ფოტო: კადრი ფილმიდან The Mark of Lilith (1986)
ავტორი: სალომე ლეჟავა
8-10 მარტს თბილისში, Mutant Radio-ს სივრცეში ფემინისტური ფილმების ფესტივალი „როზადან სიმონამდე“გაიმართება. წლევანდელი გამოშვების თემა – ქვიარ ჰორორია.
ფემინისტური კინოფესტივალები მთელს მსოფლიოში, რომლებიც ხშირად აქტივისტების მიერ არის ორგანიზებულნი, მნიშვნელოვანი სოციალური და პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებლები არიან. ეს არის პლატფორმა სადაც შექმნილია სივრცე კრიტიკული დიალოგისთვის, თვითგამოხატვისთვის, გენდერული თანასწორობის და ქვიარ თემების ადვოკატირებისთვის.
ეს არის კულტურული ღონისძიებები, სადაც ფემინისტურ და ქვიარ თემატიკაზე შექმნილი ფილმების ხილვა, კინორეჟისორების და მათი ისტორიების გაცნობა შეგიძლიათ. ნაჩვენები ნამუშევრების ნარატივი , მათ შორის – დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი და ექსპერიმენტული ფილმები – იკვლევენ ქვიარ თემებსა და საკითხებს, ახდენენ ამ თემების ხილვადობას და რაც მთავარია მრავალფეროვანი კინოს პოპულარიზაციას ემსახურებიან.
თბილისში ფესტივალს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) წარმოგიდგენთ. ფემინისტური ფილმების ფესტივალი „როზადან სიმონამდე“ უკვე მრავალი წელია მარტის თვეში ტარდება და მისი თემატიკა წლების მიხედვით განსხვავებულია. წლევანდელი, ჰორორ მიმართულება ორგანიზატორებს აძლევს საშუალებას მაყურებელს საზოგადოებაში გაბატონებული სისტემები, ნორმები, ღირებულებები ქვიარ და ფემინისტური პერსპექტივიდან დაანახოს. უფრო დეტალური ინფორმაცია წლევანდელი ფესტივალის პროგრამის შესახებ WISG-ის ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ. აქ კი, გთავაზობთ ლიტაგორას ინტერვიუს ორგანიზატორებთან სადაც ფესტივალის ისტორიაზე, იდეაზე და მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ.

ფესტივალის ისტორიაზე რომ მოგვიყვეთ, როდის და სად დაიწყო „როზადან სიმონამდე“?
ნინო ხარჩილავა : სათემო შეხვედრების ფარგლებში ხშირად ვატარებდით ფილმის ჩვენებებს და დისკუსიებს. მსგავსი ტიპის შეხვედრები იმდენად სასიამოვნო და ნაყოფიერი იყო ხოლმე, რომ ნელ-ნელა სურვილი გაჩნდა, უფრო საჯარო გამხდარიყო და დავიწყეთ დახურული ჩვენებების დაორგანიზება სხვადასხვა ლოკაციაზე. დახურული რა თქმა უნდა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თუმცა, პირველი დახურული ჩვენებებიდან, მალევე გადავინაცვლეთ ღია ლოკაციებზე. 2013 წელს WISG-მა გააკეთა პირველი ღია უფასო ჩვენება. ამ წელს იყო ფემინისტი ქალების ბიოგრაფიული ფილმების პროგრამა – როზა ლუქსემბურგის ფილმით იწყებოდა და სიმონ დე ბოვუარის ბიოგრაფიული ფილმით მთავრდებოდა. სათაურიც ამ ჩვენებების შემდეგ დაერქვა. 2011 წელს ჩამოყალიბდა უხილავ ფესტივალად, არც აფიშა ჰქონდა და ზოგადად არ იყო ბრენდირებული. პირველი ოფიციალური დიზაინის მხრივ დასრულებული ფესტივალი 2013 წელს შედგა, უკვე იმავე სახელით რაც დღეს აქვს.
როგორც თქვით ფესტივალის ისტორია 2011 წლიდან იღებს სათავეს. რა იყო და არის ფესტივალის მნიშვნელოვანი ეტაპები ან მიღწევები?
