ადამიანებს არ შეგვიძლია, განვჭვრიტოთ მომავალი, მაგრამ ის მაინც შეგვიძლია, წარმოვიდინოთ ის ისეთი, როგორიც გვინდა რომ იყოს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას უფლებების ვრცელი სია აქვს გაცხადებული, მაგრამ კაცობრიობის უდიდეს ნაწილს სხვა არაფერი გააჩნია, გარდა უფლებისა, რომ დაინახოს, მოისმინოს და მოკეტოს.

რა მოხდება, რომ ჯერ არასდროს გაცხადებული ოცნების უფლება გამოვაცხადოთ? რა უჭირს, თუ ცოტათი ვიოცნებებთ? თვალები ყოველდღიურობის მიღმა მივაპყროთ და ვეცადოთ, დავინახოთ სხვა სამყარო, სადაც:

ძაღლები უფრო მეტნი იქნებიან ქუჩებში, ვიდრე მანქანები.

ჰაერი დაბინძურებული აღარ იქნება, და თუ მაინც იქნება, მხოლოდ ადამიანური შიშებით და ვნებებით.

ტელევიზორი აღარ იქნება ოჯახის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი. ადამიანები მას საუთოო დაფად ან სარეცხ მანქანად გამოიყენებენ.

ბიჭებს, რომლებსაც არ უნდათ ჯარში წასვლა, არ დაიჭერენ. დაიჭერენ მხოლოდ იმათ, ვისაც უნდა რომ წავიდეს.

ადამიანები იმუშავებენ იმისთვის, რომ იცხოვრონ და არა პირიქით.

კანონით სანქცია იქნება გათვალისწინებული სისულელისთვის, რომელსაც ისინი სჩადიან, ვინც რაიმეს ფლობისთვის ან მოგებისთვის ცხოვრობენ და არა უბრალოდ ცხოვრებისთვის – როგორც ჩიტი მღერის იმის ცოდნის გარეშე, რომ მღერის და როგორც ბავშვი თამაშობს, იმის გააზრების გარეშე, რომ თამაშობს.

არცერთ დაავადებას არ ერქმევა სასიკვდილო, რადგან ცხოვრება თავად არის მოკვდავი.

ეკონომისტები ცხოვრების დონეს მოხმარების დონით არ განსაზღვრავენ და არც ნივთების რაოდენობით დაადგენენ მის ხარისხს.

ისტორიკოსები არ დაიჯერებენ, რომ ქვეყნებს სიამოვნებთ, როცა მათ იპყრობენ.

პოლიტიკოსები არ დაიჯერებენ, რომ ღატაკებს სიამოვნებთ იაფფასიანი საჭმლის ჭამა.

მზარეულები არ დაიჯერებენ, რომ ასთაკვები ბედნიერები არიან, როცა მათ ცოცხლად ხარშავენ.

მსოფლიო ღარიბების წინააღმდეგ კი არა, სიღარიბის წინააღმდეგ იქნება ომში და სამხედრო ინდუსტრიას სხვა გზა აღარ დარჩება, გარდა საკუთარი თავის გაკოტრებულად გამოცხადებისა.

არავინ მოეპყრობა ქუჩის ბავშვებს როგორც ნაგავს, რადგან ბავშვები არ იქნებიან ქუჩაში.

არავინ მოეპყრობა მდიდარ ბავშვებს ისე, როგორც ფულს ეპყრობიან, რადგან მდიდარი ბავშვები არ იარსებებენ.

სიკვდილი და ფული დაკარგავენ თავიანთ მაგიურ ძალას და არც გარდაცვალება და არც ფულის შოვნა არ გადააქცევს არამზადას რაინდად.

განათლება არ იქნება მხოლოდ მათთვის, ვისაც მის სანაცვლოდ ფულის გადახდა შეუძლია.

პოლიცია წყევლა აღარ იქნება მათთვის, ვისაც პოლიციის ყიდვა არ შეუძლია.

საჭმელი ყიდვა-გაყიდვის ობიექტი აღარ იქნება და არც კომუნიკაცია იქნება ბიზნესი, რადგან საჭმელი და კომუნიკაცია ადამიანის უფლებებია.

არ იქნებიან „იურიდიული“ და „ბიოლოგიური“ შვილები, რადგან ჩვენ ყველანი ბიოლოგიურად დავიბადეთ.

ერთი შავკანიანი ქალი ბრაზილიის პრეზიდენტი იქნება, მეორე შავკანიანი ქალი კი – ამერიკის შეერთებული შტატების. ერთი ინდიელი ქალი გვატემალას მმართველი იქნება, მეორე – პერუსი.

არგენტინაში პლასა დე მაიოს შეშლილი ქალები იქნებიან შესანიშნავი მაგალითები ფსიქიკური ჯანმრთელობის, რადგან მათ მაშინ არ დაივიწყეს, როცა ამნეზია სავალდებულო იყო.

სამართლიანობა და თავისუფლება, სიამის ტყუპები, რომლებიც ცალ-ცალკე ცხოვრებისთვის იყვნენ განწირულნი, ერთმანეთს დაუბრუნდებიან.

დედა ეკლესია შეასწორებს მოსეს ქვებში გაპარულ რამდენიმე შეცდომას. მეექვსე მცნება, რომელიც ამბობს: „არ იმრუშო“, იტყვის: „დატკბი შენი სხეულით“. მეცხრე მცნება, რომელიც სურვილს ზღუდავს, მას წმინდად გამოაცხადებს.

დედა ეკლესია იმასაც იტყვის, რომ არსებობს მეთერთმეტე მცნება, რომელიც ღმერთს დაავიწყდა: “შეიყვარე ბუნება, რადგან შენ ნაწილი ხარ მისი.“

ვნებამორეული მამაკაცი აღარ იქნება ჩემპიონი, ვნებამორეული ქალი კი მეძავი, რადგან არავის დედამიწის ზურგზე არ გაუნელდება ლტოლვა.

შეცდომებს ისევ დავუშვებთ, რადგან უშეცდომლობა ისევ ღმერთების მოსაწყენი პრივილეგია იქნება.

ამ სამყაროში კი – ამ სამყაროში ყოველ ღამეს ისე გაატარებენ, როგორც უკანასკნელს და ყოველ დღეს ისე – როგორც პირველს.