ავტორი: მარი სანფონი
როცა უბედურ შემთხვევას გადარჩენილი ადამიანები საკუთარ ისტორიას ჰყვებიან, მოყოლას არასდროს იწყებენ ტორნადოს შესახებ გაფრთხილებით ან იმით, რომ კაპიტანმა ძრავის ჩაქრობა გამოაცხადა. მათ მონაყოლში ამბავი ბევრად ადრე იღებს სათავეს.
ივი ბოიდი
“გოგონები’’ 29 წლის ამერიკელი მწერლის, ემა კლაინის, სადებიუტო ნამუშევარია. რომანის ავტორი შთაგონებულია გახმაურებული მკვლელობების სერიით, რომელიც ჩარლი მენსონსა და მის მიერ შექმნილი დაჯგუფების, “მენსონების ოჯახის,’’ სახელს უკავშირდება. თუმცა მკითხველი იმან, რომ ნაწარმოები მე-20 საუკუნის 60-იანი წლების მოვლენებს ასახავს, შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს, რადგანაც, როგორც თავად ავტორი “გარდიანთან’’ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, აქ კრიმინალური ასპექტი ყველაზე ნაკლებადაა ყურადსაღები, წიგნი უმეტესად გოგონებზე განხორციელებულ დაუსრულებელ ძალადობას აღწერს. ნაწარმოების შინაარსიდან გამომდინარე, მას “მენსონების ოჯახის’’ მიერ რეჟისორ რომან პოლანსკის ორსული მეუღლის შერონ ტეიტისა და მისი მეგობრების მკვლელობის ამბავს უკავშირებენ, რომლის ჩასადენადაც ჩარლი მენსონმა თავისი დაჯგუფებიდან სამი გოგონა ამოარჩია. ნაწარმოებში ავტორი გოგონების ცხოვრების მის წარმოდგენაში არსებულ სხვადასხვა ასპექტს გვაცნობს და კითხვის პროცესში გვიჩნდება წარმოდგენა, რომ ამ ადამიანებს შეიძლება ჩვენ გვერდითაც კი ეცხოვრათ, ისინი არ არიან “ვიღაცეები ჩვენგან შორს.’’

შესაძლოა რომელიმე მათგანს ტრაგიკული ცხოვრებაც ჰქონდა, ან არსებობდნენ ისინი, ვინც მათთან ერთად დაჯგუფებაში ერთიანდებოდნენ, თუმცა კი არასდროს ჩაუდენიათ დანაშაული. ვინ არიან ისინი? არსებობდნენ კი როდესმე? ავტორი ნამდვილად არ ცდილობს დამნაშავეთა გამართლებას, არც თანაგრძნობას გამოხატავს მათ მიმართ, პირიქით, გვაჩვენებს იმ მსხვერპლებს, რომლებიც შესაძლოა, დანარჩენებისგან განსხვავებით, ცოცხლები არიან, თუმცა სამუდამო ცხოვრებისეულ დაღს ატარებენ.
წიგნის მთავარი გმირი 14 წლის გოგონა ივი ბოიდია, რომელიც უკვე ზრდასრულ ასაკში იხსენებს თავის ბავშვობას და იმ წლებს, რომლებმაც განსაზღვრა მის ცხოვრებაში გაჩენილი შიშები და დამოკიდებულებები. 14 წლის გოგონას ცხოვრება 1969 წლის ამერიკაში ოჯახში კონფლიქტებსა და კომფორტული გარემოს ძიებაში მიედინება. ივი გულუბრყვილო და კეთილშობილია, ის არაფრით გამოირჩევა თავისი თანატოლებისგან, რაც, მისი თქმით, მის მშობლებს ძალიან აწუხებთ:
მათთვის ნამდვილი ტრაგედია იყო, რომ ჩემში სიდიადის ნიშანწყალსაც ვერ შენიშნავდით. იმდენად ლამაზი არ ვიყავი, რომ ცუდი ნიშნები მიმეღო. ჭკვიანისა და ლამაზის სკალაზე არც ერთ მხარეს არ ვიხრებოდი.
ნაწარმოებში კარგად ჩანს, მშობლების უსუსურობა გაუგონ საკუთარ შვილებს და გაიზიარონ მათი პრობლემები. უფროსები თითქოს მხოლოდ საკუთარ დარდში არიან გახვეული და ავიწყდებათ, რომ შვილები მათგან ყურადღებას და სითბოს ელიან და თუკი ისინი ამას არ გასცემენ, შვილები ამ ყველაფრის საძიებლად სხვაგან წავლენ ივის ახსოვს, რა უყვართ მის მშობლებს, რომ “მამის გმირი ლეონარდო და ვინჩია, იმიტომ, რომ ღარიბ ოჯახში დაიბადა და მზის ენერგია გამოიგონა.’’ მიუხედავად ივის ყურადღებისა, თავად დიდ ძალისხმევად უჯდება მშობლის ყურადღების ცენტრში ყოფნა. მარტოსული ივი ცხოვრების მისთვის რთულ ეტაპზე ხვდება თანატოლებს, რომლებიც ყველასგან განცალკევებით და თავისუფლად ცხოვრობენ, არ ანაღვლებთ ამ სამყაროს პრობლემები და დიდი სიამოვნებით მიიღებენ თავის რიგებში კიდევ ერთ მსურველს. ეს წიგნის მთავარი გმირისთვის დიდი გამოწვევაა, მას სურს, დაამტკიცოს, რომ რანჩოზე ცხოვრების ღირსია. ნაწარმოების ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟი რასელია, რომელსაც რანჩოზე აღმერთებენ. სანამ ივი მას გაიცნობს იქამდე უკვე აღტაცებული და მოცულია მისით.
