ავტორი: დათო ლობჟანიძე
ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად
დავით გურამიშვილი
12 სექტემბერს ბათუმში, სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ბათუმის რიგით მეთორმეტე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. სანამ უშუალოდ ფესტივალის განხილვამდე გადავიდოდე, შესავლის სახით ერთი-ორი სიტყვით იმ ინიციატივას მინდა შევეხო, რომელიც ორგანიზატორებმა ბლოგერებს შესთავაზეს.
მოკლედ, ასეთი ამბავია, ფესტივალის დასრულების შემდეგ საუკეთესო ბლოგერებს სხვადასხვა მატერიალური ღირებულების მქონე ჯილდოს გადასცემენ, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ სტამბულის ფესტილვაზე სრულად ანაზღაურებადი საგზურია. ეს ერთი შეხედვით კარგი და დასაფასებელი ინიციატივა ბლოგერების წასახალისებლადაა შექმნილი, მაგრამ ოდნავი დაკვირვება კმარა ინტერესტთა კონფლიქტის დასანახად.
მსგავსი წახალისების პირობებში ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ავტორებიც კი ვერ გაუძლებენ ცდუნებას თვალი დახუჭონ მცირე ან თუნდაც სერიოზულ პრობლემებზე, რომელიც არა თუ ამ, არამედ ბევრად უფრო განვითარებულ ღონისძიებას შეიძლება თან ახლდეს. ამ კონკურსში ფორმალურად ლიტაგორაც მონაწილეობს, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად.
ეს წერილი დაახლოებით შემდეგნაირი პათოსის მატარებელი შეიძლება ყოფილიყო, “გუშინ გამართულმა ფესტივალმა ანშლაგით, მაღალი ორგანიზებულობის ფონზე ჩაიარა,” მაგრამ ეს ტყუილი იქნებოდა. გარდა იმისა, რომ ჟურნალისტის, თუ ბლოგერის პირდაპირი მორალური ვალდებულება მოვლენებზე სიმართლის ლაპარაკია, მსგავსი მიდგომა ორ მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება ა) იყო მართალი მკითხველთან, რაც ნებისმიერ ჯილდოზე მნიშვნელოვანია და ბ) კრიტიკული მიდგომით თუნდაც მცირე წვლილი შეიტანო საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში, სადაც საზოგადოებიდან გარიყვის, თუ მომავალ ღონისძიებაზე არმოწვევის შიშით მედიის წარმომადგებლებს, თუ კრიტიკოსებს ხშირად სათქმელის გამოხატვის ეშინიათ და ჟანგბადივით აუცილებელი კრიტიკის ნაცვლად საკუთარი წრის წარმომადგენლებს დითირამბებს უძღვნიან.
შესავალი ოდნავ გამიგრძელდა, ამიტომ დროა უშუალოდ ფესტივალზე გადავიდე. დავიწყოთ გახსნის ცერემონიალის ლოკაციით, ანუ საკონცერტო დარბაზით. აქვე უნდა ითქვას, რომ ფესტივალის ორგანიზატორების პრობლემა ნაკლებადაა, რომ საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქში არ მოიძებნება ადგილი, რომელიც ფესტივალის გახსნისათვის აუცილებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდა. ორგანიზატორები ამ მხრივ სავარაუდოდ დილემის წინაშე იდგნენ, ჩაეტარებინათ გახნსა პომპეზურად, გამოსვლებით, მუსიკით და სცენაზე დამონტაჟებული უზარმაზარი ბანერებით და მეორე, მოკრძალებულად გაეშვათ გახსნის ფილმი მეტნაკლებად ნორმალური კინოთეატრის ეკრანზე.
ჰკითხეთ სინეფილს, რა ურჩევნია გახსნის ცერემონიალზე მისულს, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების ხანგრძლივი გამოსვლების და კონცერტის მოსმენა, თუ დაგეგმილი ფილმის კარგ ეკრანზე ნახვა? ვფიქრობ, კითხვა რიტორიკულია.
