თარგმანი: ბექა არაბული

 

ცხენოსნების უკანასკნელი რაზმეული კვამლში გაუჩინარდა და მათი ფლოქვების ხმაური ნაცრისფერ სიშორეში მიიკარგა.
გარშემო იდგა კვამლი, რომელშიც ოდნავ ატანდა დასავლეთ ცისკიდურზე ღია ჭრილობასავით გამოკიდებული ჩამავალი მზე.
ბრძოლის შემდგომ ჟღარუნა სიჩუმეში, გასისხლიანებული და დასახიჩრებული ველებიდან მხოლოდ დროდადრო აღწევდა გულსაკლავი კვნესის ხმები იმ სისხლიანი ნარჩენებისა, რაც სულ ცოტა ხნის წინ ადამიანები იყო.
ტყიდან რამდენიმე აჩრდილისებრი ფიგურა გამოჩნდა, შიშისგან ადგილზე გაიყინა, წაბორძიკდა და ვიშ-ვაებით დაეშვა გორაკზე. ქალები თავიანთ ქმრებს, ძმებს, მამებს, სატრფოებს დაეძებდნენ — ჯერ მომაკვდავებში, შემდეგ კი მკვდრებში. გზას ხანძრის ელვარება უნათებდათ. იწვოდა მათი სოფელი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად შევიდა მონღოლეთის იმპერიის შემადგენლობაში.
მონღოლები.
მომაკვდინებელ ქარბორბალასავით აბობოქრებულები, ცენტრალური აზიის უდაბური სივრცეებიდან გამოჩნდნენ — ულმობელი ძალა, რომელთანაც დასაპირისპირებლად მსოფლიო მოუმზადებელი აღმოჩნდა. წააგავდნენ უზარმაზარ ცელს, რომელმაც, შეუწყალებლად, ყოველგვარი გამორჩევის გარეშე თავის გზაზე ყველაფერი გათელა და ამას დაპყრობა უწოდა.
და მთელ იმ ტერიტორიებზე, სადაც სიტყვა „მონღოლი“ პანიკურ შიშს აღძარვდა, ან მალე აღძრავდა, არცერთი სახელი იწვევდა ისეთ თავზარს, როგორსაც მათი წინამძღოლის, ჩინგიზ-ყაენისა. განცალკევებით მდგომ აზიის უდიადეს მხედართმთავარს მეომრები ღმერთივით ეთაყვანებოდნენ. მას ყველასგან გამოარჩევდა ნაცრისფერ-მწვანე თვალების ცივი სიელვარე, წარბების ავბედითი მოღუშულობა და ის ფაქტი, რომ მათგან ნებისმიერისთვის თავ-პირის გაერთიანება შეეძლო.
მოგვიანებით, იმავე ღამეს მთვარე ამოიწვერა. მის მკრთალ შუქზე მეზობელ გორაკზე მონღოლების ულაზათოდ გაშხლართული ბანაკიდან, უხმაუროდ გამოვიდა ჩირაღდნიანი ცხენოსნების პატარა ჯგუფი. ჩვეულებრივი მეთვალყურე მათ ცენტრში მიმავალ (მძიმე მოსასხამში გახვეულს, დაძაბულს და ცხენზე ოდნავ წინ გადახრილს, თითქოს მხრებზე ძალიან მძიმე ტვირთი ადევსო) კაცს ვერაფერ განსაკუთრებულს შეამჩნევდა, რადგან ჩვეულებრივი მეთვალყურე აქამდე უბრალოდ ცოცხალი აღარ იქნებოდა.
მხედრებმა მთვარის შუქით განათებულ ტყეში რამდენიმე მილი გაიარეს. ცდილობდნენ ბილიკებიდან არ გადაეხვიათ. ბოლოს პატარა ველობს მიადგნენ, ცხენები შეაჩერეს და თავიანთ მეთაურს დაუცადეს.
მეთაური თანამგზავრებს ნელა მიუახლოვდა და აათვალიერ-ჩაათვალიერა ველობის შუაში უთავბოლოდ თავმოყრილი რამდენიმე გლეხური ქოხი, რომლებიც მთელი სულისკვეთებით ცდილობდნენ მიტოვებული ქოხების იერი მიეღოთ.
