თარგმანი: ბექა არაბული
ეს სიმართლეა.
ვიეტნამში ერთი ძმაკაცი მყავდა. ბობ კაილი ერქვა, მაგრამ ყველა რეტს ვეძახდით.
მეგობარი მოუკლეს, ასე რომ ერთი კვირის შემდეგ დაჯდა და იმ ტიპის დას წერილი მისწერა. მოუყვა, როგორი დიდებული ძმა ჰყავდა, როგორი დალაგებული, ნომერი პირველი ამხანაგი და კომპანიონი. ნამდვილი ჯარისკაცის ჯარისკაცი, წერს რეტი. შემდეგ რამდენიმე ამბავი მოუყვა, რათა ეჩვენებინა, როგორ აკეთებდა ნებაყოფლობით მისი ძმა ისეთ რამეებს, რასაც თავისი ნებით მილიონი წელი არავინ გააკეთებდა. სახიფათო რამეებს, მაგალითად ტაქტიკური დაზვერვების ჩატარება და ძალიან ვაჟკაცურ ღამის პატრულირებებზე გასვლა. უჟანგავი ფოლადის კვერცხები, ეუბნება მას რეტი. ტიპი ოდნავ შეშლილი იყო, თქმა არ უნდა, მაგრამ კარგი გაგებით, ნამდვილი თავზეხელაღებული, რადგან გამოწვევებისგან სიამოვნებას იღებდა, საკუთარი თავის გამოცდა მოსწონდა, ერთი კაცი წვრილთვალება ნაბიჭვრების წინააღმდეგ. დიდებული, დიდებული ბიჭი, წერს ვირთხა.
მოკლედ, შესანიშნავი წერილი გამოვიდა, ძალიან პირადი და გულის ამაჩუყებელი. მისი წერისას ვირთხა კინაღამ აღნავლდა. თვალები აუცრემლიანდა, უყვება, რა კარგი დრო აქვთ ერთად ნატარები, როგორ აქცია მისმა ძმამ ომი თითქმის სახალისოც კი, როგორ ტეხდა აურზარს და ბუგავდა დასახლებებს, ყოველ მხარეს კვამლის კორიანტელს აყენებდა. ჰო, მართლა, დიდებული იუმორის გრძნობაც ჰქონდა. აი, მაგალითად, როცა მდინარეზე იყვნენ და ის სათევზაოდ ხელყუმბარების მთელი შეკვრით წავიდა. ალბათ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე სასაცილო სანახაობა იყო, წერს ვირთხა, მთელი ის სისხლი, ურიცხვი რაოდენობის დახოცილი წვრილთვალება თევზი. მის ძმას ყველაფრის მიმართ სწორი დამოკიდებულება ჰქონდა. იცოდა, კარგი დრო როგორ ეტარებინა. ერთ ჰელოუინზე, მართლაც ცხელ და უცნაურად ბნელ ღამეს, ტიპმა ტანი სულ სხვადასხვაფერებით მოიხატა, სახეზე უცნაური ნიღაბი გაიკეთა და ჩასაფრებიდან მოულოდნელ თავადასხმაზე თითქმის სრულიად შიშველი გადავიდა, მხოლოდ ჩექმების, კვერცხების და M-16-ის ამარა. საუცხოო ადამიანი, წერს ვირთხა. კი, ხანდახან ცოტას უბერავდა, მაგრამ შეგეძლო მისთვის საკუთარი სიცოცხლე მიგენდო.
შემდეგ კი წერილი ძალიან ნაღვლიანი და სერიოზული ხდება. ვირთხა მთელ გულს შლის. იძახის, რომ ის ტიპი უყვარდა, რომ ის მსოფლიოში მისი საუკეთესო მეგობარი იყო. მონათესავე სულები ვიყავითო, წერს ის, ტყუპებივით თუ რაღაც მსგავსებიო, ძალიან ბევრი გვქონდა საერთოო. ტიპის დას ეუბნება, რომ ომის დამთავრების შემდეგ მას მოძებნიდა.
და რა ხდება?
რეტი წერილს გზავნის. ორი თვე იცდის. სულელი ბოზანდარა კი პასუხს საერთოდ არ უბრუნებს.
ნამდვილი ამბავი ომზე არასოდესაა მორალური. ის არც ჭკუას გვასწავლის, არც სათნოებისკენ გვიბიძგებს, არც ეთიკური ადამიანური ქცევების ნიმუშს გვთავაზობს და ადამიანებს არც იმისგან თავშეკავებას გვასწავლის, რასაც ყოველთვის ვააკეთებდით. თუ ამბავი მორალური ჩანს, არ დაიჯეროთ. თუ საომარი ისტორიის დამთავრების შემდეგ თავს ამაღლებულად გრძნობთ, ან თუ იგრძნობთ, რომ დიდი ნაგვიდან წესიერების რაღაც პატარა ნაწილი მაინც გადარჩა, მაშინ თქვენც ძალიან ძველი და საშინელი ტყუილის მსხვერპლი გამხდარხართ. არანაირი წესიერება არსებობს. არანაირი სათნოება. ეს პირველი ემპერიული წესია, მაშასადამე, ნამდვილი საომარი ისტორია მისი უმსგავსობასთან და სიბორეტესთან სრული და უკომპრომისო ერთგულებით ამოიცნობა. თუნდაც რეტ კაილის მოვუსმინოთ. ბოზანდარა, ამბობს ის. ძუკნას არ წერს. არც ქალს ან გოგოს. ბოზანდარა. შემდეგ კი იფურთხება და სადღაც იყურება. სულ ცხრამეტი წლისაა, — ეს ყველაფერი ძალიან უმძიმს, — ამიტომ იმ მშვიდი, მკვლელი დიდი თვალებით გიყურებს და ამბობს „ბოზანდარა”, რადგან მას მეგობარი მოუკლეს და რადგან ეს ყველაფერი დაუჯერებლად ნაღვლიანი და ნამდვილია: მას არადროს დაუბრუნებია პასუხი.
ნამდვილი ამბავი ომზე ისაა, რომელიც შეგაცბუნებთ. თუ უმსგავსობა არ გადარდებთ, მაშინ არც ჭეშმარიტება გადარდებთ; ხოლო თუ ჭეშმარიტება არ გადარდებთ, ხმის მიცემისას ფრთხილად იყავით. ბიჭები ომში გაგზავნეთ, უკან კი პირმყრალები დაგიბრუნდებიან.
