თარგმანი: ბექა არაბული

ებროს ხეობის გაღმა გორაკები გრძელი და თეთრი იყო. ამ მხარეს არც ხეები იყო, არც ჩრდილები, და სადგური ორ ლიანდაგს შორის მზეში იდგა. მხოლოდ თვითონ შენობა ქმნიდა ცხელ ჩრდილს, ბარის ღია კარებში კი ბამბუკის ჩხირების ფარდა ჩამოეკიდათ. ამერიკელი და მისი თანამგზავრი გოგონა შენობის ჩრდილში მაგიდასთან ისხდნენ. ძალიან ცხელოდა. ბარსელონადან ექსპერსი ორმოც წუთში უნდა მოსულიყო. ამ სადგურზე ორი წუთით გაჩერდებოდა, შემდეგ კი მადრიდში წავიდოდა
— რა დავლიოთ? — იკითხა გოგონამ. ქუდი მოიხადა და მაგიდაზე დადო.
— საშინლად ცხელა, — თქვა კაცმა.
— მოდი, ლუდი დავლიოთ.
— Dos cervezas (ორი ლუდი), — ფარდა გადასწია კაცმა.
— დიდი? — იკითხა ქალმა კარის უკნიდან.
— კი. ორი დიდი ბოკალი.
ქალმა ორი ლუდი და ორი ქეჩის სადგარი მოიტანა. ისინი მაგიდაზე დაალაგა, ზედ ლუდის ბოკლები დააწყო და კაცს და გოგონას შეხედა. გოგონა შორს იცქირებოდა, გორაკების მწკრივს უყურებდა; ისინი მზეში თეთრად ქათქათებდნენ, გარშემო კი ყველაფერი მშრალი და წაბლისფერი იყო.
— თეთრ სპილოებს ჰგვანან, — თქვა მან.
— თეთრი სპილო არასოდეს მინახავს, — ლუდი მოსვა კაცმა.
— არა, არ გინახავს.
— შესაძლოა მინახავს. მხოლოდ ის, რომ ამას შენ ამბობ, არაფერს ამტკიცებს.
გოგონამ ბამბუკის ფარდას შეხედა.
— ზედ რაღაც მიუწერიათ. — თქვა მან. — რას ნიშნავს?
— „Anis del Toro“. არაყია.
— ხომ არ გაგვესინჯა?
— უკაცრავად! — დაიძახა მან. ბარის უკნიდან ქალი გამოვიდა.
— თქვენზე ოთხი რეალია.
— ორი ჭიქა Anis del Toro მოგვიტანეთ.
— წყლით?
— როგორი გინდა? წყლით?
— არ ვიცი, — უპასუხა გოგონამ. — წყლით გემრიელია?
— არაუშავს.
— აბა, წყლით? — დააჩქარა ქალმა.
— კი. წყლით.
— ძირტკბილას გემო აქვს, — თქვა გოგონამ და ჭიქა მაგიდაზე დადგა.
— ყველაფერი ეგრეა.
— კი, — თქვა გოგონამ. — ყველაფერს ძირტკბილას გემო აქვს. განსაკუთრებით იმას, რასაც ამდენხანს ელოდი. როგორც აბსენტის შემთხვევაში იყო.
— გეყოფა.
— თვითონ დაიწყე, — თქვა გოგონამ. — კარგად ვიყავი. არ ვიწყენდი.
— აბა, ვცადოთ და ერთად არ მოვიწყინოთ.
— ვცდილობდი კიდეც. ვთქვი, რომ გორაკები თეთრ სპილოებს ჰგვანან. განა ეს გონებამახვილური არაა?
— გონებამახვილურია.
— ამ არყის გასინჯვა მინდოდა. ჩვენ ხომ მხოლოდ ამას ვაკეთებთ. ახალ ადგილებში ვმოგზაურობთ და ახალ ღვინოებს ვაგემოვნებთ.
— მგონი.
გოგონამ გორაკებს შეხედა.
— მშვენიერი გორაკებია, — თქვა მან. — მგონი, მართლაც არ ჰგვანან თეთრ სპილოებს. უბრალოდ ვიფიქრე, რომ ხეებში ასე ჩანდნენ.
