მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის ნობელის პრემიას ექსპერტები სირიელ პოეტს, ალი აჰმად საიდს უწინასწარმეტყველებდნენ, უმაღლესი ლიტერატურული ჯილდო თურქმა მწერალმა, ორჰან ფამუქმა მიიღო. 10 დეკემბერს ფამუქმა დაჯილდოვების ცერემონიალზე შვედურ აკადემიას შემდეგი სიტყვით მიმართა. გთავაზობთ ვიდეოს ქართული სუბტიტრებით (ჩასართავად დააჭირეთ CC-ს). აქვე შეგიძლიათ მიმართვის სრული ტექსტიც იხილოთ.
რატომ წერ? ეს ის კითხვაა, რომელსაც ჩემი კარიერის განმავლობაში ყველაზე ხშირად მეკითხებოდნენ . უმეტესობა შემთხვევაში, კითხვის ავტორები შემდეგს გულისხმობენ: “რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, რატომ უთმობ ამდენ დროს ამ უცნაურ საქმიანობას? რატომ წერ… წერის გამო ბოდიშის მოხდა გიწევს… დაახლოებით ასე ვგრძნობდი თავს ყოველთვის როდესაც ეს შეკითხვა მესმოდა.
თუმცა, ყოველ ჯერზე სხვადახვანაირად ვპასუხობ ხოლმე… ხანდახან ვამბობ: “არ ვიცი რატომ ვწერ, მაგრამ აშკარად კარგად ვგრძნობ თავს წერის პროცესში. იმედი მაქვს, თქვენც იგივე გრძნობა გეუფლებათ ჩემი ნაწარმოებების კითხვისას”. ხანდახან ვამბობ, რომ იმიტომ ვწერ რომ გაბრაზებული ვარ, უმეტესობა შემთხვევაში ძალიან მინდა მარტო დავრჩე და ამიტომაც ვწერ.
ბავშვობაში მინდოდა მხატვარი ვყოფილიყავი. ყოველდღე ვხატავდი.დღემდე წერისას ბავშვურ ბედნიერებას და სიხარულს ვგრძნობ. ამ ბავშვური ბედნიერების გახსენებაში წერა მეხმარება და ამიტომ არის, რომ ლიტერატურა და მწერლობა ჩემთვის ბედნიერებასთან ასოცირდება… ან მის ნაკლებობასთან. ბედნიერი ბავშვი ვიყავი, ბევრს ვხატავდი და ყველა უფროსი მუდამ მიღიმოდა. ყველა კეთილი, ზრდილობიანი და თავაზიანი იყო. ამ ყველაფრის შესახებ ავტობიოგრაფიულ წიგნში, “სტამბოლი,” დავწერე. წიგნის გამოცემიდან ცოტა ხანში, ზოგიერთმა ადამიანმა მკითხა, “ცოტათი ახალგაზრდა ხომ არ ხარ ავტობიოგრაფიისთვის?” ამ კითხვას სიჩუმით ვპასუხობდი. მინდოდა მეთქვა, რომ ლიტერატურა ბედნიერებასთან, ცხოვრებაში ბავშვური ხალისის შენარჩუნებასთან იყო კავშირში…
ახლა, რამდენიმე წლის შემდეგ ეს უდიდესი ჯილდო მერგო. ამჯერად იგივე ხალხი კიდევ ერთ შეკითხვას სვამს: ნობელის პრემიისთვის ცოტა ახალგაზრდა ხომ არ ხარ? სიმართლე გითხრათ, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ჩემთვის ნობელის პრემია უნდა გადმოეცათ, ყველაზე ხშირად შემდეგ რამეს მეკითხებოდნენ: “რას გრძნობ ნობელის პრემიას რომ გაძლევენ?” მე ვპასუხობდი, “ოჰ, კარგი გრძნობაა. ზრდასრული ადამიანები მუდამ მიღიმიან. მოულოდნელად ყველა კვლავ კეთილი, ზრდილობიანი და თავაზიანია.” პრაქტიკულად პრინცი ვარ. ბავშვივით ვგრძნობ თავს.
შემდეგ უეცრად ვხვდები, თუ რატომ ვგრძნობდი რისხვას. ეს პრიზი, რომელმაც ბავშვობაში უცნობი ადამიანებისგან მიღებული ღიმილი და სიკეთე დამიბრუნა, ჩემთვის ამ ასაკში (54) კი არ უნდა მოეცათ, არამედ ბევრად ადრე, ჯერ კიდევ მაშინ სანამ ჩემი ბავშვობა დაიწყებოდა, ალბათ ჩემი დაბადებიდან სადღაც ორ კვირაში. ასეთ შემთხვევაში ბავშვად ყოფნის სიამოვნება მთელი ცხოვრების განმავლობაში გამყვებოდა. დღეს რომ დავფიქრდი, სწორედ ეს არის ის, რის გამოც ვწერ და სწორედ ამის გამო გავაგრძელებ წერას.