ისევ ვირთხას მოვუსმინოთ: „ღმერთო ჩემო, ძმაო, უმტყვნელესი წერილი დავწერე, თავი დავაკალი, და რა მივიღე? ის სულელი ბოზანდარა არც კი მპასუხობს.”
დაღუპულ ტიპს კურტ ლიმონი ერქვა. აი რა მოხდა: ტალახიანი მდინარე გადავკეთეთ და დასავლეთით მთებისკენ მოვაწყეთ მარში, მესამე დღეს კი ჯუნგლების სიღრმეში ბილიკების გადაკვეთასთან შევისვენეთ. ლიმონმა და რეტ კაილიმ მაშინვე ოხუნჯობა დაიწყეს. მათ ავი წინათგრძნობა არ ჰქონდათ. ბავშვები იყვნენ; უბრალოდ ვერ ხვდებოდნენ. თავი ომში კი არა, უბრალოდ ბუნებაში სასეირნოდ ეგონათ, ასე რომ რაღაც უზარმაზარი ხეების ჩრდილს შეაფარეს თავი, — ოთხი ხის ტოტები იყო ერთმანეთში გადახლართული, მზე საერთოდ ვერ ატანდა — ხითხითებდნენ, ერთმანეთს ნაბიჭვაროს ეძახდნენ და თავიანთ მოგონილ სულელურ თამაშს თამაშობდნენ. თამაში საკვამლე ხელყუმარებით იყო, რომლებიც საკმაოდ უხიფათოა, თუ რაიმე სისულელეს არ ჩაიდენ. ისინი ყუმბარას დამცავ ჭილიბს აძრობდნენ, ერთმანეთისგან მოშორებით დგებოდნენ და იმ უზარმაზარი ხეების ჩრდილში ყუმბარას ერთმანეთს ესროდნენ. ვისაც შეეშინდებოდა, ნაბიჭვარი იყო. თუ არავის შეეშინდებოდა ყუმბარა მსუბუქად გაიტკაცუნებდა და ორივეს კვამლი დაფარავდა, ამაზე გაიცინებდნენ, აცეკვდებოდნენ და ისევ ხელახლა დაიწყებდნენ.
ეს ყველაფერი სრული სიმართლეა.
ეს თითქმის ოცი წლის წინ მოხდა, მაგრამ ისევ მახსოვს ის ბილიკები, ის გიგანტური ხეები და ხეებს უკან სადღაციდან მომავალი ნაზი წვეთვა. ხავსის სუნიც მახსოვს. ხეების ტოტებში პაწაწინა თეთრი ყვავილები, მაგრამ არავითარი მზის შუქი, ასევე მახსოვს ხეების ქვეშ გაშლილი ჩრდილი, სადაც ლიმონი და რეტ კაილი საკვამლე ხელყუმარებს ერთმანეთს ესროდნენ. მიტჩელ სენდერსი იჯდა და იო-იოს ათამაშებდა. ბაუკერი, კიოვა და დეივ ჯენსენი თვლემდნენ, ან ნახევრად თვლემდნენ, ჩვენ გარშემო კი ტეხილი მწვანე მთები იყო.
სიცილს თუ არ ჩავთვლით, გარშემო სრული სიჩუმე იყო.
მახსოვს, მიტჩელ სენდერსი მობრუნდა და შემომხედა, ცოტა ხნის შემდეგ კი იო-იო აკეცა და წავიდა.
შემდეგ რაც მოხდა რთული მოსაყოლია.
უბრალოდ ოხუნჯობდნენ. თუ არ ვცდები, რაღაც ხმა იყო, ალბათ ამფეთქის, ამიტომ უკან მივიხედე და დავინახე, როგორ გააბიჯა ლიმონმა ჩრდილიდან კაშკაშა მზის შუქში. სახე ყავისფერი და გაბრწყინებული ჰქონდა. მართლაც ლამაზი ყმაწვილი იყო. გამხდარი და ვიწროწელიანი. მახვილი, რუხი თვალები ჰქონდა. მისი სიკვდილი თითქმის მშვენიერი იყო, მზის შუქი გარშემო შემოერტყა, მაღლა ასწია და ხავსით, ღეროებით და თეთრი ყვავილებით სავსე ხეში შეიწოვა.
ომის შესახებ ნებისმიერ ისტორიაში, განსაკუთრებით კი ნამდვილში, რთულია მომხდარის გარჩევა თითქოს მომხდარისგან. თითქოს მომხდარი ცალკე შემთხვევა ხდება და ნაამბობიც ასევე უნდა იქნეს. მხედველობის კუთხეები მახინჯდება. მახე-ნაღმის აფეთქებისას თვალებს ხუჭავ, თავს სწრაფად ხრი და საკუთარ თავს ტოვებ. როცა ვიღაც კვდება, როგორც ლიმონი მოკდა, თვალს არიდებ, შემდეგ წამით ისევ აბრუნებ თავს, ბოლოს კი ისევ თვალს არიდებ. სურათები ერთმანეთში ირევა; ბევრ რამეს ვერ ამჩნევ. და მოგვიანებით, როცა ვიღაცას ამაზე უამბობ, ყოველთვისაა სიზმარეული მოჩვენებითობა, რომელიც ამბავს თითქოს არანამდვილს ხდის, მაგრამ სინამდვილეში კი მწარე და ზუსტ სინამდვილეს წარმოადგენს.
მრავალ შემთხვევაში, ომის შესახებ მართალი ამბის დაჯერება არ შეიძლება. თუ დაიჯერებთ, ეჭვები იქონიეთ. ეს სანდოობის საკითხია. ხშირად გიჟური რაღაცები მართალია, ჩვეულებრივი კი — არა, რადგან ჩვეულებრივი რაღაცეები იმისთვისაა საჭირო, რომ მართლაც დაუჯერებელი სიგიჟე დაგაჯეროთ.
დანარჩენ შემთხვევებში კი საომარ ისტორიას საერთოდ ვერც მოყვები. ხანდახან ამბავი უბრალოდ არ ექვემდებარება მოყოლას.
აი მაგალითად, ეს მიტჩელ სენდერსისგან მოვისმინე. ბინდდებოდა და ქუანგ ნგაის ჩრდილოეთით განიერი, ტალახიანი მდინარის გასწვრივ ჩემს სანგარში ვისხედით. მახსოვს, როგორი უწყინარი იყო ბინდი. მუქი მოვარდისფრო ალისფერი უხმოდ მიმავალ მდინარეზე გაეფინა, დილით ამ მდინარეს გადავჭრიდით და დასავლეთისკენ მთებში გავილაშქრებდით. კარგი ამბის მოსაყოლად შესაფრისი მომენტი იყო.
