პიტერ ჰოპკირკის “დიდი თამაში”, რეცენზია წიგნზე

ავტორი: გელა მერაბიშვილი

The_Great_Game

პიტერ ჰოპკირკის “დიდი თამაში” (The Great Game) მე-19 საუკუნის აზიაში ანგლო-რუსული დაპირისპირების შესახებ მოგვითხრობს. ამ იმპერიებს შორის მაშინდელი დაპირისპირება მე-20 საუკუნეში საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ცივ ომს შეგვიძლია შევადაროთ. ავტორი დიდი თამაშის ისტორიას ბრიტანელ და რუს ჯაშუშებს (და არამხოლოდ) თავსგადახდენილი ამბების მეშვეობით მოგვითხრობს. იმ ოფიცრების და მოგზაურების მეშვეობით, რომლებმაც გადასერეს ცენტრალური აზიის სტეპები და უდაბნოები, ირანის პლატოები და ავღანეთის ხეობები, კავკასიის მთები და ჰიმალაის უღელტეხილები, რათა ახალი გზები და ქალაქები აღმოეჩინათ, ცენტრალური აზიის სამეფოები დაეზვერათ და მტრის გეგმები შეეტყოთ.

საკუთარი უსაფრთხოების მიზნით, მოგზაურობისას ხშირად ისინი თავს ისლამის მიმდევრებად, ცხენების სომეხ გამყიდველებად ან ინდოელ ვაჭრებად ასაღებდნენ.  წიგნში აღწერილი თავგადასავლები და გმირობები არამხოლოდ ჯაშუშური კინოსა და ლიტერატურის, არამედ ფენტეზი ჟანრის მოყვარულებსაც დააინტერესებთ. აღმოსავლური ქალაქების ბაზრობები, სულთნების და ხანების მდიდრული ბაღები, უდიდესი უდაბნოების შუაგულში არსებული ოაზისები და მდინარეები, ლეგენდარულ მწვერვალებს შორის აღმართული ზღაპრული ციხე-სიმაგრეები ჯონ ტოლკინის Middle Earth-ის და ჯორჯ მარტინის ვესტეროსის სამყაროს მოგაგონებთ.

მართალია, ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი იმპერიების პოლიტიკის განხილვა ამ წიგნის უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს, მაგრამ დაინტერესებული მკითხველი ამ კუთხითაც ბევრს გაიგებს. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო ავტორის მიერ რუსული საგარეო პოლიტიკის ანალიზი აღმოჩნდა. მკითხველს აქვს საშუალება გაიგოს თუ რა ტაქტიკით ხელმძღვანელობდნენ რუსი ცარები და საგარეო საქმეთა მინისტრები პატარა მეზობელი ქვეყნების დაპყრობის დროს და როგორ ნიღბავდნენ ამ მიზანს ეკონომიკური, ჰუმანიტარული თუ თავდაცვითი მოტივებით.

გასაოცარია, რომ მაშინდელი ცარის მთავრობისა და დღევანდელი რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის არგუმენტები პრაქტიკულად იდენტურია.ზოგად მნიშვნელობას რაც შეეხება, უნდა ითქვას რომ წიგნი ფასდაუდებელ ისტორიულ ცნობებს გვაწვდის მე-19 საუკუნეზე და ცენტრალური აზიისა და მეზობელ რეგიონების კულტურასა და ცხოვრებაზე.

აზიის ისტორიაში, გეოპოლიტიკასა და ეკონომიკაში პროფესიულად დაინტერესებული ადამიანებისთვის, ეს ტექსტი აუცილებლად წასაკითხი წიგნების სიაში უნდა იყოს. თუმცა, წიგნს ასევე შეუძლია იმ ადამიანებს გაუღვივოს ამ თემისადმი ინტერესი, რომლებიც ნაკლებ ინფორმაციას ფლობენ ამ რეგიონსა და ეპოქაზე. ჩემზეც სწორედ ამგვარად იმოქმედა ამ წიგნმა და მისმა ავტორმა პიტერ ჰოპკირკმა,  რომლის ცხოვრებისეული გატაცება მსოფლიოს ამ ნაწილის მიმართ, წიგნის პირველივე გვერდიდან გადამდები აღმოჩნდა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s