დადებითად უნდა შეფასდეს ის, რომ ფესტივალის მესვეურებმა ქართველი ხელოვანები დააფასეს და მათ შესაბამისი ჯილდოები გადასცეს, ვახტანგ კიკაბიძეს სპეციალური პრიზი სამსახიობი ოსტატობისთვის და გია ყანჩელს ჯილდო მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცა. თუმცა, აქვე მნიშვნელოვანია მოკლედ ფორმაზე შევჩერდეთ.
ვფიქრობ, როდესაც რამე ღონისძიების პომპეზურად და გლამურულად ჩატარება გსურს, შესაბამისად მომზადებული უნდა იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი შეიძლება კიჩს დაემსგავსოს. ასე მაგალითად, ჟიურის წევრების გაცნობა ეკრანზე მათზე ინფორმაციის ჩვენებით გადაწყდა, მაგრამ კადრებმა ისე სწრაფად ჩაიარეს, დამსწრეების დიდმა ნაწილმა ვეჭვობ, მათი სახელების გაგებაც კი ვერ მოასწრო.ყანჩელის და კიკაბიძის დაჯილდოვება-წარდგენისას კი GOM პლეიერის ლოგომ გლამურზე ყოველგვარი მინიშნება ბოლომდე მოკლა.
თუმცა, ყველაზე დიდი პრობლემა, რომელმაც გახსნის დღეს იჩინა, იმ ეკრანში გამოიხატა, რომელზეც გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმი, ხიბულა უნდა ეჩვენებინათ. საქმე ისაა, რომ ცენტრი სადაც ფესტივალის გახსნის ღონისძიება გაიმართა, არანაირად არაა მორგებული კინოჩვენებებს. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ეს ეკრანი საკმაოდ მასიური სცენის სიღრმეში, მაყურებლებისგან საგრძნობლად შორს იყო განთავსებული. ამრიგად, ფილმის ყურების გამოცდილება დაახლოებით Camrip – ის ყურების გამოცდილებას ჰგავდა. კარგია, რომ თავად გიორგი ოვაშვილმა ფილმის ჩვენებამდე აღნიშნა ეკრანის ხარისხი და გარკვეულწილად ბოდიში მოიხადა მსგავსი ჩვენების გამო.
ოვაშვილი კარგი და საინტერესო რეჟისორია, თუმცა, სამწუხაროდ, ხიბულას შემთხვევაში ჩვენების ხარისხი არ იყო ერთადერთი რაც უკეთესის სურვილს ტოვებდა.
ხიბულა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბოლო დღეების შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც რატომღაც მთელი ფილმის განმავლობაში „ბატონო პრეზიდენტო“ – თი მიმართავენ და არცერთხელ სახელით. იმაზე ფიქრს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება გარკვეულ ჩანაფიქრს ემსახურებოდა და ოვაშვილი საქართველოს პირველ პრეზიდენტს თან გულისხმობდა და თან არა, ალბათ ამაოა, რადგანაც IMDB.COM – ის საიტზე მთავარი პერსონაჟი ზვიად გამსახურდიათია მოხსენებული.
პერსონაჟზე საუბრისას ასევე აღსანიშნავია, რომ მსახიობსა და ნამდვილ პრეზიდენტს შორის მსგავსება ალბათ ჭაღარა თმებით შემოიფარგლება და აქ არამხოლოდ გარეგნულ მსგავსებას ვგულისხმობ. „ბატონ პრეზიდენტს“ ცნობილი ირანელი მსახიობი ჰოსეინ მაჰჯუბი ასრულებს. ხასიათი, რომელიც პერსონაჟის შემთხვევაში ჩანს რადიკალურად განსხვავებულია გამსახურდიას პერსონისგან. საქართველოს პრეზიდენტი ემოციური და იმპულსური პიროვნება იყო, ფილმის პერსონაჟი კი დინჯი, გაწონასწორებული პიროვნება ჩანს.