— ნაღდი ამბავია, — დაიწყო მიტჩელ სენდერსმა. — ექვსკაციანი საპატრულო რაზმი მთებში წავიდა ჩვეულებრივ მიყურადების პუნქტის ოპერაციაზე. მიზანი იყო კვირა იქ გაეტარებინათ, უბრალოდ გატრუნულიყვნენ და მოწინააღმდეგის გადაადგილებისთვის დაეგდოთ ყური. თან რადიო ჰქონდათ, ასე რომ თუ რაიმე საეჭვოს გაიგებდნენ — ნებისმიერ რამეს — არტილერიისთვის და მოიერიშე შვეულმფრენებისთვის უნდა შეეტყობინებინათ, რადაც არ უნდა დაჯდომოდათ მაინც. სხვა მხრივ მკაცრი საველე დისციპლინა უნდა დაეცვათ. აბსოლუტური სიჩუმე. უბრალოდ უნდა ესმინათ.
თვალი შემავლო, რათა დარწმუნებულიყო, რომ სცენარი წარმოდგენილი მქონდა. თვითონ იო-იოს ათამაშებდა, მაჯის მოკლე, პატარა მოძრაობებით აცეკვებდა.
ბინდში სახე უმეტყველო უჩანდა.
— დედისმტყვნელ მიყურადების საგუშაგოზეა ბაზარი. ის ექვსი ტიპი მთელი კვირა „ფუისაც!” კი ვერ დაიძახებს. ჩათვალე ენები არ აქვთ. მხოლოდ ყურები.
— გასაგებია, — ვუთხარი მე.
— ხვდები ხომ?
— უჩინრები.
სენდერსი თავს აქნევს.
— სწორია, — მპასუხობს ის. — უჩინრები. ხოდა რა ხდება, ეს ტიპები ბუჩქნარში იმალებიან, თავიდან ფეხებამდე შენიღბულები, წვებიან და იცდიან, სულ ესაა, მეტს არაფერს აკეთებენ, შვიდი დღე იქ წვანან და ყურს უგდებენ. და ძმაო, დამიჯერე — საშინელებაა. ეს მთებია. შიშის გემო არ იცი, სანამ იქ არ მოხვდები. ჯუნგლებივით რაღაცაა, მაგრამ ეს ზემოთ, ღრუბლებშია, და ყოველთვის ნისლისნაირი წვიმა მოდის, ოღონდ არ წვიმს — ყველაფერი სველი, ხვიარა და აბურდულია და საერთოდ ვერაფერს ხედავ, გადაფსმა რომ მოგინდეს საკუთარ პენისსაც ვერ იპოვნი. თითქოს სხეული საერთოდ არც გაქვს. მართლაც საშინელებაა. უბრალოდ ორთქლში იძირები — ბოლომდე ნისლი გიცავს…… და ის ხმები, ძმაო. ხმები მუდამ თან დაგყვება. ისეთ რაღაცეებს ისმენ, რაც მანამდე არავის სმენია.
სენდერსი წამით გაჩუმდა, უბრალოდ იო-იოს ათამაშებდა, შემდეგ კი გამიღიმა.
— ხოდა რამდენიმე დღის შემდეგ ამ ტიპებს რაღაც ნაზი, შემაძრწუნებელი მუსიკა ესმით. უცნაური ექოები და რაღაცეები. რადიოს თუ რაღაც ეგეთის მსგავსი, მაგრამ რადიო არაა, წვრილთვალებების უცნაური მუსიკაა, რომელიც პირდაპირ ქვებიდან მოდის. თითქოს შორიდან, მაგრამ ამავდროულად ძალიან ახლოდანაც. ცდილობენ ყურადღება არ მიაქციონ. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ მიყურადების პუნქტია? ამიტომ მოსმენა უწევთ. ასე რომ ყოველ ღამეს წვრილთვალებების ეს შეშლილი კონცერტი ესმით. ყველანაირი ჰარმონიები და ქსილოფონები. ხომ გესმის, ეს უდაბური ადგილია — შანსი არაა, მართალი ვერ იქნება — მაგრამ ხმა იქაა, თითქოს მთები წყეულ რადიო ჰანოიზეა მომართული. რა თქმა უნდა, ნერვიულობას იწყებენ. ერთი ტიპი ყურებში „ჯუსი-ფრუტს“ ირჭობს. მეორე კინაღამ ჭკუიდან იშლება. მაგრამ სირთულე იმაშია, რომ მუსიკის შეტყობინება არ შეუძლიათ. ტელეფონთან ვერ მივლენ, ბაზაში ვერ დარეკავენ და იტყვიან: „ჰეი, საცეცხლე სიძლიერე გვჭირდება, წვრილთვალებიანების ეს უცნაური როკ ჯგუფი უნდა ავაფეთქოთ.” ამას ვერ გააკეთებენ. ეგეთი რამ არ გამოვა. ასე რომ ნისშლი წვანან და კრინტს არ ძრავენ. და ყველაფერს დამატებით ის აუარესებს, რომ საცოდავი ტიპებს ჩვეულებრივად ვერ იოხუნჯებენ. თავს ხუმრობებით ვერ დაიწყნარებენ. ერთმანეთს ვერც კი ელაპარაკებიან, გარდა დროდადრო ჩურჩულისა, ძალიან ხმადაბლა და ამას საერთოდ ჭკუიდან გადაჰყავთ. სმენის გარდა არაფერს აკეთებენ.
და ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, მიტჩელ სენდერსმა მდინარეს გახედა. უკვე სწრაფად ბნელდებოდა და დასავლეთით მთების სილუეტებს ვხედავდი, მთელი თავიანთი საიდუმლოებით და უცნობლობებით.
— ახლა რასაც მოგიყვები, — თქვა სენდერსმა ხმადბლა, — არ დაიჯერებ.
— ალბათ მართალი ხარ, — ვუპასუხე მე.
— არ დაიჯერებ. და იცი რატომ?
— რატომ?
დაღლილი იერით გამიღიმა.
— იმიტომ რომ მართლა მოხდა. იმიტომ რომ ყოველი სიტყვა სრული ჭეშმარიტებაა.
