თარგმანი: ბექა არაბული

 

ანდერსმა ბანკს დაკეტვამდე რამდენიმე წუთით ადრე მიუსწრო, ამიტომ, ცხადია, უსასრულო რიგში მოუხდა დგომა. აღმოჩნდა ორი ქალის უკან, რომელთა ხმამაღალმა, სულელურმა საუბარმაც მარტივად გამოიყვანა წყობილებიდან. ისედაც არასდროს იყო კარგ გუნებაზე. ანდერსი — წიგნების კრიტიკოსი, ცნობილი თავისი დამღლელი, ელეგანტური სისასტიკით, რომლითაც მიწასთან ასწორებდა თითქმის ყველაფერს, რასაც მიმოიხილავდა.
რიგი კვლავინდებურად ორივე მხრიდან იყო შემორკალული გადამღობ ბაგირის გარშემო, თუმცა, მიუხედავად ამისა, ერთ-ერთმა მოლარემ თავის ფანჯარაში ფირფიტა ააკრა წარწერით „დაკეტილია“ და ბანკის სიღრმეში შევიდა, სადაც მაგიდას მიეყრდნო და ქაღალდებში მოფუსფუსე კლერკთან შეუდგა ლაქლაქს. ანდერსის წინ მდგომმა ქალებმა ლაპარაკი შეწყვიტეს და მოლარეს სიძულვილით მიაჩერდნენ.
— ოჰო, მშვენიერია! — თქვა ერთმა. შემდეგ ანდერსს მიუბრუნდა და მის თანხმობაში დარწმუნებულმა დაამატა:— ესეც შენი „ყველაფერი კლიენტისთვის“ პრინციპი.
ანდერსიც გრძნობდა მზარდ სიძულვილს მოლარისადმი, მაგრამ დაუყონებლივ გადაიტანა ის მის წინ მდგომ თავხედზე, რომელმაც მისი მოწმედ გაწვევა გაბედა.
— საშინელი უსამართლობაა, — თქვა მან. — ტრაგედია და მეტი არაფერი. თუ ჯანმრთელ ფეხს არ გაჭრიან, ან მშობლიურ სოფელს არ გიბომბავენ, ფანჯარას გიხურავენ სამუშაო დღის შუაში.
ქალს უკან არ დაუხევია.
— არ მითქვამს, რომ ტრაგედიაა, — თქვა მან. — უბრალოდ ვფიქრობ, რომ ეს კლიენტებისადმი საზიზღარი დამოკიდებულებაა.
— პირდაპირ მიუტევებელი, — თქვა ანდერსმა. — ღმერთი ყველაფერს ხედავს.
ქალმა ლოყები შესწია, მაგრამ ანდერსს თვალი აარიდა და არაფერი უთქვამს. ანდერსმა შენიშნა, რომ მეორე ქალი, მისი მეგობარიც, იმავე მიმართულებით იყურებოდა. შემდეგ მოლარეებმაც შეწყვიტეს თავიანთი საქმეების კეთება, კლიენტებიც ნელა მიბრუნდნენ და ბანკში სიჩუმემ დაისადგურა. კარის გვერდით შავ სათხილამურო ნიღბებში და ლურჯ საქმიან კოსტიუმში გამოწყობილი ორი კაცი იდგა. ერთ-ერთ მათგანს გუშაგის ყელზე პისტოლეტი მიებჯინა. თვალდახუჭული გუშაგი და უმწეოდ ამოძრავებდა ტუჩებს. მეორე კაცს ხელში დამოკლებული შაშხანა ეჭირა.
— ხმა გაიკმინდე! — თქვა პისტოლეტიანმა, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვაც არავის უთქვამს. — თუ რომელიმე მოლარე განგაშს ატეხს, ყველას დაგერხევათ. გასაგებია?
მოლარეებმა თავები დაუქნიეს.
— ბრავო, — თქვა ანდერსმა. — დაგერხევათ.
წინ მდგომ მიუბრუნდა:
— შესანიშნავი სცენარია, არა? სახიფათო კლასთა მკაცრი, ანტაგონისტური პოეზია.
ქალმა წყალწაღებულის მზერა მიაპყრო.
შაშხანიანმა გუშაგი მუხლებზე დააჩოქა. თოფი პარტნიორს გადასცა, გუშაგს ხელები მოუგრიხა, ზურგსუკან ხელბორკილით შეუკრა და ბეჭებს შორის დარტყმით იატაკზე დააგდო. მერე მეწყვილეს თოფი გამოართვა და დახლის ბოლოში ბანკის შიდა ნაწილში შესასვლელისკენ გაემართა. დაბალი და მძიმე და უცნაური ზოზინით მოძრაობდა, თითქმის სომნამბულურად.