უშნო საკვამურებიდან კვამლი თითქმის არ ამოდიოდა. ფანჯრები ჩაბნელებული იყო და არსაიდან ხმა არ ისმოდა, გარდა ერთი ბავშვის ჩურჩულისა: „შშშშ…“
მონღოლთა მეთაურის თვალებში თითქოს ერთი წამით უცნაურმა მწვანე ცეცხლმა გაითამაშა. მის მეჩხერ წვერში რაღაც ღიმილისმაგვარი გამოკრთა — თუ შეიძლება, ასე ეწოდოს მოღუშულ, ავბედითად დაკრეჭილ კბილებს. ჩვეულებრივ, ეს უცნაური „ვითომდა“ ღიმილი ნიშნავდა — განსაკუთრებით ისეთი ადამიანისთვის, ვინც მისთვის გვერდიდან შეხედვის მიუტევებლ შეცდომას დაუშვებდა, — რომ მონღოლთა სარდლისთვის არ არსებობს იმაზე დიდი სიხარული, რაც ადამიანების პატარა ნაჭრებად აკუწვის შემდეგ ბრძოლის დროსტარებით ჩამოშორებაა.
კარი ფართოდ გაღო. მონღოლი ჯარისკაცი ქოხში გამანადგურებული ქარივით შეიჭრა. ორი ბავშვი მაშინვე ყვირილით მივარდა დედას, რომელიც პაწაწინა ოთახის კუთხეში თვალებგაფართოებული მოკუნტულიყო.
ძაღლმა დაიყეფა.
მეომარმა თავისი ჩირაღდანი მღვივარ ცეცხლში ტყორცნა, მერე კი ძაღლიც ზედ მიაყოლა. მისთვის გაკვეთილი იქნება. დაე გაიგოს, ვინ ესტუმრა. ოჯახის უკანასკნელი მამაკაცი, თმაჭაღარა მოხუცი თვალების ელვარებით წამოდგა დაუპატიჟებელ სტუმრებთან დასახვედრად. გაისმა მახვილის სტვენა, მოხუცის მხრებიდან წაგდებული თავი ბრახუნით გაგორდა იატაკზე და მაგიდის ფეხთან გაჩერდა. რამდენიმე წამით თავმოკვეთილმა სხეულმა ვერტიკალური მდგომარეობა შეინარჩუნა, თითქოს არ იცოდა, რა ეფიქრა. შემდეგ კი ნელა, მეფურადაც კი, წინ გადაეშვა. მაგრამ თვით ყაენმა გადააბიჯა წინ და უხეშად ჰკრა ფეხი. მხიარული ოჯახური სცენა ყურადღებით დაათვალიერა და ავბედი ღიმილი ვერ შეიკავა. ყაენი დიდ სკამთან მივიდა და ზედ დაჯდა, თითქოს ამოწმებდა, რამდენად კომფორტული იყო. ალბათ, სკამზე ჯდომა მოეწონა, რადგან ყაენმა ღრმად ამოისუნთქა და დაქანცული იერით საზურგეზე გადაწვა, შეხედა ცეცხლს, რომელშიც ახლა ოჯახის ერთგული ძაღლი გიზგიზებდა.
ჯარისკამა დამფრთხალ ქალს ხელი სტაცა, ბავშვები უხეშად მიყარა გვერდზე და ვერხვის ფოთოლივით ათრთოლებული ქალი ყოვლისშემძლე ყაენთან მიათრია.
ახალგაზრდა და ლამაზი იყო, გრძელი, თუმც გაწეწილი შავი თმებით. აპრეხილი მკერდი და თავზარით დაღმეჭილი სახე ჰქონდა.
ყაენმა ქალი დამცინავი მზერით შეათვალიერა.
— საერთოდ თუ აქვს წარმოდგენა, — იკითხა ბოლოს ხმადაბალი, ხრინწიანი ხმით, — მე ვინც ვარ?
— თქვენ… ყოვლისშემძლე ყაენი ბრძანდებით! — წამოიძახა შეშინებულმა ქალმა.
ყაენი თვალებში ჩააშტერდა.
— და ის თუ იცის, — დაისისინა მან, — მისგან რა მინდა?
