ყოველ კვირას მკითხველს ახლადწაკითხული წიგნების შესახებ შთაბეჭდილებების გაზიარებას ვთხოვთ და შედეგად ბევრ საინტერესო კომენტარს ვიღებთ. გთავაზობთ ამ კვირაში თქვენს მიერ დატოვებული შთაბეჭდილებების შეჯამებას.
„კუნძულის შესაძლებლობების“ წაკითხვის შემდეგ Nino Teapot Gogáladze ვრცლად საუბრობს წიგნზე და მის ავტორზე – მიშელ უელბეკზე.
“ცოტა ხნის წინ დავამთავრე მიშელ უელბეკის „კუნძულის შესაძლებლობა“. ქართულ ინტერნეტსივრცეში ურთიერთსაპირისპირო შეფასებები შემხვდა. ერთი აძაგებდა, ვერაფერი გავუგეო, მეორე – ასეთი რომანი ჯერ არ დაუწერიაო. თავად უელბეკიც ასე ფიქრობს და რამდენიმე ისეთი მკითხველიც, მათ აზრს ჩემთვის მნიშვნელობა რომ აქვს. „ესაა უელბეკისთვის უკვე ჩვეული, დეპრესიული ადამიანის თხრობა და ფიქრები ამჟამინდელი კაცობრიობის გადაგვარებაზე, ახალი ადამიანის დაბადებაზე (ეს პრობლემა „ელემენტარულ ნაწილაკებში“ გამოვლინდა და ავტორი კვლავაც აგრძელებს ამ მიმართულებით ფიქრს). ჩანს, უელბეკს რელიგია ადამიანის განუყოფელ ნაწილად მიაჩნია და ამიტომაც, ახალი ადამიანის შექმნას ახალ რელიგიას უკავშირებს. წიგნი ნახევრად სამეცნიერო ფანტასტიკაა: მთავარი პერსონაჟი, დანიელ 1, ათასი წლის შემდგომი ნეოადამიანებისთვის ისეთივე მქადაგებელია, როგორც ჩვენთვის, მაგალითად, ბიბლიური დანიელი. მისი პირადი ისტორია (რომლის პარალელურადაც დანიელი ახალი სექტის მემატიანედაც გვევლინება) მომავლის ადამიანებს (კლონებს!) ოცდამეერთე საუკუნის ადამიანის დეგრადირებას და ლოგიკურ დასასრულს აღუწერს,“ წერს Nino Teapot Gogáladze.
უელბეკზე საუბრობს ასევე Nino Kalandadze.
“უელბეკის „პლატფორმა“ მაქვს წაკითხული და იქაც ეგეთივე თემატიკაა კაცობრიობის გადაგვარება, ადამიანური სევდა, სულიერი სიცარიელე და ა.შ.” წერს Nino Kalandadze.
Nino Tchitchinadze ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის „დიდი გეტსბის“ იწონებს და ამავე წიგნიდა მოჰყავს ფრაზა: „ნებისმიერი ადამიანის მეტყველება ხომ ნოტების ისეთი განლაგებაა, რომელსაც მეორედ ვეღარ გაიმეორებ’… წიგნები რომელიც ორიგინალური სიუჟეტით და ფრაზებით არის დატვირთული იწვევს ჩემს დიდ მოწონებას.”
Keti Kuparadze ერიხ მარია რემარკის კლასიკად აღიარებულ ნაწარმოების წაკითხვას გვირჩევს. „ერიხ მარია რემარკის სამი მეგობარი. ძალიან მომწონს და მასში დამიჯერეთ რომ ბევრ კარგ რამეს ამოიკითხავთ…ამ წიგნში ასახულია არამარტო მეგობრობა არამედ უფრო მეტი,სამი ადამიანის ერთობა,გვერდით დგომა ყველაზე რთულ და არამარტო რთულ სუტუაციებში და რა თქმა უნდა სიყვარულის ისტორია რომელიც მინდა მჯეროდეს,დღევანდელ ეპოქაშიც შეიძლება არსებობდეს,“ წერს Keti Kuparadze.
Sophie Chkhaidze ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტის ქართულ თარგმანს აფასებს. „ლავკრაფტის ქართულად ნათარგმნი მოთხრობები… ნაწილს არაუშავს, ნაწილი კი საშინელი ნათარგმნია,“ წერს Sophie Chkhaidze.