ავტორი: ბექა არაბული
ხულიო კორტასარის ეს კრებული, ოთხნაწილიანი სერიის მეორე წიგნად გამოიცა. ეს სერია გულისხმობს მისი ყველა მოთხრობის გაერთიანებას არა მათი გამოსვლის წლებით, არამედ მათი სტრუქტურული მსგავსებით და მათი ეს თანმიმდევრობა თავად ავტორის მიერ არის განაწილებული გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე.
სერიაში სულ ოთხი წიგნი შედის „რიტუალები“, „თამაშები“, „გასასვლელები“ და „იქ და ახლა“. მათი სახელები ირიბად და ხანდახან ირონიულადაც, მიუთითებს იმ ძალაზე, რომელიც მოთხრობების შესაბამისი კრებულის აგლუნტაციას ახდენს და მათთვის ახალი პერსპექტივების მინიჭებით ხშირად წინასწარვე განსაზღვრავს მათ ელფერს. წიგნში სულ ოცდაცხრა მოთხრობაა შესული და ის მაგიური რეალიზმის სანიმუშო მაგალითებს მოიცავს.
თუმცა, სანამ წიგნზე გადავალთ, უმჯობესი იქნება ჯერ თავად ავტორს გავეცნოთ, რაც ამ კრებულის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება.
ხულიო კორტასარი არგენტინელი მწერალია და სამხრეთ ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ ვარსკლავად შეიძლება ჩაითვალოს, ისეთი მწერლების გვერდით, როგორებიც ხორხე ლუის ბორხესი და გაბრიელ გარსია მარკესი არიან. კორტასარს უამრავი მოთხრობა აქვს დაწერილი, თუმცა, უდიდესი წარმატება მას რომანმა სახელად „კლასობანა“ მოუტანა, რომელშიც აღწერილია ერთი არგენტინელის ეგზისტენციალური და მეტაფიზიკური ძიებები ღამის პარიზსა და ბუენოს აირესში.
ავტორზე მეცხრამეტე საუკუნის სიმბოლიზმმა და მეოცე საუკუნის სიურრალიზმმა მოახდინა გავლენა. მის ნაწარმოებებში სიმბოლოები, სიზმრები და ფანტასტიკა ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, რეალისტურ სიტუაციებთანაა შერწყმული, რის შედეგადაც ხდება სხვა სახის რეალობის წარმოჩენა, რომელიც თანამედროვე ადამიანთა აზროვნების უღრმეს კუნჭულებში იმალება. იგი იყენებს ადამიანთა ყველაზე თავზარდამცემ კოშმარებს, რისი მეშვეობითაც იკვლევს, თუ რა სახის შიშები მართავთ მათ და როგორ თანაარსებობენ ფობიები და სიზმრები ერთი შეხედვით რაციონალურ აზროვნებასთან ერთად. სიმბოლოების და მეტაფორების გამოყენებით ქვეცნობიერის აღსაწერად, კორტასარი თავის მოთხრობებს, განსხვავებით სიურრეალიტებისაგან, დიდი სიფრთხილით აგებს. მისი არაგონიერში მოგზაურობა თავისუფალი თავგადასავალი სულაც არ არის; ეს არის ჩვეულებრივ ადამიანთა გონების ამა თუ იმ კონკრეტული კუნჭულის კვლევა-ძიება. ავტორის ჯაზის სიყვარული მის ნაწარმოებებზეც აისახება. მისი ერთი შეხედვით დაულაგებელი, ერთმანეთში ჯაზის ნოტებივით არეული სიტყვები, საბოლოოდ ერთ შედევრად იქმნება და გარდაისახება. მისი პერსონაჟები ხშირად კარგავენ ან იცვლიან ვინაობას, ან კიდევ რაიმე შეპყრობილობის ქვეშ ექცევიან. ვინაობათა ცვლა, გაორება და გაურკვევლობა, ერთი ამბის ორი მხრიდან დანახვა კორტასარის უდიდესი გატაცება და მისი მთავარი იარაღია. სწორედ ეს ძაფი გასდევს მის მოთხრობებს მთავარ აზრად.
