10280352

განვაგრძობთ რუბრიკას, რომელშიც მკითხველს ახლადწაკითხული წიგნების შესახებ შთაბეჭდილებების გაზიარებას ვთხოვთ. გთავაზობთ ამ კვირაში თქვენს მიერ დატოვებული კომენტარების შეჯამებას.

Giorgi Matcharashvili აბსოლუტურ კლასიკას – ვიქტორ ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს“ კითხულობს.

„ემოციებით აღსავსე და ძალიან საინტერესო ფაბულის მქონე ნაწარმოები. ერთი შეხედვით აუღებელ ციხესიმაგრეს ჰგავს, მაგრამ ადამიანურ გრძნობათა წიაღში გადაგვაგდებს და თავს ჩვენც მოქმედ პერსონაჟად გვაგრძნობინებს. ასე გგონია კითხვისას ყველაფერი შენ გარშემო ხდება. სწორედ ესაა ამ მწერლის სიდიადე,“ წერს Giorgi Matcharashvili.

მიუხედავად იმისა, რომ Mariam K Young – ს ფრანსუა მორიაკის ქართული თარგმანი არ მოსწონს, ის მაინც დიდი ინტერესით კითხულობს ავტორის მიერ მოთხრობილ ისტორიას და ამის გაკეთებას სხვა მკითხელსაც ურჩევს: „მართალია ამ კვირაში არ დამიწყია, მაგრამ კვირის ბოლოს მოვახერხებ დამთავრებას, ესაა ფრანსუა მორიაკის ავტობიოგრაფიული წიგნი “გარდასულ დღეთა ყრმა”, რაც მთავარია ქართულადაა, მაგრამ თარგმანი არც ისე სახარბიელოაა იმედს ვიტოვებ, რომ მორიაკის თაყვანისმცემლებს ეს არ დაფრთხობთ. ამ წიგნში მორიაკი მოგვითხრობს მისი ყრმობის შესახებ, როგორ უყვარს, განიცდის, აქვს დაპირისპირება ოჯახთან, როგორი სოციალური მდგომარეობაა,როგორია მისი დამოკიდებულება რელიგიის მიმართ და ა.შ და კიდევ ის არ ერიდება თავისი გრძნობების გამოხატვას ხშირად ტირის კიდეც და ამგვარი განცდების გადმოცემა მოგეხსენებათ კაცი მწერლების მხრიდან ხშირი არაა, მოკლედ როგორც თავად წერს ესაა კონფლიქტი თაობათა შორის, კონფლიქტი ღმერთსა და ადამიანს შორის, კონფლიქტი მამაკაცსა და ქალს შორის, კონფლიქტი საკუთარ თავთან სწორედ ამ კონფლიქტებზეა ეს წიგნი.. გირჩევდით წაკითხვას,“ წერს Mariam K Young.

Nano Koiava თავის ახლო წარსულის, ამჟამინდელი და სამომავლოდ წასაკითხი წიგნების შესახებ გვესაუბრება. „ [მარიო] პიუზოს “ნათლიას” ვკითხულობ,ასე იმედები ჯერ არც ერთ წიგნს არ გაუმართლებია ჩემთვის..არა გატყუებთ, [რაბიდრანათ] თაგორის “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” იყო ერთ-ერთი “მოულოდნელად” კარგი რაც ბოლოს წავიკითხე. სეზონურად [ჯონ] სტაინბეკის “ზამთარი ჩვენი მღელვარებისა” მელოდება,“ წერს Nano Koiava.

ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნათია შაქარიშვილზე სუადის „ცოცხლად დამწვარმა,“

„დავამთავრე სუადის ცოცხლად დამწვარი და ისევ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ..ძალიან საინტერესო წიგნია, ნამდვილი ამბავი ერთ პალესტინელ გოგოზე, რომელსაც იმის გამო, რომ მეზობლის ბიჭისგან დაფეხმძიმდება ცოცხლად დაწვავენ..წიგნის დასრულების შემდეგ რაც კი პირველი გავიფიქრე ის იყო, რომ მადლობა ღმერთს რომელიმე არაბულ ქვეყანაში არ დავიბადე…“ წერს ნათია შაქარიშვილი.

თეოლოგიით დაინტერესებულებს Mariam Chiqviladze – ს რჩევის გათვალისწინება შეუძლიათ, რომელსაც ძალიან მოსწონს [ლეონიდ] მაციხის ლექციების კურსი.

„დავიწყე მაციხის მსოფლიო რელიგიის ისტორიის ლექციათა კურსის კითხვა. მაციხი იყო ჩვენი დროის უდიდესი რუსი თეოლოგი, ფილოლოგი, ფილოსოფოსი. ეზოთერიკის და კაბალის ყველაზე აღიარებული სპეციალიატი. ერთი სიამოვნებაა ამ ლექციების აუდიო ვერსიის მოსმენა, თუმცა მე ვიზუალისტი ვარ და წაკითხულს უფრო ეფექტურად აღვიქვამ. ერთი რამ მინდა განსაკუთრებით ავღნიშნო, ამ ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებთან ვერცერთი კომპიუტერი ვერ მივა…რა ტვინმა დაიტია ამ მოცულობის ინფორმაცია, გაანალიზა და მოახდინა მისი სისტემატიზირება. სამწუხაროდ, მაციხი ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა და მისი კოლეგები ამას აუნაზღაურებელ დანაკლისად მიიჩნევენ,“ წერს Mariam Chiqviladze