სენდერსს ყელიდან რაღაც ხმა ამოუვიდა, ამოხვნეშის მსგავსი, თითქოს არ ადარდებდა, დავიჯერებდი თუ არა. მაგრამ ადარდებდა. უნდოდა, რომ დამეჯერებინა, ამას ვამჩნევდი. რაღაცნაირად მოწყენილი გამოიყურებოდა.
— ხოდა ამ ექვს ტიპს უკვე საკმაოდ დარხეული აქვთ. ერთ ღამეს რაღაც ხმები ესმით. თითქოს კოქტეილზე ყოფილიყვნენ. სწორედ ეგეთი ხმა იყო, თითქოს წვრილთვალებები სადღაც ნისლში კოქტეილს აწყობდნენ. მუსიკა, ლაქალაქი და ეგეთი რაღაცეები. სიგიჟეა, ვიცი, მაგრამ შამპანურის საცობის ხმები და მარტინის ჭიქების ჭახუნი ესმით. ნამდვილი პერო წვეულება, ყველაფერი ძალიან ცივილიზებულად, მაგრამ აქ ხომ ცივილიზაციას არაფერი ესაქმება. ეს ხომ ნამია.
— მოკლედ, ეს ტიპები ცდილობენ ნერვებს არ აჰყვნენ. უბრალოდ იქ წვანან და არიან, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ — ამას არ დაიჯერებ, — კამერული მუსიკა ესმით. ვიოლინოები და ეგეთი სირობები. შესანიშნავი მამასანი სოპრანოს ხმა ესმით. ცოტა ხნის შემდეგ კი წვრილთვალებების ოპერის, მომღერლების გუნდის, ჰაიფონგელი მგალობელი ბიჭების, ბარბერშოპის კვარტეტის და ყველნაირი უცნაური გალობის და ბუდა-ბუდა რაღაცეების ხმა ესმით. მთლი ეს დრო, უკანა პლანზე, კოქტეილი ისევ მიმდინარეობს. ამდენი განსხვავებული ხმა. თუმცა ადამიანის ხმა საერთოდ არ ყოფილა. იმიტომ რომ მთებში არიან. ხვდები ხო? ქვა — ქვა ლაპარაკობს. და ნისლიც, და ბალახი და წყეული მანგუსტები. ყველაფერი ლაპარაკობს. ხეები პოლიტიკაზე საუბრობენ, მაიმუნები რელიგიაზე მსჯელობენ. მთელი ქვეყანა. მთელი ვიეტნამი ლაპარაკობს.
— ტიპები ვეღარ უძლებენ. ლამის ჭკუიდან გადადიან. რადიოსთან მიდიან, მტრის გადაადგილებას ატყობინებენ — მთელი არმიაა, ამბობენ ისინი — და საცეცხლე სიძლიერეს იბარებენ. არტილერიას და მოიერიშე შვეულმფრენებს უგზავნიან. საჰაერო დარტყმას აწყობენ. და დამიჯერე, იმ კოქტეილს დედა უტირეს. მთელი ღამის განმავლობაში ბუგავდნენ მთებს. ჯუნგლების წვენი დაამზადეს. ხეები, მგალობლები და ყველაფერი ააფეთქეს, რისი აფეთქებაც შეიძლებოდა. ყველაფერი გადაწვეს. მთელი მთაგრეხილი ნაპალმში აბანავეს. „ჰიუ კობრები“ და ეფ-4-ები გამოიძახეს, თეთრი ფოსფორი, ფუგასური ბომბები და ცეცხლგამჩენები გამოიყენეს. ყველგან ცეცხლია. მთებისგან აღარაფერი დატოვეს.
— განთიადისას ყველაფერი მიწყნარდა. შანსი არაა ეგეთი სიწყნარე სადმე გენახოს. აი ისეთი დღე იყო, ძალიან დამძიმებული და ჯანღიანი — მხოლოდ ღრუბლები და ნისლი, — და მთებში მტკნარი სიჩუმეა. როგორც ბრიგადონში იყო, — ხომ იცი, ორთქლი და რამე? ყველაფერი ნისლშია ჩაფლული. სრული სიჩუმეა, ოღონდ ის ხმები ისევ ესმით.
— ასე რომ ბარგს ალაგებენ და იქიდან მიდიან. მთაზე ჩამოდიან, საბაზო ბანაკში ბრუნდებიან და იქ მისულები კრინტს არ ძრავენ. აღარ ლაპარაკობენ. სიტყვასაც კი არ ამბობენ, გეგონება დაყრუვდნენ და დამუნჯდნენო. მოგვიანებით ერთი გასიებული კოლონელი მიდის მათთან და ეკითხება ეგეთი რა ჯანდაბა მოხდა. ეგეთი რა გაიგონეს? ამხელა შეიარაღება რაში დასჭირდათ? კაცს ყელში აქვს ამოსული, ბოლომდე აწვება პასუხების მისაღებად. ტიპებმა საცეცხლე სიძლიერეში ექვსი ტრილიონი დოლარი დახარჯეს, ამ გასიებულ კოლონელს კი პასუხები სურს, უნდა, გაიგოს, რა ჯანდაბა მოხდა.
— მაგრამ ტიპები ხმას არ იღებენ. უბრალოდ დებილებივით გაოგნებულები უყურებენ და ამ მზერაში მთელი ომის დანახვა შეიძლება. ეს მზერა ყველაფერს გეუბნება, რასაც ვერასდროს მოყვები. გეუბნება, ძმაო, ყურები გოგირდით გაქვს გამოტენილი. გეუბნება, საცოდავო ნაბიჭვარო, ვერასოდეს გაიგებ — სიხშირე შეგეშალა — ამის მოსმენა არასოდეს მოგინდება. შემდეგ იმ სირს სალამი მისცეს და გაიარეს, რადგან ზოგიერთი ამბავი არასოდეს უნდა მოყვე.
ომის შესახებ მართალი იმით იცნობ, რომ თითქოს არასოდეს სრულდება. არც მაშინ, არც ახლა. არც მაშინ, როცა მიტჩელ სენდერსი წადმოგა და სიბნელეში გაუჩინარდა.
ეს ყველაფერი მოხდა.
დროდადრო მახსენდება ხოლმე ის იო-იო. გარკვეულწილად, მგონი, იქ უნდა ყოფილიყავი, უნდა მოგესმინა, მაგრამ ვხვდებოდი, რამდენად სასოწრკვეთილად სურდა სენდერსს, რომ დამეჯერებინა. მისი იმედგაცრუება, რომ დეტალები ზუსტად ვერ შეიტყო, რომ დასკვნითი და საბოლოო ჭეშმარიტება ვერ მოიპოვა.
