ყოველ კვირას მკითხველს ახლადწაკითხული წიგნების შესახებ შთაბეჭდილებების გაზიარებას ვთხოვთ და შედეგად ბევრ საინტერესო კომენტარს ვიღებთ. გთავაზობთ ამ კვირაში თქვენს მიერ დატოვებული შთაბეჭდილებების შეჯამებას.
ამ კვირაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს კონსტანტინე გამსახურდიას “დიონისეს ღიმილი.”
“კონსტანტინე გამსახურდიას დიონისეს ღიმილი, ახლახანს დავიწყე და ძალიან მომწონს,იმდენი აზრი დევს ყველა სიტყვაში,სტრიქონში და წინადადებაში, რომ კარგად უნდა დაუფიქრდე და ისე აღიქვა ყველა დეტალი.იმედია როგორც დასაწყისი ისე მომეწონება გაგრძელება და დასასრული,” წერს Keti Kuparadze.
იგივე წიგნს კითხულობს Mari Sandroshvili: “ისე ძალიან მომწონს ვცდილობ ნელა წავიკითხო, რომ მალე არ დამთავრდეს კითხვის როგორც ასეთი ბედნიერება.”
Giorgi Matcharashvili ედგარ ალან პოს კლასიკას, “მკლელობა მორგის ქუჩაზე და სხვა მოთხრობები,” კითხულობს და აღფრთოვანებას არ მალავს: “დიდებული ავტორის შედევრი. მიუხედავად იმისა, რომ მე-19 საუკუნეშია დაწერილი დღესაც შიშს გვრის მკითხველს და თანაც როგორ. პოს შეუძლია მკითხველს ეთამაშოს. იგი გაიძულებთ იფიქროთ გამოსავალზე, ფინალზე და ეს უკანასკნელი იმდენად მოულოდნელია, რომ შეუძლებელია მისი წინასწარ განჭვრეტა. პოს კითხვა ჭადრაკის თამაშს ჰგავს, სადაც მკითხველის თითოეული არასწორი ქმედება აახლოვებს მწერალს გამარჯვებასთან,” წერს Giorgi Matcharashvili.
Mariam K Young ჯონ მაქსველ კუტზეეს ბუკერის პრემიის გამარჯვებულ, “სირცხვილს” კითხულობს და თან ეკრანიზაციას ადარებს: “დავიწყე კითხვა და აღმოვაჩინე, რომ მაქვს ნანახი ფილმი ამავე წიგნის მიხედვით, ჩემი ერთ–ერთი საყვარელი მსახიობი ჯონ მალკოვიჩის მონაწილეობით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო ფილმია ნუ ვისთვის როგორ. ცოტა იმედი გამიცრუვდა მერჩია ჯერ წიგნი წამეკითხა, მაგრამ იმდენად კარგი მთხრობელია ეს ავტორი ვაპირებ ბოლომდე ჩავამთავრო. ამ ფილმის შემდეგ ბევრ რამეზე დავფიქრდი და წიგნიც ვფიქრობ უფრო მეტად საინტერესო იქნება, როგორც ყოველთვის წიგნი ხომ ბევრად სჯობს ფილმს.
Mariam Mkhetsadze ფრედერიკ ბეგბედერის “99 ფრანკს” კითხულობს და სხვებსაც იგივეს გაკეთებას ურჩევს: “ძალიან საინტერესო წიგნია, რომლიდანაც ადამიანს შეუძლია ძალიან ბევრი რამ ისწავლოს. მრავლადაა ისეთი ბრძნული გამონათქვამები, რომლებიც აღწერს რეალური ცხოვრების უარყოფით თუ დადებით მხარეებს. აღწერილია სასოწარკვეთილი კრეატივისტის – ოქტავის ცხოვრება. სასურველია თუ წაიკითხავთ, რადგან ისწავლით ბევრ რამეს, რაც ცხოვრებაში აუცილებლად გამოგადგებათ და დაინახავთ ცხოვრების რეალურ უარყოფით მხარეს,” წერს Mariam Mkhetsadze.