— მე… ყველანაირ სურვილს აგისრულებთ, — ენის ბორძიკით ამოილუღლუღა ქალმა, — მხოლოდ ჩემი შვილები დაინდეთ.
— მაშინ დაიწყე, — ჩუმად უპასუხა ყაენმა.
თვალები დახარა და ფიქრიანად მიაჩერდა ცეცხლს.
შიშით აკანკალებულმა ქალმა გაუბედავად გადადგა წინ ნაბიჯი და ცივი ხელისგული ყაენს ხელზე დაადო.
მეომარმა უხეშად მოაშორებინა ხელი.
— ეგ არა! — დაიღრიალა მან.
ქალმა ერთბაშად უკან დაიხია, არ იცოდა, რა ექნა. ალბათ, მისგან უფრო მეტს მოითხოვდნენ. ისევ მთელი სხეულით აცახცახებული დაეშვა მუხლებზე და ნაზად შეუდგა ყაენის ფეხების გაშლას.
— გეყოფა! — დაიღრიალა მეომარმა და უხეშად დაანარცხა ქალი ზურგზე.
ქალი იატაკზე მოიბუზა — მის თვალებში თავზარში არეული დაბნეულობა იკითხებოდა.
— მიდი, გაინძერი, — დააჩქარა მონღოლმა, — ჰკითხე, როგორი დღე ჰქონდა.
— რა? — იკითხა გულგახეთქილმა ქალმა, — არ მესმის… რა უნდა გავაკეთო…
მონღოლმა უხეშად სტაცა ხელი, ნახევარნელსონი გააკეთებინა და ყელზე მახვილის წვერი მიადო.
— რა და ჰკითხე, — დაისისინა მან, — როგორი დღე ჰქონდა.
ქალმა შიშისგან და განცვიფრებისგან ამოიკვნესა. მაგრამ ყელზე ისევ იგრძნო მახვილის მიბჯენა.
— თქვი!
— ისა… როგორი… დღე გქონდათ, — ამოილუღლუღა ქალმა ყოველ სიტყვაზე ენის დაბმით, — კმაყოფილი დარჩ…
— „ძვირფასო“ — შეუღრინა მეომარმა, — „ძვირფასო“ დაამატე.
ქალს მახვილის გახსენებაზე თავზარი დაეცა.
— როგორი დღე გქონდა… ძვირფასო? — გაიმეორა ქალმა კითხვა.
ყაენმა წამით თავი ასწია.
— ოჰ, როგორც ყოველთვის, — უპასუხა მან. — ძალადობრივი.
და ისევ ცეცხლს მიაჩერდა.
— კარგია, — მოწონების ნიშნად თავი დაუქნია მეომარმა, — განაგრძე.
ქალი ოდნავ მოეშვა. როგორც ჩანს რაღაც გამოცდისმაგვარი ჩააბარა. იქნებ, ახლა ზუსტად გააგებინონ, რა სურთ მისგან, და შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად გამოიაროს ეს საშინელება. ნერვიულად წაიწია წინ და ისევ ყაენს მოეალერსა.
მონღოლმა უხეშად მოისროლა ოთახის მეორე ბოლოში, ღვარძლიანად ჩაარტყა ჩექმა, შემდეგ კი მოქაჩა და ისევ ფეხზე წამოაყენა.
— ხომ გითხარი, გეყოფა-მეთქი! — დაიბღავლა მან.
შემდეგ ქალის სახე თავისთან ახლოს მიიზიდა და ფილტვისოდენი იაფიანი ღვინო და თხის ერთი კვირის სიძველის მძაღე ქონი მიასუნთქა. ქალი ამას არ დაუმშვიდებია — პირიქით, თავისი ახალგანსვენებული ქმარი გაახსენა, რომელიც ყოველ ღამეს ზუსტად იგივეს უკეთებდა. ქალი აქვითინდა.
— თავაზიანად მოეპყარი, — დაუღრინა მონღოლმა და ქალის სახეზე მორყეული კბილი გამოაფურთხა. — ჰკითხე, საქმეები როგორ მისდის!
ქალი დაბნეულად მიაშტერდა თავის მაწამებელს. კოშმარი განახლდა. ლოყაზე მწველი სილა მოხვდა.
— რატომ აჯანჯლებ, — ისევ დაუყვირა მონღოლმა, — ჰკითხე: საქმეები როგორ მიგდის, ძვირფასო?