ასევე მახსოვს, როგორ ვიჯექი ჩემს სანგარში იმ ღამით, ქუანგ ნგაის ჩრდილებს ვუყურებდი, მომავალ დღეზე ვფიქრობდი, როგორ გადავჭრიდით მდინარეს, და დასვლეთით მთებისკენ მოვაწყობდით მარშს, სიკვდილის ყველანაირ გზაზე, ყველაფერზე, რაც ვერ გავიგე.
მოგვიანებით იმ ღამეს მიტჩელ სენდერსმა მხარზე დამადო ხელი.
— ახლა მივხვდი, — ჩამჩურჩულა მან. — მორალს ვგულისხმობ. არავინ ისმენს. არავის არაფერი ესმის. იმ გასიებული კოლონელივით. პოლიტიკოსებს, ყველანაირ სამოქალაქო ტიპს, ურჩევნიათ მიყურადების პუნტქზე წავიდნენ. ის ორთქლი, ძმაო. ხეები და ქვები — შენს მტერს უნდა უსმინო.
და ისევ, დილით სენდერსი ჩემთან მოვიდა. ოცეული გასასვლელად ემზადებოდა, იარაღს ამოწმებდნენ, ყველა იმ პატარა რიტუალს ასრულებენ, რომელიც მარშისთვისაა საჭირო. მოწინავე რაზმს მდინარე უკვე გადაეკვეთა და დასავლეთისკენ მიიწევდა.
— უნდა ვაღიარო, — დაიწყო სენდერსმა. — წუხელ პატარ-პატარა რაღაცეების ჩამატება მომიხდა.
— ვიცი.
— მომღერლების გუნდი. იქ მომღერლების გუნდი არ ყოფილა.
— გასაგებია.
— არც ოპერა.
— დაივიწყე, ვხვდები.
— ჰო, მაგრამ მისმინე, მაინც მართალია. იმ ექვსმა ტიპმა იქ რაღაც უკეთური ხმა მოისმინა. ისეთი ხმა, რომლის არსებობასაც ვერ დაიჯერებ.
სენდერსმა ზურგჩანთა აიღო, წამით თვალები დახუჭა და შემდეგ თითქმის გამიღიმა.
ვიცოდი, რისი დროც იყო, მაგრამ დავასწარი.
— კარგი, — ვუთხარი მე, — მორალი რა არის?
— დაიკიდე.
— არა, თქვი.
კარგა ხანი ხმას არ იღებდა, სადღაც იყურებოდა და სიჩუმე ლამის უხერხულობამდე გაიწელა. შემდეგ მხრები აიჩეჩა და ისე შემომხედა, რომ ეს მზერა მთელი დღე გაგრძელდა.
— ეს სიჩუმე გესმის, ძმაო? — თქვა მან. — აი შენი მორალი.
ომის შესახებ ნამდვილ ამბავში მორალი, თუ ის საერთოდ არსებობს, ტანისამოსში ჩაქსოვილი ძაფივითაა. მისი ამოძრობა არ შეიძლება. შეუძლებელია დედაარსის მიღება, სხვა, უფრო ღრმა დედაარსის გამოაშკარავების გარეშე. და ბოლოს, გამოდის ისე, რომ ომის შესახებ ნამდვილ ამბავზე განსაკუთრებულს ვერაფერს იტყვი, გარდა, შესაძლო წამოძახილისა „ვაჰ“. ომის შესახებ ნამდვილი ამბები თავიანთ მიზნად რაღაც ზოგადი დასკვნების გამოტანის არ ისახავენ. ისინი შორს არიან აბსტრაქტული ფიქრებისგან ანდა ანალიზური ძიებებისგან.
მაგალითად, ავიღოთ საკმაოდ პოპულარული გამოთქმა: „ომი ჯოჯხეთია.” დამრიგებლობითი ძველი გაცვეთილი ჭეშმარიტების გადმოსაცემად, ეს ტრუიზმი სრულ სიმართლეს წარმოადგენს, თუმცა, რადგან საგანზე განყენებულად საუბრობს, მას განაზოგადებს, მისი სიმართლე ნაწლავებამდე ვერ ატანს. სულს არ ძრავს.
ყველაფერი იქამდე დადის, რასაც „შინაგანი ალღო“ ეწოდება. ომის შესახებ ნამდვილი ამბავი, თუ ის პატიოსნადაა მოყოლილი, სწორედ ამ „შინაგანს“ აჯერებს.
სწორედ ასე ხდება, როდესაც მომდევნო ისტორიას ვყვები. ეს აქამდეც მაქვს ნაამბობი — მრავალჯერ, მრავალი ვერსია — მაგრამ აი, რა მოხდა სინამდვილეში.
მდინარე გადავლახეთ და დასავლეთით მთებისკენ დავიძარით. მესამე დღეს კურტ ლიმონმა საარტილერიო ჭურვის მახე-ნაღმს დაადგა ფეხი. წამის წინ იცინოდა, რეტ კაილისთან ერთად თამაშობდა, ახლა კი მკვდარია. სქელი ხეები იყო და სამედიცინო შვეულმფრენისთვის დაჯდომის ზონის გასაწმენდად თითქმის ერთი საათი დაგვჭირდა.
მოგვიანებით, მთებში უფრო მაღლა, ვიეტკონგური კამეჩის ნაშიერს გადავაწყდით. არ ვიცი, იქ რას აკეთებდა — ახლომახლო არც სოფლები იყო, არც ბრინჯის ყანები — მაგრამ დავეწიეთ, ყულფი წამოვასხით და წავიყვანეთ მიტოვებულ სოფელში, სადაც ღამე უნდა გაგვეთენებინა.
ვახშმის შემდეგ რეტ კაილი კამეჩთან მივიდა და ცხვირზე ხელი გადაუსვა.
შემდეგ C-რაციონის კონსერვი გახსნა — ღორის ხორცი და ლობიო — და კამეჩს შესთავაზა, მაგრამ ცხოველს ინტერესი არ გამოუჩენია.
რეტმა მხრები აიჩეჩა.
უკან გადააბიჯა და მარჯვენა წინა ფეხის მუხლის სახსარში ესროლა.
