არც თუ ისე დიდი ხნის წინ ქართულ ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა პეტიცია რომლის ხელმომწერებიც თბილისში მუნიციპალური კინოთეატრის შექმნას ითხოვენ. უკვე წლებია საზოგადოების სხვადასხვა წევრები იმ სივრცის ჩამოყალიბებას ითხოვენ რომელიც არა მხოლოდ კინოს ყურების სივრცე, არამედ გამოცდილების თვისობრივად ახალი ადგილი იქნება. იმის მიუხედავად იქნება ეს თბილისი თუ რომელიმე სხვა ქალაქი, სამწუხაროდ ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ აქამდე რეალური ძვრა არსად გვინახავს.

მუნიციპალური კინოთეატრი არ არის ჩვეულებრივი კინოთეატრი, სადაც ადამიანების კინოგამოცდილება მხოლოდ კონკრეტული ფილმის ყურებით და სეანსის დასრულებისთანავე სახლში წასვლით შემოიფარგლება, ასეთი დაწესებულება ცხადია პირველ რიგში საჯარო ადგილია. მსგავს სივრცეებზე საუბრისას იურგენ ჰაბერმასი, ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენელი ფილოსოფოსი, რომელსაც “საჯარო სივრცის” ტერმინის შექმნას მიაწერენ, ამბობს რომ ეს არის ადგილი სადაც სხვადასხვა ინდივიდები ერთად იკრიბებიან, გარდაიმქნებიან საჯარო სუბიექტად და არტიკულირებენ საზოგადოების საჭიროებებს. პირველ რიგში სწორედ ასეთ სივრცეზეა საუბარი ყოველ ჯერზე როდესაც ადამიანები მუნიციპალური კინოთეატრის იდეას აჟღერებენ, ასეთი სივრცეები კი თავის მხრივ ხელს უწყობენ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, სხვადასხვა ადამიანების ერთმანეთის შეკავშირებას და ახალი იდეების თუ სხვა მნიშვნელოვანი სიკეთეების აღმოჩენას.

მორიგი ეპიზოდის სტუმრები იმ საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან რომელიც ბოლო ხანებში მუნიციპალური კინოთეატრის იდეას აქტიურად ადვოკატირებს და ამ იდეის პოპულარიზაციის მიმართულებით ენერგიას არ იშურებს. ნინი შველიძე თბილისის ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია კინომცოდნეობის მიმართულებით, ლაშა ხარაზი კი ფილოსოფოსი. ლაშაც და ნინიც თავიანთი პერსპექტივიდან საუბრობენ იმაზე თუ რატომაა ეს იდეა მნიშვნელოვანი არა მხოლოდ კინომოყვარულებისათვის, არამედ სხვა პროფესიის წარმომადგენლებისათვისაც და რა ფასდაუდებელი როლის შესრულება შეუძლია ასეთი სივრცის არსებობას ქვეყნის ცხოვრებაში