თუ ფენტეზი გიზიდავთ და ამავდროულად ფემინისტური იდეები არ გაშინებთ, ურსულა ლე გუინის წიგნს – “წყვდიადის მარცხენა ხელი,” (The left hand of darkness) გირჩევთ. ლე გუინის სამყარო ორიგინალურია, ორიგინალური ფენტეზის ჟანრის მასშტაბებითაც კი. მიუხედავად იმისა, რომ თავად ავტორს თავის დროზე უთქვამს რომ მხატვრულ ლიტერატურას არანაირი კავშირი არ აქვს რეალურ სამყაროსთან და ის უბრალოდ ფიქციას წარმოადგენს, ვფიქრობთ ეს კონკრეტული ნაწარმოები ეხმაურება ბევრ თანამედროვე თემას თუ პრობლემას, მათ შორის პოლიტიკას, ერებს შორის ურთიერთობას, გენდერს და ა.შ.
თანამედროვე ქართული ფენტეზი თუ გაინტერესებთ, დავით ჭოჭუას “ალდენორს” გირჩევთ. აქ ფენტეზი ჟანრისთვის დამახასიათებელ ყველანაირ მითიურ არსებებს-მაქციებს, ვამპირებს, ნეკრომანტებს და ავსულებს შეხვდებით. საკმაოდ მოცულობითი ნაწარმოები (400 გვერდამდე) მდიდარია პერსონაჟებით და მის ქვაკუთხედს სამყაროსავით ძველი თემა – კეთილის და ბოროტის ბრძოლა წარმოადგენს. წიგნი “სინათლის ორდენის ქრონიკების” პირველი ნაწილია და “ჰაი” ფენტეზის წარმოადგენს, ანუ ეს იმას ნიშნავს რომ წიგნს მეტწილად ამ ჟანრის აქტიურ მკითხველებს ვურჩევთ.
ფენტეზიდან ფანტასიკაში გადავინაცვლოთ. ამ მხრივ ნამდვილი განძია რობერტ შეკლი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მის რომანს, “გონების გაცვლა”-ს (Mindswap) გირჩევთ. შეკლის წიგნებს მისი იუმორის და უძირო ფანტაზიის ნაზავი გამოარჩევს. “გონების გაცვლაში” მთავარი პერსონაჟი მარსიანელთან ადგილის გაცვლას გადაწყვეტს, ამ სამყაროში ეს ორი არსების გონების გაცვლით ხერხდება და რაც მთავარია აბსოლუტურად ლეგალურ და გავრცელებულ მოვლენას წარმოადგენს. მთავარი პერსონაჟის თავგადასავალი სწორედ ამ გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ იწყება…
არამხატვრულ ლიტერატურაში რაიან ჰოლიდეის 2012 წელს გამოსულ წიგნს, “დამიჯერეთ, გატყუებთ. მედია მანიპულატორის აღსარებანი” (Trust Me, I’m Lying: Confessions of a Media Manipulator) გირჩევთ. როგორც თავად სათაური გვამცნობს, წიგნი მედია მანიპულაციებს ეხება და იმ ადამიანის მიერ არის დაწერილი, რომელიც თავის დროზე თავად იყო მსგავსი მაქინაციების შემოქმედი. წიგნმა არამხოლოდ ჟურნალისტები ან მედია სპეციალისტები,არამედ აქ მოყვანილი მრავალი მაგალითის დამსახურებით ნეიტრალური მკითხველიც უნდა დააინტერესოს.
ანტი-მილიტარისტული წიგნი თუ გნებავთ, ასეთი დალტონ ტრამბოს “ჯონიმ იარაღი მიიღო” (Johnny Got His Gun)გახლავთ. რომანი პირველ მსოფლიო ომში მონაწილე ახალგაზრდის შესახებ მოგვითხრობს. ომი რომელიც ოთხი წელი გაგრძელდა, მთავარი გმირისთვის (ჯო ბონემი) მხოლოდ რამდენიმე დღეს გასტანს. წიგნის დასაწყისშივე ჯო არტილერიული დარტყმის შედეგად კარგავს ყველაფერს, ხელ-ფეხს, თვალებს, კბილებს, ენას, ყურებს და ა.შ. ერთადერთი რაც ხელუხლებელი რჩება, მისი ტვინი და აზროვნების უნარია. საკუთარი სხეულის ტყვეობაში მყოფი ჯო იხსენებს, თუ რამ მოიყვანა აქამდე, როგორი ბავშვობა ჰქონდა, იხსენებს საკუთარ სასიყვარულო ისტორიებს, იმედგაცრუებებს, იმედებს. ჯოს პერსონაჟით დალტონ ტრამბო აღწერს სამყაროს, რომელიც ომისთვის მხოლოდ სტატისტიკურ ერთეულს წარმოადგენს.