თარგმანი: ბექა არაბული
როცა უკანასკნელი დღეები დამიდგა და არსებობის საძაგელმა წვრილმანებმა, მსგავსად ჯალათის მიერ მსვერპლის სხეულზე ერთსა და იმავე წერტილზე მიშვებული წყლის წვეთებისა, ჩემი გაგიჟებამდე მიყვანა იწყეს, ძილის სხივმოსილი საყუდარი შემიყვარდა. ცხოვრებაში ამაოდ ნაძებნი მშვენიერების ნაწილაკი ზმანებებში მოვნახე და იქ დავეხეტებოდი ძველ წალკოტებში და მოჯადოებულ ტყეებში.
ერთხელ, როდესაც სურნელოვანი სიო უბერავდა, სამხრეთის ძახილი შემომესმა და ნავით შევუდექი უცნობი ვარსკლავების ქვეშ უსასრულო და დუნე ცურვას.
სხვა დროს, როცა წვიმა ნაზად ჟინჟღლავდა, წყვდიადით მოცულ მიწისქვეშა ნაკადზე კარჭაპით ნარნარად მივლივლივებდი, სანამ არ მივაღწიე სხვა, მეწამული ბინდის, ნაირფერადი ხეების და უჭკნობი ვარდების, სამყაროს.
ერთხელ კი ჩრდილიანი კორომებისა და ნანგრევებისაკენ მიმავალი ოქროს ხეობა გადავიარე და მივადექი ძველი ვაზით გამწვანებულ დიად კედელს, რომელშიც ბრინჯაოს მომცრო კარი იმალებოდა.
ბევრჯერ მისეირნია ამ ხეობაში, უფრო და უფრო დიდხანს ვაყოვნდებდი მოჩვენებით ბინდბუნდში, სადაც გიგანტური ხეები გროტესკულად იკლაკნებოდნენ და იგრიხებოდნენ, ერთი ტანიდან მეორემდე კი გადაშლილიყო ტენიანი ყომრალი მიწა, რომელშიც ალაგ-ალაგ მოჩანდა ქვეშ დაკრძალული ტაძრების ობმოკიდებული ქვები. და ყოველთვის, ჩემი ზმანებების მიზანი იყო ვაზებით გაბარდული კედელი ბრინჯაოს პატარა კარით.
ცოტა ხნის შემდეგ, როცა გამოღვიძების დღეები სირუხისა და ერთფეროვნებისგან უფრო და უფრო აუტანელი გახდა, ნარკოტიკულ ნეტარებას მიცემული ხშირად დავცურავდი ხეობაში და ჩრდილიან კორომებში, ვფიქრობდი, თუ როგორ დავვანებულიყავი აქ საუკუნოდ, რათა ყოველ ჯერზე იმ უხალისო და ახალ ფერებს მოკლებულ სამყაროში გამოხოხება აღარ დამჭირვებოდა. და, დიად კედელში პატარა კარზე ყურებისას, ვგრძნობდი, რომ მის უკან ზმანებების მხარე იმალებოდა, რომლიდანაც, თუ იქით გადახვიდოდი, უკან ვეღარ დაბრუნდებოდი.
ყოველ ღამე ძილში სუროთი დაფარულ კედელში დამალული კარის საკეტის პოვნას ვცდილობდი, მაგრამ ის ჩინებულად იყო შენიღბული. და საკუთარ თავს ვუმეორებდი, რომ კედელსმიღმა სამყარო არა მხოლოდ უფრო ხანგრძლივი, არამედ უფრო მშვენიერიც და გაცისკროვნებულიც იყო.
შემდეგ ერთ ღამეს სიზმრების ქალაქ ზაკრიონეში აღმოვაჩინე გაყვითლებული პაპირუსი, რომელიც შეიცავდა სიზმრების სამყაროს ბრძენთა გამონათქვამებს, იმ ბრძენების, რომლებიც ძალიან დიდი ხნის წინათ ამ ქალაქში ცხოვრობდნენ, ბრძენები, რომლებიც გამოღვიძების სამყაროში ცხოვრებისათვის მეტისმეტად ჭკვიანები იყვნენ. პაპირუსში ბევრი ეწერა სიზმრების სამყაროზე და მათ შორის იყო ცნობები ოქროს ხეობაზე, ტაძრებიან წმინდა კორომზე და ბრინჯაოს კარიან მაღალ კედელზე. როცა ეს ჩანაწერი ვნახე, მივხვდი, რომ სწორედ იმ ადგილებს ეხებოდა, სადაც ასე ხშირად დავეხეტებოდი, ამიტომ გაყვითლებული პაპირუსის კითხვაში ღრმად ჩავეფალი.
ზმანებების სამყაროს ზოგიერთ ბრძენს კაზმულად აღეწერა სასწაულები მიღმა იმ კარისა, რომელშიც ორჯერ ვერ გაივლი, მაგრამ სხვები სხვები საშინელებებზე და იმედგაცრუებაზე ყვებოდნენ. არ ვიცოდი, ვისთვის დამეჯერებინა, და, მიუხედავად ამისა, უფრო და უფრო ძლიერ მეწადა უცხო მხარეში გადასვლა; რადგან იჭვნეულობა და იდუმალება ხომ სატყუარებს შორის უდიდესი სატყუარებია და არავითარი ახალი საშინელება შეიძლება იყოს ჩვეულებრივობის ყოველდღიურ წამებაზე უარესი. ამიტომ, როცა გავიგე ნარკოტიკზე, რომელსაც შეეძლო კარის გაღებაში და მასში გავლაში დამხმარებოდა, გადავწყვიტე მომდევნო გაღვიძებისთანავე მიმეღო.
წუხელ ეს ნარკოტიკი გადავყლაპე და მეოცნებედ გავცურე ოქროს ხეობაში და ჩრდილიან კორომებში; და ძველთაძველ კედელთან კიდევ ერთხელ მისულმა, დავინახე, რომ ბრინჯაოს პატარა კარი ოდნავ შეღებული იყო. იქითა მხრიდან გამოდიოდა ნათება, რომელიც გიგანტურ დაგრეხილ ხეებს და მიწისქვეშ დაკრძალული ტაძრების გუმბათებს იდუმლად ჰფენდა შუქს. მელოდიურად გავცურე წინ, წინასწარ ვტკბებოდი სილამაზით მხარისა, რომლიდანაც უკან აღარასოდეს დავბრუნდებოდი.
მაგრამ კარი უფრო ფართოდ შეიხსნა და ნარკოტიკის და სიზმრის მომჯადოებლობამ მასში გამატარა თუ არა, მივხვდი, რომ ეს იყო ყველანაირი სანახაობის და სილამაზის აღსასრული; ვინაიდანაც ამ ახალ მხარეში არც ხმელეთი იყო, არც ზღვა — მხოლოდ უკაცური და უკიდეგანო სივრცის თეთრი სიცარიელე. და, უფრო ბედნიერი, ვიდრე ამის წარმოდგენა ოდესმე გამებედა, ისევ გავიხსენი ნაცნობ გამოურკვევლობაში იმ კრისტალური დავიწყებისა, საიდანაც დემონ ცხოვრებამ ერთი მოკლე და უსახარულო წამით გამომიხმო.