— გახსენი, — უთხრა პარტნიორმა.
გაისმა ბზუილი, თოფიანმა კაცმა კარი გახსნა და ჩანჩალით ჩამოუარა მოლარეებს, თითოეულს მოზრდილი ტომარა გადასცა. ცარიელ სკამთან რომ მივიდა პისტოლეტიან კაცს შეხედა, რომელმაც თქვა:
— ეს ვისი ადგილია?
ანდერსი მოლარეს უყურებდა. გოგონამ ყელზე მიიჭირა ხელი და კლერკს შეხედა. კლერკმა თავი დაუქნია.
— ჩემი, — თქვა გოგონამ.
— მაშინ ტრაკი გაანძრიე და ტომარა გაავსე.
— აი, ხედავთ, — უთხრა ანდერსმა წინ მდგომ ქალს. — სამართლიანობამ გაიმარჯვა.
— ეი! ჭკუის კოლოფო! ლაპარაკის უფლება მოგეცი?
— არა, — თქვა ანდერსმა.
— ხოდა ხმა გაიკმინდე.
— გაიგონეთ? — თქვა ანდერსმა. — ჭკუის კოლოფოო. პირდაპირ როგორც „მკვლელებშია“.
— გთხოვთ, გაჩუმდით, — უთხრა ქალმა.
— ეი, შენ, ყრუ ხარ? — კაცი ანდერსთან მივიდა და პისტოლეტი მუცელზე მიაჭირა. — გგონია, აქ სახუმაროდ ვარ მოსული?
— არა, — უპასუხა ანდერსმა, მაგრამ ლულა თითივით უღიტინებდა და ხითხითს ძლივს იკავებდა. ამაში ეხმარებოდა კაცისთვის თვალებში ყურება, რომლებიც ნიღბის ნახვრეტებში კარგად ჩანდნენ: ღია ცისფერი, გაწითლებული ქუთუთოებით. მარცხენა ქუთუთო უთამაშებდა. სუნთქვისას პირიდან ამიაკის მძაფრი სუნი ამოსდიოდა, რაც ანდერსს ყველაფერ მომხდარზე მეტად ანცვიფრებდა. უკვე შემაწუხებელი გრძნობა ეუფლებოდა, როდესაც კაცმა ისევ ატაკა პისტოლეტი.
— მოგწონვარ, ჭკუის კოლოფო? გინდა, მომწოვო?
— არა, — უპასუხა ანდერსმა.
— მაშინ რას მომაჩერდი.
ანდერსმა მზერა კაცის ბზინვარე ოქსფორდულ ტუფლებზე გადაიტანა.
— მანდ არა. მაღლა. — კაცმა ანდერსს პისტოლეტი ნიკაპს ქვეშ შეუცურა და თავი ჭერისკენ ააწევინა.
ანდერსს მოლერეების ფანჯრებს ზემოთ მოოქრულხვიებიანი, მარმარილოს იატაკიანი, დახლებიანი და სვეტებიანი ბანკის პომპეზური შენობის ამ ნაწილისთვის ყურადღება არასოდეს მიექცია. გუმბათისებრი ჭერი მორთული იყო მითოლოგიური ფიგურებით, რომელთა ხორციან, ტოგით მოფარდაგებულ სიმახინჯესაც ანდერსმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მოჰკრა თვალი და მას შემდეგ მათ შემჩნევაზე უარს ამბობდა. ახლა მხატვრის ნამუშევრი გულდასმით შესწავლის გარდა სხვა არჩევანი არ ჰქონდა. ყველაფერი ბევრად უარესად იყო, ვიდრე ახსოვდა, თან უკიდურესი სერიოზულობით შესრულებული. მხატვარს სულ რამდენიმე ხრიკი ჰქონდა მარაგში, და გამუდმებით მათ იყენებდა — რაღაც მოვარდისფრო ელფერი ღრუბლების ქვეშ, მოკრძალებული თავშებრუნებული მზერები კუპიდონების და ფავნების სახეებზე. ჭერი სხვადასხვანაირი სიუჟეტებით იყო გადაჭედილი, მაგრამ ანდერსის თვალი ზევსმა და ევროპამ მიიზიდეს. ზევსი გამოსახული იყო ხარის სახით, რომელიც თივის ზვინს უკან იდგა და თვალებით ჭამდა ძროხას. ძროხისათვის სექსუალურობის მისანიჭებლად, მხატვარმა გამომწვევად დაეფერდებინა მისთვის გვერდები და მიეხეტა გრძელი მოგრეხილი წამწამები, რომლებიდანაც ხარს მგზნებარე მუდარით მისჩერებოდა. რკალისებრწარბებიანი ხარი თვითკმაყოფილად იღიმოდა. თითქოს, საცაა ავხორცულად ჩაუსტვენსო.