ცხოველს ბგერა არ გამოუცია. მძიმედ დაეცა, მაგრამ მალევე წამოდგა. რეტმა საგულდაგულოდ დაუმიზნა და ყური წააწყვიტა. კამეჩს სუკში და მომცრო კუზში ესროლა. შემდეგ — ორჯერ ფერდებში. ეს მოსაკლავად არ გაუკეთებია, მხოლოდ მისი გატანჯვა სურდა. შაშხანა დრუნჩზე მიუშვირა და კამეჩს პირი წააწყვიტა. ხმა არავის ამოუღია. მთელი ოცეული იდგა და სანახაობას თვალს ადევნებდა, ყველაფერზე ფიქრობდნენ ყველაფერზე, მაგრამ პატარა კამეჩი დიდად არავის შესცოდებია. კურტ ლიმონი მოკვდა. რეტ კაილიმ საუკეთესო მეგობარი დაკარგა. ერთ კივრაში რეტი ძმაკაცის დას გრძელ წერილს მისწერს, ის კი პასუხს არ დაუბრუნებს, მაგრამ ახლა მხოლოდ ტკვილის საკითხი იდგა. კამეჩს კუდი წააწყვიტა. ნეკნებს ქვემოთ ხორცის ნაგლეჯები წააცალა. გარშემო ყველაფერს კვამლის, სიბინძურის და სიმწვანის სუნი უდიოდა; საღამო ნოტიო იყო და ძალიან ცხელოდა. რეტმა შაშხანა ავტომატური სროლის რეჟიმზე გადართო. დაუმიზნებლად, თითქმის უდარდელადაც მიაცალა ტყვიების ნაკადი მუცელში ცხოველს. შემდეგ ხელახლა გატენა, ჩაიცუცქა და მარცხენა წინა ფეხის მუხლის სახსარში ესროლა. ცხოველი ისევ მძიმედ დაეცა და წამოდგომას შეეცადა, მაგრამ ამჯერად აღარ გამოუვიდა. აბარბაცდა და გვერდზე დაეცა. რეტმა ცხვირში ესროლა. შემდეგ წინ გადაიხარა და ცხოველს ძველი ოთხფეხა მეგობარივით ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, შემდეგ კი ყელში ესროლა. მთელი ეს დრო კამეჩი ჩუმად იყო, ისმოდა მხოლოდ ყრუ ბუყბუყა ხმა იმ ადგილიდან, სადაც ადრე მისი ცხვირი იყო. ახლა გაუნძრევლად იწვა. არაფერი იძროდა, გარდა მისი ვეებერთელა, უდრტვინველი შავგუგებიანი თვალებისა.
რეტ კაილი ატირდა. რაღაცის თქმას შეეცადა, შემდეგ შაშხანა ბავშვივით ჩაიხუტა და წავიდა.
დანარჩენები კამეჩს შემოვეხვიეთ, უსწორმასწორო წრე შევკარით. რამდენიმე ხანი ხმა არავის ამოგვიღია. რაღაცის მოწმეები გავხდით — რაღაც არსებითის, სრულიად ახლის და ღრმააზროვანის, რაღაც იმდენად განსაცვიფრებლის, რასაც სიტყვებით ვერ აღწერ.
ვიღაცამ კამეჩს ფეხი ჰკრა.
ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა მხოლოდ ოდნავღა, მხოლოდ თვალებში.
— საოცარია, — თქვა ბოლოს დეივ ჯენსენმა, — ცხოვრებაში ასეთი არაფერი მინახავს.
— არასოდეს?
— არასოდეს.
კიოვამ და მიტჩელ სენდერსმა ცხოველი აიყვანეს. გაშლილი მოედნის იქით გადაიყვანეს, ასწიეს და სოფლის ჭაში ჩააგდეს.
ამის შემდეგ უბრალოდ ვისხედით და ველოდით, როდის აიყვანდა რეტი თავს ხელში.
— საოცარია, — განაგრძობდა დეივ ჯენსენი. — რაღაც ახალი. ეგეთი არაფერი მინახავს.
მიტჩელ სენდერსმა იო-იო ამოიღო. — ეგეც შენი ნამი, — თქვა მან. — უკეთურების ბაღი. აქ ყოველი ცოდვა ახალი და განუმეორებელია, ძმებო.
აქედან რა დასკვნა უნდა გამოიტანო?
ომი ჯოჯოხეთია, მაგრამ ეს მისი მნიშვნელობის ნახევარიც კი არ არის, რამდენადაც ომი საიდუმლოც არის, საშინელებაც, თავგადასავალიც, ვაჟკაცობაც, აღმოჩენაც, სიწმინდეც, სიბრალულიც, სასოწარკვეთილებაც, ლტოლვაც და სიყვარულიც. ომი საზიზღარია; ომი მხიარულებაა. ომი ამაღელვებელია; ომი საკირკიტო სამუშაოა. ომი კაცად გაქცევს; ომი მკვდრად გაქცევს.
ჭეშმარიტებები წინააღმდეგობრივია. მაგალითად, შესაძლებელია, ამტკიცოთ, რომ ომი უაზროა. მაგრამ ომი ამავე დროს ისეთი ლამაზია. რამდენადაც საშინელი არ უნდა იყოს, შეუძლებელია ბრძოლის საზარელ დიდებულებას არ მიაჩერდე. დაჟინებით აცქერედბი მგეზავი ტყვიების მოძრაობას, რომლებიც სიბნელეს მოელვარე წითელი ლენტებივით ჭრიან. იცუცქები, ჩასაფრებული იცდი, ცივი, აპათიური მთვარე კი ბრინჯის ყანების თავზე მიიწევს. აღტაცებაში მოჰყავხარ მოძრაობაში მყოფი ჯარების მანევრულ სიმეტრიას, ხმის, ფორმის და პროპორციის ჰარმონიებს, მოიერიშე შვეულმფრენიდან კოლოსალურ ნაკადებად მომდინარე გავარვარებულ რკინას, მანათობელ ჭურვებს, თეთრ ფოსფორს, ნაპალმის მეწამულ-ნარინჯისფერ ნათებას, რაკეტების წითელ ელვარებას. მთლად ლამაზიც არ არის. უფრო განსაცვიფრებელი. ყველაფერ დანარჩენს ჩრდილავს. ეს გიმორჩილებთ. თქვენ ის გძულთ, კი, მაგრამ თქვენს თვალებს არა. როგორც ტყეებში გაჩენილი უზარმაზარი ხანძარი, როგორც კიბო მიკროსკოპის ქვეშ, ნებისმიერ ბრძოლას, დამომბვითი რეიდს თუ საარტილერიო ტალღას აბსოლუტური მორალური ინდიფერენტულობის ესთეტიური სიწმინდე გააჩნია — ძლიერი, ულმობელი მშვენიერება — და ომის შესახებ ნამდვილი ამბავი ამაზე სიმართლეს გაგიზიარებთ, თუმცა სიმართლე უშნოა.
