ავტორი: დათო ლობჟანიძე

წლევანდელი ბერლინალე უცნაურად დაიწყო.

ფესტივალის, რომელიც წლების განმავლობაში საკუთარი პოლიტიკური პოზიციებით ამაყობდა და არაერთი სოლიდარობის აქცია გაუმართავს, საკონკურსო ჟიურის თავმჯდომარემ ვიმ ვენდერსმა განაცხადა, რომ „ჩვენ პოლიტიკის მიღმა უნდა ვიყოთ“, ხოლო კინო ხელოვანები პოლიტიკის ერთგვარ საპირწონეს წარმოადგენენ.

ვენდერსის კომენტარი მოჰყვა ჟიურის პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვას, რატომ ინარჩუნებდა ფესტივალი პასიურობას ღაზაში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში და რატომ არ გამოხატავდა სოლიდარობას პალესტინის მიმართ.

ფესტივალი პალესტინის თემაზე კრიტიკის ქვეშ გასულ წელსაც მოექცა, თუმცა ჟიურის თავმჯდომარისგან მსგავსი დისტანცირებული განცხადება პირველად ისმის.

კრიტიკამ კულმინაციას ღია წერილის სახით მიაღწია: 80-ზე მეტმა კინემატოგრაფისტმა განაცხადა რომ არ ეთანხმებოდა ვენდერსს მის მოსაზრებებში პოლიტიკის და ხელოვნების გამიჯვნის შესახებ, ბერლინალე პალესტინასთან მიმართებაში სიჩუმისთვის გააკრიტიკა და მოუწოდა ფესტივალს დაეგმო ისრაელი.

წერილის  ხელმომწერებს შორის არიან კენ ლოუჩი, ხავიერ ბარდემი, მაიკ ლი, 
ტილდა სვინტონი, მარკ რუფალო და ალექსანდრე კობერიძე.

გასაკვირი არ არის, რომ ღაზას თემამ დაჯილდოების ცერემონიაზეც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ზოგმა გამარჯვებულმა პოზიცია პირდაპირ და მკვეთრად გამოხატა, მაგალითად, აბდ ალ-ლაჰ ალ-ხატიბიმ, რომელმაც პერსპექტივების სექციაში გაიმარჯვა ფილმით „ალყის ქრონიკები“, ან მარი როუზ-ოსტამ, რომლის ნამუშევარმაც მოკლემეტრაჟიანების კატეგორიაში ოქროს დათვი მიიღო.

სხვებმა სოლიდარობა უფრო სიმბოლურად გამოხატეს, მაგალითად ჟენევიევ დიულიუდ დე სელმა (მისმა ფილმმა “ნინა როზამ” სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა სრულმეტრაჟიანების საკონკურსო პროგრამაში) აუდიტორიას მოუწოდა ყურადღება მიექცია იმისთვის, თუ რას “ატარებდა ის გულზე”. დიულიუდს გულმკერდზე პალესტინის დროშის აღმნიშვნელი გულსაბნევი ეკეთა.

ჟიურის თავმჯდომარემ თავი თითქოს ვალდებულად იგრძნო გრძელი სიტყვით გამოსულიყო. ვენდერსის კომენტარი პრესკონფერენციის შემდეგ გავრცელებულ რეაქციებს ეხმიანებოდა. მან გააკრიტიკა ინტერნეტის ენა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კინოენის უპირატესობასა და სიღრმეს.

საინტერესოა, რომ მიუხედავად ვენდერსის მცდელობისა, კინო პოლიტიკისგან გაემიჯნა, მისი თავმჯდომარეობით ჟიურიმ საუკეთესო ფილმად მაინც მკვეთრად აქტივისტური ნამუშევარი ილქერ ჩატაკის „ყვითელი წერილები“ დაასახელა.

ჩატაკი თურქული წარმოშობის გერმანელი ავტორია, ხოლო მისი თურქულენოვანი ფილმი, რომლის მოქმედება გერმანიაში ვითარდება (თუმცა იმ დათქმით, რომ ეს გერმანია თურქეთად უნდა წარმოვიდგინოთ), ავტოკრატიული რეჟიმის შესახებ მოგვითხრობს.

მიუხედავად იმისა, რომ „ყვითელ წერილებს“ საინტერესო ფორმალური და დრამატურგიული გადაწყვეტები ნამდვილად აქვს, მისი კინემატოგრაფიული ღირსებების გამოკვეთა გარკვეულ უხერხულობასაც იწვევს, განსაკუთრებით იმავე საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილ სხვა ფილმების ფონზე.