— კიდევ დავლიოთ?
— კარგი.
თბილმა ქარმა ბამბუკის ფარდა მაგიდისკენ შეარხია.
— კარგი ლუდია, ცივი, — თქვა კაცმა.
— მშვენიერია, — თქვა გოგონამ.
— უბრალო ოპერაციაა, ჯიგ, — თქვა კაცმა. — ოპერაციაც კი არაა.
გოგონამ თავი დახარა, მაგიდის ფეხებს დახედა.
— თვითონ ნახავ, ჯიგ, საერთოდ არაფერია. მხოლოდ ერთს გიჩხვლეტენ.
გოგონას ხმა არ ამოუღია.
— შენთან ერთად წამოვალ და სულ შენ გვერდით ვიქნები. ერთს გიჩხვლეტენ, შემდეგ კი ყველაფერი თავისით მოგვარდება.
— და შემდეგ რას ვიზავთ?
— შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება. როგორც უწინ იყო.
— ეგრე რატომ ფიქრობ?
— მხოლოდ ეს გვიშლის ხელს. მხოლოდ მაგის გამო ვართ უსიხარულეობი.
გოგონამ ფარდას შეხედა, ხელი გაიშვირა და ბამბუკის ორ ჩხირს ჩაავლო.
— ანუ ფიქრობ, რომ კარგად და ბედნიერად ვიქნებით?
— დარწმუნებული ვარ. უბრალოდ არ შეგეშინდეს. ბევრი ვიცი, ვინც ეგ გააკეთა.
— მეც, — თქვა გოგონამ. — და შემდეგ ყველა ისეთი ბედნიერი იყო.
— თუ არ გინდა, არ გააკეთო. არ გაძალებ, თუ შენ თვითონ არ გინდა. მაგრამ ვიცი, რომ ეს სულ უბრალო რამაა.
— და შენ მართლა ეს გინდა?
— ვფიქრობ, რომ საუკეთესო გამოსავალია. მაგრამ თუ ამის გაკეთება შენ არ გინდა, არც მე მინდა, რომ გააკეთო.
— და რომ გავაკეთო, კმაყოფილი იქნები, ყველაფერი უწინდელივით იქნება და გეყვარები?
— ახლაც მიყვარხარ, ეს ხომ ისედაც იცი.
— ვიცი, მაგრამ თუ ამას გავაკეთებ, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება, და თუ ვიტყვი, რომ გორაკები თეთრ სპილოებს ჰგვანან, ეს მოგეწონება?
— აღფრთოვანებული ვიქნები. ახლაც აღფრთოვანებული ვარ, უბრალოდ ახლა ამისთვის არ მცხელა. ხომ იცი, ყოველთვის ასე ვარ, როდესაც ვნერვიულობ.
— და თუ ამას გავაკეთებ, აღარასდროს ინერვიულებ?
— არა, იმიტომ რომ ეს სულ უბრალო რამაა.
— ჰო, მაშინ გავაკეთებ. არ მადარდებს, რა მომივა.
— რას გულისხმობ?
— არ მადარდებს, რა მომივა.
— მაგრამ მე მადარდებს.
— ხო, ხო. მაგრამ მე არ მადარდებს, რა მომივა. ამას გავაკეთებ, და ყველაფერი კარგად იქნება.
— თუ ეგრეა, არ მინდა, რომ გააკეთო.
გოგონა წამოდგა და პლატფორმის ბოლოში მივიდა. ლიანდაგის იქით ებროს გასწვრივ ყანები და ხეები იყო. მოშორებით, მდინარის გაღმა, გორაკები აღმართულიყვნენ. ღრუბლების ჩრდილი მწვანე მინდორზე ლივლივებდა, და ხეებს შორის მდინარე გამოჩნდა.
— ეს ყველაფერი შეიძლებოდა ჩვენი ყოფილიყო, — თქვა გოგონამ. — ყველაფერი შეიძლებოდა ჩვენი ყოფილიყო, მაგრამ თვითონ ვართ დამნაშავენი, რომ ყოველ დღესთან ერთად ეს უფრო შეუძლებელი ხდება.
— რა თქვი?
— შეიძლებოდა ეს ყვლაფერი ჩვენი ყოფილიყო-მეთქი.