ამ სიტყვებზე უხეშად წაუბიძგა წინ.
— საქმეები როგორ მიგდის… ძვირფასო, — შეკივლა ქალმა საცოდავად.
მონღოლმა ისევ შეანჟღრია.
— სიყვარული ჩააქსოვე!
ქალს ყელში ისევ ქვითინი მოაწვა.
— საქმეები როგორ მიგდის… ძვირფასო, — ისევ ამოილუღლუღა მან, მაგრამ ამჯერად მის ხმაში რაღაც ალერსისმაგვარი იგრძნობოდა.
ყოვლადძლიერმა ყაენმა ამოიხრა.
— ოჰ, საკმაოდ კარგად, — უპასუხა მან დაღლილი ხმით. — მანჯურიას გადავუარეთ, ბლომად სისხლი დაიღვარა. მაგრამ ეს დილით მოხდა, დღემ მარადიორობაში და ძარცვა-გლეჯაში ჩაიარა, თუმცა სადღაც ოთხის ნახევარზე ისევ მახვილებით მოგვიხდა წამუშავება. და შენმა, როგორი დღე ჰქონდა?
ამ სიტყვებზე ტანისამოსის ნაკეციდან რამდენიმე დაგრაგნილი რუკა გამოაძრო და მბჟუტავი ძაღლის მკრთალ შუქზე მათ უგულისყუროდ შესწავლას შეუდგა.
მეომარმა ცეცხლიდან გავარვარებული საჩხრეკი გამოიღო და მუქარიანი მზერით ქალისკენ დაიძრა.
— უპასუხე! ახლავე!
ქალი შიშისგან ადგილზე შეხტა.
— უპასუხე!
— მამაჩემი და ჩემი ქმარი… მოკლეს, — თქვა მან.
— ნუთუ მართლა, ძვირფასო?! — დაბნეულად უპასუხა ყაენმა, რუკისთვის თვალი არ მოუშორებია.
— ძაღლი დამიწვეს.
— ხო?
— მგონი, სულ ესაა…
გავარვარებულ საჩხრეკიანმა მონღოლმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ.
— ხო, და კიდევ ოდნავ მაწამეს, — წამოიძახა ქალმა.
ყაენმა თვალები მას მიაპყრო.
— რა? — ჰკითხა მან ფიქრიანად, — მაპატიე, ძვირფასო, უბრალოდ რაღაცას ვკითხულობდი…
— კარგია, — გაამხნევა მონღოლმა, — ახლა უსაყვედურე.
— რა?
— უბრალოდ თქვი: „ჩინგიზ, როცა შენ წინ ვდგავარ კეთილინებე და ეგ რუკები გვერდზე გადადე. მთელი დღე გავარვარებულ ღუმელთან ვდგავარ და გიცდი…
— კი მაგრამ მომკლავს!
— მე თვითონ მოგკლავ, თუ არ იტყვი!
— ვერ გავაკეთებ! არ შემიძლია! — ამოისლუკუნა ქალმა და იატაკზე დაეცა. ზუსტად დიადი ყაენის ფერხთით. — ოღონდაც ნუ დამტანჯავთ! — ამოიკვნესა მან. — თუ ჩემი გაუპატიურება გინდათ, გამაუპატურეთ, მხოლოდ ნუ…
დიადი ყაენი ფეხზე წამოდგა და გაბრაზებული დააშტერდა მას.
— არა, — მრისხანედ დაისისინა მან, — შენც დანარჩენებივით სიცილი აგიტყდება. ყველანი ერთნაირები ხართ.
აბობოქრებული ყაენი ქოხიდან ღამის სიბნელეში ისეთი გაცეცხლებული გავარდა, რომ იქიდან წასვლამდე კინაღამ სოფლის გადაბუგვა დაავიწყდა.
მორიგი განსაკუთრებით ულმობელი დღის შემდეგ ცხენოსნების უკანასკნელი რაზმეული კვამლში გაუჩინარდა და მათი ფლოქვების ხმაური ნაცრისფერ სიშორეში მიიკარგა.
გარშემო იდგა კვამლი, რომელშიც ოდნავ ატანდა დასავლეთ ცისკიდურზე ღია ჭრილობასავით გამოკიდებული ჩამავალი მზე.