კინემატოგრაფიულად გამორჩეულ ნამუშევართა შორის თამამად შეგვიძლია დავასახელოთ ლანს ჰამერის ბრიტანულ-ამერიკული „დედოფალი ზღვასთან“, მარკუს შლაინზერის გერმანული „როზა“ და ტიცა კოვისა და რაინერ ფრიმელის ავსტრიული ნამუშევარი „ყველაზე მარტოსული კაცი ქალაქში“.

“დედოფალი ზღვასთან” © Seafaring LLC

„დედოფალი ზღვასთან,“ რომელიც ოსტატურად ასახავს სოციალური ურთიერთობების კომპლექსურობას, დაჯილდოების ცერემონიალზე ორი პრიზით აღინიშნა: საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის ვერცხლის დათვი ტომ კორტნისა და ანა კალდერ-მარშალის გადაეცათ, ხოლო თავად ფილმმა ჟიურის პრიზის სახით კიდევ ერთი ვერცხლის დათვი მიიღო.

“როზას”წარმატება კი სანდრა ჰიულერის სახელთანაა დაკავშირებული, მან საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებლის ჯილდო მოიპოვა.

ოფიციალური ცერემონიის მიღმა დარჩა „ყველაზე მარტოსული კაცი ქალაქში“, თუმცა ფილმი მაინც აღინიშნა ბერლინალეს სატელიტური კინო გილდიის პრიზით.

გული მწყდება, რომ ფესტივალის მსვლელობისას, დიდი სურვილის მიუხედავად, ვერ მოვახერხე ვერცხლის დათვებით აღნიშნული გრანტ ჯის „ყველა გიჟდება ბილ ევანსიზე“, ასევე ანა ფინჩისა და ბანქერ უაითის ამერიკული დოკუმენტური ფილმის „იო (სიყვარული მეამბოხე მფრინველია)“ ნახვა.

თუმცა, სასურველი სეანსების გამოტოვება და ამის გამო სინანული ფესტივალის თანმხლები, თითქმის გარდაუვალი გამოცდილებაა. ღონისძიების მასშტაბურობა ერთდროულად არაერთ კინოჩვენებას, პრესკონფერენციას, შეხვედრას და დისკუსიას აერთიანებს, რის გამოც მუდმივად არჩევანის გაკეთება გიწევს.

ფესტივალის მონაწილე საკუთარ პროგრამას თავად ქმნის, წყვეტს, რას დაესწროს და როგორ გადაანაწილოს დრო. ზოგჯერ ეს არჩევანი ამართლებს, ზოგჯერ არა, მაგრამ სწორედ ამ პროცესში ყალიბდება შენი პირადი ბერლინალე.

ეს ცოცხალი გამოცდილებაა, სადაც ფილმებით მიღებულ შთაბეჭდილებებთან ერთად მნიშვნელოვანი ხდება ატმოსფეროც.

ასეულობით, ხანდახან ათასობით მაყურებელი ერთად უყურებს ჩვენებას და პრაქტიკულად არავინ აძლევს თავს უფლებას, საუბარმა ან ტელეფონის გამოყენებამ სხვებს ხელი შეუშალოს.

აი ხვრინვა კი, არც ისე იშვიათი მოვლენაა. ამიტომ ვერ დავძრახავ ჩემს გვერდით მჯდომ ასაკოვან ქალბატონს, რომელსაც ტედ ფენდტის „მოგზაურობა საზღვარგარეთ“ მშვიდად ჩაეძინა.

ფილმში პერსონაჟები მთელი დროის განმავლობაში წიგნებს კითხულობენ და წაკითხულს განიხილავენ. შესაძლოა სწორედ ამ მონოტონურმა რიტმმა იმოქმედა მაყურებელზეც. თუმცა ტიტრების გამოჩენისთანავე მან თვალები
გაახილა და გულმოდგინედ ტაში შემოკრა.

რა თქმა უნდა, იყო ფილმებიც, სადაც ჩაძინება წარმოუდგენელი იყო. მაგალითად, „The Moment“ სწრაფი რიტმითა და ბრიტანული იუმორით სრულიად განსხვავებულ ენერგიას ატარებდა, აქ Charli xcx-მა საკუთარი კარიერის მოკუმენტურ ამბად ქცევა სცადა. რამდენად გაამართლა ამ ფორმამ და მთლიანად ფილმმა, უკვე ცალკე განხილვის თემაა.

გამორჩეულად კარგი ფილმების ძიება ბერლინალეზე მხოლოდ საკონკურსო პროგრამით არ შემოიფარგლება, ხშირად ნამდვილი მარგალიტები სწორედ სხვა სექციებში იმალება.

