხმევას მოითხოვს, ეს განსაკუთრებით მაღალბიუჯეტიანი და მასშტაბური ჰოლივუდის ფილმების შემთხვევაში იგრძნობა, თუმცა მსგავსი ლოგიკა ევროპულ კინოსაც შეგვიძლია მივუსადაგოთ.
ამის მიუხედავად, კინომოყვარულებს ფილმების ყურებისას წინა პლანზე მაინც რეჟისორი გამოჰყავთ. მისი ადგილი, განსაკუთრებით ევროპული კინოს შემთხვევაში, იმდენად დიდია, რომ ფილმზე მომუშავე სხვა ადამიანები ჩრდილში ექცევიან. მათ შორის პროდიუსერებიც.
შესაძლოა გარკვეულწილად ამით აიხსნას ის, რომ თბილისის მე-18 კინოფესტივალის ფარგლებში რებეკა ობრაიენის შეხვედრას, რომლის მოდერირებაც მომიწია, საერთო ჯამში ოც ადამიანამდე დაესწრო. რებეკა ობრაიენს კენ ლოუჩთან მუშაობის 30 წლიანი სტაჟი აქვს, ამ ხნის განმავლობაში მას რეჟისორის 16 ფილმზე აქვს ნამუშევარი. მათ შორის იმ ორზე (“ქარი რომელიც ქერს არხევს” და “მე, დენიელ ბლეიქი), რომელმაც კანის ფესტივალის მთავარი ჯილდო მოიგო.
არ მოვიტყუები თუ დავუშვებ, რომ თბილისში კენ ლოუჩის ჩამოსვლის შემთხვევაში, შესახვედრად ორგანიზატორებს კინოს სახლის დარბაზზე რამდენჯერმე უფრო დიდი დარბაზის პოვნა მოუწევდათ, რომელიც სრულად მაინც ვერ დაიტევდა შეხვედრაზე დამსწრებ ყველა მსურველს. არადა, თვისობრივად და შინაარსობრივად არ მგონია ლოუჩს ბევრად განსხვავებული რამ ეთქვა ქალისგან, რომელიც იდეოლოგიურად იგივე პლატფორმაზე დგას, ადამიანთან, რომელთან ერთადაც არაერთი სირთულე და გამოწვევა გამოიარა.
კენ ლოუჩის შემთხვევაში, გუნდის როლი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ჩანს. შეხვედრაზე ობრაიენი გვეუბნება, რომ 81 წლის რეჟისორის ტვინი გადასარევად მუშაობს, მაგრამ მას არაერთი ფიზიკური პრობლემა აწუხებს. ამიტომაა, რომ „მე, დენიელ ბლეიქი“ – ზე მუშაობისას ობრაიენის თქმით პროდიუსერები და გუნდის წევრები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ლოუჩისთვის შრომა შეემცირებინათ.
70-იანების ბოლოს, სანამ ლოუჩს გაიცნობდა, ვერ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე პროდიუსერი გახდებოდა, მითუმეტეს იმ ეპოქაში როდესაც ამ პროფესიაზე სტერეოტიპული წარმოდგენა ჰქონდათ.
აზრადაც კი არ მქონია, რომ კინო პროდიუსერი შეიძლება გავმხდარიყავი, ჩემს წარმოდგენაში პროდიუსერი დიდი, მსუქანი, სიგარიანი კაცი იყო, რომელსაც ფეხები მაგიდაზე აქვს შემოწყობილი. ფეხებს მაგიდაზე მეც ვდებ, მაგრამ სხვა მხრივ, ეს წარმოუდგენელი იყო,
ამბობს რებეკა შეხვედრაზე.
კინოსამყაროსთან პირველი შეხება 70-იანების ბოლოს, ედინბურგის ფესტივალის მსვლელობისაას მოუწია. აქტიურობა გამოიჩინა და ერთ ქალს, რომლის სახელსაც არ აკონკრეტებს, ფილმზე მუშაობის მხრივ მოხალისეობა შესთავაზა. დადებითი პასუხი მხოლოდ სამ წელიწადში მიიღო. ასე მოხვდა კინოში. აქამდე ამ მიმართულებით არაფერი ესწავლა, თუმცა მისივე თქმით ეკონომიკა და გეოგრაფია, რომელიც მანამდე უნივერსიტეტში შეისწავლა, პროფესიაში დაეხმარა. რებეკა კონტაქტების აუცილებლობაზეც საუბრობს, მაგრამ ყველაზე დიდ ყურადღებას საღ აზრზე და საორგანიზაციო უნარებზე ამახვილებს.