ბრძოლის შემდგომ ჟღარუნა სიჩუმეში, გასისხლიანებული და დასახიჩრებული ველებიდან მხოლოდ დროდადრო აღწევდა გულსაკლავი კვნესის ხმები იმ სისხლიანი ნარჩენებისა, რაც სულ ცოტა ხნის წინ ადამიანები იყვნენ.
ტყიდან რამდენიმე აჩრდილისებრი ფიგურა გამოჩნდა, შიშისგან ადგილზე გაიყინა, წაბორძიკდა და ვიშ-ვაებით წინ გაქანდა. ქალები თავიანთ ქმრებს, ძმებს, მამებს, სატრფოებს დაეძებდნენ — ჯერ მომაკვდავებში, შემდეგ კი მკვდრებში.
მოშორებით, კვამლის ნაცრისფერ საფარს მიღმა, ბანაკში ჩლიქების თქარათქურით, ყიჟინით და იარაღის ჩხარუნით დაბრუნდა ათასობით მხედარი. ერთმანეთთან თავიანთი საგმირო საქმეების ტრაბახით ცხენებიდან ჩამოხტნენ და მყისვე იაფ ღვინოში ჩახრჩობას და თხის მძაღე ქონის ჭამას შეუდგნენ.
მდიდრული საიმპერატორო კარვის წინ, სისხლში ამოსვრილი და დაღლილი დიადი ყაენი თავისი ტაიჭიდან ჩამოხტა.
— და დღეს რომელი ბრძოლა იყო? — ჰკითხა მან თავის ვაჟს, უგედეის, რომელიც მასთან ერთად მივიდა კარავთან.
უგედეი ახალგაზრდა და ამბიციური იყო, და მას, როგორც დამწყებ სარდალს, ცხოვრებაში ყველაზე მეტად ყოველგვარი სისასტიკე აინტერესებდა. გულში იმედს ატარებდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ერთროულად განგმირული გლეხების რაოდენობით ცისქვეშეთის ყველა რეკორდს დაამხობდა და იმავე ღამეს აპირებდა ამ ოსტატობაში ვარჯიშს.
უგედეი მამასთან მივიდა.
— სამარყანდის ბრძოლა, ო, ყაენ! — განაცხადა მან და მეტი დამაჯერებლობისთვის მახვილი მძიმედ მოიქნია.
ყაენმა ხელები გულზე გადაიჯვარედინა და ცხენს მიეყრდნო, მიაჩერდა საშინელ არეულ-დარეულობას, რომელიც მათ ქვემოთ მდებარე ველისგან შექმნეს ცოტა ხნის წინ.
— უკვე განსხვვებას ვეღარ ვხედავ, — ამოიხვნეშა მან, — და გავიმარჯვეთ?
— ო, რა თქმა უნდა, — წამოიძახა უგედეიმ მძვინვარე სიამაყით. — ეს დიდებული გამარჯვება იყო!
— თან რა დიდებული! — დაამატა მან ცოტახნიანი პაუზის შემდეგ.
შემდეგ კი აღფრთოვანებით მოიღერა მახვილი და რამდენიმე შეტევა გააკეთა, თითქოს წარმოსახვით მტერს ურტყავდა. საღამოს, გადაწყვიტა თავისთვის უგედეიმ, აუცილებლად ცდიდა ერთი მოქნევით ექვსი გლეხის მახვილზე წამოცმას.
ყაენმა შუბლი შეიჭმუხნა, სქელდებად ბინდს მიაჩერდა.
— ოჰ ღმერთო, — დაღლილი იერით წარმოთქვა მან, — ესეთ ბრძოლებში მთელი ოცი წელი მაქვს გატარებული, მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ცხოვრება მხოლოდ ეს არ არის, მასში კიდე უნდა იყოს რაღაც სხვა. — ყაენი მობრუნდა და ოქროთი მოქარგული, მაგრამ ახლა დაფლეთილი და გასისხლიანებული სამოსის კალთა აიწია, თავის ბეწვიან მუცელს მიაშტერდა. — აი, ხელით მოსინჯე, — მიუბრუნდა შვილს, — არ გგონია, რომ წონაში ვიმატებ?
