მიუხედავად იმისა, რომ პარკ ჩან ვუკის ოლდბოი შინაარსობრივად ერთი შეხედვით არ წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს და მის საფუძვლებს ძველ საბერძნეთში უნდა ვეძიოთ, ეს ფილმი განსხვავებული და გამორჩეული ნაწარმოებია, პირველ რიგში იმიტომ რომ რეჟისორი ათასჯერ გადაღეჭილ ამბავს კინოს მედიუმს ახლებურად და ორიგინალურად არგებს. ამ ვიდეო განხილვაში დეტალურადაა განხილული თუ რაში გამოიხატება ოლდბოის ორიგინალურობა.
ძალიან საინტერესოა “ოლდბოის” ძველ ბერძულ ტრაგედიებთან დამაკავშირებელი პარალელების მოძიება და გამომჟღავნება. სხვათაშორის ამ საყოველთაო სივრცის სიღრმეში გადანაცვლება უშუალოდ პაკ ჩან უკის ფილმის ღირშესანიშნაობაა, რამდენადაც გარონ ცუჩიას მანგა, რომლის ადაპტაციასაც წარმოადგენს ფილმი, წმინდა იაპონურ კულტურულ თავისებურებას უფრო ემყარება. კერძოდ ინცესტი, როგორც ზოგადსაკაცობრიო ტაბუ, რომელიც პაკმა თავისი ტრაგედიის მწვერვალად აქცია, მანგაში არ არის და შურისძიების მიზეზი შეურაცხყოფა, თავმოყვარეობის შელახვაა, რაც იაპონელისთვის შესაძლოა ოიდიპოსის ტკივილზე უფრო აუტანელი იყოს. ერთი რამ, რაც ორივე “ოლდბოის” აკავშირებს ძველბერძნულ სამყაროსთან, ბედისწერის თემაა, რომლის გამოხატულებადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ ჰიპნოზიორები, რომლებიც მომავლის მიმართ შიშსა და ძრწოლას უნერგავენ პროტაგონისტებს. მაგრამ თუ მანგას გმირს კოშმარები იმიტომ ტანჯავს რომ არ იცის რა ჩაუნერგა ჰიპნოზიორმა (რა ბედი დაუწერა) მის შეყვარებულს (რომელიც აქ მისი შვილი არაა), ფილმის გმირის ერთადერთი იმედი ჰიპნოზიორის წარმატებაა მისი მეხსიერების წაშლის (ბედისწერის გადაწერის) საქმეში, რომ დაივიწყოს შეყვარებულის ვინაობა (რომელიც აქ მისი შვილია). პაკმა მართლაც, ერთ შეხედვით ღია დასასრული არჩია, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით ფილმის ბოლო კადრს, მთავარი გმირის ბედნიერებისგან თუ ტკივილისგან მოქცეულ სახეს და ჯეიმს ენსორის მწუხარე ადამიანს, სადაც ქრისტეს სახეზე იაპონური თეატრის ერთ-ერთი გმირის, დემონის ნიღაბია ამოჭრილი (რომელიც უკვე თავისთავად წარმოადგენს კულტურებისა და არქეტიპების შემაძრწუნებელ ნაზავს), ერთი დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ, გმირის სახე არც სიხარულს გამოხატავს და არც მწუხარებას, არამედ ორივეს ერთად. ძალიან გავს თანამედროვე ადამიანის სახეს.
LikeLike