კინო პროდიუსერი ერთი შეხედვით გლამურულ პროფესიასთან შეიძლება ასოცირდებოდეს, თუმცა რებეკას გამოცდილება, ყოველ შემთხვევაში ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯები, ასეთ ცხოვრებაზე ნაკლებად მიანიშნებს:
ჩემი ადრეული გამოცდილება, მანამ სანამ პროდიუსერი გავხვდებოდი, ადამიანების რთული სიტუაციებიდან გამოყვანას, მანქანების პარკირებას, ტუალეტში ქაღალდის გამოცვლას და ნაგვის გადაგდებას გულისხმობდა.
მართალია რებეკას თქმით ფინანსების მოძიება პროდიუსინგის „ყველაზე მოსაწყენ ნაწილს“ წარმოადგენს, ცხადია ფინანსები და ფული დიდწილად განსაზღვრავს იმას თუ როგორი გამოვა ფილმი, ან გამოვა თუ არა საერთოდ. ამიტომ ამ თემაზე სასაუბროდ კანის ოქროს პალმის რტოს მფლობელ ფილმს, „ქარი, რომელიც ქერს არხევს“ -ის მაგალითს ვთავაზობ, ფილმზე, რომელიც ირლანდიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს.
რებეკა ამბობს, რომ ამ ფილმისთვის დაფინანსების მოპოვება რთული იყო და მართალია პროექტი პოტენციური დამფინანსებლების წარმომადგენლების დიდ ნაწილს მოსწონდა, საბოლოო ჯამში, გადამწყვეტ პირებამდე მისვლისას ფინანსების გამოყოფა ფილმისთვის უარყოფითად სრულდება. რომ არა კოქტეილ წვეულება, ფილმი და შესაბამისად შემდგომი ტრიუმფი კანის ფესტივალზე შეიძლება არც არასდროს მომხდარიყო. სწორედ ამ კოქტეილ წვეულებაზე სრულიად შემთხვევით გაცნობილმა დამფინანსებელმა, რომელიც „სხვანაირ ფილმებს აკეთებდა“ პროექტით დაინტერესდა. ამრიგად, კენ ლოუჩის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმს შეიძლება არასდროს ენახა დღის სინათლე, რომ არა შემთხვევითობა.
„ქარი, რომელიც ქერს არხევს“ – ში მთავარ როლს კილიან მერფი ასრულებს, მსახიობი, რომლის ვარსკვლავიც იმ პერიოდში შეიძლება ითქვას უკვე ამოსულიყო. ეს ის გამონაკლისია, სადაც კენ ლოუჩი კომპრომისზე წავიდა და მუშაობა მეტ-ნაკლებად ცნობად მსახიობთან გადაწყვიტა. ასეთი რამ იშვიათად ხდება, მეტწილად იმიტომ რომ ლოუჩისთვის მთავარი ამბავი და პერსონაჟია და არა მსახიობი.
ჩვენ გვინდა მაყურებელს სჯეროდეს რომ ადამიანი კინოში პერსონაჟს წარმოადგენს და არა კილიან მერფის. ეს განგებ ხდება,
ასე პასუხობს რებეკა კითხვას დარბაზიდან იმის თაობაზე თუ რატომ არ თამაშობენ კენ ლოუჩის ფილმებში ვარსკვლავები და ერთ შემთხვევას იხსენებს:
პურის და ვარდების, ამერიკული ფილმის კასტინგზე, ძალიან უცნაური რამ ხდებოდა. კენის სანახავად უამრავი ვარსკვლავი დგებოდა რიგში. მათ იცოდნენ თუ ვინ იყო კენი, მაგრამ კენმა არ იცოდა ვინ იყვნენ ისინი.
მათ შორის იყო ედრიენ ბროდი და კიანუ რივზი. საბოლოო ჯამში ბროდი დამტკიცდა, დამტკიცდა იმიტომ რომ ლოუჩის აზრით ეს იყო მსახიობი, რომელსაც ფილმისთვის აუცილებელი პერსონაჟის განსახიერება შეეძლო.
ლოუჩის ფილმებს მაყურებლის ყურადღების გაფანტვა არ სურს, ამიტომაა, რებეკა რომ ამბობს:
დიდი, ეპიკური ფილმები მომწონს, ფილმები, რომლებსაც კინომატოგრაფიული შესაძლებობები აქვთ. მაგრამ კენის ფილმების შემთხვევაში სხვანაირად ვიქცევით. ყველაფერი უკან გადაგვაქვს. ამიტომაა, რომ ჩვენს ფილმებში ვერასდროს იხილავთ წითელ მანქანას. ვიზუალურად ყველაზე რთული ფილმი, ‘ერიკის ძიებაში’ აღმოჩნდა, რომელიც ერიკ კანტონაზეა. ფილმი მანჩესტერ იუნათედზეა და ამის გამო ყველას წითელი მაისურები აცვია.
