ავტორი: დათო ლობჟანიძე
“ლაპარაკობდა ვინმე ტროაში ომზე? არა. მას დასჯიდნენ. უდანაშაულობის სრული შეგრძნებითა და სუფთა სინდისით ვამზადებდით ომს. მისი პირველი ნიშანი: სწორება მტერზე.”
კასანდრა, კრისტა ვოლფი
ტროას ომი ლიტერატურაში ათასჯერ მოყოლილი მოვლენაა. ამის მიუხედავად კრისტა ვოლფის 1983 წლის ნაწარმოები „კასანდრა“, რომელიც აღნიშნულ ომს კიდევ ერთხელ გვახსენებს, მაინც ორიგინალური და აქტუალური ნაწარმოებების რიცხვს შეგვიძლია მივაკუთვნოთ.
აქტუალური იმიტომ, რომ ომის თემა ასეთი არამხოლოდ ნაწარმოების დაწერის მომენტში, ან თუნდაც ანტიკურ ხანაში, არამედ ცხადია, ყოველთვის იყო და სავარაუდოდ მომავალშიც იქნება, ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალში მაინც.
ორიგინალურობას რაც შეეხება, აქ ორი საკითხია აღსანიშნავი. პირველი ის, რომ ეს ამბავი ქალის თვალთახედვიდანაა მოყოლილი. აქ ზოგადად საინტერესოა ვოლფის მხრიდან ქალების აღწერა, რაც ყველაზე კარგად კასანდრას სხვა ქალებთან ცხოვრების მონაკვეთშია ნაჩვენები. თუმცა, არანაკლებ საინტერესოა ქალის თვალთახედვიდან ნაჩვენები მოვლენები პატრიარქალური გარემოს და კულტურის შეფასების მიმართულებით. ყურადსაღებია, რომ კასანდრა, რომელიც სიკვდილს ტყვეობაში ელოდება, საკუთარი ავთენტიკურობის დანებებაზე უარს აცხადებს. ამ მხრივ “კასანდრა” ფემინისტურ ნაწარმოებადაც კი შეგვიძლია მივიჩნიოთ.
ორიგინალურობის მეორე მიზეზი შეიძლება ითქვას უფრო მეტატექსტუალური ხასიათისაა – საქმე ისაა, რომ ნაწარმოების ავტორს კრისტა ვოლფს გდრ-ში უწევდა ცხოვრება, რომელიც ცივი ომის პერიოდში ძლიერი ცენზურის მქონე ქვეყანას წარმოადგენდა, ისევე როგორც ტროა – კასანდრას ადგილსამყოფელი.
უფრო მეტიც, 1993 წელს შტაზის დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ვოლფი 1959-დან 1962 წლამდე უწყებას სხვა მწერლებზე აწვდიდა ინფორმაციას, ანუ თანამშრომლობდა რეპრესიულ სისტემასთან. თავად ვოლფმა მოგვიანებით დაწერა, რომ ის შოკირებული იყო და ეს ყველაფერი არ ახსოვდა, მისივე თქმით სავარაუდოდ იმიტომ, რომ თავად დათრგუნა და დაივიწყა არც თუ ისე საამაყო მოვლენები საკუთარი ბიოგრაფიიდან.
ისევე როგორც მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის აღმოსავლეთ გერმანიაში, ტროაშიც ომის პირობებში განსხვავებულად აზროვნება სახიფათო იყო, ამიტომ ვოლფის პერსონაჟი, კასანდრა, რომელიც ტროას დაცემას წინასწარმეტყველებს, აქ მარგინალური, საზოგადოებიდან გარიყული ფიგურაა. აღნიშვნის ღირსია კასანდრას როგორც პერსონაჟის ავტორისეული ინტერპრეტაცია. ტრადიციულად კასანდრაზე როგორც მითურ პერსონაჟზე საუბრისას მიჩნეულია, რომ ის წინასწარმეტყველების ნიჭითაა დაჯილდოებული, მაგრამ მისი წყევლა იმაში მდგომარეობს, რომ ამ წინასწარმეტყველების არავის სჯერა.
ვოლფის ნაწარმოებში სიმართლე, რომელიც კასანდრამ იცის, სხვებმაც იციან, მაგრამ ამის მიუხედავად მას აკრძალული აქვს ამაზე ლაპარაკი. სწორედ ამ მონაკვეთში ჩანს ყველაზე კარგად პარალელი ფიქციას (კრისტა ვოლფის ნაწარმოები) და რეალობას (კრისტა ვოლფის ცხოვრება) შორის. ამ მხრივ საინტერესოა თუ როგორ იქცევა ომის პარალელურად ტროა პოლიციურ ერთეულად, სადაც ერთადერთი პრინციპი მუშაობს – “ყველა ვინც ჩვენკენ არაა, ჩვენს წინააღმდეგაა.” ამ მხრივ “კასანდრა” ანტი-მილიტარისტული წიგნია.
აღსანიშნავია, რომ ნაწარმოების სტილისტური ნაწილი მეტწილად ცნობიერების ნაკადს წარმოადგენს, ამიტომ მკითხველისგან მისი მოწონება-არ მოწონების საკითხი შესაძლოა გემოვნების საკითხი იყოს. ამ მხრივ კასანდრა არ არის მარტივად წასაკითხი ნაწარმოები, მითუმეტეს თემატურად უკვე არაერთხელ ნახსენები ძველბერძნული ტრაგედიის ნარატივის გათვალისწინებით. თუმცა, გამოცდილი მკითხველის შემთხვევაში, რომელიც ძალისხმევას არ დაიშურებს, “კასანდრა” ნამდვილად საინტერესო ნამუშევარია.