უგედეიმ დიადი ყაენის მუცელს რიდის და მოუთმენლობის შერეული გრძნობით შეხედა.
— სულაც არა, — უპასუხა მან.
ამ სიტყვების შემდეგ მსახურს რუკების მოტანა უბრძანა. ბრძანება შეუსრულეს თუ არა, უგედეიმ მსახური მახვილით განგმირა და, სანამ უბედური მიწაზე ეცემოდა, მისი უღონო, მაგრამ არც მთლად გაკვირვებული ხელებიდან ახალი გრანდიოზული კამპანიის გეგმები აიღო.
— ახლა კი, ო ყეან, — თქვა მან და გრაგნილი გაშალა სხვა მსახურის ზურგზე, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით გადახრილიყო, — უნდა შევაღწიოთ სპარსეთში, საიდანაც ჩვენ წინაშე მთელი მსოფლიო გადაიშლება! შემდეგ კი ყველაფერს ხელად დავიპყრობთ.
— დაიცა, — გააწყვეტინა სიტყვა ყაენმა, — ჯობია ეს მოსინჯო. და ორი თითით მუცელზე ცხიმოვან ნაკეცს ჩაავლო. — არ გეჩვენება, რომ…
— ყაენ! — მოუთმენლად წამოიძახა მისმა ვაჟმა. — კიდევ ცოტაც და მთელი მსოფლიო ჩვენ ფერხთით გაერთხმება!
ბრაზისგან და გაღიზიანებისგან რუკა ხანჯლით გამსჭვალა. საცოდავ მსახურს პირდაპირ მარცხენა ფილტვში მოარტყა.
— როდის? — მოიღუშა ყაენი.
უგედეიმ გაღიზიანებისგან აიქნია ხელები.
— ხვალ! — თქვა მან, — ხვალ დავიწყებთ!
— აჰ, იცი, საეჭვოა ხვალ გამოვიდეს, — უპასუხა ყაენმა. შემდეგ ლოყები გაბერა და რამდენიმე წამით ჩაფიქრდა. — საქმე ისაა, რომ მომდევნო კვირა ბუხარაში ლექციები მაქვს წასაკითხი სისხლის ღვრის ტექნიკაზე და მინდოდა ხვალ დამეწყო მზადება.
უგედეი გაკვირვებით მიაშტერდა მამას, ამასობაში კი მსახური, რუკების გასაშლელად რომ გადახრილიყო, ნელა დაეცა მიწაზე.
— და რომ გადადო ვერ შეძლებ? — წამოიძახა მან.
— იცი, უკვე გადამიხადეს, ასე რომ იძულებული ვარ პირობა შევასრულო.
— ოთხშაბათზე რას იტყვი?
ყაენმა სამოსის კალთიდან რაღაც გრაგნილი დააძრო და ზედ დახედა, თან ნელა იქნევდა თავს.
— ოთხშაბათზე თავს ვერ დავდებ…
— ხუთშაბათი?
— ხუთშაბათს უდავოდ დაკავებული ვარ. უგედეი უნდა მესტუმროს მეუღლესთან ერთად სადილზე, და უკვე მივეცი პირობა…
— კი მაგრამ უგედეი ხომ მე ვარ!
— აჰ, ანუ, აქ ხარ. მერე, ხუთშაბათს არც შენ გცალია.
უგედეი გაჩუმდა. სიჩუმეს არღვევდა მხოლოდ ათასობით თმიანი მონღოლის ველური ღრიალი. გამარჯვებისგან გაბრუებულები სვავდნენ, ჩხუბობდნენ და ხმამაღლა არკვევდნენ ურთიერთობებს.
— მომისმინე, — ჩუმად თქვა მან ბოლოს, — პარასკევს გეცლება მსოფლიოს დასაპყრობად?
ყაენმა ამოიხვნეშა.
— პარასკევ დილაობით მდივანი მოდის ხოლმე.
— მართლა?
— წერილებს პასუხობს. ვერც კი წარმოიდგენ რამხელა ყურადღებას ითხოვს ხალხი ჩემგან თავიანთ საქმეებზე. — ჩინგიზი უხალისოდ მიეყრდნო ცხენს. — მოვაწერ თუ არა ხელს ამას, გამოვცხადდები თუ არა იქ. მოვაწყობ თუ არა საქველმოქმედო ხოცვა-ჟლეტას. ეს რაღაცეები მინიმუმ სამ საათამდე გასტანს. შემდეგ კი უიკენდის ადრე დაწყება მინდოდა. ხოდა… ორშაბათი, ორშაბათი…
ისევ გრაგნილს ჩახედა.