— რა გაცინებს, ჭკუის კოლოფო?
— არაფერი.
— მე დამცინი? კლოუნი გგონივარ?
— არა.
— გგონია ჩემთან ეგეთები გაგივა?
— არა.
— არ მოისვენებ და მიგაკლავ. კაპიშ?
ანდერსს სიცილი წასკდა. ორივე ხელი პირზე აიფარა: „ბოდიში, ბოდიში“, შემდეგ კი პირზეხელებაფარებულმა უმწეოდ დაიფრუტუნა და თქვა:
— კაპიშ, ო ღმერთო, კაპიშ, — რაზეც კაცმა პისტოლეტი მოიმარჯვა და ანდერსს პირდაპირ თავში ესროლა.
ტყვიამ ანდერსს თავის ქალა გაუხვრიტა, ტვინი გაიარა და მარჯვენა ყურსუკან გამოვიდა, ძვლის ნამსხვრევები დატოვა თავის ტვინის ქერქში, კოჟრიან სხეულში, უკან, ბაზალურ განგლიებში და ქვემოთ, თალამუსში. მაგრამ სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, დიდ ტვინში ტყვიის თავდაპირველმა შეჭრამ იონური გადაადგილებების და ნეიროტრანსმისიების ტკრციალა ჯაჭვი შექმნა. მათი უცნაური წარმომავლობის გამო, იმოქმედეს თავისებურად და, მხოლოდ და მხოლოდ ბედისწერის დამსახურებით, გონებაში გააღვიძეს დიდი ხნის წინათ მივიწყებული ორმოც წლის წინანდელი ზაფხულის შუადღე. თავის ქალასთან შეჯახების შემდეგ ტყვია მოძრაობდა ორასორმოცდაათი მეტრი წამის სიჩქარით, რაც მის გარშემო გაელვებულ სინაპტიკურ ანთებასთან შედარებით საცოდავად ზანტი, მყინვარული ტემპი იყო. ტვინში შეღწევის შემდეგ, ტყვია მოექცა შიდატვინური დროის გავლენის ქვეშ, რამაც ანდერსს საკმარისზე მეტი დრო მისცა დაფიქრებულიყო სცენებზე, რომელთაც, თუ მისთვის საძულველ ფრაზას მივმართავთ „თვალწინ ჩაუარეს.“
იმის გათვალისწინებით, თუ რა გაახსენდა ანდერსს, აღსანიშნავია ის ყველაფერიც, რაც ანდერსს არ გაახსენდა. არ გახსენებია თავისი პირველი ცოლი შერი, ან ის, რაც ყველაზე გაგიჟებით უყვარდა მასში, სანამ ეს მის გაღიზიანებეს არ დაიწყებდა — მისი უტიფარი ავხორცობა, განსაკუთრებით კი გულთბილი ალერსიანობა მის ასოსთან, რომელსაც ბ-ნ თხუნელას უწოდებდა, მაგალითად, ასე: „ოჰო, ჩანს, ბ-ნ თხუნელას თამაში სურს,“ ან „მოდი ბ-ნი თხუნელა დავმალოთ!“ ანდერსს არ გახსენებია თავისი სხვა ცოლიც, რომელიც ასევე უყვარდა, სანამ თავისი პროგნოზირებადობით გული არ გაუწყალა, ან თავისი ქალიშვილი, რომელიც ახლა ეკონომიკის მკაცრი პროფესორი იყო დართმაუთში. არ გახსენებია, როგორ იდგა ქალიშვილის ოთახის ზღურბლზე, როდესაც გოგონა თავის პლუშის დათვს სიცელქის გამო ტუქსავდა და აღწერდა მართლაც თავზარდამცემ სასჯელს, რომელთაც უკეთ არ მოქცევის შემთხვევაში კლანჭა მიიღებდა. არ გახსენებია სურვილისამებრ საკუთარი თავისთვის ჟრუანტელის მოსაგვრელად ახალგაზრდობაში დაზეპირებული ასობით ლექსის არცერთი სტრიქონი — არც „მდუმარება მთა დარიენზე, მწვერვალზე“, არც „ღმერთო, მე ეს დღე ჩამესმა“, არც „ჩემო ყველა პაწია? ყველაფერი, რაც თქვი?“ არცერთი მათგანი ახსოვდა; არცერთი. ანდერსს არ გახსენებია დედა, რომელმაც გარდაცვალების წინ უთხრა, მამაშენისთვის ძილში უნდა ჩამეცა დანაო.