ომის შესახებ განზოგადებების გაკეთება, იგივეა, რაც მშვიდობის შესახებ განზოგადებების გაკეთება. თითქმის ყველაფერი მართალია. თითქმის ყველაფერი შეთხზულია. დედაარსით, ალბათ, ომი უბრალოდ სიკვდილის მეორე სახელია, მაგრამ მაინც, ნებისმიერი ჯარისკაცი, თუ სიმართლეს იძახის, გეტყვით, რომ სიკვდილთან სიახლოვს თან ახლავს შესაბამისი სიახლოვე სიცოცხლესთან. საცეცხლე შეტაკების შემდეგ ყოველთვის გრძნობ ცოცხლად ყოფნის განუზომელ სიამოვნებას. ხეებიც ცოცხლები არიან. ბალახიც, მიწაც — ყველაფერი. შენ გარშემო ყველაფერი სიცოცხლეს აფრქვევს და მათ შორის შენც, და სწორედ ეს სიცოცხლის შეგრძნება გაწყებინებს კანკალს. საკუთარი მეს სიცოცხლის ძლიერ, წარმოუდგენელ გაცნობიერებას გრძნობ — შენი ყველაზე მართალი მეს, ადამიანის, რომელიც გინდა რომ იყო და ამ სურვილის სიძლიერით ხდები კიდეც. ბოროტების შუაგულში გინდა, კარგი ადამიანი იყო. წესიერება გინდა. სამართლიანობა, თავაზიანობა და ადამიანური თანხმობა გსურს, ისეთი რაღაცეები, რაც მანამდე არასოდეს გისურვია. ეს რაღაც სიდიდის მსგავსია; რაღაც ღვთისმოსაობის მსგავსი. მართალია უცნაურია, მაგრამ არასდროს ხარ უფრო ცოცხალი, ვიდრე მაშინ, როცა თითქმის მკვდარი ხარ. აცნობიერებ, რა არის ძვირფასი. ხელახლა, თითქოს პირველად, გიყვარდება ყველაფერი საუკეთესო შენში და სამყაროში, ყველაფერი — რაც შეიძლება დაიკარგოს. ბინდის ჟამს სანგარში ზიხარ და უყურებ ნელ-ნელა მოვარდისფრო მეწამულად ქცეულ განიერ მდინარეს და მის უკან აღამრთულ მთებს, და მიუხედავად იმისა, რომ დილით მდინარე უნდა გადაკვეთო, მთებში ახვიდე, საშინელი რაღაცეები ჩაიდინო და შესაძლოა მოკვდე კიდეც, ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც, აცნობიერებ, რომ მდინარის მშვენიერ ფერებს აკვირდები, მზის ჩასვლის ცქერისას გაოცებას და მოწიწებას გრძნობ, და გავსებს ძლიერი, მტკივანი სიყვარული იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს მსოფლიო, როგორი უნდა ყოფილიყო ყოველთვის, მაგრამ ახლა არ არის.
მიტჩელ სენდერსი მართალი იყო. ჩვეულებრივი ჯარისკაცისთვის მაინც, ომის — მისი სულიერი ქსოვილის — ხელით მოსინჯვა შეგიძლია — როგორც ფართო აჩრდილისებრ ნისლის, მკვრივის და მუდმივის. სიცხადე არ არსებობს. ყველაფერი ბრუნავს. ძველი წესები აღარ მოქმედებს, ძველი ჭეშმარიტებები ჭეშმარიტებები აღარაა. სიმართლე უმართლობაში გადადის. წესრიგი ქაოსში ითქვიფება, სიძულვილი — სიყვარულში, სიმახინჯე — სილამაზეში, კანონი — ანარქიაში, თავაზიანობა — ველურობაში. ანაორთქლი გშთანთქავს. ვერ შეძლებ თქვა, სად ხარ, ან რატომ ხარ იქ. ერთადერთი, რაც უეჭველია — არის აბსოლუტური ორაზროვნება.
ომში გარკვეულობის გრძნობას კარგავ, ამის შედეგად კი თვითონ ჭეშმარიტების გრძნობასაც. მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ ომის შესახებ მართალ ამბავში არაფერი წარმოადგენს სრულ ჭეშმარიტებას.
ხშირად ომის შესახებ მართალ ამბავში არსიც კი არ არის, ან თუ არის მას ოცი წლის შემდეგ ხვდები ძილში, გეღვიძება, ცოლს აღვიძებ, და მისთვის ისტორიის მოყოლას იწყებ, თუმცა სანამ ბოლოში მიხვალ არსი ისევ გავიწყდება. შემდეგ დიდ ხანს წევხარ ფხიზლად და თავში ისტორიას მიმდინარეობას აკვირდები. საკუთარი ცოლის სუნთქვას უსმენ. ომი დასრულდა. თვალებს ხუჭავ. იღიმი და ფიქრობ, ღმერთო, მაშ საქმის არსი რაშია?
მე მომდევნო ისტორია მაღვიძებს.
იმ დღეს მთებში დავინახე, როგორ მიბრუნდა ლიმონი გვერდით. გაიცინა და რეტ კაილის რაღაც უთხრა. შემდეგ საინტერესო ნახევარბიჯი გააკეთა, ჩრდილიდან მზის კაშკაშა შუქში გავიდა და მახე-ნაღმმა ხეზე შემოსტყორცნა. მისი ნაწილები უბრალოდ იქ ეკიდა, ამიტომ მე და დეივ ჯენსენს გვიბრძანეს ხეზე ავსულიყავით და ჩამოგვეყარა ის, რაც მისი სხეულისგან დარჩა. მახსოვს მისი ხელის თეთრი ძვალი. მახსოვს კანის ნაგლეჯები და რაღაც სველი და ყვითელი, სავარაუდოდ მისი ნაწლავები. საზარელი სიბინძურე იყო და არაფრით არ ამომდის თავიდან, მაგრამ ოცი წლის შემდეგ რაც მაღვიძებს, არის ნორმან ბაუკერი, რომელიც სანამ ჩვენ ხიდან ნაფლეთებს ვყრიდით, „ლიმონის ხეს“ მღეროდა.
