ავტორი: გელა ვადაჭკორია
ჩვენი რუბრიკის მორიგი ფილმი ფეხბურთის მოყვარულებს, განსაკუთრებით კი ბუნდესმანშაფტის ქომაგებს დააინტერესებს. “ბერნის სასწაული” გერმანელმა რეჟისორმა ზონკე ვორტმანმა 2003 წელს გადაიღო და თანამედროვე სტანდარტებით მწირი ბიუჯეტის – 7 მილიონი ევროს პირობებშიც კი მოლოდინს ნამდვილად აჭარბებს.
სიუჟეტი სპორტულ თემატიკაზე გადაღებული ფილმებისათვის დამახასიათებელი პრინციპითაა აგებული, რამდენიმე ისტორია პარალელურად ვითარდება, თუმცა ძირითადი ხაზი 1954 წელს გერმანიის ნაკრების ჟიულ რიმეს თასისაკენ მიმავალ გზას ეხება. არანაკლებ საინტერესოა მთავარი გმირის 11 წლის მათიასის ოჯახის ისტორია, რომელის მეშვეობითაც რეჟისორი გვაცნობს ომისშემდგომი გერმანიის ყოფას და სირთულეებს.
საფეხბურთო თემატიკაზე გადაღებული სხვა ბევრი ფილმისაგან განსხვავებით, ძალზედ ხარისხიანია საფეხბურთო კადრები – იქნება ეს შვეიცარიის მოედნებზე განვითარებული ბატალიები, თუ ესენის ქუჩებში სახელდახელოდ მოწყობილ სტადიონზე გამართული მატჩები. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათიასი თავად რეჟისორის პროტოტიპია. მთავარი გმირის მსგავსად ვორტმანიც მეშახტის ოჯახში დაიბადა 1959 წელს და საკმაოდ დიდი დოზით შეიგრძნო იმ ეპოქის სურნელი, რომელზეც მოგვიანებით ფილმიც გადაიღო. რეჟისორობა კი წარუმატებელი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა.
დამატებითი ინფორმაციის სახით გეტყვით, რომ გერმანიის ნაკრები იყო პირველი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც ტურნირზე თამაში წააგო და საბოლოოდ მაინც გაჩემპიონდა. ისე წაგებასაც გააჩნია, უნგრელთა დიდმა გუნდმა ფერენც პუშკაშის მეთაურობით ჯგუფურ ეტაპზე გერმანელები 8-3 დაამარცხა, თუმცა მომავალმა მსოფლიოს ჩემპიონებმა შესაბამისი დასკვნები გამოიტანეს და ფინალში ღირსეული რევანში აიღეს, რაშიც როგორც თავად გერმანელები ცდილობენ დაგვარწმუნონ, დიდი იყო ადი დასლერის მიერ შეკერილი ინოვაციური სპორტული ფეხსაცმლის დამსახურება. ბოროტი ენები კი ამტიკიცებენ, რომ ამ გამარჯვების მოპოვებაში გერმანელებს ადიდასის ბუცებზე მეტად ამფიტამინები დაეხმარა, რასაც გერმანელი სამხედროები იყენებდნენ მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში.
ზონკე ვორტმანს გერმანიის ნაკრების შესახებ დოკუმენტური ფილმიც გადაუღია, რომელიც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ეძღვნება, თუმცა მასზე მოგვიანებით მოგიყვებით.