მეორე სახეობა (Second Variety) ფილიპ დიკის ადრეული ნაწარმოებია. აქ მწერალი პოსტ-აპოკალიპტურ დედამიწას წარმოიდგენს. ა.შ.შ-ს და საბჭოთა კავშირის ბირთვული ომის შედეგად პლანეტა მეტწილად ადამიანებისგან დაცლილი სამყაროა. ადამიანების დარჩენილი მცირე ნაწილი მაინც განაგრძობს ერთმანეთში ომს. თუმცა, “მეორე სახეობაში” ცენტრალური ადგილი ხელოვნური ინტელექტის თემას უკავია – აქ შეხვდებით რობოტებს, რომლებსაც თვითგამრავლების უნარი გააჩნიათ. ფილიპ დიკის ბევრი სხვა ნაწარმოების მსგავსად “მეორე სახეობასაც” აქვს ეკრანიზაცია, თუმცა აქვე გაგაფრთხილებთ, რომ ფილმი დიკის საუკეთესო ადაპტაცია ნამდვილად არაა.
მართალია რობ გრიეს “საშლელები” (Les Gommes) დეტექტიური რომანივით იკითხება, მაგრამ რეალობაში ეს ნაწარმოები დეტექტიური ჟანრის პაროდიას წარმოადგენს, სადაც რომანის დასაწყისშივე ვაკეთებთ დაშვებას, რომ გამომძიებელი შეიძლება თავად იყოს მკვლელი. გრიეს ეს წიგნი მრავალფენიანია, რომელშიც ხშირ შემთხვევაში ფაქტი და ფანტაზია ერთმანეთს ერწყმის. საინტერესოა ერთგვარი კინემატოგრაფიული სტილი, სადაც ერთი სცენა რამდენჯერმე მეორდება, მაგრამ ყოველ ჯერზე სხვადასხვა პერსონაჟის თვალთახედვიდან.
“ჯონათან ჰოგის უსიამოვნო პროფესია” (The Unpleasant Profession of Jonathan Hoag) კრებულია, რომელიც რობერტ ჰაინლაინის ამ და სხვა მოთხრობებს აერთიანებს. აქ შესულ ნაწარმოებებს ერთი რამ აერთიანებთ – ავტორის უსაზღვრო ფანტაზია. უშუალოდ “ჯონათან ჰოგის უსიამოვნო პროფესია” ამ კრებულში ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია, თუმცა შინაარსის აღწერისგან თავს შევიკავებთ, რადგანაც მოთხრობის ხიბლი სწორედ მასში მდგომარეობს. ასევე გამორჩეული და სასპენსის მატარებელია “თქვენ, ყველა ზომბებო.” სხვათაშორის, ამ უკანასკნელის კინოადაპტაცია შარშან გამოვიდა ეკრანებზე.
“მუნვოქი აინშტაინთან” (Moonwalking with Einstein) ჯოშუა ფოერის 2011 წლის ბესტსელერია. ამ წიგნში ავტორი საუბრობს მნემონიკის სხვადასხვა ხერხებზე და სწრაფად დამახსოვრების ტექნიკაზე. ფოერი მეტწილად ეგრეთწოდებულ “მეხსიერების სასახლეზე” წერს, მნემონიკურ ხერხზე, რომელიც ჯერ კიდევ ძველ რომში გამოიყენებოდა, მაგრამ შემდგომში რატომღაც საუკუნეების განმავლობაში დავიწყებას მიეცა. “მეხსიერების სასახლე” მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში გაიხსენეს, რომელსაც ბევრმა პრაქტიკული დანიშნულება უპოვა…
კლასიკის წაკითხვას თუ გადაწყვეტთ, ჯორჯ ბერნარდ შოუს “ცეზარს და კლეოპატრას” გირჩევთ, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაწერილ პიესას, რომელიც კეისარის და კლეოპატრას ურთიერთობის მხატვრულ ვერსიას წარმაოდგენს. პიესა პირველად 1899 წელს ნიუკასლში დაიდგა და მას შემდეგ მსოფლიო თეატრების სცენებზე იდგმება.