ფილმების უმეტესობა, თუ ყველა არა, ყოველშეთხვევაში ამ სიტყვის ფართო გაგებით, რომელზეც კენ ლოუჩს და რებეკა ობრაიენს ერთად უმუშავია, პოლიტიკურია, ამიტომ ცხადია შეხვედრაზე პოლიტიკაზე საუბარს თავს ვერ ავარიდებდით. ერთ-ერთი ინტერვიუში ‘მიწა და თავისუფლებაზე’ საუბრისას, რებეკამ თქვა, რომ ეს ნამუშევარი მემარცხენეობის ტრაგედიაზეა. ფილმი ესპანეთის სამოქალაქო ომის შესახებ მოგვითხრობს და ამ კონფლიქტის პირობებში სხვადასხვა მემარცხენე ჯგუფს შორის, რომელსაც გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული პოზიცია აქვს, საბოლოო ჯამში კონფლიქტს და დაპირისპირებას იწვევს. რებეკას ვეკითხები, თუ რამდენად აქტუალურია კონსესუსის არარსებობა მემარცხენეებს შორის დღევანდელ სამყაროში.
მართლაც მემარცხენეობის ტრაგედიაა, ეს პრობლემა დღესაც აქტუალურია, ამის თქმა დანამდვილებით შეიძლება ბრიტანეთის მაგალითზე. დღეს მარხცენა მხარეს სოციალისტი ლიდერი გვყავს, მაგრამ ბრიტანეთში ეშინიათ იმის თუ რას ნიშნავს სოციალიზმი, იმიტომ რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში მათ მხოლოდ რბილი მემარცხენეობა განუცდიათ. ხელისუფლებაში მარგარეტ ტეტჩერის მოსვლის შემდეგ ბრიტანეთს მხოლოდ რბილი მემარცხენე ოპოზიცია უნახავს და დროთა განმავლობაში ყელაფერი რაც მემარცხენე იყო, საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო, ყველაფერი რაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ბრიტანეთში დაინერგა, ბოლო 30 წლის განმავლობაში ეტაპობრივად წაიშალა და ბლერის 90-იანების და 2000-იანების მთავრობა არ ყოფილა ნამდვილად მემარცხენე მთავრობა, ეს ცენტრისტული მთავრობა იყო,
ამბობს რებეკა და ამატებს:
ჯერემი კორბინიც კი, თუ მემარცხენეობის და მემარჯვენეობის რუკას შეხედავთ, სავარაუდოდ სადღაც შუაშია, არ არის რადიკალურად მარცხნივ, მაგრამ ბრიტანთში მას რადიკალურ მემარცხენედ ხედავენ, იმიტომ რომ ბოლო წლებში არ გვქონია მსგავსი გამოცდილება.
პოლიტიკაზე საუბარს კენ ლოუჩთან ერთად გაკეთებულ ბოლო ფილმის მაგალითით, „მე, დენიელ ბლეიქით“ აგრძელებს. ეს ფილმი დიდ ბრიტანეთში არაერთმა კონსერვატორმა აითვალწუნა. ზოგმა ისიც თქვა, რომ კენ ლოუჩს საკუთარი სამშობლო სძულს და ფილმში მოყვანილი მაგალითები სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად „მე, დენიელ ბლეიქი“, ისევე როგორც ლოუჩის ყველა ფილმის გადაღებამდე, ამა თუ იმ თემის სკრუპულოზური კვლევა ხდება.
ყველაფერი ფილმში ‘მე, დენიელ ბლეიქი“ სიმართლეს ეფუძნება, და უფრო მეტიც, ის რაც აღმოვაჩინეთ… სიმართლე რომ ვთქვათ, ‘მე, დენიელ ბლეიქი’ რეალურად მომხდარი ამბების მსუბუქი ვერსიაა. ბევრად უფრო ცუდი ისტორიები გვქონდა, მაგრამ გვეშინოდა, რომ ხალხი ამ ყველაფერს ვერ დაიჯერებდა,
ამბობს რებეკა.