ამ წიგნის პირველ მოთხრობაში, ბაღების უწვეტობაში, პირველი ისტორია გვიყვება ბიზმენსმენზე, რომელიც თავის მამულში მიდის, სავარძელში ჯდება, რომანის კითხვას იწყებს და მის წარმოსახულ სამყაროში ეფლობა. მეორე ისტორია, რომელიც პირველშია ინტერპოლირებული, მოგვითხრობს ორ საყვარელზე, რომელთაც ბიზნესმენის მოკვლა აქვთ განზრახული. ცალ-ცალკე წაკითხვისას ამ ორი ამბიდან არცერთი წარმოგვიდგება ფანტასტიკად; პირიქით, მათში დიდი დოზით რეალიზმი იგრძნობა. თუმცა მათი ერთ ისტორიად შერწყმა არის ის რაც მოთხრობას მთელ თავის ფანტასტიკურ დატვირთვას ანიჭებს: რომანი, რომელსაც ბიზნესმენი კითხულობს არის ამბავი ორი საყვარლისა, რომელთაც განზრახული აქვთ იმ ბიზნესმენის მოკვლა, რომელიც საყვარლებზე კითხულობს რომანს…
მსგავსი ისტორიის უძველესი მაგალითი ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე სამი საუკუნით ადრე გვხვდება: „ჩჟუან-ძის დაესიზმრა, რომ იყო პეპელა და როდესაც გამოეღვიძა, ფილოსოფოსი დიდხანს ვერ ხვდებოდა, ვინ იყო ის – ჩჟუან-ძი, რომელსაც დაესიზმრა, რომ იყო პეპელა, თუ ის იყო პეპელა, რომელსაც დაესიზმრა, რომ იყო ჩჟუან-ძი.“ შედეგი, რომელიც ასეთი ამბებისგან ლაკმუსის ტესტით მიიღება, ცხადია, დამოკიდებულია მის გაცნობიერებაზე, გაწაფულობაზე, რომლითაც ეს ორი ისტორია ერთ სიუჟეტურ-თემატურ სურათადაა შერწყმული. თავად კორტასარმა ამ მოთხრობაზე შემდეგი განაცხადა: „მე, ადამიანს, რომელსაც მოთხრობა ორჯერაც კი არ დამიწერია, ეს თხუთმეტჯერ გადავწერე და მაინც არა ვარ კმაყოფილი. ვფიქრობ, მას რიტმის და დაძაბულობის ზოგიერთი ისეთი ელემენტი აკლია, რაც სრულყოფილებაში უშლის ხელს.“
თუ ამ კრებულის მესამე მოთხრობას, სახელად „მდინარეს“ შევხედავთ, მაშინვე მივხვდებით, რიტმის და დაძაბულობის რა ელემენტები ჰქონდა კორტასარს მხედველობაში. როგორც „ბაღების უწყვეტობაში“, „მდინარეშიც“ ორი ამბავია არტიკულირებული, უფრო სწორედ, ერთი ამბის ორი განსხვავებული პერსპექტივა. დასასრულისკენ მიმავალი ქორწინება, რომლის შესახებაც ქმარი მოგვითხრობს, მაგრამ რომელზედაც ურთიერთდამოკიდებულია ქალის თვალსაზრისიც. მოთხრობის პირველივე აბზაცში გვესმის ქალის გამოძახილი რომლის სიტყვებიც მთხრობელის ცინიზმითაა გაჯერებული. თავიდანვე ვხედავთ დასასრულის შესაძლო ვარიანტებს და დროების შერწყმას, რომელიც ნაწარმოების მთავარ ღირებულებას წარმოადგენს. მოთხრობის საწყისი წინადადებები იგივენაირ დაძაბულობას იწვევს, როგორიც მთლიან ტექსტშია შენარჩუნებული: ხმების, დროის და სურათების აღრევა. სარეცელზე ვნების უეცარი შემოტევა, რომელიც მდინარის ფსკერზე გარდაცვალების წუთს ფარავს. (აღსანიშნავია, რომ ესპანურად სიტყვა la cama, როგორც ცოლ-ქმრულ სარეცელს, ასევე მდინარის კალაპოტს და ფსკერსაც ნიშნავს.)
მოთხრობაში სახელწოდებით „საუბარი მეგობრულ საღამოზე“, მეგობრების შეხვედრისას მომხდარი (ან არ მომხდარი) ასევე ორი ერთმანეთთან შეპირისპირებული ვერსიაა ნაჩვენები: ერთი, რომელიც ამ შეხვედრაზე მომხდარ ინტრიგას ახსენებს და მეორე, რომელიც საერთოდ უარყოფს შეხვედრის (და, მაშასადამე, ინტრიგის) ფაქტს. მოთხრობა მიმოწერითი სახისაა და მკითხველი თავად უნდა დააკვირდეს წერილებს და მათზე დაყრდნობით საკუთარი დასკვნები გამოიტანოს. ამ მოთხრობაშიც, ისევე, როგორც კორტასარის მრავალ ნაწარმოებში, მკითხველი თავად უნდა ჩაერიოს მის მსვლელობაში, მოირგოს გამომძიებლის როლი და ყველაფერი დამოუკიდებლად განსაჯოს.
კორტასარი, ამ კრებულში შესული მოთხრობებით, ასევე თავისი სხვა ნაწარმოებებითაც გვაჩვენებს, რომ რეალურ ცხოვრებაში უსაზღვრო შესაძლებლობები და პოტენციალია დამალული. ჩვენი ყოფის უცნაურობა და გაუგებრობა მისი პერსონაჟების რეალობაშია განვრცობილი, მაგრამ თუ ცოტათი მაინც შევეცდებოდით ასე თავგამოდებით არ შევაქცევთ ზურგს ამ შესაძლებლობებს და მათთვის თვალის გასწორებას ვცდით, შესაძლოა რუტინულობისთვისაც დაგვეღწია თავი. რუტინაა კორტასარისთვის რეალობის ერთადერთი ხელმყოფი, რომელიც შეიძლება შემაძრწუნებლად ჩაითვალოს.