— ყველაფერი ისედაც ჩვენია.
— არა. არაა.
— მთელი მსოფლიო ჩვენია.
— არა. არაა.
— სადაც მოგვესურვება ყველგან შეგვიძლია წავიდეთ.
— არა, არ შეგვიძლია. ახლა ეს ყველაფერი ჩვენი აღარაა.
— ჩვენია.
— არა. რასაც ერთხელ დაკარგავ, აღარასდროს დაგიბრუნდება.
— მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არაფერი დაგვიკარგავს.
— თვითონ ნახავ.
— ჩრდილში დაბრუნდი, — თქვა კაცმა. — ნუ ღელავ.
— არ ვღელავ, — თქვა გოგონამ. — უბრალოდ ყველაფერი მესმის.
— არ მინდა, ის გააკეთო, რაც არ გინდა…
— ან რაც ჩემთვის საზიანოა. ვიცი. ლუდი კიდევ ხომ არ დაგველია?
— კარგი. მაგრამ უნდა გაიგო…
— მესმის, — თქვა გოგონამ. — ეს საუბარი ხომ არ მიგვეტოვებინა?
ისევ მაგიდას მიუსხდნენ. გოგონამ მდინარის გაღმა გორაკების გადამწვარ კალთებს გახედა, მისმა თანაგზავრმა კი მას და მაგიდას შეხედა.
— უნდა გაიგო, — თქვა კაცმა, — საერთოდ არ მსურს, ის გააკეთო, რაც არ გინდა. თუ ეს შენთვის ამდენს ნიშნავს, მზად ვარ გვერდში დაგიდგე.
— და შენთვის არაფერს ნიშნავს? როგორმე გავართმევდით თავს.
— რასაკვირველია, ნიშნავს. მაგრამ შენ გარდა არავინ მჭირდება. მეტი აღარავინ მჭირდება. და ვიცი, რომ ეს სულ უბრალო რამაა.
— რასაკვირველია. იცი, რომ სულ უბრალო რამაა.
— რაც გინდა, ის თქვი, მე კი ვიცი, რომ ეს ასეა.
— შეიძლება რაღაც გთხოვო?
— შენთვის ყველაფერს გავაკეთებ.
— ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან გთხოვ გაჩუმდე.
კაცს არაფერი უპასუხია და ჩრდილში დაწყობილ ჩემოდნებს შეხედა. ზედ ეკრათ იარლიყები ყველა სასტუმროსი, სადაც გაჩერებულან.
— არ მინდა, რომ ეს გააკეთო, — თქვა კაცმა. — ჩემთვის ეს არაფერს წყვეტს.
— ახლა ვიყვირებ, — თქვა გოგონამ. ბარის უკნიდან ქალი ორი ლუდის ბოკლით გამოვიდა და ისინი ნესტიან სადგარებზე დაალაგა.
— მატარებელი ხუთ წუთში მოვა, — თქვა მან.
— რა თქვა? — იკითხა გოგონამ.
— მატარებელი ხუთ წუთში მოვაო.
გოგონამ მადლიერად გაუღიმა ქალს.
— ჩემოდნებს მეორე მხარეს გადავიტან, — თქვა კაცმა. გოგონამ პასუხად გაუღიმა.
— კარგი. შემდეგ კი დაბრუნდი და ლუდი დავცალოთ.
კაცმა მძიმე ჩემოდნები ასწია და სხვა პლატფორმაზე გადაიტანა, სადგურის იქითა მხარეს. ლიანდაგებს გახედა, მაგრამ მატარებელი ჯერ არ ჩანდა. დაბრუნებისას ბარს ჩაუარა, სადაც მატარებლის მომლოდინე მგზავრები სვამდნენ. დახლთან ერთი ჭიქა Anis del Toro დალია და მათ გადახედა. ყველა მშვიდად უცდიდა მატარებელს. ბამბუკის ფარდა გადასწია და გაიარა. მაგიდიდან გოგონამ გაუღიმა.
— აბა, როგორ გრძნობ თავს? — ჰკითხა კაცმა.
— მშვენივრად, — უპასუხა მან. — ყველაფერი რიგზეა. თავს მშვენივრად ვგრძნობ.