1958 წელს ჯონ სტაინბეკმა თინეიჯერი შვილისგან წერილი მიიღო. ტომი, რომელიც იმ დროს სკოლა-ინტერნატში სწავლობდა, თავის წერილში ვინმე სიუზანზე და მისდამი გაჩენილ გრძნობებზე საუბრობს. სტაინბეკმა შვილს შემდეგი წერილით უპასუხა.
ნიუ იორკი 10 ნოემბერი, 1958
ძვირფასო ტომ: შენი წერილი ამ დილას მივიღეთ. მე – ჩემი, ხოლო ელეინი [სტეინბეკის მეუღლე] რა თქმა უნდა თავისი გადასახედიდან გიპასუხებს. პირველ რიგში, შენ შეყვარებული ხარ და ეს მშვენიერია, ალბათ ეს საუკეთესო რამაა რაც შეიძლება ვინმეს თავს გადახდეს. არ მისცე არავის უფლება მისი მნიშვნელობა დაამციროს.
სიყვარულის რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს. პირველი ეგოისტური, ძუნწი და გაუმაძღარი შემთხვევაა, რომელიც სიყვარულით საკუთარ მედიდურობას ასაზრდოებს. ეს სიყვარულის მახინჯი და უშნო ფორმაა.
მეორეს შემთხვევაში, შენში არსებული ყველა დადებითი გრძნობა მჟღავნდება – სიკეთე, ყურადღება და პატივისცემა. ამ დროს, ამ ყველაფერს არა სოციალური წესების და მანერების დაცვისთვის, არამედ სხვა ადამიანის, როგორც ერთადერთის და ძვირფასის გამო აკეთებ. პირველი შემთხვევა გულისამრევია, მეორეს დროს კი ხვდები, და ამას ადრე შეიძლება ვერც კი ამჩნევდი, თუ რაოდენ დიდი ძალა, გამბედაობა, სიკეთე და სიბრძნე გაგაჩნია.
შენ ამბობ რომ ეს ქარაფშუტა სიყვარული არ არის. თუ ამის ბოლომდე გჯერა, რა თქმა უნდა ეს არ არის ქარაფშუტა სიყვარული. თუმცა, არ მგონია ჩემი რჩევა გჭირდებოდეს. შენი გრძნობების შესახებ ყველაზე კარგად თავად მოგეხსენება. ალბათ, უფრო ის გაინტერესებს, თუ რა შეიძლება მოიმოქმედო შემდგომში. შეიგრძენი ამ გრძნობის სიდიადე, იყავი ბედნიერი და მადლიერი. სიყვარულის ობიექტი საუკეთესო და ყველაზე ლამაზი რამაა. როდესაც ვინმე გიყვარს, არაფერი დაშავდება იმით თუ ამას გამოხატავ. გოგოებს აქვთ უნარი იცოდნენ და გრძნობდნენ შენს გრძნობებს, თუმცა მეტწილად ამის მოსმენაც სიამოვნებთ.
ხანდახან ისეც ხდება, რომ გრძნობას უპასუხოდ ტოვებენ, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ შენი სიყვარული ამ დროს უფერულდება. და ბოლოს, შენი გრძნობების მესმის, იმიტომ რომ მეც მსგავსი განცდები მახასიათებს და ძალიან მიხარია, რომ შენში ისინი აღმოაჩინე. სიუზანს დიდი სიამოვნებით შევხვდებით. მისი ნახვა გაგვიხარდება. თუმცა, ამ ყველაფერზე ელეინი იზრუნებს, რადგანაც ეს მისი სფეროა. სიყვარულის მასაც გაეგება და იქნებ ის უფრო დაგეხმაროს ვიდრე მე.
და არ შეგეშინდეს დაკარგვის. რაც მოსახდენია, მოხდება, მთავარია არ იჩქარო. არაფერი კარგი არ გაგექცევა.
სიყვარულით,
მამა
წყარო: Lettersofnote