არ გახსენებია პროფესორი ჯოზეფსი, რომ სიცილიაში დატყვევებულ განსათავისუფლებლად ბერძენ ტუსაღებს ესქილე უნდა წაეკითხათ; შემდეგ კი როგორ წაკითხვა თვითონ ესქილე, იქვე, ბერძნულად. ანდერსს არ გახსენებია, როგორ ეწვოდა თვალები იმ ხმებზე. არ გახსენებია, უნივერსიტეტის დამთავრებიდან ცოტა ხანში რომანის გარეკანზე თანაკლასელის სახელი რომ დაინახა, ან ის პატივისცემა, რომელიც წაკითხვის შემდეგ მისდამი იგრძნო. არც პატივისცემის გამოხატვისთ მიღებული სიამოვნება ახსოვდა.
არც მისი ქალიშვილის დაბადებიდან რამდენიმე დღეში მისი სახლის მოპირდაპირე შენობიდან გადმომხტარი ქალი გახსენებია. არ გახსენებია, როგორ დაიყვირა: „ღმერთო, შემიწყალე!“ არ გახსენებია, მამამისის მანქანით როგორ დაეჯახა განზრახ ხეს, როგორ ურტყა ომის საწინააღმდეგო მიტინგზე ნეკნებში წიხლი სამმა პოლიციელმა, ან როგორ გამოაღვიძა საკუთარმა სიცილმა. არ გახსენებია, როდის დაიწყო სამუშაო მაგიდაზე დაგროვილმა წიგნებმა მისთვის მოწყენილობის და ძრწოლვის მოგვრა, და შიშის ნარევით ყურება, ან როდის შესძულდა მწერლები მათი დაწერისათვის. არ გახსენებია, როდიდან ახსენებდა ყველაფერი რაღაც სხვას.
გაახსენდა ეს. სიცხე. ბეისბოლის მოედანი. ყვითელი ბალახი, მწერების ფაჩუნი, როგორ დგას ხეზე მიყრდნობილი, სანამ მეზობლის ბიჭები სათამაშოდ იკრიბეიბიან. უსმენს, როგორ ადარებენ, ვინაა უკეთესი, მანტლი თუ მეისი. მთელი ზაფხული ამ თემას განიხილავდნენ, და ანდერსს უკვე ყელში ჰქონდა ამოსული.
აი, დანარჩენი ორი ბიჭიც მოდის, კოილი და მისი მისისიპელი ბიძაშვილი. ანდერსი კოილის ბიძაშვილს მანამდე არასდროს შეხვედრია და არც აღარასდროს შეხვდება. სხვებთან ერთად ესალმება, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევს, სანამ გუნდებად არ დაიყოფიან, და ვიღაც კოილის ბიძაშვილს არ კითხავს, რომელ პოზიციაზე სურს თამაში. „დაცვაში“, — პასუხობს ბიჭი. „მცველი ყველაზე მაგრები არიან.“ ანდერსი მისკენ ტრიალდება და უყურებს. უნდა, რომ ბიჭმა ნათქვამი გაიმეოროს, მაგრამ იცის, ამას ვერ სთხოვს. დანარჩენები მეტიჩარად ჩათვლიან, რომელიც სხვას გრამატიკის გამო დასცინის. მაგრამ ეს ასე არაა, საერთოდ არაა ასე — სინამდვილეში, ანდერსი უცნაურადაა აღელვებული და აღფრთოვანებული ამ წინადადების, მისი სუფთა მოულოდნელობითა და მუსიკალურობით. მოედანზე დაჰიპნოზებული შედის, ამ სიტყვებს გულში იმეორებს.
ტყვია უკვე ტვინშია; სამუდამოდ ვერ გაასწრებ და ვერც შეჩერებაზე დაიყოლიებ. საბოლოოდ, თავის საქმეს შეასრულებს და მშფოთვარე თავის ქალას უკან მოიტოვებს, მარმარილოს სახაზინო დარბაზში კომეტის კუდივით თან წაათრევს, მეხსიერებას, იმედს, ნიჭს და სიყვარულს. ამას აღარაფერი ეშვლება. მაგრამ ახლა ანდერსს ჯერ კიდევ აქვს დრო. დრო ბალახზე მოფენილი ჩრდილებისთვის, დრო მფრინავი ბურთის დანახვაზე აყეფებული ძაღლისთვის, დრო მოედნის მარჯვენა მხარეს მდგომი ბიჭისთვის, რომ თავის ოფლისგან ჩაშავებულ ხელთათმანს უტყაპუნოს და ჩუმად იმეოროს მაგრები არიან, მაგრები არიან, მაგრები არიან.