ნინო ხარჩილავა : თავდაპირველად ფესტივალი უფრო ზოგადი იყო, თუმცა თავიდანვე ეძღვნებოდა ქალ რეჟისორებს, ქალურ და ქვიარ გამოცდილებებს. რაღაც მომენტში ის უფრო კონცეპტუალური გახდა და ყოველი წელი რომელიმე კონკრეტულ თემას ეძღვნებოდა. დაინტერესებაც გაიზარდა და მოვედით იქამდე სადაც ვართ დღეს. ფემინისტური ფესტივალის ობიექტივში აღმოჩენილა ისეთი თემები როგორიცაა: სიყვარულის და გარემოს დასაცავად ბრძოლის ფემინისტური გააზრება, ქალის სხეული, ქვიარ სხეული, სხეული და მისი (“შეზღუდული”) შესაძლებლობა. ასევე ფესტივალის სახელით გამოვხმაურებივართ ომს უკრაინაში და მთელი ფესტივალი უკრაინულ ფილმებს და ზოგადად ტერიტორიების ოკუპაციას მივუძღვენით, წინა წლის თემა კი – კინოს გადაღება, როგორც ფემინისტური წინააღმდეგობა იყო, რომელიც ეხმიანებოდა ირანში წამოწყებულ საპროტესტო ტალღას.
ფესტივალის მთავარ მიღწევად თვითონ ფესტივალის დაბადება და ერთგვარი უსაფრთხო სივრციდან გარეთ გამოსვლა შეგვიძლია მივიჩნიოთ. ასევე, წლების მანძილზე ფემინისტურ თემებზე მომუშავე არა ერთი ადამიანი ჩამოვიყვანეთ და შესაბამისად ფესტივალი წლიდან წლამდე უფრო ინტერაქციული და დინამიკური გამოდიოდა, ვატარებდით სხვადასხვა ვორქშოპებს.
წლევანდელი ფესტივალის თემა რომ გავშალოთ, რა არის მისი კონცეფცია და თემატიკა?
ელენე დუდუჩავა : წლევანდელი ფესტივალის თემა ჰორორია, უფრო სწორად ქვიარ ჰორორი. საზოგადოებაში გაბატონებული სისტემები, ნორმები, ღირებულებები და აქტორები, ხშირად რიყავენ განსხვავებულს და ძალადობენ უცხო სხეულზე წესრიგის, ნორმალურობის, საკუთარი ინტერესების, კანონზომიერების და “ადამიანობის” დაცვის სახელით. შთამნთქმელი სისტემის საპასუხოდ ჩვენ ვიხსენებთ დავიწროებული ყოფიერების მიღმა დარჩენილ ქალღმერთებს, ალებს, ქაჯებს და მოვუხმობთ მათ. ამ მოცემულობაში, ჩვენი ვამპირებად, მაქციებად, კიბორგებად ტრანსფორმაცია თავზარდამცემი და განმათავისუფლებელია. ფესტივალში მონაწილე ფემინისტი და ქვიარ რეჟისორების მზერა ამხელს სისტემის ბრუტალურობას, სწორხაზოვნებას, საშიშროებას და პირისპირ გვტოვებს ჩვენში ჩაბეტონებულ შიშთან და ზიზღთან. დაგვაფიქრებს— რატომ და ვისი გვეშინია? ვინ გვძულს და ვინ გვძაგს? ვისზე და რატომ ვძალადობთ? ამ კითხვების ერთობლიობა ბადებს უტრირებულ ფიქციებს და თავს იყრის ანიმაციაში, ბოდი ჰორორში, გლითერქორში, ციფრულ ინსტალაციაში, ფოტოგრაფიასა და მიუზიკლში. წლევანდელი ფესტივალის ეკრანი ასე ააშკარავებს საზოგადოებაში დამალულ შიშებს, რეპრესირებულ სურვილებსა და ბრაზს იმისთვის, რომ ერთმანეთთან და საკუთარ თავთან კავშირის მრავალგვარობა და სხვა მომავალი წარმოვიდგინოთ.
სხვა სიტყვებით და უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, 8/9/10 მარტს ვეცდებით ჰორორის ჟანრის კლასიკური გაგების დეკონსტრუქციას, რადგან დროსა და სივრცეში მან ნამდვილად იცვალა სახე, შეიძინა ახალი კონტექსტები, ან უბრალოდ უკვე არსებული კონტექსტები მეტად ხილული გახდა. წელს ჩვენ როგორც მაყურებელი დავაკვირდებით და შევისწავლით იმ ტაბუ დადებულ თემებს რასაც ჰორორის ჟანრი აერთიანებს ხოლმე და რიგ საკითხებს ახლებურად, ქვიარ და ფემინისტური პერსპექტივით შევხედავთ, ვნახავთ კავშირებს და ალეგორიებს იმ ურჩხულებსა და უცხო სხეულებში რომლებიც თანამედროვეობამ, სისტემებმა და კულტურამ ერთად დაგვასწავლეს. წელს ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალის პირველი დღე სრულად ეთმობა ანიმაციებს და ნაჩვენები იქნება 5 მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია, მათ შორის ერთი ქართული.