„მე, დენიელ ბლეიქმა“ კენ ლოუჩს და გუნდს, რომლის დიდი ნაწილიც, აქვე უნდა ითქვას, წლებია ერთად მუშაობს, 2016 წელს მეორე პალმის რტო მოუტანა. რებეკა ამბობს, რომ მსგავს ჯილდოებს და ზოგადად მსგავს ფესტივალზე მონაწილეობას ფილმისთვის და იდეებისთვის უდიდესი რეკლამის გაწევა შეუძლია. ეს მისი თქმით განსაკუთრებით საჭიროა შედარებით პატარა, დაბალბიუჯეტიანი ფილმების შემთხვევაში. ამ მხრივ „მე, დენიელ ბლეიქმა“ მოლოდინს გადააჭარბა. ობრაიენის თქმით ნამუშევარი ლოკალურ ფილმად იყო ჩაფიქრებული, ამიტომ გუნდს ძალიან გაუკვირდა ფილმმა წარმატება იაპონიაშიც რომ ჰპოვა.
რებეკას თქმით:
მიუხედავად იმისა, რომ ისტორია ბრიტანულ სისტემაში სპეციფიური პრაქტიკის შესახებ მოგვითხრობს, აღმოვაჩინე, რომ აქ მოთხრობილმა ამბავმა იმოგზაურა. იმოგზაურა იმის გამო, რომ აქ მოთხრობილი შემთხვევები ყველა კულტურაში აისახება, ყველა კულტურაში არის სახელწმიფო, რომელიც ადამიანებს საკმარის ფულს არ უხდის, და ყოველ კულტურაში არის სახელმწიფო კორუფცია, ღია თუ დაფარული. ხალხი ამას ხედავს, ისინი ამ ყველაფერში საკუთარ თავს ხედავენ და ხედავენ ასევე პერსონაჟს, რომელიც ძალიან დიდ ძალისხმევას დებს, ისინი ადამიანურ ძალისხმევას ხედავენ, მაშინაც კი, როდესაც ისტორია უცხოა მათვის.
„მე, დენიელ ბლეიქი“ მართლაც, რომ უნივერსალური ისტორიაა, ის ემპათიას ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ იწვევს, მათ შორის საქართველოშიც, სადაც ფილმი თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს. ჩვენების შემდეგ პირადად შევესწარი ადამიანებს, რომლებიც სეანსიდან აცრემლებულები გამოდიოდნენ და ბოლომდე გრძნობდნენ მოვლენებს, რომლებიც აქტუალური ათასობით კილომეტრის მოშორებით უნდა ყოფილიყო.
„მე, დენიელ ბლეიქის“ არსებობა გარკვეულწილად შემთხვევითობას უნდა ვუმადლობდეთ, ან უფრო სწორედ იმას, რომ კენ ლოუჩმა გაცხადებული პირობა დაარღვია და „ჯიმის დარბაზის“ გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთი ფილმის გადაღება გადაწყვიტა.
ჯიმის დარბაზის ბრიტანულ პრემიერაზე, ყური მოვკარი თუ როგორ ამბობდა, ‘არ ვიცი საკმარისად მძლავრია თუ არა ფილმი, არ ვიცი უნდა გავჩერდე თუ არა აქ. პოლიტიკურად საკმარისად მძლავრი არ ჩანს…’ და მერე ‘მე, დენიელ ბლეიქი გადავიღეთ,
ამბობს ობრაიენი.
რებეკა ობრაიენი შეხვედრის ბოლოს ამბობს, რომ არ არის გამორიცხული არც „მე, დენიელ ბლეიქი“ იყოს კენ ლოუჩის უკანასკნელი ნამუშევარი. ორიოდე კვირის წინ პოლ ლავერტიმ, კენ ლოუჩის ფილმების დიდი ნაწილის სცენარების ავტორმა, რებეკა ობრაიენს ახალი სცენარი აჩვენა.
არ ვიცი შეძლებს თუ არა კენი მის გადაღებას, არ ვიცი ექნება თუ არა საკმარისი ენერგია. პრობლემა ისაა, რომ დიდ კონცენტრაციას მოითხოვს, ფილმის გადასაღებად ყოველდღიური კონცენტრაციაა საჭირო და კენი არ არის ის ადამიანი, რომელიც მონიტორის უკან დაჯდება. არ უყვარს მონიტორები. გადასაღებ მოედანზე დარბის და მსახიობებს ყურში ჩასჩურჩულებს, საქმეს ისე არ ეკიდება თუ მასში ბოლომდე ჩართული არაა. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ. ისე კი, ძალიან კარგი სცენარია. ვფიქრობ, ერთი გზა თუ როგორ შეიძლება კენი დაარწმუნო და გააკეთებინო იმაში მდგომარეობს, რომ რამდენიმე სხვა ადამიანს შესთავაზო გადაღება და მერე შესაძლოა მან იფიქროს, ‘იქნებ უმჯობესია მე გავაკეთო…’ აი რაში მდგომარეობს პროდუსინგის არსი რეალურად.