მაჰჯუბი ნამდვილად კარგი მსახიობია და ეჭვი მეპარება დაკისრებულ მოვალეობისთვის თავი არ გაერთვა. აქ პრობლემა უფრო გუნდს და მსახიობს შორის სუსტი კომუნიკაციის ბრალი მგონია… ან კიდევ, ისევდაისევ რაღაც ჩანაფიქრთან გვაქვს საქმე, რომელიც ჩემთვის როგორც მაყურებლისთვის გაუგებარი აღმოჩნდა. ზოგადად გაუგებარია, თუ რისი თქმა სურდა ფილმით ოვაშვილს. უფრო სწორედ, გასაგებია, რომ საუბარი მიტოვებულ, ლიდერზეა რომელსაც უღალატეს, რომელიც ყველგან საფრთხეშია, მაგრამ ეს თემა 100 წუთის განმავლობაში გაუთავებლად და უფრო მეტიც, მომაბეზრებლად მეორდება.
ვფიქრობ ფილმის ყურება სულ ბოლოდან რომ დაგეწყოთ, ფილმში არაფერს გამოტოვებდით, ან ფილმის სხვადასხვა სცენა რომ გადაგემონტაჟებინათ და მათი რიგითობა შეგეცვალათ არც ამით შეიცვლებოდა დიდად რამე.
გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით ძალიან თეატრალურად თამაშობენ მსახიობები, ამ სენისგან სამწუხაროდ ვერაფრით ვერ გათავისუფლდა ქართული კინო. ხელოვნურია და კლიშეებით სავსეა დიალოგები. ასე მაგალითად ერთ-ერთ სცენაში გამსახურდია სახლის მასპინძელს ელაპარაკება. მათი დიალოგი ღმერთზე და ბედზე იმდენად გაცვეთილია, რომ ყურებისას შეიძლება უხერხულადაც კი იგრძნოთ თავი. მათ შორის გამართული საუბარის ფრაზების სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ არსის გადმოცება დაახლოებით შემდეგნაირად შეიძლება:
– რა გეგმები გაქვს?
– გეგმები არ მაქვს, განგება გვიგეგმავს ცხოვრებას.
– მაშ, იარაღი ხარ ღმერთის ხელში?
– ღმერთის ხელში ყველანი იარაღები ვართ…
ასევე გაუგებარი იყო არაერთი სცენა, რომელიც საერთოდ ვერ გაიგებდი რა შუაში იყო ფილმთან. ასე მაგალითად ერთ-ერთ სცენაში პრეზიდენტის ამალის ერთ-ერთი წევრი, რომელიც არაფერ განსაკუთრებულ როლს არ ასრულებს, სექსით კავდება გოგოსთან, რომელიც აქამდე ფილმში საერთოდ არ ჩანდა. ამ ყველაფერს კი დისტანციიდან გამსახურდია აკვირდება. სხვა სცენაში პრეზიდენტი დოკუმენტებს ხევს და ღუმელში წვავს. როგორც ჩანს სახელმწიფოს მნიშვნელობის დოკუმენტებია და აქ გამსახურდია ა ლა პაბლო ესკობარი მათ გათბობის ფუნქციას არგებს. თუმცა, გაუგებარია რა დოკუმენტებია ან რატომ გახდა საჭირო ამ სცენის ფილმში გამოყენება. აქ მოყვანილი მაგალითები მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენენ იმ პრობლემებისა, რომელიც ფილმის ყურებისას იჩენს თავს.
სამწუხაროა, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის საკმაოდ ტრაგიკული ისტორია, რომელიც საინტერესოდ ნაჩვენები შეიძლება ყოფილიყო, ასე იფლანგება. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ მსგავს ისტორიას ვერ იყენებს ქართულ რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ხედვის მქონე რეჟისორი.