ფესტივალის პროგრამაზე რომ მოგვიყვეთ, რას გამოყოფდით. როგორც ვიცი დისკუსიები, სამუშაო შეხვედრები და სხვა ღონისძიებები გაქვთ დაგეგმილი?
ელენე დუდუჩავა : ფესტივალის დღის წესრიგი იცვლება და ფორმას იძენს მისი მთავარი თემის მიხედვით. წელს ძირითადი აქცენტები გამოფენებზე გავაკეთეთ, შარშან დისკუსიები გვქონდა, სხვა წლებში ვორქშოფები. წელს იგეგმება ღია დისკუსია – ფილმის შემდეგ რეფლექსია, რომელიც აუდიტორიის ჩართულობაზე იქნება დამოკიდებული და ასევე, წელს როგორც აღვნიშნეთ დიდი ყურადღება ეთმობა გამოფენებს სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ნამუშევრებით.
წლევანდელი ფესტივალის პროგრამიდან რომელ ფილმს, რეჟისორს გამოარჩევდით?
ელენე დუდუჩავა : გვიჭირს გამორჩევა და ამ კითხვას მაყურებელს მივანდობთ, თუმცა მაინც გამოვარჩევდით ჩვენს მეგობარსა და თანამოაზრე ხელოვანს – რუთ ჟენრბეკოვას და მარია ვილკოვისკის ფილმს “კვერცხისმდებელი”, ასევე მოკლე მეტრაჟიან ნამუშევარს – “ლილითის დამღას” (ბრუნა ფიონდა, პოლი გლადვინ, ზაქარი ნატაფი. –(1986) დიდი ბრიტანეთი)
რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ფესტივალების ჩატარება და რა გავლენა აქვს მას საზოგადოებაზე?
ელენე დუდუჩავა : ზოგადად ქვეყანაში არ გვაქვს ფემინისტური ხედვის ფესტივალი ან კინო ჩვენებები და სწორად ეს არის მნიშვნელოვანი, რომ არსებობდეს ეს პერსპექტივა საზოგადოებაში და იყოს ხელმისაწვდომი, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ კინო ძალიან კონსუმერული გახდა. ფესტივალი უფასოა – ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის. ამ ფესტივალს უკვე დიდი ისტორია აქვს და ქმნის სივრცეს კინოსა და ფემინისტური/ქვიარ დიალოგებისთვის. ესაა ერთადერთი ფემინისტური ფილმების ფესტივალი საქართველოში და პროგრამის შედგენისას ყოველთვის აქედან ამოვდივართ, როცა თემებს ან ფილმებს ვარჩევთ. ვცდილობთ შემოვიტანოთ ინტერსექციური ხედვა იმ სოციო–ეკონომიკურ და კომპლექსურ პრობლემებზე სასაუბროდ რაც ჩვენს ირგვლივაა და კინო როგორც ძლიერი მედიუმი ამაში გვეხმარება.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. “როზადან სიმონამდე 2024”-ის დეტალურ განრიგს ფესტივალის ვებ გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ.
მეგობრებო,
გვჯერა, რომ ყოველი მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს განაპირობებს დაფინანსების წყარო რომელიც ასეთ ორგანიზაციას ასაზრდოებს. პოლიტიკური და კორპორაციული გავლენის თავიდან ასაცილებლად ვცდილობთ შევქმნათ დამოუკიდებელი მედია, რომლის მიღწევა უშუალოდ აუდიტორიის დახმარების მეშვეობით არის შესაძლებელი.
თუ გსურთ გახდეთ ლიტაგორას შემომწირველი და ხელი შეგვიწყოთ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და ისეთი მასალების შექმნაში რომლებიც დაცული იქნება პოლიტიკური და კორპორაციული გავლენებისგან, დახმარების გაწევა დონაციის საშუალებით შეგიძლია (ქვემოთ მოყვანილ ანგარიშებზე).
ამავდროულად, ლიტაგორას მასალები იყო და რჩება ხელმისაწვდომი და უფასო ყველასათვის.
საქართველოს ბანკი: GE29BG0000000538341364
თიბისი: GE19TB7351736080100015
მიმღები: ააიპ ლიტაგორა
დანიშნულება: დონაცია
თუ უკვე ხართ ლიტაგორას შემომწირველი (დონაცია შეიძლება იყოს როგორც ერთჯერადი, ასევე ყოველთვიური), და გსურთ მიიღოთ დამატებითი მასალები ჩვენი საქმიანობიდან Newsletter-ის სახით, შეავსეთ ეს მცირე ფორმა http://eepurl.com/idbazT