— ვშიშობ, ორშაბათი არ გამოვა. დასვენება და ძალების აღდგენა — ეს ერთადერთი რამაა რასაც მოვითხოვ. სამშაბათს არ გამოვა?
ამ დროს შორიდან უცნაურმა გამკივანმა ხმამ მოაღწია. ეს შეიძლებოდა ქალების და ბავშვების დახოცილი კაცების დასატირებლად გამართულ ყოველდღიურ გოდებად ჩათვლილიყო, ამიტომ ყაენს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ჰორიზონტზე რაღაც სინათლემ გაიბჟუტა.
— სამშაბათი… დილით მცალია. არა, მოიცა, ერთ საინტერესო პიროვნებას უკვე შევუთანხმდი შეხვედრაზე, რომელმაც სრულიად ყველაფერი იცის რაღაცეების გაგებაზე — რაც მე ასე ცუდად გამომდის. რა სამწუხაროა, რომ მომდევნო კვირას სამშაბათი ერთადერთი თავისუფალი დღე მქონდა. იქნებ მომდევნო სამშაბათს, ან არა… მაგ დღეს ხომ…
ხმა არ მიჩუმებულა, პირიქით, უფრო გაძლიერდა, თუმცა, რადგანაც საღამოს ქარი ახშობდა, ყაენი ამაზე განსაკუთრებით არ შეშფოთებულა. მოახლოებული სუსტი ნათების იმ ღამეს განსაკუთრებულად მოკაშკაშე მთვარის შუქისგან გარჩევა შეუძლებელი იყო
— ვშიშობ, მარტი პრაქტიკულად მთლიანად დაკავებული მექნება, — ამოიხვნეშა ყაენმა. — ძალიან ვწუხვარ.
— აპრილი? — უხალისოდ ჰკითხა უგედეიმ.
მარჯვედ ამოჰკვეთა ღვიძლი იქვე გამვლელ გლეხს, მაგრამ ამას მისთვის მოსალოდნელი სიხარული აღარ მოუტანია, ამიტომ ორგანი უხალისოდ მოისროლა მოისროლა. ძაღლი, რომელიც წლების განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ უგედეის გვერდზე ყოფნისგან გასუქებულიყო, ნადავლს დაეძგერა. არც ისე საამური პერიოდი იდგა.
— არა, აპრილი გამორიცხულია, — თქვა ყაენმა. — აპრილში აფრიკაში მივდივარ. საკუთარ თავს უკვე მივეცი პირობა.
ღამის ცაში მოახლოებულმა სინათლემ როგორც იქნა მიიპყრო კიდევ რამდენიმე მონღოლი მხედართმთავრის ყურადღება. გაოცებისგან ხმლების ქნევა და ერთმანეთის ცემა შეწყვიტეს და ახლოს მივიდნენ.
— მისმინე, — თქვა უგედეიმ, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცოდა, რა ელოდა წინ. — შეგიძლია ბოლოს და ბოლოს შევთანხმდეთ, რომ მსოფლიოს მაისში დავიპყრობთ?
დიადმა ყაენმა ფიქრიანი იერით იკბინა ტუჩზე.
— იცი, ასე წინასწარ რაღაცეების დაგეგმვა არ მიყვარს. ყველაფრის წინასწარ დაგეგმვისას, თავს ხელ-ფეხ შებოჭილად გრძნობ. მე კი მინდა დრო კითხვას დავუთმო — ღმერთო, ნუთუ ამისათვის რამდენიმე წუთსაც ვერ გამოვნახავ? ხო, კარგი… ყაენმა ამოიხვნეშა და ფრჩხილით გრაგნილი გაჩხაპნა: „მაისი — მსოფლიოს დაპყრობის შესაძლო თარიღი“. ეს ისე, ყოველი შემთხვევისთვის, — განაგრძო მან, — ამას რაიმე გადაწყვეტილებად ნუ მიიჩნევ. უბრალოდ დროდადრო შემახსენე, რომ არ დამავიწყდეს, და ვნახოთ, რა გამოვა. ოჰ, ეს რაღაა?