ომის შესახებ ამბის სიმართლეში დარწმუნება კითხვების დასმით შეიძლება. ვთქვათ, ვიღაცამ თავისი ისტორია გიამბოთ, შემდეგ კი ეკითხებით: „მართლა ასე მოხდა?” და, თუ პასუხს მნიშვნელობა აქვს, გაიგებთ, სიმართლე გითხრეს თუ არა.
მაგალითად, ეს ისტორია ყველამ იცის. ოთხი ტიპი ბილიკს მიუყვება. მათკენ ყუმბარა გამოფრინდება. ერთი ტიპი ზედ ახტება, აფეთქებას საკუთარ თავზე იღებს და დანარჩენ სამს სიკვდილისგან იხსნის.
ეს მართალია?
პასუხი მნიშვნელოვანია.
თავს მოტყუებულად იგრძნობ, ესეთი რამ თუ არასდროს მომხდარა. შოკის მომგვრელი რეალობა რომ არა, ეს ისტორია მხოლოდ ხოტბის შეხმის მორიგი მაგალითია, სუფთა ჰოლივუდი, ტყუილი, იმავე მნიშვნელობით, რომლითაც ყველა მსგავსი ისტორიაა ტყუილი. და სინამდვილეში რომ მომხდარიყო კიდეც, — შესაძლოა მოხდა კიდეც, ყველაფერია შესაძლებელი, — იცი, რომ არ შეიძლება ეს სიმართლე იყოს, რადგან ომის შესახებ ნამდვილი ამბავი ასეთ სინამდვილეზე არაა დამყარებული. სხვა დანარჩენთან მოწყვეტით მნიშვნელობა არ აქვს — მოხდა ეს თუ არა. რაღაც შესაძლოა მოხდეს და სრული სიცრუე იყოს; რაღაც შესაძლოა არ მოხდეს და მართალზე მართალი იყოს. დავუბრუნდეთ ოთხი ძმაკაცის და ყუმბარის მაგალითს. ყუმბარა მათკენ მოფრინავს. ერთი ტიპი ზედ ახტება და მთელ აფეთქებას საკუთარ თავზე იღებს, მაგრამ ეს მძლავრი ყუმბარაა და მაინც ყველა იხოცება. თუმცა, სანამ დაიხოცებიან, ერთ-ერთი მკვდარი ტიპი იკითხავს, „ეს რა ჯანდაბა გააკეთე?”, გადამხტარი კი უპასუხებს, „სამაგიეროდ ახლა გმირი ვარ“, და მეორე ტიპი გაიღიმებს, მაგრამ ისიც მკვდარია.
ასეთია ნამდვილი ისტორია, რომელიც არასოდეს მომხდარა.
ოცი წელი გავიდა და ისევ ვხედავ მზის შუქს კურტ ლიმონის სახეზე. ვხედავ, როგორ ბრუნდება, მზერას რეტ კაილის სტყორცნის, შემდეგ მის სიცილს და იმ საინტერესო ნახევარბიჯს ჩრდილიდან მზის სინათლეში. მის ყავისფერ და მნათობელ სახეს, და როცა მისმა ფეხმა მახე აამოქმედა, იმ წამს, ალბათ, ეგონა, რომ მზის სინათლე კლავდა. მაგრამ ეს მზის სინათლე კი არა, 105-მმიანი ჰაუბიცას ლაღუმიანი ჭურვი იყო. და თუ ოდესმე ისტორიის სწორად დაწერა შევძელი: როგორ გაანათა მზემ, აიღო და იმ ხეს შემოსრტყორცნა, როგორღაც თუ შევძელი აღდგენა იმ სინათლის ფატალური სითეთრის, სწრაფი ანთების, აშკარა მიზეზის და შედეგის, მაშინ თქვენც მოგიხდებოდათ იმის დაჯერება, რისიც სჯეროდა კურტ ლიმონს, რომლისთვისაც ეს უკანასკნელი ჭეშმარიტება იყო. ის მზის სინათლემ მოკლა.
დროდადრო, ამ ისტორიის მოყოლის შემდეგ, ვიღაც აუცილებლად მოდის ჩემთან, და მეუბნება, რომ ის მოეწონა. თანაც ეს ყოველთვის ქალი. ჩვეულებრივ ასაკში შესული, კეთილი და ჰუმანური. მიხსნის, რომ, როგორც წესი, ომის შესახებ ისტორიების ატანა არ აქვს: არ ესმის, რატომ სურს ხალხს სისხლში და ხორცში გორაობა. მაგრამ ეს ისტორია მოეწონა. ხანდახან, ცრემლიც კი იღვრება. მირჩევს, რომ ყველაფერი უკან მოვიტოვო. ახალი ისტორიები ვიპოვო.
არ ვიტყვი, მაგრამ ვიფიქრებ.
რეტ კაილის სახეს წარმოვიდგენ, მის მწუხარებას, და გავიფიქრებ, შე სულელო ბოზანდარა.
იმიტომ რომ არ მისმენდა.
ეს საომარი ისტორია კი არა სასიყვარულო ისტორია იყო.
მაგრამ ამის თქმა შეუძლებელია. ერთადერთი, რაც შეგიძლია, მოყვე ამას ხელახლა, მოთმინებით, დაამატო, შეამოკლო, რაღაც მოიგონო, რათა ნამდვილი სიმართლე მიიღო. მიტჩელ სენდერსი არ ყოფილა, ეტყვი მას. არც კურტ ლიმონი, არც რეტ კაილი. და ეს ყველაფერი არც მთებში მომხდარა, არამედ ერთ პატარა სოფელში ბატანგანის ნახევარკუნძულზე, კოკისპირულად წვიმდა და ერთ ღამეს ტიპს სახელად სტინკ ჰერისი, ყვირილით გაიღვიძა იმის გამო, რომ ენაზე წურბელა ეჯდა. ნამდვილი საომარი ისტორიის ცნობა იმით შეიძლება, რომ უბრალოდ მის მოყოლას აგრძელებ.
და ბოლოს, რა თქმა უნდა, ნამდვილი საომარი ისტორია ომზე არასოდესაა. ის იმაზეა, თუ როგორ განსაკუთრებულად ეფინება ალიონი მდინარეს, როდესაც იცი, რომ ეს მდინარე უნდა გადაჭრა, მთებისკენ დაიძრა და გააკეთო ის, რისი გაკეთებისაც გეშინია. ეს ყველაფერი სიყვარულზე და მოგონებაზეა. ეს ყველაფერი მწუხარებაზეა. ეს დებზეა, რომლებიც არასოდეს პასუხობენ და ხალხზე, რომელიც არასოდეს ისმენს.