თარგმანი: ბექა არაბული
დედამიწელებო, არ შეგეშინდეთ. მშვიდობით ვარ მოსულნი. და რატომ არ უნდა ვიყოთ? ჩვენ ხომ თქვენი ბიძაშვილები ვართ და აქ უკვე ნამყოფები ვართ!
შეხვედრისთანავე გვიცნობთ და ეს სულ რაღაც რამდენიმე საათში მოხდება. მზის სისტემას თითქმის იმავე სიჩქარით ვუახლოვდებით, როგორითაც ეს რადიოშეტყობინება. ჩვენს წინ უკვე თქვენი მზე კაშკაშებს. ათი მილიონი წლის წინ ის ჩვენი წინაპრების მზე იყო. და თქვენისაც. მაგრამ თქვენ თქვენი ისტორია არ გახსოვთ, ჩვენ კი ჩვენი არ დაგვვიწყებია.
დედამიწის კოლონიზება მაშინ მოვახდინეთ, როცა მასზე გიგანტური რეპტილიები მეფობდნენ. ჩვენ რომ გამოვჩნდით უკვე იხოცებოდნენ და მათი შველა ვერ შევძელით. მაშინ თქვენი სამყარო ტროპიკული პლანეტა იყო, და ვიფიქრეთ, რომ შეიძლებოდა ჩვენი ხალხისთვის შესანიშნავ სახლად გვექცია. შევცდით. მართალია, კოსმოსის ბატონ-პატრონები ვიყავით, მაგრამ ისე ცოტა ვიცოდით კლიმატზე, ევოლუციაზე, გენეტიკაზე…
მილიონობით ზაფხულის განმავლობაში — იმ დროს ზამთარი არ არსებობდა — ყვაოდა კოლონია. ეს თითქმის იზოლირებულები პლანეტა იყო, მაგრამ, სამყაროში, სადაც ვარსკლავიდან ვარსკლავამდე მოგზაურობას წლები სჭირდება, ჩვენს მშობლიურ ცივილიზაციასთან კავშირი მაინც არ გაუწყვეტია. ყოველ საუკუნეში სამჯერ ან ოთხჯერ ვარსკლავური ხომალდები ჩნდებოდა და გალაქტის ახალი ამბები მოჰქონდა.
მაგრამ მერე, ორი მილიონი წლის წინათ, დედამიწამ შეცვლა დაიწყო. წლების განმავლობაში ტროპიკული სამოთხე იყო; მერე კი ტემპერატურა დავარდა, და პოლუსებიდან ყინულებმა იწყეს ჩამოცოცება. კლიმატის შეცვლასთან ერთად კოლონისტებიც შეიცვალნენ. ახლა ვხვდებით, რომ ეს მეტისმეტად გაჭიანურებული ზაფხულის ბუნებრივი დასასრული იყო. მაგრამ მათ, ვინც მრავალი თაობის განმავლობაში დედამიწას საკუთარ სახლად თვლიდნენ, ეგონათ, რომ უცნაური და საძაგელი ავადმყოფობა დაატყდათ თავს. ავადმყოფობა, რომელიც არ კლავს, ფიზიკური ზიანი არ მოაქვს — არამედ უბრალოდ ამახინჯებს.
თუმცა, ზოგიერთს იმუნიტეტი აღმოაჩნდა: ცვლილებამ ისინი და მათი შვილები დაინდო. და ამგვარად, რამდენიმე ათასწლეულში, კოლონია გაიყო ორ დამოუკიდებელ ჯგუფად, — თითქმის ორ განსხვავებულ სახეობად — რომელთაც ერთმანეთის შურდათ და ერთმანეთში ეჭვი ეპარებოდათ.
გაყოფამ წარმოშვა შური, უთანხმოება, და, საბოლოო ჯამში, ანტაგონიზმი. კოლონია დაიშალა.
მთელი ამ დროის განმავლობაში კლიმატი უარესდებოდა. ვისაც შეეძლო, დედამიწა დატოვა. დანარჩენები ბარბაროსობას მიეცნენ.
რასაკვირველია, შეგვეძლო თქვენთან კონტაქტი შეგვენარჩუნებინა, მაგრამ ასობით ტრილიონი ვარსკლავისგან შემდგარ სამყაროში იმდენი რამაა გასაკეთებელი. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ საერთოდ არ ვიცოდით, რომ გადარჩით. მაგრამ მერე თქვენი პირველი რადიოსიგნალები დავიჭირეთ, თქვენი მარტივი ენები ვისწავლეთ და დავრწმუნდით, რომ ბოლოს და ბოლოს სიველურისთვის თავის დაღწევა შეძელით. ჩვენო ოდესღაც დაკარგულო ნათესავებო, ახლა თქვენთან მოსასალმებლად და თქვენს დასახმარებლად მოვდივართ.
დედამიწის მიტოვებიდან გასულ მრავალ ეონში ბევრი რამ ვისწავლეთ. თუ გსურთ, რომ მყინვარულ ეპოქამდე გამეფებული მარადიული ზაფხული დაგიბრუნოთ, ასეც მოვიქცევით. მაგრამ, პირველ რიგში, მოხარულები ვართ შეგატყობინოთ, რომ გვაქვს უბრალო და უვნებელი საშუალება იმ გენეტიკური სიმახინჯისთვის, რომელმაც ესეოდენ ბევრ კოლონისტს მოუტანა უსიამოვნებები.
შესაძლოა, მან თვითონვე გაიარა, მაგრამ თუ ასე არაა, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს.
დედამიწელებო! შეგიძლიათ გალაქტიკის საზოგადოებას სირცხვილის და უხერხულობის გარეშე ისევ შემოუერთდეთ!
და თუ რომელიმე თქვენგანი ისევ თეთრია, იცოდეთ, რომ თქვენი განკურნვა შეგვიძლია.