ქალაქის გაყვითლება, რეცენზია ლადო კილასონიას სილვერზე

ავტორი: ცოტნე ცხვედიანი

ორი დღის უძინარები შევიდნენ ქალაქში, ერთ გადამწვარ შენობაში გაჩერდნენ და იქ სარდაფში დამალული მტრის სამი ჯარისკაცი იპოვეს, რომლებიც მაშინვე კანკალით დანებდნენ. ბიჭებს ზეზეულად ეძინათ, ამათ მთელი ღამე ვერ ვუდარაჯებთო და გადაწყვიტეს, დაეხვრიტათ,მაგრამ ერთ-ერთმა ჯარისკაცმა გადააფიქრებინა, მე არ მეძინებაო და გაუთენა. ამ ისტორიას იხსენებს კაპიტანი, ლადო კილასონიას მოთხრობაში.

სხვა ამბებიც ასეთია ამ პატარა წიგნში. ორი ჯარისკაცი რომ უნდა მოუყვეს ერთმანეთს, იმ გრძელ ღამეს, როცა ტყვეებს ღამეს უთენებენ. რაღაცაზე, რაც არ გამოითქმის, მაგრამ უნდა გაგაძლებინოს.
ქალაქში კი უეცრად გრძელნისკარტიანი ყანჩები ჩნდებიან. წამში ლითონის ჯავშანს მოირგებენ და ყვითელ ტრაქტორებად იქცევიან,რომლითაც ქალაქს ამოაბრუნებენ. ყველაფერს დაანგრევენ, რაც კაცს უყვარს, მისთვის ძვირფასი ადგილებზე კი სხვა, უსახო შენობებს აშენებენ, რომლებთანაც არაფერი აკავშირებს. კაცმა იცის, ქალაქი იმისთვისაა, რომ შეიცვალოს და არაფერს ამბობს. უბრალოდ დგას აივანზე და უყურებს. ბოლოს კი, როცა სახლში პური გათავდება, დაბლა, თავის ქალაქში ჩავა და დაიკარგება.

შეიძლება ითქვას, რომ მოთხრობა „ყვითელი ტრაქტორები“ ამ კრებულის გასაღებია.

ყვითელი მონსტრების გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა, ხალხი გარდაქმნას იმედით შეხვდა, მაგრამ აღმოჩნდა,რომ ახალ რეალობაში ყველასთვის არ იყო ადგილი.
ვისია ყვითელი მონსტრები ?

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანაში გავლენა ისევ ძველმა ბიუროკრატიამ და ელიტამ შეინარჩუნა, მათვე ჩაიგდეს მთელი ქონება. კრებულის პირველსავე მოთხრობაში თამაზი მასს, რომლის მამაც გულაგში შიმშილობდა, ჭკუიდან გადაიყვანს ახალი მდიდრების ოჯახიდან გამოსული მოსწავლე, რომელიც გაკვეთილზე სტალინის ქებას დაიწყებს .

ერთი შეხედვით, უცნაურია, „პროლეტარიატის ბელადს“ ბურჟუაზია აქებს, მაგრამ ვინც ისტორია იცის, მისთვის ყველაფერი გასაგებია.

ქართული ნაციონალიზმის ის ფორმა, რომელიც ასე პოპულარული იყო და რჩება ადგილობრივ ელიტაში, სწორედ სტალინის უშუალო ჩარევით შეიქმნა. ბელადისავე დავალებით დაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორია და შეიქმნა უამრავი მითი, რომელიც ვერანაირ მეცნიერულ კრიტიკას ვერ გაუძლებს. მეორე და მნიშვნელოვანი ფაქტორი რელიგიაა. მდიდრების უმრავლესობამ თავი მორწმუნის იმიჯს შეაფარა. აქ კი უმარავი ლეგენდა არსებობს სტალინზე, როგორც ეკლესიის დამცველზე.

ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა მოთხრობაა „შურისძიება“. წარმატებულმა ბიზნესმენმა, რომელიც სასტუმროებს აშენებს და ტურისტებს იზიდავს სოფელში, 90-იანებში ოსური ოჯახის დარბევა დაგეგმა, იმისათვის, რომ მიწები ჩაეგდო ხელში. უკვე გამდიდრებულმა კი, მონაზონ შუშანიკს სახლი აუშენა და თავის მეზობლად დაასახლა ის და სხვა დედები.

ნუგზარამ ბევრი დიდი სახლი ააგო, მაგრამ თავისი მშობლიური მიწური ხელუხლებელი დატოვა – აივანზე დგება და გაჰყურებს ხოლმე.

არ შეიძლება არ გაგახსენდეს სხვა საქმოსნები, რომლებსაც ერთი სული აქვთ, თავიანთ მძიმე წარსულზე გიამბონ რამე.

დღეს სწორედ ამ ელიტისაა ყვითელი ტარქტორებიც და ამობრუნებული ქალაქიც, სადაც ღარიბი მასწავლებლები და უბრალო ხალხი აღარავის სჭირდება.

გაყვითლებულ ქალაქში გადარჩენას ყველა განსხვავებული გზით ცდილობს. ძალიან კარგი მოთხრობა „ჩემი ისტორია“. ავტორი აქ გულიანად დასცინის ბიზნესად ქცეულ უნივერსიტეტებს. მთავარმა გმირმა დაამთავრა ფაკულტეტი, რომელსაც ერქვა „დიპოლმატიის და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია“, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, სინამდვილეში ისტორიის ფაკულტეტი იყო, უბრალოდ, სახელი ჰქონდა „გათანამედროვებული“’, ფერადი და მაცდური სატყუარა მშობლებისთვის.

საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიკოსი სხვა სამსახურს ვერ იპოვის და გიდად იწყებს მუშაობას, ოღონდ ისტორიისა დიდი არაფერი გაეგება. მისთვის საბედნიეროდ, არც ტურისტებმა იციან ჩვენი ქვეყნის მატიანე და ესეც ხან რას მოიგონებს და ხან რას. რომელი ბრძოლაც გაუხარდება იმაზე მოჰყვება და ხანაც კამოს გამოგონილ ძმაზე შეთხზავს რამეს.

გაყვითლებულ ქალაქში მაინც რჩებიან ადამიანები, რომლებიც ინარჩუნებენ ეთიკურ პრინციპებს. ამ კრებულში ბევრ ასეთ პერსონაჟს შეხვდებით. ავტორი ეძებს ადამიანებს და სივრცეებს, რომელიც ჯერ არ გაყვითლებულა და პოულობს კიდეც.

კრებულის ყველაზე გამორჩეული მოთხრობა უდავოდ „შურისძიებაა“. აქ გვხვდება ძალიან შთამბეჭდავი პერსონაჟი, მონაზონი თამრო, რომელმაც კორტასარის მცირე მოთხრობა „თამაშის დასასრული“ გამახსენა. თამრო, პატარა ლამაზი გოგო, მაგრამ თანდაყოლილი ნაკლი აქვს, რომელიც მხოლოდ მოძრაობისას არის შესამჩნევი. მას არ შეუძლია ცეკვა ან დაჭერობანას თამაში.

ლადო კილასონის მოთხრობების კრებული „სილვერი“ ძალიან საინტერესო წიგნია. შესაძლოა, ამ მოთხრობებმა არ მოხიბლოს მომხმარებლები, რომლებიც მორიგ ეპატაჟს და შოუს ელიან, მაგრამ ერთ გრძელი ღამის გათენებას ეყოფა, ყოველგვარი სიყვითლის გარეშე.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s