ავტორი: თეონა წილოსანი

იმის გამო, რომ არ შეიძლება არსებობდეს კანონი, რომელიც საკუთარი თავისაგან დაგვიცავს, არც ერთი სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს სასჯელს ლიტერატურის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის. და ამ დანაშაულთა შორის ყველაზე მძიმეა არა ავტორთა დევნა, არც საცენზურო შეზღუდვები და მსგავსნი, არცა წიგნების კოცონზე დაწვა. არსებობს უფრო მძიმე დანაშაული – წიგნების უგულველყოფა, მისი წაუკითხავობა.
ამ დანაშაულისთვის ადამიანი პასუხს აგებს მთელი თავისი სიცოცხლით, თუ ასეთ დანაშაულს ერი სჩადის, ამას თავისი ისტორიით გამოისყიდის.

ეს სიტყვები იოსიფ ბროდსკიმ 1987 წელს სტოკჰოლმში წამორთქვა, ნობელის პრემიის დაჯილდოვების დროს, რომელიც მას ლიტერატურის დარგში მიანიჭეს. თავის მოხსენებაში ბროდსკი, საუბრობს ლიტერატურაზე, რომლის დანიშნულებაა, ადამიანი საკუთარი თავის განადგურებისგან იხსნას.

მარტო იმას ვიტყვი რომ დიკენსის წამკითხველ კაცს რომელიმე იდეის სახელით თავის მსგავსისთვის სროლა უფრო გაუძნელდებოდა, ვიდრე იმ კაცს, რომელსაც დიკენსი არ წაუკითვას.

ცხადია, მას დიკენსი მხოლოდ მაგალითად მოჰყავს. დიკენსის მაგივრად შეიძლება სტენდალი იყოს, ფლობერი, დოსტოევსკი, ბალზაკი, ან ყველანი ერთად. ბროდსკი ზოგადად ლიტერატურის სიყვარულზე საუბრობს. ხელოვნება, კერძოდ კი ლიტერატურა, შეიძლება იყოს ფორმა,რომელიც ადამიანს მონობისგან იცავს.

წიგნიერმა, განათლებულმა კაცმა სავსებით შესაძლებელია წაიკითხოს ესა თუ ის პოლიტიკური ტრაქტატი და მოკლას თავისი მსგავსი, თანაც რწმენითი აღმაფრენა დაეუფლოს. ლენინი იყო ნაკითხი,სტალინი იყო ნაკითხი, ასევე ჰიტლერიც; მაო ძე დუნიც, მაო ლექსებსაც კი წერდა. მიუხედავად ამისა , მათ მსხვერპლთა სია ბევრად აღემატება მათ მიერ წაკითხულის ნუსხას

ბროდსკისთვის ესთეტიკური არჩევანი ყოველთვის ინდივიდუალურია. ლიტერატურას კი შესწევს ძალა გემოვნება გარდაქმნას, კერძო გახადოს და ადამიანს დაუქვემდებაროს. რაც უფრო მდიდარია ინდივიდის ესთეტიკური გამოცდილება, მით უფრო მტკიცეა მისი გემოვნება, მით უფრო გამოკვეთილია მისი ზნეობრივი არჩევანი და მოკლებულია განმეორებებს. ლიტარატურა ადამიანისთვის საშუალებაა მოიპოვოს თავისუფლება- თუმცა შეიძლება ბედნიერი არც იყოს.

ადამიანს არა აქვს სხვა მომავალი, გარდა ხელოვნების მიერ მოზომილისა.წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გველოდება წარსული – პირველ ყოვლისა, პოლიტიკური წარსული, მთელი თავისი მასობრივი პოლიციური სიმშვენიერით.