2016 წლის მარტის თვეში ჩვენმა მორაგბეებმა ვაკეში რუმინელებს შავი დღე აყარეს. ამ თამაშს უელსელ სტუმართან ერთად ვუყურებდი და საღამოს გამართულ „მესამე ტაიმზე“ დავემუქრე კიდეც, რომ უახლოეს ხუთ წელიწადში მათ ნაკრებსაც აუცილებლად მოვუგებდით. წილისყრამ 2019 წელს იაპონიაში გასამართ მსოფლიოს თასზე ჯგუფში უელსი გვარგუნა, თუმცა მათთან პირველი შეხვედრა შაბათს გვექნება – უელსელებს პრინსიპალითი სთედიუმზე შევერკინებით, თამაში ჩვენი დროით 18:30 დაიწყება.

ვინაიდან კანადას სოსო მათიაშვილის შესანიშნავი თამაშის წყალობით ერთი ამოსუნთქვით გადავურბინეთ და უელსთან დაპირისპირებას მოუთმენლად ველოდებით, მოლოდინის შესამსუბუქებლად სარაგბო თემა გავაგრძელოთ და Invictus-ს ჩავუჯდეთ. სანამ უშუალოდ ფილმს შევეხებოდეთ, ორიოდ სიტყვით სათაურზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, რისთვისაც კლინთ ისთვუდმა ბრიტანელი პოეტის უილიამ ერნესტ ჰენლის ლექსი Invictus გამოიყენა და ზოგადად ამ ლექსის „სული“ მთელს ფილმს წითელ ზოლად გასდევს.

სპორტზე გადაღებული ფილმების უმრავლესობას „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკის“ არ იყოს, წინასწარ გაცხადებული სცენარი აქვს და უბრალო მაყურებლისათვის ერთი შეხედვით ცოტა მოსაწყენი უნდა იყოს, რასაც ვერ ვიტყვით ჩვენს ამ ფილმზე. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფონზე ფილმის რეჟისორი სამხრეთ აფრიკის ისტორიაში ყველაზე საინტერესო პერიოდს, აპართეიდის დასრულებას და ნელსონ მანდელას მმართველობის დასაწყისს გვაჩვენებს, რომლის როლსაც „ბუნებრივია“ მორგან ფრიმენი ასრულებს.

სპრიგბოქსი – სამხრეთ აფრიკელთა რაგბის ნაკრები ქვეყნის შავკანიანი მოსახლეობისათვის აპართეიდის სიმბოლოდ მიიჩნეოდა, ნელსონ მანდელამ კი რამდენიმე თვეში იგი ერთიანობის და ქვეყნის ნათელი მომავლის სიმბოლოდ აქცია, რისთვისაც მას არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღებაც კი დასჭირდა. მანდელას ფონზე ძალზედ საინტერესოა ბოკეს კაპიტნის ფრანსუა პიენაარის სახეც, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში.

ფილმში თავადაც ნახავთ თუ რა გზა გაიარეს ნელსონ მანდელამ და ფრანსუა პიენაარმა და როგორ დაამარცხეს ფინალში ფავორიტად შერაცხული ახალი ზელანდიის უძლეველი არმადა ლეგენდარული ჯონა ლომუს წინამძღოლობით. ბოლოსთვის კი გეტყვით, რომ ნელსონ მანდელასა და ფრანსუა პიენაარის მეგობრობა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგაც გაგრძელდა და მადიბა ნაკრების კაპიტნის შვილის ნათლია გახდა.