რასელის აღმატებულობას ეჭვქვეშ ისევე ვერ დააყენებდი, როგორც გრავიტაციას
რასელის ხსენებაზე რანჩოზე მცხოვრები გოგონები, რომლებიც მასთან სარეცელსაც იზიარებენ, აღფრთოვანებას ვერ მალავენ, გამოუცდელ, გულუბრყვილო ივის კი მათი შურს, მასაც უნდა, ჰყავდეს ვინმე, ვინც მის ყველა მოქმედებას აზრს მისცემს. რასელი ადამიანებით მანიპულირების ოსტატია და როგორც ნაწარმოების კითხვისას ვხვდებით, ვერც მთავარი გმირი გაექცევა მის სურვილებს. მაშინაც კი, როდესაც რასელი საკუთარ სასტიკ ბუნებას ავლენს, ივის არ უნდა დაიჯეროს, რომ ნამდვილი რასელი ასეთია და გონებაში უამრავ გამართლებას უძებნის მის საქციელს. რასელი შესაძლოა ჩარლი მენსონის პროტოტიპად წარმოვიდგინოთ, ისიც, მენსოსნის მსგავსად წერს სიმღერებს და აქვს ამბიცია, რომ სახელი გაითქვას საკუთარი ნიჭით. ნაწარმოებში წარმოდგენილია ისიც, თუ როგორ სცემს პასუხს რასელი მისი შემოქმედებითი კარიერის შემფასებლებს და სიუჟეტის ამ ნაწილის განვითარება მკითხველის მოლოდინებს ნამდვილად ამართლებს. უნდა ვახსენოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი სუზანიც, რომლის რანჩოზე არსებობაც მთავარი ძაფია ივის იქ შესაკავებლად. სუზანით აღფრთოვანება მას არ ტოვებს მაშინაც კი, როდესაც ზუსტად იცის, რომ ის სრულებითაც არ არის კარგი, კეთილი და მისაბაძი, პირიქით, მაგრამ საკუთარ დამოკიდებულებებს ვერაფერს უხერხებს. წიგნში კარგად ჩანს გოგონების წარმოდგენები ბიჭების განსაკუთრებულ გონებრივ შესაძლებლობებზე, რის არარეალურობასაც ივი ზრდასრულ ასაკში აანალიზებს, ასევე იხსენებს მამაკაცების მხრიდან სექსუალური შევიწროების შემთხვევებს, რომლებიც 14 წლის ასაკში განიცადა და, როგორც ნაწარმოებში ვხედავთ, მოგვიანებით, სხვა ახალგაზრდა გოგონას დაცვასაც არ ერიდება, რომელსაც მკერდის გამოჩენისკენ გარშემომყოფი მამაკაცები მოუწოდებენ.
ერთი მხრივ, ოჯახიდან გაქცევისა და, მეორე მხრივ, კონკრეტულ ჯგუფთან ერთიანობის სურვილი ივის რანჩოს მესვეურთა ტყვედ აქცევს, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის არ არის უცნობი მის გარშემომყოფთა ბოროტი ბუნება, ის თავს ვერ აღწევს მათ იქამდე, სანამ ისინი თავად არ ტოვებენ მას.
ეს არ არის წიგნი რომელიმე კრიმინალური შემთხვევის შესახებ, ეს არის წიგნი, რომელმაც შესაძლოა მშობლები დააფიქროს საკუთარ გულგრილობაზე, ახალგაზრდები საკუთარ გულუბრყვილობაზე და საზოგადოება საკუთარ სისასტიკეზე. ავტორი არ გვთავაზობს გამოსავალს, ის უბრალოდ აღწერს და ცდილობს, სხვა კუთხიდან დაგვანახოს მოვლენები. თავად ივის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, როცა უბედურ შემთხვევას გადარჩენილი ადამიანები საკუთარ ისტორიას ჰყვებიან, მოყოლას არასდროს იწყებენ ტორნადოს შესახებ გაფრთხილებით ან იმით, რომ კაპიტანმა ძრავის ჩაქრობა გამოაცხადა. მათ მონაყოლში ამბავი ბევრად ადრე იღებს სათავეს, ეს წიგნი სწორედ ამ სათავის შესახებ მოგვითხრობს.