თარგმნა ბექა არაბულმა

ბარბარა ლ. გრინბერგი – მნიშვნელოვანი რაღაცეები (1)

 

 

წლების განმავლობაში სლუკუნებდნენ და გექაჩებოდნენ.
შეჰპირდი, რომ ეტყოდი სხვა დროს, მოგვიანებით, როცა წამოიზრდებოდნენ.
ახლა კბილებდაკრეჭილი ბავშვები თვალებში შემოგცქერიან.
— გვითხარი.
— რა გითხრათ? — ეკითხები გულწრფელად.
— გვითხარი, რაა მნიშვნელოვანი.
ბავშვებს ეტყვი, რომ დედამიწაზე ექვსი კონტინენტი და ხუთი ოკეანეა. ან პირიქით.
ბავშვებს სექსის შესახებ მოუყვები იმ ცოტას, რაც იცი. ბავშვები გეტყვიან, რომ საქორწინო ურთიერთობისთვის უკეთესი სიტყვების შერჩევაც შეიძლებოდა.
მათ ეტყვი, რომ საკუთარ თავებთან მართლები უნდა იყვნენ. ისინი გიპასუხებენ, რომ საკუთარ თავებთან მართლები არიან. ეტყვი, რომ ტყუიან, რომ ყოველთვის ხვდები, როცა ტყუიან. ეტყვი, რომ გიჟები არიან. დაარიგებ, რომ წესიერად მოიქცნენ. ამას ხუმრობად ჩათვლიან და გაიცინებენ.
თვალზე ცრემლი მოგადგება. ბავშვებს ეტყვი, რომ სიბნელეს განთიადი მოჰყვება, მიქცევას — მოქცევა, ბალახი ისევ ამოვა და ერთი დრო ძაღლსაც დაუდგება. მოუყვები ამბავს ყველაზე პატარა ჯარისკაცის, რომლის კეთილი საქმისთვის გაწირული მარჯვენაც ისევ გაიზრდება.
იტყვი, რომ თუ არ იქნებოდა ბოროტება, სიკეთის არჩევის სიამოვნებას ვერასდროს განვიცდიდით. და თუ ტკივილი არ იქნებოდა, ვერასოდეს გავაცნობიერებდით ჩვენს უდიდეს სიხარულს — ტკივილის განელებას.
ბავშვებს შესთავაზებ ნამცხვარს, შოკოლადით მოსარკლულ რბილ ნამცხვარს, მათ საყვარელს.
— გვითხარი, — გეტყვიან ბავშვები.
— მოვკვდები, — ეტყვი მათ.
— როდის?
— როდისმე.
— ოჰ…
ბავშვებს ეტყვი, რომ ოდესმე ისინიც დაიხოცებიან. მაგრამ ეს უკვე იციან.
მათთვის სათქმელად მეტს ვერაფერს მოიფიქრებ. ეტყვი, რომ წუხხარ. წუხხარ. მაგრამ ბავშვებს შენი ბოდიშები ყელში აქვთ.
— პირობა პირობაა, — გეტყვიან ისინი.
კიდევ ერთ შანსს მოგცემენ, რათა საკუთარი ნებით უთხრა. თუ არადა წამებისთვის მოუწევთ მიმართვა.