მრავალფეროვანი გამოდგა ამ კვირაში თქენს მიერ შემოთავაზებული წიგნების სია. გთავაზობთ რუბრიკის რიგით მესამე შეჯამებას.
საუბრები სარამაგოზე
გასულ კვირაში შემოთავაზებულ წიგნებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა პორტუგალიელი მწერლის ჟოზე სარამაგოს „ქრისტეს სახარებამ.“ ნაწარმოებმა Mariam Chiqviladze აღაფრთოვანა: “საოცარი წიგნია…ერთი შეხედვით, სარამაგო ღვთისმგმობელია, მაგრამ ასე არ არის…ეს არის რელიგიის აბსოლუტურად განსხვავებული გააზრება, არასტანდარტული ხედვა. ერთი ფრაზა ძალიან მომეწონა და მინდა თქვენც გაგიზიაროთ. სცენაა ასეთი: ქრისტე ხვდება მამა ღმერთს. ხანგრძლივი დიალოგი აქვთ და ყველაფერს არ დავწერ, წაკითხვის ინტერესი რომ არ გაგიქროთ. ბოლო ფრაზაა გენიალური, ,შენ ეწამები, გაგიჩნდებიან მომხრეენი, რომელთაც სიკვდილით დასჯიან ჯერ იმიტომ, რომ გიწამეს და მერე იმიტომ, რომ არ გიწამეს”. ამ ფრაზაში ჩაატია სარამაგომ ქრისტიანობის მთელი ისტორია. გენიალურია…“
„ქრისტეს სახარება“ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს Tite Qiria-ს მიერ წაკითხულ წიგნებს შორის: “მარიამ ჩიქვილაძე, თუ იცი რომ ეგ წიგნი რომის პაპმა დაგმო და თვით სარამაგუ რომ მწვალებლად შერაცხა? ამ ზაფხულს წავიკითხე და მეც წაკითხულ წიგნებს შორის განსაკუთრებულ ადგილს ვუთმობ… ყველაზე საინტერესო ფრაზა კი ჩემი აზრით ‘შეუნდეთ რამეთუ არ იცი რასა იქმს’ ხალხს მიმართავს იესო და თხოვს ღმერთს შეუნდონ, რამეთუ თვითონაც არ იცის რატომ გამწირაო…“
ოცნებები და ფანტაზიები
Tina Gvenetadze თანამედროვე ფენტეზის ოსტატის, ნილ გეიმანის წიგნებს კითხულობს და აღფრთოვანებას ვერ მალავს: „ვკითხულობ Neil Gaiman-ის Ocean at the end of lane. მოთხრობილია მამაკაცის ისტორია ბავშვობის მეხსიერებებიდან და საერთოდ ისტორია ეხება იმას, როგორ კარგავენ ადამიანები ოცნების, ფანტაზიორობის, სასწაულების დაჯერების უნარს ასაკთან ერთად და რამდენად უფრო მაგარი ტიპები ვიყავით ყველანი ჩვენ ბავშვობაში. მართალია ჯერ ახალი დაწყებული მაქვს, მაგრამ გეიმანის ყველაფერს საერთოდ ისეთი სიამოვნებით ვკითხულობ, რომ ხანდახან მგონია ახლობელია და შეფასებაში მიკერძოვებული ვართქო. ჩემი მოკრძალებული აზრით თავის ჟანრში თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მწერალია და თუ არ წაგიკითხვათ, American Gods აუცილებლად ნახეთ ძალიან ძალიან მაგარიაააა,“ წერს Tina Gvenetadze.
Giorgi Matcharashvili კი აწ უკვე ჟანრის კლასიკურ ავტორად აღიარებული, ჰოვარდ ლავკრაფტის შესახებ და მწერლის “ქთულხუს ძახილზე” გვესაუბრება: ” ზოგადად ლავკრაფტი დიადი მწერალია და ამ ნაწარმოებს უკვე მეოთხედ ვუბრუნდები. ყოველ ჯერზე ვფიქრობ რას წერს განსაკუთრებულს? უბრალო ფანტასტიკა არაა? თუმცა არა. რეალობასთან ძალიან დაახლოვებული ამბავი. ლავკრაფტისეული ელემენტებით შელამაზებული. თუ მის საუბარს გადავხედავთ ის ამბობს, რომ თუ გინდა სიტყვა “ქთულხუ” გამოთქვა ყველა ორგანოს უნდა აიძულო გამოსცეს თავისთვის უჩვეულო ხმა:”ქთულ ჰუ” აი, ასე. ლავკრაფტის სტილიც განსაკუთრებულია. ის არ იმეორებს არც ერთი მწერლის იდეებს. თითქოს ამ სამყაროში მარტო იყო და წერდა იმაზე, რასაც ჩვენ ვერ ვხედავდით. ან იქნებ მართლაც არსებობენ ურჩხულები? ამაზე პასუხი მხოლოდ მას შეეძლო… დიდი მწერალი, რომელიც დღემდე დაუფასებელია,“ წერს Giorgi Matcharashvili.
ყველაფერი, რაც კი გინდოდათ გაგეგოთ სპამზე, მაგრამ გეშინოდათ გეკითხათ
მხატვრული ლიტერატურის გარდა ამ კვირაში მიმოხილულ წიგნებს შორის საინტერესოა Mikheil Basilaia -ს მიერ შემოთავაზებული წიგნი: „მე ვკითხულობ ბრაიან კრებსის Spam Nation-ს, რომელიც ეხება გლობალურ არალეგალურ ფარმაცევტულ ბიზნესს, რუსული კიბერ კრიმინალის კავშირებს სამართალდამცავებთან და მთავრობასთან და კიბერ კრიმინალების მიერ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლას.
ვისაც აინტერესებს სპამერები, სპამთან დაკავშირებული კრიმინალის ბიზნეს მოდელები და არალეგალური ფარმაცევტული ბიზნესი როგორ და რატომ მუშაობს, მათთვის რეკომენდაციას გავუწევ. მარტივი ენით დაწერილი წიგნია, არც ტექნიკურ განათლებას არ მოითხოვს შინაარსის გაგება,“ წერს Mikheil Basilaia.