აბაზანაში ჩასაშვებად გამზადებული ლამაზმანის სინარნარით მიწაზე ნაზად დაეშვა გრძელი ვერცხლისფერი ხომალდი, რომლიდანაც რბილად მბჟუტავი სინათლე გადმოედინა. გაიხსნა ლუქი, და იქიდან გამოვიდა მაღალი, მოხდენილი ფიგურა. უცნობს სახეზე ნაცრისფერ-მწვანე ელფერი დაჰკრავდა. ახალმოსული ნელი ნაბიჯებით გაემართა ყაენისკენ.
მის გზაზე ეგდო ბუნდოვანი გროვა — გლეხი მწარედ ტიროდა, უყურებდა, როგორ ჭამდა ძაღლი მის ღვიძლს და საშინლად წუხდა, იცოდა, რომ ახალი უკვე აღარასდროს ეღირსებოდა. და როგორ გადაიტანდა ამ ყველაფერს მისი საბრალო მეუღლე, ღვიძლის გარეშე მისგან რაღა მუშაკი გამოვიდოდა! და ამ დროს ამ მტანჯველ ხვედრს სამუდამოდ მოშორება არჩია.
მაღალმა უცხოპლანეტელმა მას ზიზღით და — თუმცა, ამის გასაგებად, მის სახეზე ახლოდან დაკვირვება დაგჭირდებოდათ — შურით სავსე თვალი შეავლო. შემდეგ სწრაფად დაუკრა თავი ორივე მონღოლ მეთაურს და ლითონის მძიმე ტუნიკადან პატარა ბლოკნოტი გამოაძრო.
— საღამო მშვიდობისა, — დაიწყო მან დაბალი, მაგრამ საკმაოდ წინააღმდეგობრივი ხმით. — მე ვაუბაგერი მქვია, ან სხვაგვარად — უსასრულოდ გაჭიანურებული. ამის მიზეზების ახსნით თავს არ მოგაბეზრებთ. მოგესალმებით.
ამ სიტყვების შემდეგ გაოცებისაგან ენაჩავარდნილ და თვალებდაჭყეტილ დიად ყაენს მიუბრუნდა.
— ჩინგიზ ყაენს ვესაუბრები? ჩინგიზ თემუჩინ ყაენს, იესუგეის ვაჟს?
დიად ყაენს გრაგნილის დღიური ხელიდან გაუვარდა. ხომალდიდან გამომავალ მკრთალ ნათებაში ბუნდოვნად ჩანდა მისი დასახიჩრებული, გაცრეცილი სახის განცვიფრებული მოყვითალო ნაკვთები. მსოფლიოს ძლევამოსილმა მმართველმა სიზმარეულად გადადგა ნაბიჯი გარმიანელის მიმართულებით.
— შეიძლება შევამოწმო, სახელი როგორ იწერება? — იკითხა უცხოპლანეტელმა, და ყაენს ბლოკნოტი გაუწოდა. — ძალიან არ მინდა თავიდანვე შეცდომა დავუშვა და შემდეგ ყველაფერის ხელახლა გაკეთება მომიწიოს.
ყანემა ძლივს შესამჩნევად დაიქნია თავი.
— სწორად მიწერია? — იკითხა გარმიანელმა.
სახეშეცვლილმა ყაენმა ისევ დახარა ოდნავ თავი. თვალები კვლავ გაოცებისგან ჰქონდა დაჭეტილი.
— კეთილი, — კმაყოფილებით თქვა ვაუბეგერმა, ბლოკნოტში რაღაც აღნიშნა და მზერა ყაენს მიაპყრო. — ჩინგიზ ყაენ, შენ ხარ იმპოტენტი, ნეხვის ნატეხი და სრული არარაობა. გმადლობთ.
ეს თქვა, ხომალდთან დაბრუნდა და გაფრინდა.
ჩამოვარდა უსიამოვნო სიჩუმე.
მოგვიანებით იმ წელს ჩინგიზ ყაენი ევროპაში ისეთი მძინვარებით შეიჭრა, რომ წასვლამდე კინაღამ აზიის გადაბუგვა დაავიწყდა.