მათ შორის, წლევანდელი ფესტივალის ჩემთვის პირადად აღმოჩენა გახდა ნიკოლას პერედას „ყველაფერი დანარჩენი ხმაურია“. ეს მინიმალისტური, კამერული, მაგრამ საოცრად კინემატოგრაფიული ნამუშევარი, რომლის მოქმედებაც მთლიანად ერთ პატარა ბინაში ვითარდება, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად დიდი ემოციური და ინტელექტუალური ზემოქმედება შეუძლია ოსტატურად შექმნილ „მცირე“ ფილმს.

პერედა ამტკიცებს, რომ მაყურებლის გამდიდრება სულ რაღაც 71 წუთის ქრონომეტრაჟშიც სრულად შესაძლებელია.

“ყველაფერი დანარჩენი ხმაურია” © Nicolás Pereda

ფილმი ერთგვარი მეტა-მოთხრობაა, ამბავი ამბის თხრობის შესახებ. გამოგონილი ინტერვიუს მაგალითზე ავტორი გვახედებს თხრობის „შიდა სამზარეულოში“. ტელევიზიის გადამღები ჯგუფი მუსიკოსთან ვიდეოინტერვიუს ჩაწერას ცდილობს, თუმცა პროცესი მუდმივად ფერხდება: დენი რომელიც სარემონტო სამუშაოების გამო გამუდმებით ითიშება, მეზობლის ძაღლი რომელიც ყეფს და არ ჩარდება, ან საკუთარი დაუდევრობით გამორთული მიკროფონი, რის გამოც რესპონდენტის მიერ გამოთქმული ყველაზე საინტერესო მონაკვეთი ჩაუწერელი რჩება. ეს თითქოს შემთხვევითი დაბრკოლებები ნარატივის ორგანული ნაწილია. ეს ყველაფერი გვაჩვენებს ნაწარმოების შექმნის მთელ მექანიკას და ამ გზით სრულყოფილად გვაცნობს პერსონაჟებსაც და ისტორიასაც.
   
თანამედროვე სტანდარებით ასევე სრულემტრაჟიანისთვის შედარებით მოკლე (90 წუთი), მაგრამ შემოქმედებითად მდიდარი იყო სუ ჭაოს „სინათლის სვეტი” – მასზე შთაბეჭდილებების წაკითხვა აქ შეგიძლიათ. ეს ავტორის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც ბერლინალეზე პერსპექტივის სექციაში
აჩვენეს.

მოკლემეტრაჟიანებში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს გიორგი გაგო გაგოშიძეს ქართულ-გერმანული ესე „ტრანსპლანტი მასპინძლის წინააღმდეგ“. ფილმი ფორმით, მონტაჟითა და მუსიკალური გადაწყვეტებით გამოირჩევა. ავტორი სხვადასხვა მუსიკოსის უკვე არსებულ კომპოზიციებთან ერთად იყენებს გიორგი კობერიძეს მუსიკას, ხოლო სპეციალურად ფილმისთვის საუნდტრეკი TeTe Noise-მა შექმნა, რაც დამატებით ატმოსფეროს სძენს ნამუშევარს. უფრო მეტი ფილმის შესახებ წაიკითხეთ აქ.


საერთო ჯამში, წლევანდელ ბერლინალეზე 19 ფილმის ჩვენებას დავესწარი. პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდა. ნანახი ფილმების ნაწილი მკაფიოდ დამამახსოვრდა და გააზრების სურვილს ტოვებს, ნაწილი კი,
სავარაუდოდ, დროის განმავლობაში გაქრება მეხსიერებიდან. იყო როგორც ფორმითა და იდეებით საინტერესო აღმოჩენები, ისე ნაკლებად წარმატებული ნამუშევრები, რომლებიც კონვენციური ფორმის და მაღალ ტექნიკური
მოცემულობის მიუხედავად ვერაფერს გვიტოვებენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ის რაც ბერლინალეს გამოარჩევს აქ წარმოდგენილი ფილმების სიჭრელეა, რომელიც გახსენებს, რომ არ არსებობს მკაცრად დადგენილი წესები, არც ფორმალურად და არც შინაარსობრივად, წესები
რომლებიც კინოს როგორც ენას ერთ ჩარჩოში მოაქცევდა. ფესტივალი, საბოლოოდ, შეხსენებაა იმისა, რომ კინემატოგრაფია მუდმივად ღიაა ექსპერიმენტებისთვის და ახალი გამოცდილებებისთვის და რომ ამ სივრცეში ყველას შეიძლება თავისი, სრულიად პირადი კინო ჰქონდეს.